პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსმენის დესკრიპტორები, ინკლუზია და დემოკრატიული კულტურის სარეკომენდაციო ჩარჩო

დემოკრატიული კულტურის სარეკომენდაციო ჩარჩოში[1] მოსმენა დაკვირვების შემადგენელთან ერთად გვხვდება და განმარტებულია როგორც ნათქვამის, ქცევის აღქმისა და გაგების უნარი. იმის აღსაქმელად და გასაგებად, რაზე საუბრობენ სხვები, საჭიროა აქტიური მოსმენა, რაც მოითხოვს ყურადღების გამახვილებას არა მხოლოდ იმაზე, რა ითქვა, არამედ იმაზეც, როგორი ტონითა და ტემბრით, რა სიმაღლის ხმით, რა სიხშირის ბგერით ითქვა და, იმავდროულად, მოსაუბრის მიერ საუბრისას გამოყენებულ სხეულის ენაზე, განსაკუთრებით – თვალების მოძრაობაზე, სახის გამომეტყველებასა და ჟესტებზე.

მოსმენა და სხვის ქცევაზე დაკვირვება შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროდ იქცეს იმ ქცევების შესახებ, რომლებიც ყველაზე მისაღები და ეფექტურია სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ კონტექსტში და სასარგებლო აღმოჩნდეს იმ თვალსაზრისით, რომ შევძლოთ ამ ინფორმაციის შენახვა და ათვისებული ქცევის გამოყენება მოგვიანებით, მსგავს სიტუაციებში.

მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევები დესკრიპტორთა კრებულში განსაზღვრულ ქცევათა თანხლებითაა წარმოდგენილი და კლასიფიცირებულია ელემენტარულ, საშუალო და მაღალ დონეებად.

დემოკრატიული კომპეტენციის ჩარჩოს შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ „ვინაიდან მოსმენისა და დაკვირვების უნარები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მოდელის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენს, ამ უნარებს თანაბრად და მაღალ დონეზე უნდა ფლობდნენ როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები. მოცემულ კონტექსტში, მოსწავლეთა მიერ თანატოლების ქცევაზე დაკვირვება შეიძლება ეფექტურ ინსტრუმენტად იქცეს დაკვირვების უნარის განვითარებისთვის“[2].

ამავე ჩარჩოში კომპეტენციების დესკრიპტორების გამოყენება ძირითადად დაკვირვებას უკავშირდება და რეგულარული დაკვირვება სწავლებისა და სწავლის პროცესის განუყოფელ ნაწილადაა მიჩნეული. „მასწავლებლები თავიანთ ყოველდღიურ პროფესიულ ცხოვრებაში რეგულარულად მიმართავენ მოსწავლეებზე დაკვირვების მეთოდს, ხშირად ამას გაუცნობიერებლადაც აკეთებენ და შესაძლოა არც ის ჰქონდეთ გააზრებული, როგორ ამუშავებენ მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგებს. მაგრამ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სწავლებისას დესკრიპტორების გამოყენებით მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვებას გაცნობიერებული მიდგომა და გულდასმით დაგეგმვა სჭირდება. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სწავლებისას საჭიროა რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება:

► დაკვირვება უნდა წარიმართოს ისე, რომ არ შეფერხდეს სწავლის პროცესი ან მოსწავლეები არაკომფორტულ სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ.

►უნდა დავაკვირდეთ განსხვავებულ სიტუაციებს, მათ შორის – იმასაც, როგორ რეაგირებს მოსწავლე კონკრეტულ ამოცანაზე, როგორ ასრულებს დამოუკიდებელ სამუშაოს საკლასო გარემოში, როგორ ურთიერთობს მასწავლებელსა და თანატოლებთან საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობების შესრულებისას.

ვინაიდან კონკრეტულ სიტუაციებში, როგორც წესი, ერთად დაჯგუფებული კომპეტენციები გამოიყენება, მოსწავლეთა მიერ კონკრეტულ სიტუაციაში გამოვლენილი ქცევა უნდა დავაკავშიროთ არა რომელიმე ერთ, არამედ რამდენიმე დესკრიპტორთან.

► დესკრიპტორების გამოყენება მხოლოდ დაკვირვებისთვის კი არ არის ხელსაყრელი, არამედ მოსწავლეთა ქცევის შესახებ შენიშვნების ჩასაწერადაც: შესაბამისი მზა დესკრიპტორის კოდის გასწვრივ შენიშვნის მიწერა გაცილებით ადვილია, ვიდრე მოსწავლის ქცევის სრული აღწერა. ეფექტური დაკვირვება გულისხმობს ჩანაწერების გაკეთებას და არა მხოლოდ მეხსიერებაზე დაყრდნობას.

დაკვირვება საჭიროა ვერბალურ, პარავერბალურ და არავერბალურ ქცევაზე და იმასთან ერთად, რას გამოთქვამენ და როგორ მოქმედებენ მოსწავლეები, ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ ასპექტებზეც, როგორებიცაა თვალით კონტაქტი, დამოკიდებულებები, ემოციების გამოხატვა და ა.შ.

► კონკრეტული დესკრიპტორით გათვალისწინებულ ქცევაზე დაკვირვება უნდა წარიმართოს თანმიმდევრულად, განსაზღვრული დროის განმავლობაში და არ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირველ შთაბეჭდილებას, პირად წარმოდგენებს, მოლოდინსა და დამკვირვებლის მიკერძოებულ მიდგომას ან ერთ კონკრეტულ მომენტსა თუ აქტივობას. კონკრეტულ მოცემულობაში გამოვლენილი ქცევა შესაძლოა იყოს შემთხვევითი ან იმგვარი ფაქტორებით განპირობებული, რომლებიც დამკვირვებლის ხედვის მიღმა რჩება, ხოლო საჭირო ქცევის არგამოვლენა – შედეგი იმისა, რომ მოსწავლეს სათანადო შესაძლებლობა არ მიეცა.

 

მოსმენა-დაკვირვება და ინკლუზია

დემოკრატიული კულტურის სარეკომენდაციო ჩარჩოში წარმოდგენილი ძირითადი დესკრიპტორების ჩამონათვალში სხვისი უფლების აღიარებას, პატივისცემას და ჩართულობას დასაწყისშივე აქვს მიჩენილი ადგილი.[3] ეს ის ღირებულებითი ველია, რომელიც პირდაპირ და ირიბად მიემართება ინკლუზიის პრინციპებს და ადასტურებს, რომ:

  • ადამიანის უფლებები მუდმივად უნდა იყოს დაცული და ყველა მუდმივად უნდა სცემდეს მათ პატივს;
  • საზოგადოება პატივს უნდა სცემდეს და იცავდეს ბავშვთა განსაკუთრებულ უფლებებს.

ესენი დესკრიპტორებით მითითებული კომპეტენციების ფლობის ელემენტარული და საშუალო დონეებია.

 

იმისთვის, რომ ინკლუზიის ილუზია ავიცილოთ თავიდან, უმნიშვნელოვანესია, საზოგადოდ ადამიანების აქტიური მოსმენის სტრატეგიებს დავეუფლოთ და, განსაკუთრებით იმ ადამიანების მოსმენა ვისწავლოთ თუ ვასწავლოთ, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ინკლუზიის როგორც ჩართულობის განათლების კულტურა იმთავითვე გულისხმობს ყველას მოსმენას და მხარდაჭერას, არსებული შეზღუდვების მაკომპენსირებელი სერვისების შექმნას და ბარიერების მინიმიზაციას, ამისთვის კი საჭიროა მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით – სასწავლო დაწესებულებაში მომუშავე ყველა მასწავლებლის, დირექციის ყველა წევრის, სხვა თანამშრომლების, მოსწავლეთა მშობლების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად სკოლის დირექციას მიმართავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელი, მას კი ბავშვის მიღებაზე უარს ეუბნებიან იმ მოტივით, რომ არ ჰყავთ გადამზადებული კადრი ან უარს არ ეუბნებიან, მაგრამ ფასადური ინკლუზიის გამო ბავშვი სწავლა-სწავლების პროცესში არასრულყოფილადაა ჩართული, ნაკლებად ან საერთოდ ვერ ამჟღავნებს საკუთარ შესაძლებლობებს, რადგან მისი არავის ესმის ან მის ქცევაზე დაკვირვება, ანალიზი და დასკვნების გამოტანა არ შეუძლია.

იმისთვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მოსმენა და დახმარება შევძლოთ, კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა, თავად გვესმოდეს დარღვევათა ტიპები და მათი თავისებურებები. ასევე უნდა შეგვეძლოს:

  • ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ იმაზე, რა ითქვა, არამედ იმაზეც, როგორ ითქვა და, ასევე, მოსაუბრის სხეულის ენაზე;
  • ყურადღების გამახვილება ვერბალურ და არავერბალურ გზავნილებს შორის შესაძლო შეუსაბამობებზე;
  • ყურადღების გამახვილება ტექსტს მიღმა შინაარსზე და იმაზე, რა ინფორმაცია იქნა მოწოდებული მხოლოდ ნაწილობრივ და რა უნდა თქმულიყო და არ ითქვა;
  • ყურადღების გამახვილება გადმოცემულ ინფორმაციასა და იმ სოციალურ კონტექსტს შორის კავშირზე, რომელშიც ხორციელდება ინფორმაციის გადმოცემა;
  • ყურადღების გამახვილება სხვა ადამიანების ქცევაზე და ამ ქცევის შესახებ ინფორმაციის შენახვა, განსაკუთრებით – იმ ადამიანების ქცევაზე, რომლებიც დამკვირვებლისგან განსხვავებულ კულტურას ეკუთვნიან;
  • ყურადღების გამახვილება ერთსა და იმავე სიტუაციაში სხვადასხვა ადამიანის რეაგირებას შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე, განსაკუთრებით – იმ ადამიანებისა, რომლებიც დამკვირვებლისგან განსხვავებულ კულტურას ეკუთვნიან.

არსებობს დარღვევები, რომლებსაც მსგავსი გამოვლინებები აქვს. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც დისლექსიის ან ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობას „უდგენენ“ და ეს ბავშვის სრულყოფილი, მრავალფაზიანი მოსმენის გარეშე, მშობელთან რამდენიმეწუთიანი გასაუბრებით ხდება. ისეთი შემთხვევაც მრავლადაა, როდესაც დედაქალაქში მდებარე ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში მშობელს ეძლევა მითითება, ბავშვს გაატაროს ADOS-ის (The Autism Diagnostic Observation Schedule/აუტიზმის დიაგნოსტიკური დაკვირვების სქემა) ან სხვა ტესტი, მაგრამ რაიონიდან ჩამოსული მშობელი ამას ვერ ახერხებს და უკან ბრუნდება ფურცლით, რომელზე მიწერილ რეკომენდაციასაც უკვე კონკრეტულ დარღვევად უთვლიან და ბავშვის ბედი იმ სასწავლო კადრების – სპეციალური მასწავლებლის, ფსიქოლოგის, ასისტენტის – კვალიფიკაციისა თუ კეთილი ნების იმედადღა რჩება, რომლებიც სასწავლო დაწესებულებას ჰყავს.

აღნიშნულ ჩარჩოზე მუდმივი აქცენტირება შეგვაძლებინებს, დავნერგოთ ის ღირებულებები, დამოკიდებულებები და უნარები, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები – თანაცხოვრება კულტურულად მრავალფეროვან, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროპის საბჭო, 2016 (ინგლისურად), ნათია ნაცვლიშვილის საერთო რედაქციით (ქართულად), თბილისი, 2017
  2. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო – ტომი I, II, III, ევროპის საბჭო, 2018 (ინგლისურად), ნათია ნაცვლიშვილის საერთო რედაქციით (ქართულად), თბილისი, 2018

[1] დ ემოკრ ატიულ ი კულ ტ ურის კომპეტ ენციების სარეკომენდ აციო  ჩარჩო – ტომი I, გვერდ ი 79,.

[2] https://rm.coe.int/rfcdc-v2-geo/168098361a, გვ. 23.

[3] https://rm.coe.int/rfcdc-v2-geo/168098361a, გვ. 25.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი