შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები – ჯიგსოუს ტექნიკა

სოფიკო ლობჟანიძე

ჯიგსოუს ტექნიკა განავითარეს და პრაქტიკაში გამოსცადეს არონსონმა და მისმა სტუდენტებმა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, ჯერ – ტეხასის, მერე კი კალიფორნიის უნივერსიტეტებში. 1978 წელს არონსონმა თავის წიგნში „Jigsaw Classroom” დაწვრილებით აღწერა როგორც თავად მეთოდი, ასევე მასთან დაკავშირებული კვლევები და ხელმისაწვდომი გახადა იგი ფართო საზოგადოებისთვის. არონსონის მიხედვით, ჯიგსოუს ტექნიკა იყო მეთოდური მცდელობა, დაეძლია საკლასო ოთახში იმხანად ჯერ კიდევ არსებული სეგრეგაცია და, აქედან გამომდინარე, რასობრივი დაძაბულობა. ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრმა არონსონი ისეთი მეთოდური სისტემის შექმნამდე მიიყვანა, რომელშიც მოსწავლეები მნიშვნელოვან რესურსად განიხილებოდნენ და რომელიც ჯიგსოუ ერთის სახელწოდებით არის ცნობილი.

 

არონსონის მიხედვით, ჯიგსოუს ტექნიკა ხუთი ფაზისაგან შედგება:

.შესავალი;

. ცალკეული თემების/თემის ნაწილების დამუშავება ძირითადი/ჯიგსოუს ჯგუფების შიგნით;

. თემის ნაწილების გაღრმავება ექსპერტთა ჯგუფებში;

. თემის ნაწილთა გადაცემა ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფებში;

. თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ცოდნის შემოწმება და შეფასება.

პირველი ფაზა: შესავალი

ამ ფაზაში მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს განსახილველ თემას და მოსწავლეებს გააცნობს ჯიგსოუს ტექნიკას. შემდეგ იქმნება ძირითადი ჯგუფები. თითოეულში შედის არა უმეტეს ექვსი მოსწავლისა. დაკომპლექტებისას გასათვალისწინებელია, რომ ჯგუფი უნდა იყოს ჰეტეროგენული სქესის, წარმომავლობისა და უნარების მიხედვით, რაც მოსწავლეებს ტოლერანტობის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობათა გამომუშავებაში ეხმარება. ამის შემდეგ ხდება ძირითადი ჯგუფებიდან ე.წ. ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევა, რომელიც პასუხისმგებლია მუშაობის პერიოდში ჯგუფის მობილიზებაზე.

მეორე ფაზა: ცალკეული თემების/თემის ნაწილების დამუშავება ძირითადი/ჯიგსოუსჯგუფების შიგნით

მასწავლებელი დასამუშავებელ თემას წინასწარ ყოფს იმდენ ნაწილად, რამდენი წევრიც არის თითოეულ ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფში. თემის ნაწილები უნდა იყოს თანაბარი სირთულისა და მათ დამუშავებას უნდა სჭირდებოდეს ერთი და იგივე დრო.

თითოეული ძირითადი/ჯიგსოუს ჯგუფი ამუშავებს ერთსა და იმავე თემას. ჯგუფის თითოეულ წევრს ეძლევა თემის შესაბამისი ნაწილი, რომელსაც იგი დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ამუშავებს.

მესამე ფაზა: თემის ნაწილების გაღრმავება ექსპერტთა ჯგუფებში

მას შემდეგ, რაც თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად დაამუშავებს თემის შესაბამის ნაწილს, დგება ექსპერტთა ჯგუფები. მოსწავლეები, რომელთაც დაამუშავეს ერთიდა იგივე ნაწილი, ქმნიან ექსპერტთა ჯგუფებს დამუშავებული საკითხების გასაღრმავებლად და გაურკვეველი საკითხების გასარკვევად. კომპლექტდება იმდენი ექსპერტთა ჯგუფი, რამდენ ნაწილადაც იყო დაყოფილი თემა. ექსპერტთა ჯგუფების შიგნით მოსწავლეები აჯერებენ ინდივიდუალურად მოპოვებულ ცოდნას და მსჯელობენ იმაზე, როგორ გადასცენ უკეთ მათ მიერ მოპოვებული ცოდნა ძირითადი/ჯიგასოუს ჯგუფის სხვა წევრებს.

მეოთხე ფაზა: თემის ნაწილთა გადაცემა ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფებში

მეოთხე ფაზაში მოსწავლეები უბრუნდებიან თავიანთ ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფებს, რათა ჯგუფის დანარჩენ წევრებს გადასცენ თემის მათ მიერ დამუშავებული და შემდეგ ექსპერტთა ჯგუფებში გაღრმავებული ნაწილი. ცალკეულ ნაწილთა ერთმანეთისთვის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ამ ნაწილებს აერთიანებენ და დასამუშავებელ თემას ერთ მთლიანობად მოიაზრებენ.

მეხუთე ფაზა: თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ცოდნის შემოწმება და შეფასება

დასკვნით, მეხუთე ფაზაში მოწმდება, რამდენად აითვისა თითოეულმა მოსწავლემ თემა. ჯგუფის საერთო წარმატების გაზომვას არონსონის მეთოდი არ ითვალისწინებს. იმართება საკლასო დისკუსია, სადაც განიხილება ჩატარებული სამუშაოს შედეგები – რამდენად კარგად შესრულდა იგი, სად იჩნა თავი დაბრკოლებამ, რატომ, მომავალში როგორ შეიძლება უკეთესი შედეგის მიღება.

ჯგუფებში მოსწავლეთა განაწილება უნდა მოხდეს შემდეგი სქემის მიხედვით:

ძირითადი/ჯიგსოუსჯგუფები:

ჯგუფი

A1, A2, A3, A4, A5

ჯგუფი

B1, B2, B3, B4, B5

ჯგუფი

C1, C2, C3, C4, C5

ჯგუფი

D1, D2, D3, D4, D5

ჯგუფი

E1, E2, E3, E4, E5


ექსპერტთა ჯგუფები:

ჯგუფი

A1, B1, C1, D1, E1.

ჯგუფი

A2, B2, C2, D2, E2

ჯგუფი

A3, B3, C3, D3, E3

ჯგუფი

A4, B4, C4, D4, E4

ჯგუფი

A5, B5, C5, D5, E5

ჯიგსოუ ორი რობერტ სლავინის მიხედვით

არონსონისგან განსხვავებით, რომელიც აქცენტს მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარებასა და კლასთან ინტეგრაციაზე აკეთებს, სლავინი ჯიგსოუს ტექნიკის გამოყენების დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგნობრივი კომპეტენციის განვითარებასაც.

ჯიგსოუს ამ ორ ტექნიკას შორის ძირითადი განსხვავება ასეთია: ჯიგსოუ ერთისგან განსხვავებით, ჯისგოუ ორში

. ჯგუფის ხელმძღვანელი მოსწავლეთარიგებიდან არ სახელდება – მის ფუნქციას თავად იკისრებს მასწავლებელი;

. ჯგუფის ყველა წევრს მთელ დასამუშავებელ მასალაზე მიუწვდება ხელი.

მესამე და მეოთხე ფაზა ისევე მიმდინარეობს, როგორც ჯიგსოუ ერთში. ძირითადი განსხვავება მეხუთე ფაზაშია.

მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად სლავინმა შექმნა ე.წ. STAND (Student Team-Achievement Divisions) სისტემა. ჯიგსოუ ერთისაგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიღწევებს აფასებენ, ჯიგსოუ ორში ფასდება ჯგუფის მიღწევაც. ძირითადი/ჯიგსოუს ჯგუფის ყოველი მოსწავლე ზომავს ინდივიდუალური მიღწევის ზრდას (მაგალითად, „ბოლოსწინა ტესტში დავიმსახურე 10 ქულა, ბოლო ტესტში – 12 ქულა. აქედან გამომდინარე, მიღწევის ზრდაა 20%”). ამგვარად, მოსწავლე თავის ახლანდელმოსწრებასადარებთავისივეინა შედეგს და ამგვარად ხედავს საკუთარ პროგრეს.ჯგუფის მიღწევის გასაზომავად კი ჯგუფის თითოეული მონაწილის მიღწევის კოეფიციენტები იკრიბება და ჯგუფის წევრების რაოდენობაზე იყოფა. ამგვარ შეფასებას ჯიგსოუ ერთთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ მოსწავლეებს უვითარებს ორმაგ – როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ – პასუხისმგებლობას.

მეთოდის ძლიერი მხარეები:

კვლევებმა ცხადყო, რომ

. ჯიგსოუს ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეები უკეთეს შედეგს იღებენ;

. მოსწავლეებს უმაღლდებათ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, თვითორგანიზებისა და პასუხისმგებლობის უნარი;

. უვითარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ინტერესები;

. კლასში, სადაც ამ მეთოდს იყენებენ, მაღლდება მოსწავლეთა ურთიერთტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა;

. მოსწავლეებს უვითარდებათ კომუნიკაციური უნარები;

. მოსწავლეებს უვითარდებათ თვითშეფასებისა და საკუთარ პროგრესზე დაკვირვების უნარი.

მეთოდის სუსტი მხარეები:

. შედარებით „სუსტი” მოსწავლეებისთვის ერთგვარი წნეხია თემის ნაწილის დამოუკიდებლად დამუშავება. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია წყვილში მუშაობით ან მასწავლებელის დახმარებით.

. მეთოდის სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ მის გამოყენებას სჭირდება 20-30%-ით უფრო მეტი დრო, ვიდრე იმავე თემის ტრადიციული მეთოდით დამუშავებას.

. ექსპერტ მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის სხვადასხვა ხარისხით მიწოდებამ (მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლობების კვალობაზე) შესაძლოა საბოლოო შედეგებს ავნოს.

ჯიგსოუს ტექნიკა უნივერსალური მეთოდია, რომელიც შეიძლება თითქმის ყველა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელმა სწავლების ყველა საფეხურზე გამოიყენოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი