პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

განმავითარებელი შეფასების გავლენა უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა მე-კონცეფციასა და თვითშეფასებაზე

მოგეხსენებათ, დაწყებით კლასებში მოსწავლეთა შეფასება განმავითარებელია; მხოლოდ მეხუთე კლასიდან შემოდის განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასების მიზანი მხოლოდ მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა როდია; მისით ფასდება სწავლის არა მხოლოდ შედეგი, არამედ პროცესიც, რაც დიდად ეხმარება პედაგოგს მოსწავლის წინსვლის ხელშესაწყობად აქტივობებისა თუ სწავლების სტრატეგიების შერჩევაში, თანაც ამგვარი შეფასება შეგვაძლებინებს, დავაკვირდეთ კონკრეტული მოსწავლის წინსვლას – რა იცოდა განსაზღვრული ხნის წინ და რა იცის ახლა.
რატომ არის ამ ტიპის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაწყებით კლასებში?
როგორც სათაურიდანვე ჩანს, სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ განმავითარებელი შეფასების გავლენაზე უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა მე-კონცეფციასა და თვითშეფასებაზე.
მოკლედ განვმარტავთ თითოეულ ცნებას.
მე-კონცეფცია – ეს არის ზოგადი წარმოდგენა საკუთარ თავზე, თვითშეფასება კი თვითშემეცნების კომპონენტია. ის მოიცავს საკუთარი ფიზიკური, პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და ქცევის შეფასებას. მე-კონცეფცია შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, თვითშეფასება კი – მაღალი, ადეკვატური და დაბალი.
მე-კონცეფცია და თვითშეფასება სხვათა შეფასებებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარეობს. დადებითი თვითშეფასების მქონე მოსწავლე თავად დადებითად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, “მნიშვნელოვანი სხვებიც” – მშობლები თუ პედაგოგები – მის მიმართ პოზიტიურ შეფასებებს გამოთქვამენ.
პირველკლასელებს ხშირად გადაჭარბებული თვითშეფასება აქვთ. ისინი თავს “ძალიან ყოჩაღებად”, “ყოვლისმცოდნეებად” მიიჩნევენ. სხვაგვარად არის საქმე მეორე კლასში. მეორეკლასელები უკვე მოსწავლეები არიან, სკოლასთან საადაპტაციო პერიოდიც გავლილი აქვთ, ახალ მოთხოვნებს, რეჟიმსა და რუტინასაც უკვე იცნობენ და შედარებით უკეთ იციან, რას უნდა მოელოდნენ სკოლისგან, თანაც ეს მოლოდინი ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ ჩაიარა წინა სასწავლო წელმა. მაგრამ მიიჩნევა, რომ მეორეკლასელებს თვითშეფასება დაწეული აქვთ. ზოგიერთი მეცნიერი ამას “მეორეკლასელის” ფენომენსაც კი უწოდებს. საქმე ის არის, რომ ამ პერიოდში ბავშვები უფრო კრიტიკულად ეკიდებიან საკუთარ თავს, ისწრაფიან, ხარისხიანად შეასრულონ სამუშაო, მაგრამ ჯერ კიდევ არ შესწევთ საკუთარი უნარებისა თუ ნამუშევრების შეფასების უნარი, არ გააჩნიათ კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი უნარი მხოლოდ მეორე კლასის ბოლოს ისახება.
როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა ადეკვატური თვითშეფასების ფორმირებას?
ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს სისტემური სწავლა-სწავლების პროცესში ბავშვის ჩაბმა. სკოლაში მოსწავლე პერმანენტული სოციალური თუ ნორმატიული შეფასების ობიექტია. ისიც უფროსებისგან მიღებული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს საკუთარ ქმედებებს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ პატარას ზოგჯერ არ ესმის, რატომ ვიწონებთ ან ვიწუნებთ მის საქციელსა თუ ნამუშევარს. თუ ბავშვს ვუთხარით მხოლოდ “ყოჩაღ”, ან რვეულში ვარსკვლავი ჩავუკარით, შესაძლოა, ის ვერ მიხვდეს, რით დაიმსახურა ქება. მაგალითად, თუ მასწავლებელმა მეორეკლასელებს კონკრეტული სიტყვებისგან წინადადებებისა თუ პატარა ამბის შედგენა დაავალა, “ყოჩაღს” შეიძლება ის ნამუშევარიც იმსახურებდეს, რომელშიც ბავშვმა ყველა დასახელებული სიტყვის გამოყენებით წინადადებები ან პატარა მოთხრობა შეადგინა და ისიც, რომელშიც მოსწავლემ ყველა სიტყვა გამოიყენა, არსებითი სახელის რიცხვი სწორად შეუთანხმა ზმნას, სწორად დასვა სასვენი ნიშნები და ორიგინალური სიუჟეტიც მოიფიქრა. მაშ, მოსწავლისთვის იმთავითვე უნდა იყოს ცნობილი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეაფასებენ მის ნამუშევარს, ხოლო კომენტარი თითოეულ კრიტერიუმს უნდა შეეხოს. მაგ.: “კოტე, ძალიან კარგი ნამუშევარია, ყველა სიტყვა გამოგიყენებია, აზრიც გამართულია, სასვენი ნიშნები სწორად დაგისვამს, ამბავიც ძალიან სახალისო და საინტერესოა. შემდეგშიც ასე მონდომებით იმუშავე”. ასეთი კომენტარი მოსწავლეს უკეთ მიახვედრებს საქმის არსს, ვიდრე ძუნწი “კარგი ბიჭი ხარ”, “ყოჩაღ”, ანდა შეფასებითი სიმბოლოს მინიჭება.
სხვადასხვანაირი იქნება კრიტერიუმები ზეპირი პასუხისა და პრაქტიკული სამუშაოსთვის. მაგალითად, თუ მოსწავლეებს დავავალებთ, დაახასიათონ საყვარელი ზღაპრის გმირი, მოიხმონ ტექსტიდან ნაწყვეტი, სადაც პერსონაჟის ესა თუ ის თვისება ჩანს და აგვიხსნან, რატომ მოსწონთ იგი, შედეგი ალბათ შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდება: გარკვევით ჩამოაყალიბა თუ არა მოსწავლემ საკუთარი აზრი, ადეკვატურად მოიხმო თუ არა ნაწყვეტი ტექსტიდან, რამდენად დამაჯერებელი არგუმენტები მოიყვანა. კომენტარიც თითოეულ კრიტერიუმს შეეხება.
კრიტერიუმებზე დაყრდნობით გაკეთებული კომენტარი ბავშვს თვალნათლივ დაანახვებს, რა მიიჩნევა კარგ გამოსვლად, რა არის მისი ძლიერი მხარე, ანდა რომელი უნარის განსავითარებლად უნდა იმუშაოს. ეს დიდად დაეხმარება მას ადეკვატური თვითშეფასების ფორმირებაში. თანაც, კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასებას მიჩვეულ მოსწავლეს განმსაზღვრელ შეფასებაზე გადასვლაც ნაკლებად გაუჭირდება. მას ეცოდინება, რას ექცევა ყურადღება ამა თუ იმ დავალების შესრულებისას.
უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს მათ მიერ გამოჩენილი ინიციატივისა და ძალისხმევის ხაზგასმას. ამ მოსაზრების საბუთად ყურადღებას გავამახვილებთ ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიაზე. ამ თეორიის თანახმად, პიროვნება გაივლის განვითარების რვა სტადიას და თითოეულ სტადიაში სოციალური ადაპტაციის მისაღწევად უნდა დაძლიოს განსაზღვრული კონფლიქტი თუ კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არც ერთი კონფლიქტი არ ამოიწურება, აუცილებელია, ინდივიდმა ისე მაინც მოაგვაროს იგი, რომ მომდევნო სტადიების კონფლიქტებს წარმატებით გაუმკლავდეს.
დაწყებითი საფეხური ორ სტადიას მოიცავს: ინიციატივას დანაშაულის გრძნობის წინააღმდეგ (3-6) და კომპეტენტურობას არასრულფასოვნების წინააღმდეგ (6 -11,12).
წინასასკოლო პერიოდის დასასრულს და უმცროსი სასკოლო ასაკის დასაწყისში ბავშვი, რომელსაც განვითარებული აქვს ნდობის ბაზისური გრძნობა ჯერ უახლოესი გარემოცვის, მერე კი საკუთარი თავისადმი, შეძლებს ინიციატივის გამოჩენას როგორც გონებრივ, ისე მოტორულ აქტივობაში. თუ უფროსები წაახალისებენ ამას, ბავშვი ჩამოყალიბდება ინიციატივიან, დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელიც პასუხს აგებს საკუთარ საქციელზე და პირიქით, თუ უფროსები ბავშვს მიახვედრებენ, რომ მისი ინიციატივა უადგილოა ან ზედმეტად მკაცრად გააკრიტიკებენ ამის გამო, შესაძლოა მას დანაშაულის განცდა ჩამოუყალიბდეს და შემდეგ მოზრდილთა სამყაროში თავი “დაუპატიჟებელ სტუმრად” იგრძნოს.
მომდევნო პერიოდში ბავშვს კომპეტენტურობის გრძნობა უვითარდება. დაწყებითი სკოლა მას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა დავალების შესრულებით (მაგალითად, ხატვით, მათემატიკური ამოცანების ამოხსნით, წინადადებების წერით), მასწავლებლების, მშობლებისა და თანატოლების მოწონება და აღიარება დაიმსახუროს. როდესაც მასწავლებლები და მშობლები აქეზებენ ბავშვს ამა თუ იმ საქმიანობაში ჩასაბმელად, მერე კი მიღწევებისთვის აქებენ, ბავშვი ბეჯითი და შრომისმოყვარე პიროვნება დადგება, გულმოდგინედ შეასრულებს დავალებებს, მუდამ ეცდება, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. თუ უფროსები დასცინიან ბავშვის ინიციატივას და მეტიც – სჯიან მას, ან თუ ბავშვმა აღმოაჩინა, რომ ვერ ამართლებს მასწავლებლებისა და მშობლების მოლოდინს, არასრულფასოვნების განცდა დაეუფლება.

ბავშვის მონდომებისა თუ მცდელობის აღსანიშნავად ისეთი შეფასებითი სიმბოლოების გამოყენებაც შეიძლება, როგორებიცაა ვარსკვლავი, მზე, სტიკერი, მაგრამ ამგვარ სიმბოლოებს ნიშნის ფუნქცია აკისრია; ისინი არაფერს გვეუბნებიან სწავლის პროცესზე, მიღწეულ წარმატებაზე, ამიტომ მათი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ბავშვის მონდომების/მცდელობის აღნიშვნის მიზნით და არა “საუკეთესო შედეგის” ან ცოდნის დონის ხაზგასასმელად.
სტატიის დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომენტარის გაკეთებისას ხაზი უნდა გაესვას მოსწავლის ძალისხმევას (დავალება შესრულდა), შრომისმოყვარეობას (მოსწავლე ყოველთვის ასრულებს დავალებებს), ახალი ინფორმაციის მიღების სურვილს, ერთი თვის განმავლობაში ბეჯითი შრომით მიღწეულ წარმატებას და ითქვას, სამომავლოდ რას მოველით მისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი