პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს თანამშრომლობითი უნარები

თანამშრომლობითი უნარების განვითარება მოწესრიგებული, სისტემური, მიზანმიმართული პროცესია. იგი მოითხოვს განსაზღვრული ხერხებისა და პროცედურების ათვისებას.
იმის თქმა, რომ ადამიანი ფლობს ამა თუ იმ ჩვევას, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის:
. აცნობიერებს ამ ჩვევის არსს და იცის, როდის უნდა გამოიყენოს იგი;
. “თარგმნის” ჩვევას კონკრეტულ ქმედებათა ენაზე, რომელიც გასაგებია მათთვის, ვისთანაც ურთიერთობს;
. სარგებლობს მოცემული ჩვევით რეალურ ცხოვრებაში და თავისუფლდება ამ დროს წარმოშობილი შეცდომებისგან რეგულარული ვარჯიშის მეშვეობით, გარემომცველ ადამიანებთან უკუკავშირით, უკუკავშირზე საკუთარი რეაქციით, საკუთარი ქცევის კორექციით და უკვე კორექტირებული ჩვევების განმეორებითი გამოყენებით. ეს მანამდე მეორდება, სანამ ჩვევა იმდენად არ გაჯდება ძვალსა და რბილში, რომ მას მოწაფე უკვე ავტომატურად გამოიყენებს. სწორედ მოსწავლეთა მიერ სასურველი ჩვევების ბუნებრივად გამოყენება უნდა იყოს მასწავლებლის მიზანი.
იმისთვის, რომ თანამშრომლობით ჯგუფებში სწავლების ხარისხი სისტემატურად უმჯობესდებოდეს, მოსწავლეები უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს იმ შეცდომათა აღნუსხვასა და გამოსწორებაში, რომლებიც მოსდით მათ ამა თუ იმ ჩვევის გამოყენებისას, მასწავლებელმა კი თვალყური უნდა ადევნოს კოლექტიური მუშაობის პროცესს. ეს მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო:
. პირველი: მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა კოლექტიური მუშაობის რაციონალიზების, მისი მაქსიმალურად გამარტივების საშუალება;
. მეორე: მან დროულად უნდა აღკვეთოს შეუფერებელი საქციელი;
. მესამე: მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია მიაღწიოს თანამშრომლობითი ჯგუფის ყველა წევრში კოლექტიური მუშაობის უნარების უწყვეტ სრულყოფას. ამაში მას ხელს უწყობს დაკვირვების შედეგად შეგროვილი მონაცემების დამუშავება, რის საფუძველზეც იგი გადაწყვეტს, რა არის საჭირო ჯგუფის ერთსულოვან გუნდად გადასაქცევად.
 
თანამშრომლობითი ჯგუფის ყველა წევრის მიერ საკუთარი სოციალური ჩვევების მუდმივი სრულყოფა და მყარი, ღრმა ცოდნის შეძენის უნარი ჯგუფის წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა.
 
გთავაზობთ ჯონსონების (David W. Johnson, Roger T. Johnson, Edythe Johnson Holubec; Circles Of Learning, Cooperation In The Classroom, Fourth Edition, 2001) მიერ შემუშავებულ მეთოდიკას – ხუთ თანამიმდევრულ ეტაპს, რომლებიც მოსწავლეებს სოციალური ჩვევების დაუფლებასა და დახვეწაში ეხმარება:
. უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ მოსწავლეებს ესმით, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია სოციალური უნარები თითოეული მათგანისთვის. სოციალური ჩვევების დაუფლების სტიმული რომ გაუჩნდეთ, საჭიროა გააცნობიერონ, რომ ამ ჩვევას ისინი გვერდს ვერ აუვლიან, რომ იგი აუცილებელია სოციუმთან მათი ადაპტაციისთვის. თავდაპირველად მასწავლებელს შეუძლია ისაუბროს სოციალიზაციის მნიშვნელობაზე, მოიყვანოს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან, განიხილოს მსგავსი თემატიკის ლიტერატურული ნაწარმოები ან ფილმი, დაკიდოს კლასში პლაკატები, რომლებზეც აღბეჭდილია, რა მნიშვნელობა აქვს კოლექტივში მუშაობას, გამუდმებით შეაქოს მოსწავლე, რომელსაც ეს ხელეწიფება და სხვ.
. მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოსწავლეებს ესმით, რას წარმოადგენს ჩვევა, რომელზეც ლაპარაკია, კერძოდ, როდის უნდა იქნეს იგი გამოყენებული. ჩვევას რომ დაეუფლოს, მოსწავლეს ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს მასზე და იმაზე, როგორ და როდის შეიძლება მისი გამოყენება. უნდა ხდებოდეს ჩვევის დემონსტრირება და დახვეწა მანამდე, სანამ მოსწავლეები მიხვდებიან, როგორ “გამოიყურება” და როგორ “ჟღერს” ის. ამ დროს სასარგებლოა როლური თამაშების გამოყენება, სადაც ჯგუფის წევრები გაითამაშებენ სხვადასხვა ჩვევას. როლური თამაშის განხილვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რა პოზიტიური შედეგები მოაქვს ადამიანისა და მის ირგვლივ მყოფი სოციუმისთვის კონკრეტულ ჩვევას. მეტად სასარგებლოა ასევე ნეგატიური მაგალითები – სცენები, რომლებიც თვალსაჩინოდ აჩვენებს, რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვევის არარსებობას.
მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ჩვევის არსი და ისიც, როდის არის უპრიანი მისი გამოყენება. ამის სწავლებისას ხშირად იყენებენ სპეციალურ ცხრილებს. ქვემოთ მოყვანილია ასეთი ცხრილის ნიმუში. მასწავლებელი არჩევს კონკრეტულ ჩვევას (მაგ., უნარი, გაამხნეო მეგობარი, რომელთან ერთადაც მუშაობ) და ეკითხება კლასს: “როგორ შეიძლება, უსიტყვოდ – ჟესტებით, მიმიკებით – გაამხნეო ის, ვინც შენ გვერდით მუშაობს?” რამდენიმე პასუხის მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს მეორე კითხვას: “რა სიტყვებით შეიძლება გაამხნეო ის, ვინც შენ გვერდით მუშაობს?” მოსწავლეთა პასუხები მასწავლებელს შეაქვს ცხრილში და თვალსაჩინოს ხდის მოსწავლეებისთვის.
 
როგორ გავამხნეოთ ის, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს
 

ჟესტებ, მიმიკები

სიტყვები

ღიმილი

შენ რას იტყვი?

ამოხედვა

ყოჩაღ!

ცერის ზემოთ აწევა

ბრწყინვალე იდეაა!

ზურგზე ხელის დარტყმა

საინტერესო აზრია!

 
. ნასწავლი ჩვევის გამოყენება კონკრეტულ სიტუაციებში და მისი დამუშავება. იმისთვის, რომ მოსწავლეები უნაკლოდ ფლობდნენ ჩვევებს, საჭიროა მათ გამოყენებაში მუდმივი ვარჯიში. მასწავლებელი, მას შემდეგ, რაც გაესაუბრება მოსწავლეებს ჩვევის შესახებ და აუხსნის, რას წარმოადგენს, რა ფორმით ვლინდება და რა შემთხვევაში გამოიყენება იგი, სთავაზობს მათ, რამდენჯერმე მოახდინონ მისი დემონსტრირება გვერდით მჯდომ მეგობართან.
. მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოსწავლეები ერთმანეთში სისტემატურად განიხილავენ, რამდენად კარგად იყენებენ ისინი მუშაობისას შეძენილ ჩვევებს. ჩვევის მხოლოდ პრაქტიკული გამოყენება არ არის საკმარისი მისი სრულყოფილად დაუფლებისთვის; აუცილებელია იმის განსჯაც, სწორად იყენებენ თუ არა ამ ჩვევას და რამდენად ინტენსიურად მიმართავენ მას. თუ ჯგუფი სერიოზულად არის განწყობილი წარმატებისთვის, ასეთი მსჯელობები აუცილებელია. ამ დროს მოსწავლეები განიხილავენ გამოყენებულ ჩვევებს და აკრიტიკებენ ერთმანეთს შეცდომებისთვის. მასწავლებელმა ამისთვის მათ გარკვეული პირობები უნდა შეუქმნას, მისცეს დრო განხილვისთვის და აუხსნას, როგორ უნდა წარიმართოს ასეთი მსჯელობა.
. მასწავლებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვები დაჟინებით და შეუპოვრად ვარჯიშობდნენ ამა თუ იმ ჩვევის გამოყენებაში, სანამ ის მათთვის ბუნებრივი და ორგანული არ გახდება. სწავლების დასაწყისში ჩვევათა უმრავლესობის ათვისება ნელა ხდება, შემდეგ დგება შესამჩნევი პროგრესის პერიოდი, მას მოჰყვება პერიოდი შესამჩნევი ძვრების გარეშე, შემდეგ – კვლავ პროგრესი და ა.შ. ბევრი დროა საჭირო იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გაიარონ ყველა სტადია და ავიდნენ იმ დონეზე, როდესაც ათვისებული ჩვევა ჩვეულებაში გადაიზრდება და ქცევის განუყოფელ თვისებად იქცევა.
 
 
ჩვევათა უმრვლესობის ათვისება მრავალსტადიური პროცესია:
პირველი სტადია – ჩვევის ფრთხილი, მოუქნელი გამოყენება. ნებისმიერი ადამიანი, როდესაც რაიმეს პირველად აკეთებს, თავს უხერხულად გრძნობს და სხვების თვალში უცნაურად გამოიყურება.
მეორე სტადია – უხერხულობა გაივლის, იმატებს თავდაჯერება, ჩვევის გამოყენება ხდება უფრო ბუნებრივი. თუმცა ბევრი თავს ამ ეტაპზეც უხერხულად გრძნობს. სწორედ ამ დროს უნდა გაამხნეონ იგი პედაგოგმა და მეგობრებმა.
მესამე სტადია – ჩვევის სწორი, მაგრამ “მექანიკური”, შებოჭილი გამოყენება.
მეოთხე სტადია – ჩვევის ავტომატური გამოყენება, რომლის დროსც ის მთლიანად ინტეგრირებულია ქცევით “რეპერტუარში” და ბუნებრივად გამოიყურება.
სოციალური ჩვევების დაუფლების პროცესი უსასრულოა, რადგან თავად ეს ჩვევები გამუდმებით უნდა იცვლებოდეს ცხოვრების მოთხოვნათა შესაბამისად, ეგუებოდეს მას და იხვეწებოდეს. ჯონსონები გვთავაზობენ საინტერესო მეთოდიკას პედაგოგებისთვის განსაზღვრული მიდგომების შესამუშავებლად, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები შეაფასებენ საკუთარ უნარებს მოცემულ მომენტში და მონიშნავენ მათი განვითარების გზებს. გაკვეთილები, რომლებიც აგებულია თანამშრომლობითი სწავლების პრინციპებზე, ქმნის საუკეთესო პირობებს ყველა ჩვევის მუდმივი დახვეწისთვის. ამას ისინი რამდენიმე ეტაპად ყოფენ:
. მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილს და განსაზღვრავს მის მიზნებსა და ამოცანებს, წყვეტს, სახელდობრ, რომელი ჩვევის განვითარებაზე გაამახვილოს ყურადღება – თითოეული გაკვეთილი, რომელიც თანამშრომლობაზეა დაფუძნებული, მოსწავლეებს აყენებს აუცილებლობის წინაშე, გადაწყვიტონ არა მხოლოდ აკადემიური პრობლემები, არამედ ისინიც, რომლებიც კოლექტიური მუშაობის პროცესში წარმოიშობა.
. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რას ელის მათგან – აღწერს ჩვევას, რომელზეც უნდა ივარჯიშონ. სასურველია, წარუდგინოს მათ სპეციალური ცხრილი (მაგ. იხ. ზემოთ). ხანდახან ძალიან სასარგებლოა, სთხოვო კლასს თავად შეადგინონ მსგავსი ცხრილი, სადაც მოცემული იქნება ამა თუ იმ ჩვევის ვერბალური და არავერბალური გამოხატულება.
. მასწავლებელი ემზადება გაკვეთილის პროცეში ჯგუფებზე დასაკვირვებლად – ამისთვის იგი ამზადებს სპეციალურ დაკვირვების ცხრილს, სადაც გაწერილია, რა ქცევაზე ხდება დაკვირვება და რა კრიტერიუმებით მოხდება მისი შეფასება. დამკვირვებლის როლი შეიძლება შეასრულოს მასწავლებელმა, მოსწავლემ ან სტუმარმა (თუ ასეთი არსებობს). ვიდრე ჯგუფები დავალებაზე მუშაობენ, ცხრილით შეიარაღებული დამკვირვებლები თვალს ადევნებენ, როგორ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან ჯგუფის წევრები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ჩვევას, რომლის ათვისებაც წარმოადგენს გაკვეთილის მიზანს. დამკვირვებლების ამოცანაა, შეკრიბოს ობიექტური ინფორმაცია არა მარტო მთელი ჯგუფის, არამედ თითოეული მოსწავლის მუშაობის შესახებაც.
. ჯგუფი დამკვირვებელთან ერთად განიხილავს შესრულებულ სამუშაოს – ჯგუფის თითოეული წევრი წერს ანგარიშს (ან ავსებს ანკეტას), როგორ გამოიყენა გაკვეთილზე ჩვევა, რომელიც უნდა დაეხვეწა. შემდგომ ეს მონაცემები გამოიყენება ჯგუფის მუშაობის შესაფასებლად. დამკვირვებელი წარმოადგენს თავის ჩანაწერებს, ხდება დამკვირვებლისა და ჯგუფის თითოეული წევრის შეფასებათა ერთმანეთთან შედარება. ჯგუფი გაიაზრებს და ანალიზს უკეთებს მის მიერ გამოყენებული სოციალური უნარების ეფექტურობას. ეს აუცილებელია, რადგან ჯგუფი მხოლოდ ასე გაიგებს, რა ეხმარება მას სწავლაში და რა უშლის ხელს, ვის ქმედებას მოაქვს სარგებლობა და ვისი ქმედებაა უსარგებლო ან დამაბრკოლებელი. დამკვირვებელი ეხმარება ჯგუფის წევრებს იმის თაობაზე დასკვნის გამოტანაში, რამდენად კარგად გაართვეს თავი დავალებას, ხშირად გამოიყენეს თუ არა ჩვევები, რომლებიც უნდა დაეხვეწათ და უნდა გააძლიერონ თუ არა ურთიერთთანამშრომლობა, რათა მომავალში უფრო უკეთეს შედეგს მიაღწიონ.
დამკვირვებელს ევალება, დაახასიათოს ჯგუფის ყველა წევრის ქცევა მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი დაასრულებს თვითშეფასებას და გააანალიზებს ამ შედეგებს. ბოლოს მასწავლებელი განიხილავს მთელი კლასის მუშაობას და გამოთქვამს საკუთარ აზრს.
. ჯგუფი სახავს გზებს სოციალური ჩვევების გასაუმჯობესებლად – თვითშეფასებისა და დამკვირვებლის შეფასების ანალიზის საფუძველზე მოსწავლეები ეძებენ და პოულობენ შეცდომების გამოსწორების გზებს.
. დამაგვირგვინებელი ეტაპი – ჯგუფი ზეიმობს საკუთარ წარმატებას სოციალური ჩვევების ათვისებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი