პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სწავლა-სწავლების მამოძრავებელი ძალები

„სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას“ – ეს ერთ-ერთი პრინციპია, რომელსაც ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმა და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას (1).

და მაინც, რა არის შინაგანი ძალები და როგორ უნდა გავააქტიუროთ ისინი?

სწავლა მრავალმხრივი ფენომენია, რომელსაც განსაზღვრავს სხვადასხვა ასპექტი. მათ შორის მნიშვნელოვანია შინაგანი ფაქტორები – ინტერესი, მოტივაცია და დამოკიდებულებები.

განათლების ექსპერტთა და ფსიქოლოგთა აზრით, მოტივაცია მამოძრავებელი ძალაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები აღწევენ თავიანთ მიზნებს. იგი დაბადებიდან არ დაჰყვება ადამიანს და არც გენეტიკურად გადაეცემა (2). „მოტივაცია არ არის მნიშვნელოვანი მოკლევადიანი სწავლებისათვის. ის აბსოლუტურად საჭიროა მდგრადი სწავლებისათვის და გამოიყენება მოცემული საგნობრივი დისციპლინის ასათვისებლად“ (3). მოტივაცია არის ფსიქოლოგიური კონსტრაქტი და ის ნათლად არის დიფერენცირებული ისეთი კონსტრაქტებისაგან, როგორიცაა ინტერესი და დამოკიდებულებები. მიუხედავად იმისა, რომ მათი მნიშვნელობა განსხვავებულია, მათ შორის არის ძლიერი ურთიერთკავშირი და ნაწილობრივი თანაკვეთა (4). ინტერესი არის მნიშვნელოვანი კონსტრაქტი სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში სასწავლო პროცესებისა და შედეგების აღწერისა და ახსნა-განმარტებისათვის (5). ინტერესი არ არის „ქვაში ნაკვეთი“ და არც გენეტიკურ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, ინტერესები შეძენილია და ისინი შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, ინტერესი სასარგებლოა და პერსპექტიულია სწავლა-სწავლებისათვის (6, 7). „მასწავლებელს შეუძლია მოახდინოს მანიპულაცია მოსწავლეთა ინტერესებზე და გამოიყენოს ისინი ეფექტური სწავლების სასარგებლოდ“ (8). მოსწავლე უნდა ხედავდეს მასწავლებლის მიერ მიცემული დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის. ძირითადად, საკლასო სივრცეში, დავალების მიცემის შემდეგ, მოსწავლეთა ერთი ჯგუფი აქტიურად, მაღალორგანიზებულად მუშაობს და მთლიანად ფოკუსირებულია მიცემულ დავალებაზე. თუმცა, მეორე ჯგუფი ნაკლებად არის კონცენტრირებული დავალებაზე, ჯგუფის წევრები დროდადრო არღვევენ დისციპლინას (8).

ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ინტერესი და, შესაბამისად, მათი მოტივაცია სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ, მრავალფეროვანი დავალებების მიცემით რთული არ იქნება ყველა მოსწავლის დაინტერესება და სასწავლო პროცესში ჩართვა. მოსწავლეთა ნებისმიერი ქმედება დამოკიდებულია მათ ინტერესსა და მოტივაციაზე.

კანადელ ფსიქოლოგს, ალბერტ ბანდურას ნათლად აქვს ხაზგასმული, რომ მოტივაცია დაფუძნებულია ინდივიდუალურ გამოცდილებასა და სასწავლო აქტივობებზე. მისი თქმით, მოტივაცია არის სიტუაციური და კონტექსტთან დაკავშირებული (6).

უნდა ითქვას, რომ მოტივაცია არ არის თვისება. ის წარმოიქმნება მოსწავლისა და მიცემული დავალების ურთიერთობის შედეგად (9). მოტივაცია შეიძლება შემჩნეულ იქნეს ინდივიდუალური გამოვლინებით, ასევე იმ აქტივობებით, ჩართულობითა და მოქმედებით, რომლებსაც ახორციელებს მოსწავლე. სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის მოტივაციის გაჩენასა და გაზრდაზე (10).

ცნობილია, რომ მოტივაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი. შესაბამისად, ფსიქოლოგიური პროცესები აღიძვრება შინაგანი და გარეგანი იმპულსებით. მოსწავლეთა ერთი ნაწილისათვის მოტივაცია შეიძლება იყოს კარგი ნიშანი, მეორე ჯგუფისათვის კი – მასწავლებლის შექება. ორივე შემთხვევაში მოტივაცია არის გარეგანი და არ არის განპირობებული  საკუთარი, შინაგანი ინტერესებით (2, 6).  ყოველდღიურ სასწავლო რუტინაში ადვილი არ არის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის დიფერენცირება (9). „არსებითი განსხვავება მოტივაციის ამ ორ სახეს შორის არის ადამიანის ქცევის წარმმართველი მიზეზები,  ანუ მიზეზობრიობის ლოკუსი“ (11). ამიტომ, მნიშვნელოვანია ღრმად იქნეს შესწავლილი მოსწავლის ქცევის მიღმა დარჩენილი ფაქტორები.

ამერიკელი ფსიქოლოგების, დესისა და რაიანის მოტივაციისა და ინტერესის განვითარება და მიზანსწრაფულობის თეორია  (12) არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი თეორია. ავტორები გვთავაზობენ პასუხს კითხვაზე – როგორ უნდა განვუვითაროთ მოსწავლეებს ინტერესი; აღწერენ, თუ საიდან შეიძლება წარმოიშვას ინტერესზე დაფუძნებული ქმედება. მათი მსჯელობით, ქმედება  შეიძლება გამომდინარეობდეს შემდეგი ასპექტებიდან:

  • კომპეტენცია – იყოს აქტიური იმ სიტუაციაში, სადაც იმყოფება ინდივიდი;
  • შესაბამისობა –  ურთიერთკავშირი გარესამყაროსთან;
  • დამოუკიდებლობა – საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლისა და არჩევანის უფლება (12).

ჩამოთვლილი ფაქტორები განსაზღვრავენ, რამდენად კარგად გრძნობს თავს პიროვნება მოცემულ სიტუაციაში (13). შესაბამისად,  დამოუკიდებლობის, კომპეტენციისა და შესაბამისობის განცდას მოჰყვება მოტივაციის ამაღლება. ეს ასპექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის კონტექსტში, რადგან სასწავლო აქტივობების უმრავლესობა არ არის დამაკმაყოფილებელი და სახალისო. თუმცა, ხშირად „ისეც ხდება, რომ რის სწავლებაც გვინდა ჩვენი შემსწავლელებისთვის, ის შეიძლება არ იყოს მათთვის საინტერესო ცხოვრების იმ ეტაპზე. კურიკულუმი და სილაბუსი, რომელიც შექმნილია გამომცემლებისა და სახელმწიფო დონის სპეციალისტების მიერ, დაფუძნებულია უფროსების შეხედულებებზე. ისინი ითვალისწინებენ უფროსების აზრს. მაშინაც კი, როდესაც თემა არის საინტერესო, მის შესასწავლად მოცემული რეკომენდებული მეთოდოლოგია, შესაძლოა, მოსწავლეებისათვის მისაღები არ იყოს“ (13).

გზა, რომლითაც მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს სასწავლო ამოცანებს, დიდ გავლენას ახდენს მათ თვითკმაყოფილებაზე, დამოუკიდებლობასა და სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებაზე. ყოველივემ  შეიძლება გააღრმავოს მოსწავლეებში სწავლის სურვილი ან პირიქით, გამოიწვიოს მათი დემოტივაცია (9). შესაბამისად, მასწავლებელი ყოველთვის ვალდებულია, რომ სასწავლო პროცესი მოარგოს მოსწავლეს, გახადოს მასზე ორიენტირებული და შეუსაბამოს მის ფასეულობებს.

ინტერესის საგანმანათლებლო – ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით (14) ინტერესი არის მნიშვნელოვანი ასპექტი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებისა და ეფექტური სწავლისათვის. ინტერესი შეიძლება წარმოიშვას პიროვნებასა და თემას შორის კავშირით, ან, საგანსა და აქტივობებს შორის ურთიერთდამოკიდებულებით. ინტერესის ობიექტი შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული მოვლენა ან საგანი, ასევე ადამიანები, აქტივობები და აბსტრაქტული იდეები. ინტერესი განისაზღვრება ინდივიდის შინაგანი სამყაროთი და დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, ან უკავშირდება რაიმე სავარჯიშოსა და მოვლენას.

ინტერესს აქვს ორი მხარე: სიტუაციური და პიროვნული. მისი თქმით, ინტერესი სხვა არაფერია თუ არა მოტივაცია, რომელიც მოკლე დროის განმავლობაში არსებობს. სიტუაციური ინტერესი გადაიზრდება პიროვნულ (ინდივიდუალურ) ინტერესში, რაც საბოლოოდ იწვევს და ზრდის მოტივაციას (15).

ნებისმიერ შემთხვევაში ინტერესი პიროვნებაში იწვევს დადებით ემოციურ გრძნობებსა და გამოცდილებას. როდესაც ჩვენ ნებაყოფლობით ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომელიც გვაინტერესებს, ეს ჩვენზე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, განვიცდით კმაყოფილებას (8). შესაბამისად, თუ მოსწავლე დაინტერესებულია, მისი ქმედებები სწავლის დროს არ საჭიროებს ზედმეტ გარეგან მოტივაციასა და სტიმულაციას, რადგან მოსწავლე განიცდის თვითკმაყოფილებას.

ამდენად, მნიშვნელოვანია, ყველა მასწავლებელმა წინა პლანზე წამოწიოს ის საკითხები, რომლებიც ფარავს მოსწავლეთა ინტერესის სფეროს, რადგან ინტერესს აქვს ტენდენცია, გაზარდოს მოსწავლის მოტივაცია და გააფართოვოს მისი შემეცნებითი სფერო.

სხვადასხვა თეორიაზე დაფუძნებით შეიქმნა მოტივაციური სასწავლო გარემოს მოდელი (16), რომლის მიხედვით, ბოლტე აღწერს საბუნებისმეტყველო საგნებში კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისათვის ეფექტურ სასწავლო გარემოს და განიხილავს 7 განსხვავებულ ცვლადს: აღქმადობა, მონაწილეობის შესაძლებლობა, სასწავლო შინაარსის რელევანტურობა, საკლასო თანამშრომლობა, მონაწილეობის სურვილი, კმაყოფილება და წარდგენა. ამ ცვლადებს შორის არის მჭიდრო კავშირი და ისინი ერთობლივად ახდენენ გავლენას მოსწავლეთა მოტივაციაზე (8).

 

სქემა 4: მოტივაციური სასწავლო გარემოს მოდელი

საბუნებისმეტყველო დისციპლინების დაუფლების დროს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებში იწვევს მაღალ ინტერესს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სამეცნიერო წიგნიერების განვითარებას და განაპირობებს საკლასო აქტივობებში ჩართულობის გაზრდას, აუმჯობესებს შემეცნების უნარს და რთავს ბუნებაში მიმდინარე მოვლენების მეცნიერულ ახსნაში. ერთია, რომ მასწავლებელი მუდმივად უნდა ატარებდეს კვლევებს, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია, გათვალისწინებული იყოს მოსწავლეთა ინტერესი კონკრეტული საკვლევი საკითხის შესახებ (17). ამიტომ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა პიროვნული ინტერესის მიხედვით შერჩეული, კვლევით საქმიანობაზე ორიენტირებული დავალებები ზრდის საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობას მოცემული საკითხისადმი გაზრდილი ინტერესის ხარჯზე. მოტივაციური სასწავლო გარემოს მქონე საგაკვეთილო პროცესში საბუნებისმეტყველო საგნების კვლევაზე დაფუძნებული სწავლება კი წარმოადგენს ფსიქო-სოციალური უნარებისა და კოგნიტური სფეროს განვითარების, მეცნიერული პრინციპებისა და კონცეფციების შესწავლის ძირითად საშუალებას.

ამდენად, მასწავლებლის მიერ სწავლა-სწავლების პროცესისათვის შექმნილი სასწავლო გარემო, რესურსები, მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების, მეთოდებისა და დავალებების გამოყენება და ყოფით ცხოვრებასთან კავშირების დამყარება იწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას შესასწავლი საკითხის მიმართ და შინაგანი მოტივაციის აღძვრას, რაც განაპირობებს სწავლის პროცესით მიღებულ კმაყოფილებას. ყოველივე ხელს უწყობს მოსწავლეში თანამედროვე, 21-ე საუკუნის ადამიანისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მოაზროვნე კონკურენტუნარიანი პიროვნების ჩამოყალიბებას, რაც განათლების ეროვნულ მიზნებთან სრულ თანხვედრაშია. უდავოა, რომ მოსწავლეთა შინაგანი ძალების აღმოჩენასა და გააქტიურებაში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა სკოლასა და მასწავლებელს ენიჭება.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024. მუხლი 9. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები https://ncp.ge/
  2. Lee, O., & Brophy, J. (1996). Motivational patterns observed in sixth‐grade science classrooms. Journal of Research in Science Teaching33(3), 303-318
  3. Ausubel, D. P., Novak, J. D., & Hanesian, H. (1968). Educational psychology: A cognitive view.
  4. Glynn, S. M. & Koballa, T. R., Jr. (2007). Motivation to learn in college science. In J. Mintzes & W. H. Leonard (Eds). Handbook of college science teaching. Arlington, Va: National Science Teachers Association P
  5. Hoffmann, L., Baumert, J., Krapp, A., & Renninger, K. (1998). Interest and learning: Proceedings of the Seeon Conference on Interest and Gender.
  6. Bandura, A. (1986). Social foundation of thought and action: A social-cognitive view. Englewood Cliffs.
  7. Wade, S. E. (2001). Research on importance and interest: Implications for curriculum development and future research. Educational Psychology Review13(3), 243-261.
  8. Bolte, C., Streller, S., & Hofstein, A. (2013). How to motivate students and raise their interest in chemistry education. In Teaching chemistry –a studybook(pp. 67-95). Sense Publishers.
  9. Ryan, R. M., & Deci, E. L. (2000). Self-determination theory and the facilitation of intrinsic motivation, social development, and well-being. American psychologist55(1), 68-78.
  10. Pintrich, P.R. & Schunk, D. H. (1996). Motivation in education: Theory, research and applications. Columdus: Merrill
  11. მელიქიშვილი, მ. (2003). მოტივაცია. თბილისი:  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
  12. Deci, E., & Ryan, R. M. (1985). Intrinsic motivation and self-determination in human behavior, Plenum Press, New York. DeciIntrinsic Motivation and Self-Determination in Human Behavior
  13. Brooks, J., & Brooks, M. (1999) In search of understanding: The case for the constructivist class-rooms. Upper Saddle River, NJ: Merrill-Prentice Hall
  14. Krapp, A. (2002). 18: An Educational-Psychological Theory of Interest and Its Relation to SDT. Handbook of self-determination research, 405.
  15. Schiefele, U. (1998). Individual interest and learning, what we know and what we don’t know. Interest and learning, 91-104.
  16. Bolte, C. (2006, April). As good as it gets: The MoLE-instrument for the evaluation of science In Proceedings of the Annual Meeting of the National Association for the Research on Science Education (NARST)
  17. Kapanadze, M., Bolte, C., Schneider, V., & Slovinsky, E. (2015). Enhancing Science Teacher’s Continuous Professional Development in the Field of Inquiry Based Science Education. Journal of Baltic Science Education14(2), 254-266

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი