პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

“მახინჯი ჭუკის” სინდრომი მოზარდებში

14 წლის ასაკში ჩემს მეგობარს ასეთი რამ შეემთხვა: ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ ძალიან ულამაზო ცხვირი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ასე არ იყო, ვერავინ გადაარწმუნა – ვერც მშობლებმა, ვერც მეგობრებმა. ნელ-ნელა ყველაფერი გართულდა. ჩემი მეგობარი ქუჩაში გასვლას ერიდებოდა, სკოლას აცდენდა და მასწავლებლებისგან საყვედურებს იღებდა. ის განუწყვეტლივ სთხოვდა დედას, მისთვის ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა, მაგრამ ესეც შეუძლებელი იყო – მაშინდელი ჯანდაცვის კანონი უკრძალავდა ექიმს არასრულწლოვანი და ჯანმრთელი მოზარდისთვის ოპერაციის გაკეთებას. ჩემი მეგობარი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, შიმშილობა გამოაცხადა. მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრა. ერთ თვეში ექიმებმა ჩემი მეგობრის მდგომარეობა დისმორფოფობიად შეაფასეს და გამონაკლისის სახით ქირურგს ნება დართეს, მისთვის ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა.

დისმორფოფობია მოზარდებში გავრცელებული დაავადებაა. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც გოგონას ან ვაჟს საკუთარ მომხიბვლელობაში ეჭვი ეპარება. მიზეზად შეიძლება იქცეს დაცინვა ან მასმედიის გავლენა, რომელიც სრულყოფილი გარეგნობის ხატს აყალიბებს, ასევე – ჭარბი წონა, გამონაყარი ან უტაქტო შენიშვნა, რომელსაც მშობელი ბავშვს გარეგნობის შესახებ აძლევს. მოზარდი იწყებს სარკესთან საათობით ტრიალს, საკუთარ გარეგნობაში დეფექტების ძებნას, უჩივის სხეულის ერთი ან რამდენიმე ნაწილის სიმახინჯეს.

მოზარდების უმრავლესობა ამ უსიამოვნო განცდებს თავისით ერევა, მაგრამ არა ყველა. ერთი შეხედვით, პრობლემა, რომლის მოგვარება დროულად შეიძლება, რთულდება და უკვე ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის ჩარევას მოითხოვს.

დღეს დისმორფოფობია ფსიქიკურ დაავადებათა სიაში შედის. ლიტერატურაში მის პირველ შემთხვევას (1886 წელს) იტალიელი მკვლევარი ენრიკე მორსელი ახსენებს. 1987 წელს დაავადება სადიაგნოსტიკო კატეგორიის სტატუსს იძენს.

საინტერესოა, რომ საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოთა ჩამონათვალში შეხვდებით მშვენიერ მერილინ მონროს, არაჩვეულებრივ სარა მიშელ გელარისა და ექსტრავაგანტულ ლედი გაგას. ყველაზე სახელმოხვეჭილი დისმორფომანი კი გახლავთ მაიკლ ჯექსონი, რომელმაც 13 მასშტაბური პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. “მძულს ჩემი სახე. მინდა, ვერავინ ხედავდეს”, – უთქვამს მომღერალს ერთ-ერთ ინტერვიუში.

სხვათა შორის, დისმორფოფობიის მქონეთა უმრავლესობას ხშირად აქვს სხვა დარღვევებიც: დეპრესია, ანორექსია, ბულიმია, – და ეს არც არის გასაკვირი. ალბათ გეხსომებათ რამდენიმე წლის წინ თინეიჯერებში ფართოდ გავრცელებული “ბარბის სინდრომი”, როდესაც მოზარდებს სურდათ, თოჯინის გარეგნობა ჰქონოდათ. ქერა თმა, გამომწვევი მაკიაჟი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური სიგამხდრე. რაკი მოზარდების უმეტესობა ამას ვერ აღწევდა, საკუთარი სხეულისადმი ზიზღი უჩნდებოდა და ანორექსიის მსხვერპლი ხდებოდა.

დისმორფოფობიისადმი მიდრეკილ მოზარდებს ჩვევიათ სხეულის ტატუირებით დაფარვა, ტანორექსია (ძლიერი გარუჯვა), პირსინგითა და კოსმეტიკით გატაცება.

ასევე, დისმორფოფობიისთვის დამახასიათებელია: მარტოობა, სოციალური ფობია – დისმორფოფობიის მქონეთ ეშინიათ ხალხში ყოფნის, რადგან ჰგონიათ, რომ საკუთარი გარეგნობის გამო დაცინვასა და შეურაცხყოფას დაიმსახურებენ, შფოთვა, დაბალი თვითშეფასება, სირცხვილის განცდა, საქმიანობის უუნარობა საკუთარ გარეგნობაზე მუდმივი ფიქრის გამო და ა. შ.

ამ ყველაფერს ხელს მასობრივი კულტურაც უწყობს, რომელიც ღაღადებს, რომ წარმატებულია მხოლოდ ლამაზი ადამიანი. ამიტომ რეალური დეფექტი – დიდი ხალი, დეფორმირებული ძვალი ან რბილი ქსოვილი, კანის დაავადება – მოზარდს დამატებით კომპლექსებს უჩენს. ამ შემთხვევაში უფროსების მხარდაჭერისა და ფსიქოლოგიური კორექციის გარეშე ბავშვს პიროვნული დეფორმაციის ყველა შანსი აქვს.

დისმორფოფობიის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ მიდგომას. ეფექტურია კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, როდესაც მოზარდს ძირეულად უცვლიან საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებულ მცდარ შეხედულებებს. არანაკლებ ეფექტურია ოჯახური თერაპია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ საზოგადოებრივი ატმოსფეროა, სადაც პრიორიტეტული სულიერი ღირებულებები იქნება და არა ე.წ. “სილამაზის ეტალონი”.
ვინაიდან მოზარდი დიდ დროს სკოლაში ატარებს, მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ ამოიცნოს დისმორფოფობია: საეჭვოა, თუ მოზარდმა წონა დაიკლო, მუდამ დათრგუნულია ან უგუნებოდაა, უარს ამბობს თანაკლასელებთან ურთიერთობაზე, იკეტება საკუთარ თავში, თავს არიდებს სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობას, არ სურს ფოტოსურათების გადაღება, აცდენს გაკვეთილებს, ცდილობს “დეფექტის” დამალვას სამოსით ან ვარცხნილობით.

თუ მოზარდი მასწავლებლის მიმართ კეთილგანწყობილია, ამ უკანასკნელს შეუძლია, მას გულწრფელად გაესაუბროს. მოუყვანოს პოზიტიური მაგალითები, ვთქვათ, ჩარლი ჩაპლინის, ბარბარა სტრეიზანდის, ვუპი გოლდბერგის – ისინი სულაც არ გამოირჩეოდნენ სილამაზით. ყველაფერთან ერთად, ჩაპლინი ძალიან ტანდაბალი იყო, სტრეიზანდს უსწორმასწორო კბილები და ჰოლივუდში ყველაზე ულამაზო ცხვირი ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ. ცნობისათვის: ანჯელინა ჯოლი დღესაც უჩივის ტუჩების სისავსეს, მეგან ფოქსს კი თავისი გრძელი თითების რცხვენია…

მასწავლებელმა ან მშობელმა დელიკატურად უნდა აუხსნან ბავშვს, რატომ არის აუცილებელი პირადი ჰიგიენის დაცვა: ყოველდღიურად შხაპის მიღება, კბილების გამოხეხვა, სუფთა სამოსის ჩაცმა. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოზარდის გარდერობს – სასურველია, ის თანამედროვე ტენდენციებს პასუხობდეს, შეურჩიოს მოზარდს მისი ასაკისთვის შესაფერისი თავის მოვლის საშუალებები.

თუ მოზარდის გარეგნობა ქირურგიულ კორექციას საჭიროებს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. დაარწმუნეთ მოზარდი, რომ მისი დეფექტი მოგონილია ან 18 წლის ასაკში აღმოფხვრით. იქნებ ასაკის მატებასთან ერთად მისდამი დამოკიდებულებაც შეეცვალოს.

შესთავაზეთ მოზარდს, ჰქონდეს ჰობი და, რაც მთავარია, გამოხატეთ მის მიმართ თანადგომა, მხარდაჭერა, ხშირად შეაქეთ, მიეცით სტიმული და გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი