პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

თვითმოტივაცია როგორც წარმატების აუცილებელი პირობა

ნინო ელბაქიძე

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ლოდინში ატარებენ. ელიან, როდის დაუდგებათ უკეთესი დრო, როდის გაუღიმებთ ბედი, როდის მიაღწევენ დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს ან აისრულებენ ნატვრას. ამ მოლოდინში გადის დრო, რომელსაც თან მიაქვს მიუღწეველ მიზნებზე ოცნება და ხანდახან ადამიანს ავიწყდება კიდეც, რაზე ოცნებობდა.

მაგრამ არსებობენ სხვანაირი ადამიანებიც. ისინი არ ელიან, ისინი თავად იღებენ ხელში ვითარების სადავეებს და მიზნის მისაღწევად მოქმედებას იწყებენ. ფუნდამენტური განსხვავება პროაქტიურ (მოქმედ) და რეაქტიულ (მოლოდინის რეჟიმში მყოფ) ადამიანებს შორის სწორედ ეს არის – ერთი ელოდება, მეორე მოქმედებს.

წარმატების ფორმულა იოლი გამოსაყვანია: მიზანს რომ მივაღწიო, საჭიროა, კი არ ველოდო, არამედ ვიმოქმედო. მაგრამ იქვე ჩნდება კითხვა: როგორ? როგორ გამოვიწვიო საკუთარი მოტივაცია იმისთვის, რომ დავისახო მიზნები და სისტემურად ვიმოქმედო მათ მისაღწევად?

ამერიკელი მოტივაციის მკვლევარი მიჰაი ჩიკსენტმიჰაი აკვირდებოდა ადამიანებს, რომლებიც თავისუფალ დროს რაიმე აქტივობით იყვნენ დაკავებულნი, მაგალითად, თამაშობდნენ ჭადრაკს, რგავდნენ მცენარეებს ან ექსტრემალურ სპორტს მისდევდნენ. ეს ადამიანები თავიანთ პროფესიულ მოვალეობას სიამოვნებით, ძალდაუტანებლად და, შესაბამისად, ნაყოფიერადაც ასრულებდნენ. ამის კვალობაზე, ჩიკსენტმიჰაიმ დასვა კითხვა: რა შეიძლება ვიღონოთ, რომ ძირითადი საქმიანობა, სამუშაო, ადამიანისთვის სასიამოვნო და, ამასთან, პროდუქტიული გახდეს? როგორ მივაღწიოთ იმას, რომ მუშაობისას დრო შეუმჩნევლად გადიოდეს, ადამიანს სიამოვნებდეს პროფესიული მოვალეობის შესრულება და, რაც მთავარია, აღწვდეს წარმატებას?
ადამიანის ძირითადი საქმიანობის წარმატების საიდუმლო სასწორის ორ პინაზე დევს. ერთ მხარეს “შესაძლებლობაა”, მეორე მხარეს – “გამოწვევა”.

არ აქვს მნიშვნელობა, გამოწვევა უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობა თუ პირიქით – ემოციური სტაბილურობის ბალანსი, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი თუ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ იქნება სახარბიელო, როდესაც წონასწორობა გამოწვევასა და შესაძლებლობას შორის დარღვეულია. ამგვარი დისბალანსი აქვეითებს მოტივაციას, რაც უშუალოდ აისახება ჩვენს პირად თუ პროფესიულ წარმატებაზე.
როდესაც ადამიანს მეტი შეუძლია, ვიდრე პროფესიული გარემო მოითხოვს მისგან, იგი კარგავს ინტერესს სამსახურის მიმართ და მოუსვენრობა იპყრობს. ეს იმ გამოთავისუფლებული ენერგიის შედეგია, რომელიც ადამიანმა ვერ მოახმარა თავის საქმიანობას, გამოუყენებელი პოტენციისა, რომელიც მასში ძევს.

როდესაც გამოწვევა აღემატება შესაძლებლობას, ჭარბი ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვა იწვევს სტრესს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში შესასრულებელი სამუშაო ადამიანისგან სასიცოცხლო ძალების მობილიზებას მოითხოვს. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ადამიანი დატვირთვას, უბრალოდ, ვეღარ გაუძლებს და ბორნ აუტის, ანუ პროფესიული გადაწვის სინდრომის რისკის წინაშე აღმოჩნდება.

დასაქმებულთა მოტივაციაზე, ბუნებრივია, მენეჯერები და ხელმძღვანელი პირები უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გამოვიწვიოთ თვითმოტივაცია, რომ პროფესიულ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ არ ველით, როდის ჩაატარებს ჩვენი ორგანიზაციის ტოპმენეჯმენტი კადრების აკადემიურ საჭიროებათა კვლევას, ანდა გამოიკვლევს ჩვენს პოტენციას. არ ველით – ვმოქმედებთ. ამიტომ უნდა მოვძებნოთ გზები შესაძლებლობასა და გამოწვევას შორის ბალანსის აღსადგენად.

რა პლუსი შეიძლება ჰქონდეს პირველ შემთხვევას, როდესაც შესაძლებლობა გამოწვევას აღემატება? თუ მიგაჩნიათ, რომ სამსახურში არასათანადოდ ხართ დატვირთული და მეტი შეგიძლიათ, ესე იგი თქვენ გაქვთ ფუფუნება, პროფესიული განვითარებისთვის იზრუნოთ. თქვენ გაცილებით მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გევალებათ? – ეს ნიშნავს, რომ თქვენ ბევრი თავისუფალი დრო და ენერგია გრჩებათ. პროფესიულ ზრდაზე უკეთესს რას მოახმართ? თქვენ გაქვთ ორი არჩევანი: თავისუფალი დრო გაფლანგოთ, იწუწუნოთ და უკმაყოფილო იყოთ ცხოვრებით, ანდა რამე სასარგებლოს მოჰკიდოთ ხელი, თუნდაც ისწავლოთ ის უცხო ენა, რომლის სწავლაც დიდი ხანია გინდოდათ. ცოდნა, რომელსაც აგროვებთ, ინფორმაცია, რომელსაც მოიპოვებთ, პროფესიული განვითარებისთვის ზედმეტი არასოდეს იქნება; თუ საკუთარ თავზე იმუშავებთ, აუცილებლად მოგეცემათ მისი გამოყენების შესაძლებლობა. თუ დროს უქმად დახარჯავთ, ისიც დაგავიწყდებათ, რაც იცოდით და ხვალ თქვენს ადგილს, რომლითაც ასე უკმაყოფილო ხართ დღეს, სხვა დაიკავებს.

დადებითი მხარე აქვს მეორე შემთხვევასაც, როდესაც იმაზე მეტს გავალებენ, ვიდრე შეგიძლიათ. გამოწვევები ხელს უწყობს ჩვენს პროფესიულ განვითარებას. საქმიანობა, რომელიც დღეს ბევრ ენერგიასა და მობილიზებას მოითხოვს თქვენგან, ხვალ უფრო ადვილად გამოგივათ ხელიდან. რა თქმა უნდა, ეს რეცეპტი ყოველთვის არ ჭრის – ხანდახან გამოწვევასა და შესაძლებლობას შორის დისბალანსი იმდენად დიდია, რომ საფრთხესაც კი უქადის ადამიანის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში ერთადერთი მრჩეველი და მაკონტროლებელი თქვენივე თავია.
არსებობს ე.წ. დეპრესიის სპირალი, რომელიც ადამიანს საკუთარი თავისა და იმ სტრესის შეფასებაში ეხმარება, რომელიც მის ემოციურ სტაბილურობა საფრთხეს უქადის.
თვითმოტივირებული ადამიანის რამდენიმე მახასიათებელი:

. თვითმოტივირებული ადამიანები ცნობისმოყვარენი არიან. ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ ისწავლონ.
. თვითმოტივირებული ადამიანები დიდი სიამოვნებით ასწავლიან სხვებს, რადგან იციან, რომ სწავლა და სწავლება პროფესიული ზრდის საუკეთესო საშუალებაა.
. თვითმოტივირებულმა ადამიანებმა იციან, რომ ორივე – მასწავლებლისა და მოსწავლის – როლში ყოფნა წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა.
. თვითმოტივირებული ადამიანები არასოდეს ელიან “სასწაულს”, არ ელიან, რომ მათ მიზნებს მათ მაგივრად ვინმე სხვა მიაღწევს, მათ მოვალეობებს სხვა შეასრულებს. მათ აქვთ მიზანი და ხედავენ ამ მიზნისკენ მიმავალ გზას.
მარტივი ტესტი იმის გასარკვევად, რამდენად მოტივირებულები ვართ ჩვენი სამუშაოს შესასრულებლად
უპასუხეთ კითხვებს “დიახ” ან “არა”:

1. ყოველ დილით სიამოვნებით მივდივარ სამსახურში.
2. მუშაობაში დრო თვალსა და ხელს შუა გარბის.
3. ჩემი ხელმძღვანელი მაძლევს შესაძლებლობას, პროფესიულად დავიხარჯო.
4.ჩემს საქმიანობაში ჩემთვის საინტერესო ბევრი გამოწვევაა.
5. ვაღწევ დასახულ მიზნებს/წარმატებით ვასრულებ პროექტებს.
6. საკმაო რესურსი მაქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
7. ჩემ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის ხელმძღვანელობისგან სისტემატურად ვიღებ უკუკავშირს.
8. მაქვს საკუთარი პროფესიული განვითარების გეგმა, რომელიც შეთანხმებულია ჩემს ხელმძღვანელთან და ვმოქმედებ ამ გეგმის შესასრულებლად.
თუ კითხვების ნახევარზე მეტს უპასუხეთ “დიახ”, ესე იგი საკმარისად ხართ მოტივირებული, რათა პროფესიულ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ.
რა გზას დავადგეთ, თუ კითხვების უმეტესობას უარყოფითად ვუპასუხეთ?

რამდენიმე რჩევა წონასწორობის აღსადგენად და თვითმოტივაციის გამოსაწვევად:

. კარგად გამოიძინეთ, რათა ძალ-ღონე აღიდგინოთ და დილაობით მშვიდად ისაუზმოთ. საუზმე აუცილებელია!
. ნუ მისცემთ თავს უფლებას, დილაობით ცაიტნოტის გამო სტრესი განიცადოთ. ჯობს, 10 წუთით ადრე ადგეთ და მშვიდად წახვიდეთ სამსახურში.
. როდესაც უარყოფითი ემოციები გეძალებათ, გაიღიმეთ, რა ძნელიც არ უნდა იყოს ეს. გაუღიმეთ სარკეში საკუთარ თავს. ეს განწყობას შეგიმსუბუქებთ.
. პროფესიული რუტინა სხვადასხვა აქტივობით გააფერადეთ: შეასრულეთ სამუშაო ადგილზე ვარჯიშები, რათა აამუშაოთ სისხლის მიმოქცევა, შესვენების დროს გარეთ გადით, სამუშაო მაგიდისთვის შეიძინეთ ახალი აქსესუარი, სამუშაო ოთახში დადგით ქოთნის მცენარე, კოლეგებთან ერთად მოაწყვეთ განხილვა.
. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები, გაემიჯნეთ პრობლემურ საკითხს და ეცადეთ, შორიდან შეხედოთ მას.
. გააკეთეთ ობიექტური თვითშეფასება. საფუძვლიანია თქვენი უკმაყოფილება სამუშაო პირობებით?
. შეიმუშავეთ წესები თქვენი სამუშაო გარემოსათვის და მისდიეთ მათ. უქმად ნუ დახარჯავთ დროს. აი, დასვენება კი დროის ფლანგვა არ არის.
. ბრაზი და წყენა გულში არ ჩაიხვიოთ, თორემ შიგნიდან შეგჭამთ. უთანხმოების მიზეზებზე ესაუბრეთ ხელმძღვანელობას, გაერკვიეთ ვითარებაში. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი.
. გამოიყენეთ ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევა, რათა ფიზიკურად იაქტიუროთ. მაგალითად, იარეთ კიბით ლიფტის ნაცვლად, ფეხით ტრანსპორტის ნაცვლად, თავისუფალ დროს, ნაცვლად ტელევიზორის ყურებისა, ისეირნეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი