პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?“

სოციალურ მედიაში დღეგამოშვებით იმის ნატვრაში არიან, განგებამ როგორმე მეტეორი გვესროლოს. ისე, ერთი ზორბა მეტეორი კი გამოგვაფხიზლებდა, მაგრამ ოცნებები ზოგჯერ ხდებაო და მართლა რომ გვესროლოს, ამ ისედაც დაქცეულ ქვეყანას ესღა უნდა?

არადა, დროდადრო ისვრის ხოლმე. მეტეორი კოსმოსური წარმოშობის მყარი სხეულია, ძირითადად რკინის, ან ქვის შემცველობის და როცა ძალიან ინატრებ დედამიწაზეც ვარდება. სავარაუდოდ, 1920 წელს, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაშიც სწორედ ასე იხვეწებოდნენ მეტეორს და ისიც ჩამოვარდა. ფერმერმა, გვარად გობმა იპოვა და მეტეორსაც „გობა“ უწოდეს. 60 ტონას იწონიდა და რკინას შეიცავდა. ასეთ რკინას სპილენძის მსგავსად ამუშავებენ. მეტეორიტული რკინა ყოველთვის შეიცავს ნიკელს, ნახშირბადი მის შემადგენლობაში ნაპოვნი არ არის.

ამერიკის ერთ-ერთ შტატში კი ფორთოხლის ზომის მეტეორიტმა სახლის სახურავი გახვრიტა, ჯერ რადიოს დაეცა, შემდეგ ოჯახის დიასახლისს ხელში მოხვდა და ძალიან დაუზიანა.

ბოლო წლებში მეტეორული რკინა ნაპოვნი იყო გრელანდიაში, როგორც მარცვლების, ასევე ლოდების სახით. იგი შეიცავდა 2% Ni, 0,1% Pt, 0,2% Co-ს.

მეტეორი „უილლამეტი“ ასევე რკინას და ნიკელს შეიცავს. ის ორეგონის შტატში ჩამოვარდა და სიდიდით მეტეორიტებს შორის მეექვსე ადგილზეა. სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი მეტეორი ინდიელებმა იპოვეს და ადგილზე, სახელად უილლამედი, გადაიტანეს. თაყვანს სცემდნენ და „მთვარის სტუმარს“ ეძახდნენ.

ჩამოვარდნისას, ატმოსფეროში შემოსულ მეტეორს დამახასიათებელი ნათება აქვს და ეს ნათება მასში შემავალ მეტალის იონებზეა დამოკიდებული. ასე, მაგ. რკინის შემცველი კაშკაშა ყვითლად ანათებს, კალიუმის – იისფრად, ნატრიუმის ასევე ყვითლად, მაგნიუმის კი ცისფრად.

თავდაპირველად ადამიანთა ნაწილი (ზემოთ ხსენებული ინდიელების არ იყოს) მეტეორიტს „მთვარის ქვას“ უწოდებდა და კერპად მიიჩნევდა. სხვა ნაწილი კი მას შრომის იარაღების დასამზადებლად იყენებდა. თუმცა, ასეთი კოსმიური  რკინა ბუნებაში ცოტაა.

მიხვდით ალბათ, რომ დღეს კოსმოქიმიაზე მინდა დავწერო, რადგან ის უკიდეგანო სამყაროც ფაქტობრივად ქიმია.

კოსმოქიმია მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის კოსმოსური სხეულების ვარსკვლავების, პლანეტების, კომეტების, ასტეროიდების ქიმიურ შედგენილობას. დამოუკიდებელ დარგად კოსმოქიმია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტებისა და მზის სპექტრის შესწავლამ აჩვენა, რომ კოსმოსში გავრცელებულია იგივე ქიმიური ელემენტები, რომლებიც დედამიწაზე გვხვდება.

გახსოვთ, პოეტი კითხულობდა:

„…არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?!

არის თუ არა იქ სადმე წყალი?!

სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,

როდესაც მარსზე იქნება ქალი”.

(ტარიელ ჭანტურია)

ბატონი ტარიელი ალბათ ისეთ ქალს გულისხმობდა ცივ ქვაზე რომ დაგასახლებს. უფრო მეტიც, ამ ქვას წვენსაც, რომ გაადენს. თუმცა, წყლის და ატმოსფეროს გარეშე ასეთი ქალიც კი ვერაფერს გახდება.

სადღაც წავიკითხე, ვიღაც „მდიდარ ბიძიებს“ მარსზე უკვე ყველაფერი დაუნაწილებიათ, თუმცა მგონი პირველი რეისი 2030 წელს იგეგმება?

არადა, სხვა მწერალი გვიმტკიცებს, რომ მარსზე ქალი თავის ოჯახით უკვე ცხოვრობს.

„მათ ჰქონდათ ბროლის სვეტებიანი სახლი პლანეტა მარსზე ამომშრალი ზღვის პირას, და ყოველ დილას შეიძლებოდა დაგენახათ, როგორ მიირთმევდა მისის კ. ოქროსფერ ნაყოფს, რომელიც ბროლის კედლებზე იზრდებოდა, ანდა როგორ ასუფთავებდა სახლს თითო მუჭა მაგნიტური მტვრის მიმობნევით, რომელიც ჭუჭყს იკრავდა და მასთან ერთან მიჰყვებოდა ცხელ ქარს“ (რეი ბრედბერი, „ილა“).

მარსზე თუ რამე მტვერია, ის რკინის (III) ჰიდროქსიდია, რომელიც სწორედაც, რომ მტვრის სახით გვხდება და პლანეტას მოწითალო შეფერილობას აძლევს. მარსის ატმოსფეროს შემადგენლობაშია CO2, H2O, N2, CO, NH3, CH4, NO.

პლანეტა მერკურის ატმოსფერო არ გააჩნია.  შესაბამისად, ძალიან მცირე რაოდენობით არის წყალბადი, ჰელიუმი, არგონი, ნეონი. მერკურის ზედაპირის 70% მეტალურია, 30% სილიკატური.

ახლა ერთი შეკითხვა მაქვს, ცერცვის მარცვლის დათესვით ბარონი მიუნჰაუზენი სად გაემგზავრა? ან, პოეტი სირანო დე ბერჟერაკი რისი ჭვრეტით იყო გატაცებული? გახსოვთ? თავის ფანტაზიებში სირანო მთვარეზე მიფრინავს.

„პირველ რიგში, წელზე ნამით სავსე ბევრი ბოთლი მივიმაგრე. მზის სხივები მათ ისეთი ძალით ეჯახებოდნენ, რომ წარმოქმნილმა ენერგიამ ჰაერში ამწია და ისეთ სიმაღლეზე ამტყორცნა, რომ ყველა ღრუბელზე მაღლა აღმოვჩნდი. თუმცა, მიზიდულობამ თავისი გაიტანა და მთვარესთან მიახლოების ნაცვლად, ყველაფერი პირიქით მოხდა და შევამჩნიე, რომ მისგან სულ უფრო შორს და შორს მივდიოდი. დავიწყე მიმაგრებული ბოთლების დამტვრევა და ვიგრძენი, რომ მიწაზე ვეშვებოდი“. ასეთია სირანოს პირველი ნაფიქრალი მთვარეზე წასვლასთან დაკავშირებით.

თუმცა, სირანოსა და მიუნჰაუზენისგან განსხვავებით, მეცნიერები მთვარეზე იყვნენ, იქიდან გრუნტიც ჩამოიტანეს შესასწავლად და ახალი მიმართულებაც წარმოიშვა – სელენოქიმია, ანუ მთვარის ქიმია.

რატომ სელენო? მთვარეზე ჰელიოსის და – სელენა ცხოვრობს და იმიტომ https://mastsavlebeli.ge/?p=7568

მთვარის ფერი მისი ქიმიური შედგენილობითაა განპირობებული. აქ შეხვდებით  SiO2, MgO, CaO, Al2O3, FeO.

ვარსკვლავთშორის სივრცეში ყველაზე გავრცელებული ელემენტებია: H2, He, Ne, N, C, Si. მეტიც, ბოლო ხანს აღმოაჩინეს პოლიმერული მოლეკულებიც-პოლიაცეტილენი და პოლიფორმალდეჰიდი.

კოსმოსურ მტვერში აღმოჩენილი ნივთიერებებია HCOOH, HCONH2, NH3, HCOH, CH3CN, CS2.

სატურნი, დაშორების მიხედვით, მზისგან მეექვსე პლანეტაა. მისი რგოლების 78% წყლისგან შედგება, 7% ამორფული ნახშირბადია. აქვეა ზოგიერთი ორგანული ნივთიერების შენარევი, როგორიცაა მეთანი, აცეტილენი და ნახშირბადის ოქსიდები. ეს ორგანული ნაერთები, სავარაუდოდ, კოსმიური ულტრაიისფერი გამოსხივების ფონზე წყალსა და ნახშირბადს შორის მიმდინარე პროცესებით წარმოიქმნება. შემდეგ ისინი იშლებიან, ერთმანეთთანაც რეაგირებენ, თუმცა ვერ ასწრებენ დიდი რაოდენობით დაგროვებას. თავად პლანეტა სატურნი გაზის გიგანტია და ქიმიური თვალსაზრისით თითქმის სუფთა წყალბადს წარმოადგენს. ანუ, 96,3% წყალბადია, 3,25% He, 0,45% CH4.

აღსანიშნავია, რომ სატურნის წყალბადი მთლიანად გაზისებრ მდგომარეობაში არ არის. წნევის მატებასთან ერთად პლანეტის ცენტრისკენ წყალბადი ჯერ თხიერ ფორმას იღებს, შემდეგ კი მყარდება და მეტალური ფორმის ხდება.

სატურნს დაახლოებით 65 თანამგზავრი პლანეტა აქვს. ისინი ფაქტობრივად ქვის ნატეხებს წარმოადგენენ. ერთ-ერთი მათგანი ტიტანია, რომელიც ზომით მარსსაც კი აღემატება. ტიტანს მკვრივი ატმოსფერო აქვს, რომელიც 98,4% აზოტისგან, 1,6% მეთანისგან და 0,1 წყალბადისგან  შედგება. ტიტანის ატმოსფეროში წარმოიქმნებიან ორგანული რადიკალები. მათგან კი ბენზოლი და სხვა უფრო რთული ნაერთები ფორმირდება. ტიტანის ზედაპირზე, ე.წ. კრიოვულკანები იფრქვევიან, რომელთა შედგენილობაა წყალი, ამიაკი და ალკანები. ტიტანის შუაგულში მყარი ბირთვია, რომელიც მეთანის ჰიდრატებით და ყინულითაა გარშემორტყმული. ამ შრეებს შორის შესაძლოა წყლის შრე არსებობდეს. თუმცა,  ის ძალიან მარილიანი და გოგირდშემცველი იქნება.

სატურნის ორბიტაზე კიდევ ერთი საინტერესო თანამგზავრია, სახელად ენცელადი. ის სატურნთან ყველაზე ახლოსაა.  გაცილებით მეტ წყალს შეიცავს, რომელიც თხევად მდგომარეობაშია. პლანეტის შიგნით კი სილიკატური ბირთვია. საინტერესოა ისიც, რომ მის სამხრეთ ნაწილში წყლის გეიზერებია. ეს მხარე გაცილებით მეტად თბება და წყალი მასში გახსნილი ნივთიერებებით გარეთ იფრქვევა.

ზემოთ ტიტანი ვახსენე და… უნდა შეგახსენოთ, რომ ელემენტი ტიტანიც არსებობს. უფრო სწორად, ის უნდა გავიხსენოთ, რომ ლითონი ტიტანი დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მასალაა კოსმოსური კონსტრუქციების დასამზადებლად. მისგან ასევე ძალიან ბევრ ულტრა გამძლე და მსუბუქ შენადნობებს ღებულობენ.

ერთ-ერთი მათგანი ტიტან/ნიკელის შენადნობია და მას ნიტინოლი ეწოდება. კოსმოსური ანტების აგებისას იყენებენ. ხომალდის აწყობისას ამ შენადნობისგან დამზადებულ პატარა გორგალს კორპუსში ათავსებენ. გახურებისას გორგალი რამდენიმე კმ-ის სიგრძის ფარგლებში სწორდება.

ნიტინოლისგან დამზადებული სამედიცინო კლიფსებით ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ღრმა ქსოვილების ამოკერვა ხდება. სხეულის სითბოს გავლენით, სისხლძარღვში მოთავსებული ნიტინოლის მავთული გორგლის ფორმას იღებს. შენადნობის ასეთი ფორმა ფილტრის როლს ასრულებს და თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს. ტიტან/ნიკელის შენადნობს განსხვავებული თვისებები აქვს. მავთული ტემპერატურის გავლენით სხვადასხვა ფორმას იღებს (ანტენის შემთხვევაში სწორდება, სისხლძარღვებში კი გორგლის ფორმა აქვს).

„არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?“ – კითხვას სვამს პოეტი…

არ არის. ისიც არ ვიცით, იქნება თუ არა. სიცოცხლე პლანეტა დედამიწაზეა და ამ პლანეტას უდიერად ვეპყრობით.

ამ პლანეტაზე ბუნებას ვინ ჩივის, ადამიანებსაც უდიერად ეპყრობიან და ხშირად…

„გზაზე არ მოჩანს არსით,

მხოლოდ ქარი ჰქრის ნელა,

ცაზე ანათებს მარსი

და   ქ ვ ე ყ ა ნ ა ზ ე    ბ ნ ე ლ ა…“ (გალაკტიონი).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი