შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფანტაზიის განმავითარებელი წერითი დავალებები 

გაბრიელ გარსია მარკესის წიგნში „იცხოვრე, რომ მოჰყვე“, რომელიც წაკითხვისთანავე ჩემს საყვარელ წიგნად იქცა, ერთი ფრაზა ამოვიკითხე, რომელიც გონებაში ღრმად ჩამებეჭდა. უფროსი მეგობარი, დონ რამონი ახალგაზრდა გაბოს ურჩევს, რომანის შავი ვარიანტიდან, რეალური ტოპონიმი ბარანკილია სხვა დასახელებით შეცვალოს. გამოცდილი მეგობარი,  ამას, ერთი მიზეზით ხსნის: არსებული სახელი  იმდენად არის რეალობით დატვირთული, რომ მკითხველს საოცნებოდ დრო არ დარჩებოდა.

 

ლიტერატურა ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც ჩვენი წარმოსახვაც ფრთებს შლის და ჩვენც, ავტორის შემოქმედების თანაზიარი ვხდებით. კარგი ლიტერატურა კი ამას ისე ახერხებს, რომ დაგვავიწყოს რეალობა და სრულიად საოცნებო სამყაროში მოვხვდეთ. როგორც, გაბრიელ გარსია მარკესი ამბობს, ამის მოხდენა კი ისეთ წიგნებს შეუძლია, რომლებიც თავს ნებიერად გვაკითხებენ.

 

გამოგონილ ამბავს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ ბავშვების ცხოვრებაშიც. ბავშვები ხომ მუდამ ფანტაზიორობენ, როდესაც თამაშობენ, ლექსებს წერენ და ხატავენ, ან როლურ თამაშებში არიან ჩართული. ამ გამოგონილი სამყაროს ხიბლი მათში წარმოსახვასაც აძლიერებს და ახალ, სააზროვნო ჰორიზონტს უხსნის მათ.

 

არდადეგებზე, როდესაც ყველა გასართობი და თამაში ამოვწურეთ, ჩემს მეორეკლასელ შვილს არ ასვენებდა სკოლიდან გამოყოლილი პასუხისმგებლობების დარდი. ამიტომ გადავწყვიტე დღეში ნახევარი საათი დაგვეთმო წერითი მეტყველების განვითარებისთვის, რასაც ცოტა ხანში მისი ოთხი წლის დაც  შეუერთდა და მისი ამბების ჩაწერის პასუხისმგებლობა მე დამეკისრა.

 

თავდაპირველად, წაკითხული მცირე ტექსტიდან იმის დაწერა ვთხოვე, რა გაიგო და რა იყო მნიშვნელოვანი ტექსტში. ამ დავალებას რამდენიმე დღე ასრულებდა. შემდეგ, გადავწყვიტე, მათ გასახალისებლად გამოგვეგონებინა ისეთი ამბები, რომლებიც გასაოცარი და ორიგინალური იქნებოდა შინაარსით და წარმოსახვაც არ შემეზღუდა.

 

ჩემი შვილები იმ ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნებიან, რომლებსაც უფროსებისგან ბევრი ახსნა-განმარტების მოსმენა უყვართ. ამიტომ მხოლოდ ერთი მკაფიო დავალება გაითვალისწინეს – გამოეგონებინათ ისეთი ამბები, რომლებიც არ არსებობს, და შინაარსისა თუ სათაურის შერჩევისას მკაცრი ცენზორის მიერ დანახული შეცდომები თითქმის არ გაითვალისწინეს. ეს უწყინარი დავალება, არდადეგების ყოველდღიურ რუტინად იქცა და გამოგონილი ამბები და სათაურები ყოველდღიურად უფრო საინტერესო ხდებოდა.

 

ასე დაიბადა: მოუსვენარი კაშნე, ჭარბწონიანი სპილო, სახელად ტომი, ძროხა, რომელსაც ცოცვა უყვარდა, ფართხალა ბოტასი და სხვა.

 

ფართხალა ბოტასი

 

იყო და არა იყო რა. იყო ერთი ფართხალა ბოტასი. ფართახალა ბოტასი იმიტომ ერქვა, რომ სულ დაფართხალებდა. ფართხალით მიდიოდა გზაზე და ყველას აშინებდა. ბოტასის ეშინოდა კურდღლებსა და კვატებს. ბოლოს, ფართხალი რომ მობეზრდა, წავიდა სახლში, დედას უთხრა ძალიან დავიღალეო და დაიძინა.

 

ანასტასია, 4 წლის.

 

მოუსვენარი კაშნე

 

იყო ერთი მოუსვენარი კაშნე. ეს კაშნე ერთი ბიჭის საკუთრება იყო და ძალიან მოუსვენარი გახლდათ. კაშნე სულ ეპარებოდა პატრონს და ბიჭიც სულ ეძებდა. კაშნე მოუსვენარი იმიტომ იყო, რომ ძალიან პატარა იყო. გავიდა ერთი წელი, გაიზარდა და დაჭკვიანდა ჩვენი კაშნე და ამის მერე, ბიჭი და კაშნე დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

 

ანდრო, 7 წლის.

 

ძროხა, რომელსაც ცოცვა უყვარდა

 

იყო ერთი ძროხა, სახელად მარია ერქვა. მარიას ცოცვა უყვარდა ძალიან და პატარაობაში სულ ცოცავდა. ყველა გაოგნებული იყო, როგორ ცოცავდა მარია, იმიტომ, რომ ძროხები არ ცოცავენ. მარია კლდეებსა და გორაკებზე დაცოცავდა და გაწვრთნილი მცოცველი იყო.

 

ერთ დღეს მარია სკოლაში წავიდა, სადაც ლექსებს ასწავლიდნენ. სკოლიდან რომ ბრუნდებოდა კლდეზე აცოცება მოუნდა და ცდილობდა აცოცებულიყო, მაგრამ ჩამოვარდა და ეს მტკივნეული იყო…

 

დედააა, დედაააა! – ყვიროდა მარია.

 

დედაც, თურმე, ახლოს ბალახობდა და მარიასთან მივარდა, ნატკენ ფეხზე წყალბადის ზეჟანგი დაასხა და შეუხვია.

 

შემდეგ, დედამ მარია ეკლესიაში წაიყვანა და ღმერთს მადლობა უთხრეს, რომ ფეხი არ მოტყდა.

 

ანასტასია, 4 წლის

 

ჭარბწონიანი სპილო სახელად ტომი

 

იყო და არა იყო რა. იყო ერთი სპილო. სპილოს მეგობრები სულ მსუქანა სპილოს ეძახდნენ, მაგრამ მას ტომი ერქვა. ტომის ცოტა მეგობარი ჰყავდა. მას იმიტომ არ ემეგობრებოდნენ, რომ ჭარბი წონა ჰქონდა… ტომის დედა სულ ეუბნებოდა ტომს, შენ განსაკუთრებული და სიმპათიური სპილო ხარო…  ერთი წლის შემდეგ ტომი ფეხბურთით დაკავდა, კუნთებიც დაეჭიმა, წონაშიც დაიკლო და მთელ ქვეყანაში გაითქვა სახელი. ამის მერე ყველას მასთან მეგობრობა უნდოდა და ყველას შეუყვარდა.

 

ანდრო, 7 წლის.

 

ეს ათწუთიანი დავალებები, რომელსაც, შესაძლოა დავალება არც კი დაარქვა, ჩვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა.  ბავშვებს თხრობის მიმართაც გაუმძაფრდათ ინტერესი და სახალისო საქმიანობადაც  იქცა.

 

წერითი მეტყველების უნარი ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა და ვფიქრობ, ამის მიღწევა არ იქნება რთული, თუ ბავშვებს მცირე ასაკიდან შევთავაზებთ მრავალფეროვან წერით სავარჯიშოებს, რომელიც მათ წერითი მეტყველების განვითარებაში დაეხმარებათ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი