პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ის, რაზე ფიქრიც კი არ გვინდა

სქესობრივი განათლების საკითხები არაერთი ქვეყნის განათლების სისტემის თავის ტკივილია. არადა, ეს დისციპლინა ადამიანის სექსუალურობას, რეპროდუქციას, ანატომიას, სქესობრივ მომწიფებას და ზოგადად, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს ეხება. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებში ეს არის ჩვეულებრივი, სავალდებულო საგანი. თუმცა, მისი სწავლება თუ უსწავლელობა, არ გამორიცხავს სხვა სახის „საგანმანათლებლო რესურსის“ მიმართ ინტერესს, რომელსაც ბავშვები ინტერნეტსივრცეში თვითონვე პოულობენ.

„ინტერნეტში არსებული უფასო პორნოსაიტები, რომლებსაც მოზარდები შემთხვევით თუ შეგნებულად პოულობენ, სქესობრივი განათლების ყველაზე ცუდი ფორმაა“, – აღნიშნავს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ემილი როტმანი. მას ხშირად უწევს გამოსვლა დიდ აუდიტორიასთან, რომელსაც გატაცებით უყვება როგორ უბიძგა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლამ საგანმანათლებლო პროგრამის შექმნისკენ. პროგრამა მოზარდებს ურთიერთპატივისცემას და თანხმობას ასწავლის, ასევე,  კრიტიკულ დამოკიდებულებას სექსუალური ხასიათის მასალების მიმართ. როტმანი დარწმუნებულია, რომ პორნოგრაფია, რომლის ხსენებაც უფროს თაობას გვაშინებს და გვანერვიულებს, შეიძლება იქცეს საგანმანათლებლო იარაღად და აი, როგორ:

 

„ექვსი წლის წინ აღმოვაჩინე ის, რასაც მეცნიერები წლებს ანდომებდნენ. როგორ მივიპყროთ ყველაფრით შეწუხებული მოზარდის ყურადღება, თუკი მას არ აინტერესებს ის, რასაც ვუყვებით? მარტივად. ამისათვის საკმარისია რაიმე კონტექსტში პორნოგრაფია ვახსენოთ.

 

მე ეს 2012 წელს დავადგინე, ბოსტონის ერთ-ერთი სკოლის ხალხმრავალ აუდიტორიაში, სადაც მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო კურსი უნდა გაევლოთ. ჩემი, როგორც მოწვეული სპიკერის მისია იყო, მესაუბრა ბავშვებისთვის ჯანმრთელი ურთიერთობების თემაზე.

 

მაგრამ უცბად ერთი პრობლემა გამოიკვეთა: ბავშვების სახეებს რომ ვუყურებდი, ვხედავდი შუშის თვალებს, სადაც გარკვევით ამოიკითხავდი – „როდის დაასრულებს ეს ქალი ლაპარაკს?!“ ბავშვების დაინტერესებაში ისიც კი ვერ დამეხმარა, რომ ჩემი საუკეთესო კოსტიუმი ჩავიცვი. აუდიტორია მაინც ამთქნარებდა და თვალსა და ხელს შუა მეცლებოდა.

 

ჰოდა, ერთმა ზრდასრულმა ადამიანმა, რომელიც ასევე ამ სასწავლო პროგრამაში იყო ჩართული, მკითხა: „არასოდეს გინახავს პორნო? იქნებ, მის შესახებ მოუყვე?“ მართლაც,  აუდიტორიამ მაშინვე იფეთქა – მოზარდებმა ყურები ცქვიტეს, აღფრთოვანდნენ, ზოგმა ტელეფონით ფოტოების გადაღება დაიწყო. მაგიურმა სიტყვა „პორნოგრაფიამ“ თავისი საქმე გააკეთა, ახალი კარი გამიღო და რაც მათთვის მოსაწყენი იყო, უცბად სხვა ელფერი შეიძინა.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ უფროს კლასებში ყოველი მეხუთე მოსწავლე პარტნიორის მხრიდან სექსუალურ და ფიზიკური ძალადობას განიცდის. იძულებით პაემნებთან  დაკავშირებული შემთხვევები გაცილებით ხშირია, ვიდრე სკოლაში პირადი საკუთრების დაზიანების ან თვითმკვლელობაზე ფიქრის შემთხვევათა რაოდენობა. თუმცა ამ პრობლემის შესამცირებლად არ არსებობდა რაიმე კონკრეტული იდეა.

 

ამიტომ მე ვიმუშავე კვლევით ჯგუფთან ერთად, რომელიც პაემნების დროს ძალადობის მიზეზების შესახებ გარკვეულ პასუხებს ეძებდა. ჩვენს ერთ-ერთ კითხვარში რამდენიმე პუნქტი პორნოგრაფიას შეეხო და შედეგებიც საკმაოდ მოულოდნელი მივიღეთ.

 

გამოკითხული მოზარდი გოგონების 11%-მა განაცხადა, რომ იძულებული იყო, ეკეთებინა ის, რაც ძალიან მოგვაგონებდა პორნო მსახიობების ქმედებას. გამოდის, რომ სექსუალურ ძალადობაში გარკვეული წვლილი პორნოსაც მიუძღის. მაგრამ ჩვენ ვერ ვიპოვეთ სარეცენზიო ლიტერატურაში ბევრი და მყარი მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის გულწრფელ ვიდეოებს უყურებენ ახალგაზრდა ამერიკელები, რამდენად ხშირად და რატომ. სწორედ ეს უნდა გამერკვია.

 

 

ზოგადად, ადამიანები პორნოგრაფიის მოწინააღმდეგეებად და დამცველებად იყოფიან.  კვლევის მთავარი კითხვაც ეს იყო: „ცუდად თუ კარგად აისახება თქვენზე პორნოგრაფია? იყო თუ არა ვიდეოში ნაჩვენები იძულებითი ქმედების რაიმე ფორმა?“ სხვათა შორის, ამაზე არცერთი ცალსახა პასუხი არ მიგვიღია.

 

აქამდე სხვა კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებიც პორნოს უყურებენ, შემდგომში მიდრეკილნი არიან სექსუალური ძალადობისკენ. თუმცა, ამ კვლევის სტრუქტურა არ აანალიზებს ყველა შესაძლო მიზეზს. კიდევ ერთი კვლევიდან ჩანს, რომ „ფილმები დიდებისათვის“ მაინცდამაინც არ ასოცირდებოდა საზოგადოებაში უარყოფით შედეგებთან.

 

ჩვენ გვქონდა არჩევანის საშუალება: ვყოფილიყავით პორნოს ყურების მოწინააღმდეგენი ან დამცველები, გვეთანაგრძნო ერთი ან მეორე ჯგუფისთვის, მაგრამ ისევე, როგორც ჩემთვის, მოზარდებისთვისაც ეს რთული აღმოჩნდა. დიახ, ერთი მხრივ, უზარმაზარი კაპიტალისტური ინდუსტრია ქალის გამოსახულებით სპეციფიკურ მოთხოვნებს იკმაყოფილებს, მეორეს მხრივ კი, ქალისა და მამაკაცის ინტიმური ურთიერთობის პროცესს პორნოგრაფიაში ხშირად თან სდევს ქალის ფიზიკური თუ სიტყვიერი დამცირება. ასეთი სიუჟეტის ყურების დროს გვეფიქრება კიდეც: „და ეს ნორმალურია?..“

 

უმეტესობა დაგვეთანხმება, რომ ჩვენ გვაქვს მიზოგონიასთან, სექსუალურ ძალადობასთან და გაუპატიურებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. პორნოგრაფია არ გვეხმარება მათ მოგვარებაში. მეორე მხრივ, ანტიპორნოგრაფიული მანიფესტები უკვე საუკუნეზე მეტია შობს დისკრიმინაციას, სხვადასხვა ფეტიშის მქონეთა შევიწროებას.

 

ისიც ფაქტია, რომ პორნოგრაფიის ინტერნეტნაკადი, თინეიჯერებისთვის ასე ხელმისაწვდომი სქესობრივი/სექსუალური განათლების ყველაზე ცუდი ფორმაა. მაგრამ ჩვენი კრიტიკის სამიზნე არ არის PornHub-ის შინაარსი. შესაძლოა, ის იმდენად არ წამლავს ახალგაზრდების გონებას, რამდენადაც ჩვენ გვგონია.

 

მოზარდებთან და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული ჩვენი პრობლემა არა მხოლოდ ღია პორნოგრაფიაა, არამედ სხვა შეფარული ფორმის კონტენტი. სინამდვილეში, უკვე რამდენიმე კვლევით დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს ურჩევნიათ რეკლამა ნაკლებად სექსუალური იყოს და უფრო მეტად მსუბუქი ეროტიკისკენ მიდრეკილი.

 

სექსუალიზებული ვიდეოთამაშები, სატელევიზიო შოუები, კლიპები – ჩვენ მხოლოდ პორნოგრაფიაზე ვაკეთებთ აქცენტს და შეიძლება გამოგვრჩეს სხვა, გაცილებით შემაშფოთებელი კადრები.

 

იშვიათია ადამიანი, რომელიც ახალგაზრდობაში პორნოგრაფიით არ ინტერესდება.  კოლეჯში 18 წლის ასაკში პირველ კურსის სტუდენტთა 93%-ს ერთხელ მაინც უნახავს „ფილმი დიდებისათვის“. გარდა ამისა, ჩვენ გვიყვარს ხაზგასმით იმის აღნიშვნა, რომ ინტერნეტმა პორნოგრაფია ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გახადა – ეს ასეა. ეჭვიც არ შეგაპაროთ, რომ ბავშვი, რომლის ხელშიც ინტერნეტიანი ტელეფონი მოხვდა, უყურებს პორნოს. თუმცა ამის დამადასტურებელ ახალ სტატისტიკას ვერსაიდან მოვიშველიებთ.

 

ეროვნული კვლევებით, 2000-იან წლებში პორნო 10-13 წლის ასაკის მოზარდთა 16%-ს ჰქონდა ნაყურები. 2010 წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 30%-მდე გაიზარდა, მაგრამ 30% არ არის 100%.

 

და აი, მივადექით ყველაზე საინტერესო მომენტს: ჩემი პირადი კვლევა აჩვენებს, რომ მოზარდები პორნოგრაფიას მიმართავენ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, „რეალური“ სექსის შესახებ ინფორმაციის მოსაძებნად. ისინი ვერ პოულობენ საიმედო ინფორმაციას სხვაგან. აშშ-ში 50%-ზე ნაკლებ შტატებში კანონმდებლობა მოითხოვს სკოლაში სქესობრივი საკითხების სწავლებას და ამ შტატების ნახევარზე ნაკლები ითხოვს, რომ ინფორმაცია მოწოდებული იყოს მხოლოდ სამედიცინო კუთხით.

 

გამოდის, რომ ბოსტონის სკოლაში დამატებითი პროგრამის ფარგლებში, ბავშვებს ნამდვილად სურდათ სექსზე და პორნოგრაფიაზე საუბარი. მათ ეს თემა გაცილებით მეტად აღელვებდათ, ვიდრე პაემნები ან სექსუალური ძალადობა.

 

ამდენად, შეგვიძლია თუ არა მოვახდინოთ იმ თემების გადაფარვა, რომლებზეც ჩვენ ჩვეულებრივ ვსაუბრობთ, ჯანსაღი ურთიერთობების სწავლებით? როგორ გავიგოთ ამით ვინმეს ტკივილს მოვგვრით? არსებობს თუ არა ფლირტში ჯანსაღი საზღვრები? როგორია  სექსუალური თანხმობა? და ამ ყველაფერზე შეგვიძლია ვისაუბროთ, განვიხილოთ პორნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს შვილებს უკვე ნანახი აქვთ. ეს იგივეა, რომ თქვენს შვილს თქვენ თვითონვე მისცეთ შოკოლადი, ოღონდ შაქრისა და მავნე დანამატების გარეშე.

 

ჩვენ შეგვიძლია ბავშვებთან ვისაუბროთ რაღაცების შესახებ – მაგრამ გულწრფელად, მეცნიერული ობიექტურობის პრინციპების დაცვით. არსებობს ის, რაც ვიცით და არ ვიცით პორნოგრაფიის გავლენების შესახებ. ამიტომ ესაუბრეთ მათ სხვადასხვა კვლევის შედეგებსა და ხარვეზებზე.

 

გააკრიტიკეთ პორნო. ამ თემაზე უამრავი სამეცნიერო სტატია არსებობს, თავად შინაარსიც, რომელსაც „პორნოგრაფიული“ ჰქვია, არის მსჯელობისა და კრიტიკის ველი. მოზარდებს მოსწონთ კითხვების დასმა, მათ მოსწონთ დამოუკიდებლად ფიქრი.

„პორნოგრაფიული წიგნიერება“ სასაცილოდ ჟღერს და აბსურდულ საგნად გამოიყურება, მაგრამ ეს არ არის გაკვეთილები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვუყუროთ „ფილმს დიდებისათვის“. ჩვენ არც საპირისპიროს ვაკეთებთ: არ ვართ პორნოგრაფიის მოწინააღმდეგე აქტივისტები, რომლებიც ბავშვებს არწმუნებენ, რომ თუ ისინი მას უყურებენ, კიდურებს დაკარგავენ.

ჩვენი საიდუმლო ინგრედიენტი ის არის, რომ არავის განვსჯით. არ ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდებმა პორნოგრაფიას უნდა უყურონ. ჩვენი გაკვეთილების მთავარი და ერთადერთი მიზანია კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება. „რას ვხედავ? როგორ ვხედავ? რატომ აკეთებენ ადამიანები ამას და არა სხვა რამეს?“

პორნოგრაფია საშუალებას იძლევა გადახედოთ უამრავ სტერეოტიპს, რომლებიც, სავარაუდოდ, ქმნიან ნორმას. ქალის დამცირება, დისკრიმინაცია, რასიზმი – ეს ის რთული მომენტებია, რომელსაც პორნო ტრანსლირებს. ამ საკითხებზე თქვენ უნდა ისაუბროთ მოზარდებთან, რათა მათ არ სცადონ ნანახის გამეორება.

ნუ აჰყვებით ილუზიებს და ნუ იფიქრებთ, რომ მოზარდები პორნოს არ უყურებენ. ისინი ჯერ არ არიან ზრდასრული, მაგრამ ზრდასრულთა სამყაროში ცხოვრობენ. და მზად არიან  ზრდასრული საუბრებისთვის“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი