პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ხალისით სწავლებისთვის

ჩემს გეოგრაფიის მასწავლებელს უკვე იმ დროისთვის ძველმოდური სახელი – ცუცა ერქვა. ის აქტიური პედაგოგი იყო, უყვარდა სკოლა, ბავშვებიც, სიმკაცრესაც იჩენდა და გაკვეთილსაც დაუზარელად ხსნიდა, მაგრამ ვერასოდეს შეამჩნია, რომ მისი საგანი ძალიან მომწონდა.

 

თუ გამომიძახებდა, მასალას მშრალად მომაყოლებდა და როცა მის კითხვაზე საპასუხოდ სხვა ცოდნასაც მოვიშველიებდი, მაჩერებდა და დაბალი ნიშნით მაფასებდა. არ ვიცი, ასე რატომ ხდებოდა. არადა, გეოგრაფიის სახელმძღვანელოს სიამოვნებით ვკითხულობდი. დარწმუნებულიც ვიყავი, რომ კლასში ყველაზე მეტად ეს საგანი მე მაინტერესებდა, რადგან მოზარდობაში ევროპაში მიწევდა მოგზაურობა და იმის გამო, რომ საკუთარი თვალით მქონდა ნანახი, რა განსხვავება იყო საბჭოთა და ცივილიზებულ ქვეყნებს შორის, გეოგრაფიაც სხვანაირად მიზიდავდა. მაგრამ ცუცამ, რომელიც გაკვეთილის მშვიდობიან ჩატარებაზე უფრო იყო ორიენტირებული, ამის შესახებ ვერასოდეს გაიგო.

 

გეოგრაფია დღესაც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სასკოლო საგნად მიმაჩნია. კარგად შემუშავებულ გაკვეთილზე მოსწავლეებს შეუძლიათ მთელ სამყაროში კლასიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ფერადი სახელმძღვანელოები, ატლასები, გლობუსები და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებები, მკვეთრად განასხვავებენ გეოგრაფიას სხვა საგნებისგან. თუმცა ბავშვები ამასაც ეჩვევიან. ამიტომ მათი ინტერესის „შეცხელება“ დროდადრო აუცილებელია. გეოგრაფიის მასწავლებელმა უწყვეტად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსწავლეებს მისი საგნის მიმართ ინტერესი არ გაუნელდეს, რისი მიღწევაც სავსებით რეალურია საინტერესო შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვით.

 

როგორ გავხადოთ გეოგრაფია ჭეშმარიტად ცოცხალ მეცნიერებად – ამ გამოცდილებას  სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიის პედაგოგები გვიზიარებენ. ისინი გვირჩევენ, რომ ბავშვებს საგანი არა მარტო რუკებითა და გლობუსებით ვასწავლოთ.

 

გამოიკვლიეთ სამყარო მეგობრული მიმოწერით – მასწავლებლის დახმარებით გაიცანით სხვა ქალაქის/ქვეყნის სკოლის მოსწავლეები მიმოწერით. დიახ, ცოტათი ძველებურად ჟღერს, მაგრამ ეს ხელს შეუწყობს ბავშვებს, განავითარონ წერის უნარები, შეუქმნის შთაბეჭდილებას მათზე, ვინც მათი სკოლისა და რაიონის მიღმა ცხოვრობს. სასწავლო წლის ბოლოს შეგიძლიათ ეს ყველაფერი დააგვირგვინოთ  ვიდეოჩატით, სადაც ბავშვები, ბოლოს და ბოლოს, „შეხვდებიან“ თავიანთ შორეულ მეგობრებს.

დაკიდეთ კლასის კედელზე რამდენიმე საათი – დაეხმარეთ მოსწავლეებს გაეცნონ და განსაზღვრონ დროითი ზონები. ერთ საათზე საშუალო გეოგრაფიული დრო გაასწორეთ და მიუთითეთ ის, როგორც გრინვიჩი, ინგლისი. აირჩიეთ მსოფლიოს  ძირითადი ქალაქები, მათ შორის თქვენი მშობლიური ქალაქიც, გამართეთ საათები ქალაქის შესაფერის დროებზე.

ახლა შეგიძლიათ პერიოდულად მიიპყროთ მოსწავლეთა ყურადღება საათებზე, სასურველია დღის სხვადასხვა დროს. მაგალითად, დილით, როდესაც ისინი სკოლაში მოდიან, გაესაუბრეთ იმაზე, თუ რას აკეთებენ ამ დროს სხვა დროის ზონებში სხვა მოსწავლეები. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ საათი, როგორც ათვლის წერტილი, რათა განუმარტოთ, თუ როგორაა დაკავშირებული გრძედის კოორდინატები დროის ზონასთან.

მოამზადეთ გზამკვლევი – ინფორმატიკის მასწავლებელი მელინდა კლეკერი განთქმულია თავისი სახალისო გეოგრაფიის გაკვეთილებით. ის მოსწავლეებს სთავაზობს, შექმნან საკუთარი ტურისტული ბროშურის დიზაინი. სთხოვს ბავშვებს, აირჩიონ სხვადასხვა სახელმწიფო. თითოეული მათგანი ატარებს თავის კვლევებს ქვეყნისა და ორი მსხვილი ქალაქის შესახებ. ეს შესანიშნავი მეთოდია წერის უნარის, კომპიუტერული ცოდნის, გრაფიკული დიზაინის და გეოგრაფიის ერთ პროექტში გაერთიანებისა.

გამოიკვლიეთ სამყარო Google Earth-ით – ყოველ ჯერზე, როდესაც მეოთხე კლასის პედაგოგი ჯულია მაკინტაირი საუბრობს თავისი მოგზაურობის შესახებ, იყენებს Google Earth-ს, რათა მოსწავლეებმა უფრო ნათლად დაინახონ დაშორება მათ სკოლასა და დანიშნულების ადგილს შორის. „ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავინახოთ ნამდვილი პერსპექტივები და მასშტაბები,“ – ამბობს ის. ჯოშ უილიამსის მოსწავლეები კი შეისწავლიან National Geographic-ის მიერ შემუშავებულ პროექტს „ხელუხლებელი ზღვები“. ისინიც იყენებენ Google Earth-ს, რათა გააანალიზონ, თუ როგორ შეიცვალა ბუნებრივი ლანდშაფტი მთელ მსოფლიოში ამ დროის განმავლობაში.

შექმენით საკუთარი კუნძული – მეექვსე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ემი გეტისთან ერთად, სასწავლო წელს იწყებენ კუნძულების რუკების შექმნით. კუნძუწლები მათ ცხოვრებას წარმოადგენენ. ისინი ნელ-ნელა ავსებენ ნახატს ბიოგრაფიული დეტალებით,  იყენებენ წარმოსახვას, რელიეფის ცოდნას რუკების შესაქმნელად.

ითამაშეთ დამალობანა მთელ მსოფლიოში – ჩაიფიქრეთ გარკვეული ადგილი პლანეტაზე. მიეცით თქვენს შვილებს რამდენიმე მინიშნება გრძედთან და განედთან, სეზონური ცვლილებებთან, ცხოველთა სამყაროსთან ან რაიმე გეოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებით. მათ უნდა გააანალიზონ ეს ყველაფერი და „გიპოვონ“.

 

დახატეთ პერსონაჟის სამოგზაურო რუკა  – წიგნებში მოქმედებების ადგილებზე საუბრისას, ჯესიკა ბრუკსი სთავაზობს ბავშვებს, შეადგინონ მთავარი გმირის სამოგზაურო რუკა. კიდევ ერთი პედაგოგი, მელოდი არნეტი ამბობს, რომ ის მარტივად აერთიანებს გეოგრაფიას კითხვის გაკვეთილებში და ეხმარება თავის კლასს ზუსტად გაარკვიოს, თუ სად, მსოფლიოს რომელ კუთხეში ვითარდება წიგნში აღწერილი სიუჟეტი. „ზოგჯერ ეს აშკარაა, როდესაც, მაგალითად, ტაილანდურ ხალხურ ზღაპრებს ვკითხულობთ, – ამბობს ის, – ზოგჯერ კი ჩვენ ვიღებთ გარკვეულ დასკვნებს ამბიდან გამომდინარე“.

დაასაქმეთ ყველაზე სწრაფი მოსწავლეები – ეს არის იდეა ყველაზე სწრაფი და აქტიური მოსწავლეების დასაქმების შესახებ მას მერე, რაც მათ დაასრულეს ძირითადი სამუშაო. რუნა ზამანის სამაგიდო უჯრაში ყოველთვის მოიპოვება  ცარიელი მსოფლიოს რუკების ასლები, სადაც ის ბავშვებს სთხოვს, აღნიშნონ ნაცნობი სახელმწიფოები და მათი საზღვრები. ამისათვის მოსწავლეებმა შეიძლება მიიღონ დამატებითი ქულა ან მცირედი საჩუქარი, ეს დამოკიდებულია სწორად მონიშნული  ქვეყნების რაოდენობაზე.

მთელი სამყარო თქვენს ხელშიაითამაშეთ Throw the Globe. კლასში გადააგდეთ დიდი გასაბერი გლობუსის ბურთი. როდესაც მოსწავლე მას დაიჭერს, უნდა განმარტოს რომელი კონტინენტი ან ოკეანეა მის ხელთ და რა იცის ამ ადგილის/ტერიტორიის შესახებ. ხდება ინფორმაციის გაზიარება და სხვა მოსწავლეების მიერ მისი შევსება.

 

თემატური პროექტი – კლასში სხვადასხვა პროექტის შექმნა ხელს უწყობს მოსწავლეთა გონებრივი საქმიანობის გააქტიურებას. დასრულებული პროექტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით: სტატიები, რეკომენდაციები, ალბომები, კოლაჟები, პრეზენტაციები, ვიდეოები და მრავალი სხვა, რაც კლასშივე განიხილება.

გვახსოვდეს, რომ გეოგრაფია არის შესანიშნავი მოგზაურობები, საინტერესო თავგადასავლები, ახალი მიწების აღმოჩენა, საიდუმლოებით მოცული ბუნებრივი მოვლენები, ქარიშხლები, ცუნამები, მიწის სტრუქტურა, რომელზედაც ყოველდღიურად ვსეირნობთ – ეს ყველაფერი კი საინტერესოა!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი