პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გუტენბერგის ბეჭდური რევოლუცია

დღეს, როდესაც ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის პროცესში ვიზუალური (ხშირად – 3D) კომპონენტი ისეთივე აქტუალურია, როგორიც შუა საუკუნეებში იყო, ურიგო არ იქნება გავიხსენოთ, როგორ გადავიდა ინფორმაციის სამგანზომილებიანი ფიგურებით გამოსახვა ორგანზომილებიან ფორმაზე.

დამწერლობის წარმოშობის უამრავიდან ერთ-ერთი კონცეფცია დენიზ შმანდტ-ბესერატს ეკუთვნის. მისი ჰიპოთეზის თანახმად, დამწერლობა კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის იმ ფორმებიდან უნდა მომდინარეობდეს, რომლებიც ადრეულ მიწათმოქმედ საზოგადოებებში ჭარბი პროდუქტის აღრიცხვის საჭიროების გამო წარმოიშვა. განსხვავებული გეომეტრიული ფორმის თიხის ფიგურებით (ინგლ. tokens) ფრინველების, მარცვლეულისა თუ სხვა პროდუქტის აღწერამ კაცობრიობის ისტორიაში პირველი სიმბოლური საკომუნიკაციო სისტემა მესოპოტამიაში წარმოშვა. იგი გავრცელებული იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში ძვ. წელთაღრიცხვის VII ათასწლეულიდან (Schmandt-Besserat, How Writing Came About, 1996).

თიხის ფიგურების იმავე მასალის კონვერტში (Bulla) მოთავსებამდე ჯერ კიდევ რბილ ზედაპირზე ფიგურების დაჭერით აღნიშნავდნენ, როგორი და რამდენი ფიგურა იდო კონვერტში (თამაზ გამყრელიძე, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, 2008).
დანართი #1
დანართი #1
დენის შმანდტ-ბესერატის წიგნი. გარეკანზე ყდაზე გამოსახულია ტოკენები და კონვერტი.
წყარო: დენის შმანდტ-ბესერატის პერსონალური გვერდი ტეხასის უნივერსიტეტის ვებსაიტზე: https://webspace.utexas.edu/dsbay/index.html

IV ათასწლეულიდან, როცა პირველი ქალაქები წარმოიშვა, თიხის ფიგურა-სიმბოლოებით აღრიცხვის სისტემა კიდევ უფრო გართულდა და ახალ საფეხურზე ავიდა. გაჩნდა დამატებითი აღნიშვნები, თიხის რბილ ფირფიტებზე გეომეტრიული ნიშნებით ანაბეჭდის დატოვების ნაცვლად დაიწყეს სტილოსით – ჩხირით – წერა. აქვე თავი იჩინა ენის, მისი სადამწერლობო გამოვლინების ეკონომიურობის პრინციპმა და აბსტრაჰირების მათემატიკურმა უნარმა: ნაცვლად იმისა, რომ, ვთქვათ, 33-ჯერ გამოესახათ ქილა ნელსაცხებლის აღმნიშვნელი ფიგურა, სტილოსით სამჯერ გამოსახავდნენ ათეულის პირობით აღმნიშვნელს, სამჯერ – ერთეულის აღმნიშვნელს და ბოლოს – უშუალოდ ქილის სიმბოლოს. ამგვარად, 33 ნიშნის ნაცვლად მოიხმარდნენ შვიდს (Schmandt-Besserat, The History of Counting, 1999).
შინამრეწველობის ჭარბი პროდუქტის, შინაური ცხოველის აღსაწერად სიმბოლოების შემოღებით დაწყებული პროცესი შეუქცევადი აღმოჩნდა. მოგვიანებით ხელნაწერი წიგნის განვითარება და წარმოება უზრუნველყო აბრაამიანულმა რელიგიებმა, იუდაიზმმა, ქრისტიანობამ და ისლამმა. რამ მისცა ასეთივე ბიძგი ბეჭდურ რევოლუციას? ცხადია, ქრისტიანულმა რეფორმაციამ, პროტესტანტიზმმა, იდეამ, რომ ადამიანს არ სჭირდება შუამავალი ღმერთთან. პროტესტანტული იდეის გამოხატულებად იყო მიჩნეული დანიელ დეფოს “რობინზონ კრუზო” – ასეთად მოიაზრებოდა იდეალური პროტესტანტი, ადამიანი, რომელმაც მიატოვა ცოდვილი სამყარო, რათა ყველაფერი ხელახლა დაეწყო, თან კი ერთადერთი წიგნი, ბიბლია ჰქონდა. თითოეულ პროტესტანტს თითო ბიბლია სჭირდებოდა. ცოტაოდენი ტექნიკური პროგრესი და პირველი საბეჭდი პრესის გამოგონება და მასობრივი ბეჭდვის პროცესის დაწყება გარდაუვალი გახდა. თავად ლუთერის 95 თეზისის გავრცელებაში ფასდაუდებელი როლი შეასრულა ბეჭდვამ. მათი გამოქვეყნებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ გერმანიასა და მთელ ევროპაში თეზისების უკვე 300 000 ბეჭდური ასლი არსებობდა (Ricardo Duchesne, Asia first?, 2006).

პირველი საბეჭდი პრესი გერმანელმა ოქრომჭედელმა, შემდგომ კი პირველმა გამომცემელმა იოჰან გუტენბერგმა 1440 წელს, ე.ი. ჯერ კიდევ საღმრთო რომის იმპერიაში შექმნა. მარკ ტვენი ამბობდა: “სამყარო, როგორიც არის იგი დღეს, კარგი თუ ცუდი – გუტენბერგს ეკუთვნის” (Diana Childress, Johannes Gutenberg and the Printing Press, 2008).
ერთი შეხედვით, გუტენბერგს ახალი არაფერი შეუქმნია:

ქაღალდი ჯერ კიდევ 105 წელს, ხანის დინასტიის ზეობისას გამოიგონეს ჩინელებმა.
 
ქაღალდის ჩინური სახელოსნო
არაბების მიერ ჩინელთა დამარცხების შემდეგ სიახლე ნელ-ნელა გავრცელდა დასავლეთში სამარყანდისა და ბაღდადის გავლით (Meggs, A History of Graphic Design, 1998). ლეგენდის თანახმად, ქაღალდის წარმოების საიდუმლო ორმა ჩინელმა ტუსაღმა გაამჟღავნა (Silim Quraishi, A survey of the development of papermaking in Islamic Countries 1989). ამის შემდეგ სამარყანდში პირველი მუსლიმანური ქაღალდის საწარმო გაიმართა. მოგვიანებით ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ბაღდადში დაიხვეწა (Fahrid Mahdavi, Review: Paper Before Print: The History and Impact of Paper in the Islamic World by Jonathan M. Bloom, 2003). ახლა მუსლიმანები ქაღალდის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტებს ჩინელებივით ხელით კი აღარ აქუცმაცებდნენ, არამედ სპეციალური საფქვავებით, რომლებსაც შინაური ცხოველები ატრიალებდნენ. საგულისხმოა, რომ ქაღალდის დამზადების ეს გაუმჯობესებული ხერხი უკან, ჩინეთში დაბრუნდა (Dard Hunter, Papermaking: the history and technique of an ancient craft, 1978). ცნობილია, რომ მეცხრე საუკუნისთვის არაბები რეგულარულად იყენებდნენ ქაღალდს, თუმცა ყურანი და სხვა მნიშვნელოვანი ტექსტები მაინც პერგამენტზე ხელით იწერებოდა. არაბულ სტამბებში სრულყოფილებამდე მიიყვანეს კინძვის პროცესი (Al-Hassani, 1001 Inventions, Muslim heritage in Our World, 2006). ტყავის ყდაში ჩასმული აბრეშუმის ძაფით ნაკერი არაბული წიგნები უფრო მსუბუქი იყო ვიდრე ხელნაწერი წიგნები. ამასთან, ქაღალდი უკეთ უძლებდა ნესტს. მეთორმეტე საუკუნისთვის მაროკოს დედაქალაქ მარაკეშში გაჩნდა პირველი წიგნის მაღაზია, მოგვიანებით კი წიგნის გამყიდველთა ქუჩა, სადაც ასამდე მაღაზია იყო. სპარსელი მოგზაურის ცნობით, 1035 წლისთვის ეგვიპტეში, კაიროში, ქაღალდს გაყიდული პროდუქტების შესახვევადაც კი იყენებდნენ (Diana Twede, The Origins of Paper Based Packaging, 2005). პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ აღმოსავლური ქაღალდის წარმოებას მუდმივი ომების გამო გამოაკლდა დამასკო, ეგვიპტეში ქაღალდის წარმოება გაგრძელდა, ყველაზე თხელ ქაღალდს კი ირანი აწარმოებდა.

მეცამეტე საუკუნისთვის არაბმა ვაჭრებმა ქაღალდი ინდოეთში ჩაიტანეს, სადაც მან თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა იქამდე არსებული საწერი მასალა (Steven Fischer, A History of Writing 2004).

ევროპაში ქაღალდის წარმოება პირინეის ნახევარკუნძულზე (Peninsula Iberica), დღევანდელ პორტუგალიასა და ესპანეთში, მეათე საუკუნეში, არაბთა ბატონობის ხანაში, გავრცელდა, იქიდან კი 1400 წლისთვის იტალიისა და სამხრეთ საფრანგეთის გავლით გერმანიამდე მიაღწია. ყველაზე ძველი ევროპული ქაღალდის დოკუმენტი, სილოსის მისალა, ესპანეთში, მისალის წმინდა დომინგოს მონასტერშია დაცული. იგი 154 ფურცლისგან შედგება და 1151 წელს პირინეს ნახევარკუნძულზე, ქალაქ ხატივაშია შექმნილი (Fuller, Neathery Batsell A Brief history of paper, 2002). ცნობილია, რომ იტალიაში ქაღალდს უკვე 1276 წლიდან აწარმოებდნენ. ქალაქ ფაბრიანოში პირველად 1300 წელს გამოიყენეს ჭვირნიშანი. სწორედ გუტენბერგის მშობლიურ მაინცში გაჩნდა პირველი გერმანული ქაღალდის მანუფაქტურა 1320 წელს, 1390 წელს კი ულმან სტრომერმა ნიურნბერგის “ქაღალდის წისქვილი” დააარსა (Neathery Fuller, A Brief history of paper, 2002).
შორეულ ქვეყნებში მოსიარულე ვაჭარმა ადვილად შეამჩნია, რა მომგებიანი იყო ქაღალდის ბიზნესი იტალიაში, საიდანაც ტექნოლოგიის დასანერგავად ძმები მარკო და ფრანჩესკო დი მარკიები ჩაიყვანა ნიურნბერგში. საშინელი სუნისა (ქაღალდის დამზადებისას ე.წ. თევზის წებოსაც იყენებდნენ) და ხმაურის გამო შუა საუკუნეების კანონები აწესებდა, რა მანძილით უნდა ყოფილიყო ქაღალდის საწარმო დაშორებული ქალაქის გალავანს.

ინგლისში ქაღალდის წარმოება ჯონ ტეიტმა წამოიწყო ჰარტფორდშირში 1490 წელს, თუმცა კომერციულად მომგებიანი სახელოსნო იქ 1588 წლამდე არ გაჩენილა – იქამდე, ვიდრე გერმანული გამოცდილების გაზიარებით ჯონ შპილმანმა დარტფორდის ახლოს არ გახსნა ქაღალდის საწარმო.

ქაღალდი ჩინეთიდან ევროპაში დიფუზიის გზით გავრცელდა, თუმცა მსგავსი მასალა ამერიკის კონტინენტზე ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნისთვის მაიას ტომსაც ჰქონდა და მას ამატლ-ს უწოდებდა (The Construction of the Codex In Classic and post classic Period, Maya Civilization, Maya Codex and Paper Making ).
მაშ, რა რევოლუცია მოახდინა გუტენბერგმა? უხეშად რომ ვთქვათ, ანბანი ფინიკიაში გამოიგონეს, ქაღალდი – ჩინეთში, ყურძნის საწური დაზგაც, რომელიც საბეჭდ პრესად გამოიყენა გუტენბერგმა, უკვე არსებობდა, ხეზე ნაკვეთი ტექსტისა თუ გამოსახულების ბეჭდვა ჯერ ქსოვილზე, მოგვიანებით კი ქაღალდზე გუტენბერგამდე კარგა ხნით ადრე აზიაში, კერძოდ, ჩინეთში დაიწყეს და დღეს ეს ტექნიკა ქსილოგრაფიის სახელითაა ცნობილი (ქსილოგრაფიის ნაკლი ის არის, რომ ხის დაფაზე მთელ გვერდს ამოკვეთდნენ, რაც არანაკლებ შრომატევადი გახლდათ, ვიდრე იმავე გვერდის ხელით გადაწერა, ამასთან, ყოველი გვერდისთვის ახალი დაფის დამზადება იყო საჭირო). გუტენბერგმა ევროპაში პირველად გამოიყენა მოძრავი მეტალის ანბანი, რომლითაც აწყობდნენ ყოველ ახალ სიტყვას, წინადადებას, გვერდს. ცნობილია, რომ იგივე ტექნიკა სრულიად დამოუკიდებლად 1045 წლისთვის ჩინეთში გამოიგონა ბი შენგმა, თუმცა მის ნაბეჭდ მასალას ჩვენამდე არ მოუღწევია. მეტალის მოძრავი ლიტერებით შექმნილი უძველესი ტექსტი, ბუდისტური საგები, 1377 წლით თარიღდება და საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება. და მაინც, მოძრავი მეტალის ანბანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იხმარებოდა, ევროპულ სინამდვილეში გუტენბერგის სახელს უკავშირდება. საფიქრებელია, რომ გუტენბერგის გამოგონებას, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შემთხვევამაც შეუწყო ხელი. საგამომცემლო საქმიანობის წამოწყებამდე გუტენბერგმა ბევრი რამ მოსინჯა, იწვნია ფინანსური მარცხიც: 1439 წელს აახენში წმინდა რელიკვიების გამოფენა უნდა გამართულიყო, გუტენბერგმა მისთვის გაპრიალებული მეტალისგან სარკეები დაამზადა, რომლებსაც ზეციური წმინდა ნათელი უნდა აერეკლა; სამწუხაროდ, ქალაქში წყალდიდობა მოხდა და გამოფენა გადაიდო, გაწეული ხარჯი კი არ ანაზღაურდა. ამის შემდეგ გუტენბერგი ერთხანს სტრასბურგში ცხოვრობდა, ეცნობოდა და ცდიდა ბეჭდვის სხვადასხვა ტექნიკას, 1450 წლისთვის კი თავისი საბეჭდი პრესით გერმანული ლექსები დაბეჭდა (John Klooster, Icons of invention: the makers of the modern world from Gutenberg to Gates, 2009) და დაარწმუნა მდიდარი მოქალაქე იუჰან ფუსტი, საგამომცემლო საქმიანობაში 8000 გულდენი დაებანდებინა. ახალწამოწყებულ საქმიანობას შეუერთდა პეტერ შიოფერი, რომელიც მოგვიანებით ფუსტის სიძე გახდა. შიოფერს პარიზში გადამწერად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და გუტენბერგის პრესისთვის ლითონის ლიტერების შექმნას მას მიაწერენ. სახელოსნომ ბინა ჰოფ ჰუმბრეხტში დაიდო, რომელიც გუტენბერგის შორეულ ნათესავს ეკუთვნოდა.

უცნობია, როდის დაიწყო გუტენბერგმა მუშაობა თავის ყველაზე ცნობილ გამოცემაზე – ბიბლიაზე. ვიცით, რომ ამ საქმისთვის მან 800 გულდენი ისესხა ფუსტისგან. 1455 წლისთვის ბიბლია მზად იყო. მასზე მუშაობის პარალელურად, 1450-55 წლებში, გუტენბერგის სტამბაში კომერციულად მომგებიანი ინდულგენციები და ლათინური ენის გრამატიკის სახელმძღვანელოებიც იბეჭდებოდა. გუტენბერგმა მის ხელთ არსებულ მელანსა და პრესს მუშაობის პროცესში დეტალები დაუმატა. ბიბლია ორი ფერის – შავი და წითელი – მელნით დაიბეჭდა. წითელი ტექსტი, ე.წ. რუბრიკაცია, გამოიყენებოდა თავის დასაწყისის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილების აღსანიშნავად. ჯერ შავ ტექსტს ბეჭდავდნენ, მერე კი გამოტოვებულ ადგილებზე რუბრიკაციებს სვამდნენ. მოგვიანებით ამ ადგილების ხელით შევსება დაიწყეს. მინიატურებისა და თავკიდური ასოების დამატებაც ამავე წესით ხდებოდა. გუტენბერგმა მანუსკრიპტებისთვის განკუთვნილი წყალზე დამზადებული მელანი ზეთის საფუძველზე გარდაქმნა, რაც მეტალის ასოების გამოყენებით იყო ნაკარნახევი.

სულ დაიბეჭდა ბიბლიის 180 ეგზემპლარი, უმეტესობა – ქაღალდზე, ნაწილი კი პერგამენტზე. გუტენბერგის ბიბლია წარმოადგენდა ვულგატის ნაბეჭდ ვერსიას. სრული ან მეტ-ნაკლებად სრული სახით დღემდე 48 ცალმა მოაღწია და ყველაზე ძვირად ღირებულ ბუკინისტურ იშვიათობად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ასლი 1978 წლის შემდეგ არ გაყიდულა. გუტენბერგის ბიბლია იქცა პირველ სრულყოფილ წიგნად, რომელიც მოძრავი მეტალის ასოებით იქნა აწყობილი. მან დაუდო სათავე გუტენბერგის რევოლუციას და ბეჭდური წიგნის ხანას დასავლეთში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი