პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებელი ქართულ ლიტერატურაში

რაც უფრო მეტს კითხულობს მასწავლებელი, რაც უფრო საძიებელშია თავჩარგული და პოულობს ახალ ტექსტებს, მით უფრო ეზრდება ამბიცია, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რომ მისი მოსწავლეები გახდნენ გემოვნებიანი მკითხველები. დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში მესამე წელია ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას, რაც ჩემთვის კარგა ხანია აღარ არის მხოლოდ სამსახური. ბავშვებთან ურთიერთობა ის ინტელექტუალური სიამოვნებაა, რომლითაც მეც ვსარგებლობ, მათაც ვაძლევ მიმართულებას და ესეც გვყოფნის ბედნიერებისთვის. ეს სიტყვები ნამდვილად არ არის ცასაცდენილი, რადგან ჩემი მოსწავლეების მეგობარი ვარ სოციალურ ქსელში და საღამოს ახალწაკითხულშთაბეჭდილებებიანი შეტყობინებები მაძლევს ძალას, ხვალ უკეთესი წიგნით მივიდე სკოლაში.

პროექტი რომ სწავლების ძალიან ეფექტური მეთოდია, დიდი ხანია ცნობილია. შესაძლოა, სულაც არ იცნობდე ჯონ დიუისა და უილიამ კილპატრიკის თეორიებს, მაგრამ ალღოთი ხვდებოდე მოსწავლეებისთვის საკლასო პროექტის დროულად ამოქმედების აუცილებლობას. ძირითადი მიზნები კი ცხადზე ცხადია: მათი ასაკობრივ-ემოციური ინტერესების გათვალისწინება და მათზე მორგება, მათი წიგნიერების დონის ამაღლება და ამის სისტემატიზაცია, თანამედროვე ლიტერატურული პროცესისთვის თვალყურის დევნება.

იდეა მაშინ დამებადა, როცა წავიკითხე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული ,,ათი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, რომელიც ჟურნალ „მასწავლებელში“ დაიბეჭდა. ათი ავტორი, ათი ახალი ხედვა. საკლასო პროექტს დავარქვით „მასწავლებელი ქართულ ლიტერატურაში“ და დავიწყეთ. ათივე მოთხრობა ცალ-ცალკე წავიკითხეთ. ჩემი სამიზნე ჯგუფი მეცხრე კლასი გახდა. რატომ? იქ მყავს დათო, რომელმაც ამ ათი მოთხრობიდან აუცილებლად უნდა წაიკითხოს ორი მაინც თავისი თავის დასანახად; იქ მყავს გიორგი, რომელმაც აუცილებლად უნდა წაიკითხოს სამი მაინც, და კიდევ 14 მოსწავლე, რომელთათვისაც ძალიან დამაფიქრებელი, უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა ზოგიერთი აბზაცი. ჩვენ ნელ-ნელა, „გაჩერებებით“ მივიწევდით წინ, ვაანალიზებდით, გამოგვქონდა დასკვნები. მათ თვალებში ანთებული კითხვის ნიშნები კი სასიამოვნო თავსატეხი იყო ჩემთვის. ტექსტებში დასმული აქცენტები გამოვკვეთეთ და როცა შევატყვე, რომ თითოეულს უკვე ხელისგულზე ედო პირადი გამოცდილების ჩართვით დასმული პრობლემები, საჭიროდ მივიჩნიე მათი მოსმენა. მოსწავლეები მსჯელობდნენ იმაზე, რა მოეწონათ ან რა არ მოეწონათ. იყო შენიშვნები ავტორებთან. მაგალითად: რატომ იყენებს მწერალი ამდენ ბილწსიტყვაობას, ეს ხომ ბავშვებმაც უნდა წაიკითხონ?! ან: ნეტავ სინამდვილეა ის, რაზეც წერენ, თავიანთი ამბებია? იყო მოთხრობები, რომელთა განხილვისას ცრემლიც კი მოგვერია. ამ გულგრილ სამყაროში დიახაც საჭიროა ჰქონდეს თინეიჯერს ემოციური რეაქციები ფრაზებზე, ეპიზოდებზე და თუ ამას ახერხებს ავტორი, ე.ი. დამსახურებულადაც არის ათეულში! მოკლე შეტყობინების ფორმატში მივაწოდე მათ ჩემი აზრიც: ვისაც კალამი უჭრის, ხომ არ ეცადა, თავადაც დაეწერა მოთხრობა მასწავლებელზე? დამპირდნენ, რომ ამ ნაწერებს სტუმრებს აუცილებლად წაუკითხავდნენ. პროექტის მეორე, დასკვნითი ნაწილი ბუნებრივად დაიგეგმა. ამას ისედაც ველოდი: მოსწავლეებს გაუჩნდათ მოთხრობების ავტორებთან შეხვედრის სურვილი, რაც ვფიქრობ, ის მომენტი იყო ჩემთვის, როცა შეუძლებელი არაფერია, თუ ეს მოსწავლეს უნდა, თუ ეს მოსწავლეს აინტერესებს! ეს დღეებიც დადგა. პირველი შეხვედრა მიშა ბახსოლიანთან და თორნიკე სიბაშვილთან გამართეს. ჩვეულებრივ საკლასო ოთახში, ყოველგვარი გადაპრაჭული „ღონისძიების“ განწყობის გარეშე, თუმცა მაღალი მოლოდინების ლაბირინთებში მოხვდნენ ჩვენი სტუმრები. მათმა გულწრფელობამ და მოსწავლეთა მოულოდნელმა შეკითხვებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მასწავლებელი მხოლოდ ხელისშემწყობია და ალბათ ვალდებულიც, შეუქმნას მათ მოთხოვნილების შესაბამისი გარემო. ამ გარემოს თქვენ დაარქმევდით ჰარმონიას. მოსწავლეებს ხელში ეჭირათ თაბახის ფურცლებზე დაწერილი თავიანთი მოთხრობები და მწერლებს აცნობდნენ.

მიშა ბახსოლიანი, მწერალი:

– კითხულობენ, კითხულობენ და ვხედავ, რომ კარგი იქნება საქართველოს მასშტაბით ჩატარდეს იგივე კონკურსი უკვე მოსწავლეებისთვის. ეს ნამდვილად არ იქნება ძნელი განსახორციელებელი. შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა. არ მეგონა, თუ წაღვერის საჯარო სკოლაში ასე კარგად წერდნენ ბავშვები. მადლობა თქვენ!

აღფრთოვანებული თემო:

– მართალია, დღეისთვის ვერ დავწერე მოთხრობა, მაგრამ კლასელებს ვუსმენ და… არ შეიძლება ისეთი ამბავი მოვიფიქრო, სადაც 2025 წელს სოხუმს დავიბრუნებთ?“

ამან ნამსხვრევებად დამშალა:

– როგორ არა, თემო, შენ შეგიძლია…

მეორე შეხვედრა სოფიო კუბლაშვილსა და ილია ჭანტურიასთან შედგა. ამ უკანასკნელის მოთხრობა ცალკე მქონდა ამობეჭდილი. შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე, დათომ მთხოვა:

– მას, გამატანეთ ის მოთხრობა – „მშვიდად, გაკვეთილი იწყება“, ისევ წავიკითხავ სახლში და დაგიბრუნებთ. ავტორი დერეფანში უკვე გავიცანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უსიტყვოდ მივეცი. ჩანთაში ჩაიდო და წავიდა. შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა… თუნდაც ამად ღირდა ეს პროექტი, რომ ერთი მოსწავლე განმარტოვდა მოთხრობით ხელში…

არ ვიქნები ობიექტური, თუ არ აღვნიშნავ, რომ სოფიო კუბლაშვილის მოთხრობამ ,,მონადირე“ ყველაზე მძაფრად იმოქმედა მათზე. ამ ტექსტში რეალური ცხოვრების ბევრი „ნამდვილი“ სცენა იპოვეს, ნამდვილი სახეები ამოიცნეს და ჩვენი ქვეყნის სოციალური ფონის აჩრდილიც ნათლად დაინახეს. ავტორიც შეხვედრისას მოსწავლეების ენაზე „ალაპარაკდა“ და მათი საუკეთესო ინტერესების გამოაშკარავებაც წარმატებით შეუთავსა ჩვენი პროექტის დასკვნით ნაწილს.

ასე ჩაიარა საკლასო პროექტმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის  ლიტერატურული კონკურსი კიდევ ერთი გზა აღმოჩნდა ჩემთვის, ერთი ჩვეულებრივი, ლიტერატურის მოყვარული პედაგოგისთვის, მოსწავლეებამდე სწორი ღირებულებები მიმეტანა. ვფიქრობ, არც ერთ სკოლაში არ უნდა შემოიდოს სასკოლო ბიბლიოთეკის თაროებზე ჟურნალი „მასწავლებელი“, მით უფრო – ის ნომერი, რომელშიც დაიბეჭდა ათი სხვადასხვა სტილისა და სათქმელის მოთხრობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი