პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

You Need Education!Your Teacher

გარნირად :

ჩემი წერილის სათაური უცხო ენაზე მხოლოდ იმიტომ არის, რომ იმ ძალიან ცნობილი სიმღერის რემინისცენციაა, რომელიც მას გარნირად უნდა მიაყოლოთ. ისე კი, ჩვეულებრივ, ქართულენოვან კონტექსტში ინგლისურის აუცილებლობის გარეშე გამოყენების წინააღმდეგი ვარ. თუკი ცოტათი მაინც გაინტერესებთ, კიდევ რისი წინააღმდეგი ვარ, უმორჩილესად გთხოვთ, წაიკითხოთ ეს წერილი, რომელიც მე ჩემს მოსწავლეს მივწერე:

ძვირფასო მაგდა,
რასაც ახლა გწერ, შეგიძლია სრულებით არ გაითვალისწინო. მით უმეტეს, რომ მე უკვე შენი მასწავლებელი აღარ ვარ. ჩემს ყურამდე მოაღწია, რომ უჩიოდი ჩემს სიმკაცრეს, იმას, რომ მოდუნების საშუალებას არ გაძლევდი; ამბობდი, რომ ეს გთრგუნავდა; რომ მე არასოდეს მიცდია შენთან და შენს კლასელებთან მეგობრობა.
ვუსმენდი ამას და გულით მინდოდა, შენთვის ერთი ისტორია მომეყოლა, ლამის ვინანე, რომ მოსწავლეებთან ერთ რკინის წესს ვიცავ მუდამ – არასოდეს ვუამბო რამე ჩემი ცხოვრებიდან. მაგრამ, რადგან უკვე ჩემი მოსწავლე აღარ ხარ, მისმინე:
სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით – მერვე კლასის ჩათვლით: მასწავლებლის ახსნილის მოსმენა და გაკვეთილის წინ ერთი გადაკითხვა ამ პერიოდში სავსებით საკმარისი იყო ჩემთვის, რომ “ფრიადი” მიმეღო. ახლა შენ ისევ იტყვი, რომ ამბიციური ვარ, მე კი გიპასუხებ, რომ სულაც არა, ამით თავის მოწონება აზრადაც არ მომსვლია მაშინ, მეგონა, რომ ეს თითქმის ყველას შეეძლო; მით უმეტეს, აზრადაც არ მომივა ახლა, როცა ის უნარი დიდი ხანია დავკარგე. ჰოდა, ასე გადიოდა წლები: გაკვეთილს შესვენებაზე ვსწავლობდი, დავალებებსაც შესვენებაზე ვწერდი და ვერც კი შევამჩნიე, როგორ გართულდა თანდათან ფიზიკისა და ბიოლოგიის ტექსტები, როგორ მოიმატა მათემატიკის სავარჯიშოების რაოდენობამ ისე, რომ შეუძლებელი გახდა მათი ხუთ-ათ წუთში დაწერა, როგორ შემოგვეპარა ახალი, პირქუში და იდუმალი საგანი ქიმია და ერთ დღესაც გეოგრაფიის მასწავლებელმა მითხრა, რომ სამიანს მიწერდა, თან ფიქტიურად კი არა, ჟურნალშიც მიფორმებდა. ეს ჩემი პირველი სამიანი იყო, თავის მოტყუება არ ღირდა – დამსახურებული სამიანი.
ძნელია, როცა დაჯერებული ხარ, რომ რაღაც შენი საკუთრებაა და უცებ ხვდები, რომ ხელიდან გეცლება. უცებ ხვდები, რომ შენი ავტორიტეტი დაეცა, რომ თურმე ეს შენი თვითდამკვიდრების მთავარი გზა იყო და რომ დროა, შენი ღირსება დაიცვა.
ჰო, მე მქონდა ღირსება, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ არ მქონდა ის, რაც მის დასაცავად იყო საჭირო – მეცადინეობის უნარი. უბრალოდ არ შემეძლო, ათი წუთი დავმჯდარიყავი და მეკითხა სახელმძღვანელოს ტექსტი ისე, რომ გონებაში არ წამომფარფატებოდა… ყველაფერი, რაც გარდატეხის ასაკში შეიძლება წამოუფარფატდეს მოზარდს. უკვე იმ ეტაპზეც კი ძალიან გვიან იყო შრომისმოყვარეობის გამომუშავება. ჩემს უპირატესობას, რომელიც მაშინღა გავაცნობიერე, როცა ვკარგავდი, საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ საშველი თანდათან მაინც გამოჩნდა:
მეცხრე კლასში გადავედით და უფლება მოგვეცა, ოლიმპიადებსა და კონფერენციებზე გავსულიყავით. ისტორიის ოლიმპიადაზე, მახსოვს, დიდი არაფერი – საქალაქომდე მივაღწიე; ინგლისურში უკეთ იყო საქმე; რაც შეეხება ქართულს, აქ ოლიმპიადის უმაღლესი ჯილდოც ავიღე და კონფერენციის კი, მგონი, უმაღლესზე კიდევ უფრო მაღალი, რაღაც სპეციალური. მე არ მქონდა ფუფუნება, შენსავით საუკეთესო სკოლაში მესწავლა, არც ვიცი, იყო თუ არა ჩვენს დროს ასეთი სკოლები, ჩემს სასწავლებელში კი ასეთი წარმატება საკმაოდ იშვიათი იყო და ამიტომაც ჩემი მიღწევით ყველა ერთსულოვნად ამაყობდა, სემესტრის ბოლოს თვით დირექტორმა დამიბარა და იზრუნა, რომ ყველა საგანში ფრიადი გამომყოლოდა. ასე განმეორდა მეათე კლასშიც. რასაკვირველია, მიხვდები, რომ საერთოდ აღარაფერს ვაკეთებდი სკოლაში, გარდა იმისა, რომ წელიწადში ორ საკონფერენციო თემას ვწერდი და სამ ოლიმპიადაში ვმონაწილეობდი. ეს დაახლოებით იმას ჰგავდა, ჩემს გაკვეთილზე შენ რომ მობილური ტელეფონის ფოტოაპარატით გადაღებული სასწავლო მასალა მოგქონდა და შემდეგ იქიდან იწერდი ტესტების პასუხებს. ეს თაღლითობა იყო და დიდებისა და უზრუნველობის მათრობელა გემო ჰქონდა; ამას, მეტ-ნაკლებად გაცნობიერებულად, ჩემმა მართლაც კეთილმა და კეთილისმსურველმა მასწავლებლებმა მიმაჩვიეს.
მერე დაიწყო აბიტურიენტობის ხანა, მერე – სტუდენტობა… ვუყურებდი ჩემს მეგობრებს და ვერ ვიჯერებდი, რომ მათ ჰქონდათ მიზანი, მოტივაცია და, რაც მთავარია, ჩვევა, ეთენებინათ ღამეები, ესწავლათ ყველაფერი, რაც მათი მომავალი პროფესიისთვის მნიშვნელოვანი იყო და უკომპრომისოდ ბევრი მოეთხოვათ საკუთარი თავისთვის. ვუყურებდი ამ გონიერ, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ვერც კონფერენციებით გააკვირვებდი, ვერ სტიპენდიებით, ვერც წარმატებებით და მაინც უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავდნენ ყოველდღე და ყოველ წუთს და ვხვდებოდი, რომ მთებს გადააბრუნებდნენ და ყველა ოცნებას აისრულებდნენ ამქვეყნად. და მე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა, მათ გვერდით დგომის ღირსი ვყოფილიყავი, ცოტათი დავატანე თავს ძალა. მაგრამ ველოსიპედზე ჯდომა, მეორე ენა და მიზანმიმართული და დისციპლინირებული შრომა აუცილებლად ბავშვობაშივე უნდა ისწავლო…
ძვირფასო მაგდა, მე ამ წერილსაც ერთი კვირის დაგვიანებით მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ არ იყო თავის დროზე არავინ, ვინც მოდუნების საშუალებას არ მომცემდა.
ჰო, კიდევ, რაც შეეხება დამეგობრების მცდელობას: მე არასოდეს ვეცდები დაგიმეგობრდე იმიტომ, რომ შენი და შენი თანატოლების სიმპათია სამუშაოთი უზრუნველმყოფს. ჩემთვის პრიორიტეტულია გასწავლო ენა – სიტყვათა ფუნქციური მნიშვნელობების დაცვით და ლიტერატურა – ცნებათა ფუნქციური მნიშვნელობების დაცვით. “მეგობრობა” მძლავრი ფუნქციური დატვირთვის სიტყვაა და თუ მე ბოლომდე არ ან ვერ ვწმენდ ამ ცნებას ყველა მინარევისგან, ის მაინც ვიცი, რომ არ მაქვს უფლება, შენ სიტყვა “მეგობრობისადმი” წაყენებული უმაღლესი მოთხოვნების თამასა ქვემოთ დაგიწიო.
არსებობენ მეგობრები – მასწავლებელი და მოსწავლე. მეც მყავს ასეთი მეგობრები, პლატონსაც ჰყოლია თურმე ჭეშმარიტებასთან საზიარო ამგვარი მეგობარი. ჩვენ კი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ მაინც გწერ ამ წერილს – არა თავის სამართლებლად, არამედ იმისთვის, რომ ვცადო, ჩემს შეცდომებზე გასწავლო. ალბათ სადღაც, ოდესღაც, სულ დასაწყისში, წვრთნისა და შეგირდობის მთავარი მიზანიც ეს იყო – მოსწავლეებს მასწავლებელთა შეცდომებზე ესწავლათ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიეღწია კაცობრიობას ოდესმე სრულყოფამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი