შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩემი მეგობარი მასაია

  • ჰო, ჩვენთან კარგია, ჩვენ მშვიდობიანი და მეგობრული ხალხი ვართ. – მეუბნება ბრაიანი და საბურავების გადაჭრა-გადმოჭრით შეკოწიწებულ ფლოსტებს მოაფრატუნებს.
  • დავრჩებოდი, რომ შემეძლოს. – ვეუბნები.

 

სადღაც ასეცაა. სადღაც ვიტყუები. მათი სოფელი ხომ ასე შორსაა ჩემი სახლიდან, აფრიკაში, კენიის სამხრეთ საზღვართან, “მასაი მარას პარკის” შესასვლელში, იქ სადაც ლომები, ლეოპარდები, ანტილოპები და იმპალები მართლა ერთად ძოვენ ბალახს. მართალია, აღნიშნული პროცესი ხანდახან ანტილოპებისა და იმპალებისთვის ფატალურად მთავრდება, მაგრამ მასაები ამ ამბავში უკვე კარგა ხანია აღარ იღებენ მონაწილეობას. ამის ნაცვლად ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან და იქვე პატარა ბაზრობაც აქვთ მოწყობილი, ამბობენ რომ შემოსავალს მეტწილად ბავშვების სწავლა-განათლებას ახმარენ. რას არ ნახავთ აქ, კომბლებს, ჯამებს, ნიღბებს, სამაჯურებსა და ყელსაბამებს, შარფებსა და სხვა ათას წვრილმანს. ბრაიანი მეუბნება, რომ თითოეულს მასაები აკეთებენ და თითოეული ძალიან ძვირფასია მათთვის, რადგან შრომის გარკვეულ დღეებს უკავშირდება. და მერე ისევ ლომებს მისტირის..

 

  • ეჰ, ლომების დახოცვის უფლება აღარ გვაქვს. – აგრძელებს ბრაიანი, – ადრე ზრდასრულობისთვის რომ მიგეღწია, ლომი უნდა მოგეკლა, მერე ქალსაც გამოგატანდნენ სხვა სოფლიდან და სახელიც გექნებოდა, ახლა კიდე ლომს ვინ მოგაკვლევინებს, რეინჯერები დადიან, ზრდასრულობისთვის უბრალოდ უხუცესის სიტყვაც საკმარისია.
  • ქალი?
  • ეე.. საერთოდ ჩვენთან პოლიგამიაა. ბევრი ცოლის ყოლის უფლება გვაქვს, მაგრამ ერთ ქალს ჩვეულებრივად გვატანდნენ ხოლმე ზრდასრულობისთანავე, ანუ ლომის მოკვლის მერე.. ახლა კიდე, ამ ამბისთვის ორადორი შანსი გვაქვს, ან 10 ძროხა უნდა გადავიხადოთ, ან ყველაზე მაღლა ახტომა უნდა შეგვეძლოს.

აი ეგეთი, რაღაცნაირი ხალხია მასაები. ყოველდღე დგებიან წრეში და ხტუნავენ, ვარჯიშობენ. ვინც ყველაზე მაღლა ხტება – არც ლომის მოკვლა უწევს და არც ძროხების შეგროვება. პირდაპირ ეკუთვნის ქალი. ქალსაც, მე შენ გეტყვი და, სასახლეში ეპატიჟება.. მასაების სახლები ისე გამოიყურება, არც ვიცი რა ვუწოდო, მიწურები რომ ვუწოდო “სიტყვა “მიწურის” ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის ორგანიზაცია” უთუოდ გააპროტესტებს ამ უსინდისო შეფასებას. ეს ძალიან ვიწრო “ნაგებობები” ძროხის ფუნისა და ტალახის შეზავებით მიღებული მასითაა ნაშენებ-შელესილი, სამაგიეროდ შიგნით თბილა და მიუხედავად ასეთი მცირე სივრცისა, ყველას ყოფნის. ბრაიანს ერთი ცოლი და სამი შვილი ჰყავს და მასაების სოფლის ექიმბაშია.

 

საერთოდ, მასაებს ძალიან საინტერესო ისტორია აქვთ. ადრე მომთაბარე ტომები იყვნენ, დადიოდნენ აღმოსავლეთ აფრიკის მიდამოებში და ხან სად უთენდებოდათ, ხან სად უღამდებოდეთ. ბოლო დროს დასახლება დაიწყეს, თუმცა ყოველთვის ისეთ ადგილებში სახლდებიან, რომ ბუნებასთან და ცხოველებთან სიახლოვე არ დაკარგონ. ბრწყინვალე მონადირეები არიან და მშვენიერ ნივთებს აკეთებენ ხელით, ცდილობენ ახალ სამყაროს ფეხი აუწყონ, თუმცა ძველიც (და რა თქმა უნდა, რიგ შემთხვევებში, არასწორიც) არ ავიწყდებათ. ჰოდა, სანამ მე მასაების კულტურულ-სოციალური მოწყობის გენდერულ პრობლემებზე და მათი ტრადიციების მიმართ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების დამოკიდებულებაზე ვფიქრობ, ბრაიანი უკან მომყვება და სოფელს მათვალიერებინებს. თუმცა, კენიაში რა მინდა, ე?

ა, ჰო.

წელს 25 წელი გავიდა, რაც კაიროში მთელი მსოფლიოს აქტივისტები, პოლიტიკოსები, ხელოვანები, სპორტსმენები და სხვა საზოგადოებრივი ფიგურები შეიკრიბნენ, რათა შეემუშავებინათ ერთობლივი პროგრამა მსოფლიოში გენდერული ნიშნით წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ნაადრევი ქორწინებების, გენდერული ჩაგვრის, დისკრიმინაციის, ოჯახში ძალადობის და სხვა საკითხების მოსაგვარებლად. 25 წლის თავზე მსოფლიო კიდევ ერთხელ გაერთიანდა აღნიშნული პრობლემების წინააღმდეგ, ოღონდ ამჯერად ყველაფერი კენიაში, ნაირობიში მოხდა. სამიტზე, რომელსაც არაერთი ცნობილი მოღვაწე ესწრებოდა, 25 წელი შეაჯამეს და მომდევნო წლების გეგმა დასახეს, დადეს პირობა, რომ იბრძოლებენ ძალიან კონკრეტული გზებით ძალიან კონკრეტული მიზნების მისაღწევად და წლების შემდეგ, ეცდებიან მიაღწიონ ისეთ მსოფლიოს, რომელშიც მსგავსი სამიტის ჩატარება აღარ იქნება საჭირო.

 

ნაირობის სამიტს ქართული დელეგაციაც დაესწრო. გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით შესაბამის თემებზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობის წევრები, ჟურნალისტები, აქტივისტები და სხვადასხვა პირები შეიკრიბნენ. მეც, როგორც კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ერთ-ერთ აქტიურ წევრს, მერგო პატივი დელეგაციაში ვყოფილიყავი. ქართული დელეგაციის ნაირობული ლაშქრობა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, არაერთი ახალი კავშირი დამყარდა, არაერთხელ აღინიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის ქართული ოფისის აქტიურობა და ა.შ. მოკლედ კარგი ამბები იყო, რომელთა მიზანსაც ცუდი ამბების აღმოფხვრა წარმოადგენდა. აი, სამიტის შემდეგ კი, მე და დელეგაციის რამდენიმე წევრი “მასაი მარას პარკს” ვეწვიეთ, ნამდვილ აფრიკულ საფარის ვეზიარეთ და ბოლოს გზამ მასაების სოფლამდეც მიგვიყვანა. იქ კი, ბრაიანი დგას და მეუბნება:

 

  • აქ სკოლაც გაგვიკეთეს, ბავშვებისთვის, ინგლისური და წერა-კითხვა რომ ისწავლონ. ერთი კომპიუტერიც გვაქვს. იქიდან შემიძლია მოგწერო ხოლმე. WhatsApp გაქვს?
  • ა? – უეცარ გაოცებას ვერ ვმალავ.
  • დღეიდან ჩემი მეგობარი ხარ. მოგწერ ხოლმე.
  • აა.. კი, მაქვს, WhatsApp.. მოიცა, ჩაგაწერინებ ნომერს ახლავე.

 

ნომრებს ვცვლით. მე ცოტა გაციებული ვარ, ვერ ვგრძნობ თავს მთლად კარგად და ბრაიანი მპირდება, რომ ბალახებს შეაგროვებს და წამალს მომიმზადებს. მე, როგორც თანამედროვე მედიცინის მიმდევარი, თავაზიანად ვუარობ ბალახებს და ბრაიანს მხოლოდ იმაზე ვთანხმდები, რომ კეთილი, ჩემთვის ილოცოს. მერე ჩემ შარფს ვჩუქნი და მასაების სოფლიდან ჩვენი ბანაკისკენ მივდივარ. საღამოს ბრაიანი მწერს და მოკითხვას მიძღვნის. მახარებს ახალი მეგობარი და მეც არ ვიშურებ სასიკეთო სიტყვებს. აი შემდეგ კი, ბრაიანი მთხოვს, რომ მეორე დილით, ვიდრე ნაირობის აეროპორტისკენ გავეშურებით, ერთხელაც ვნახო. უცნაურია. ვთანხმდები. თან შესანიშნავი იდეა მომდის თავში და ჩანთაში წიგნებს ვამზადებ..

 

დილით, სანამ “მასაი მარას პარკს” დავტოვებდით, ჯიპს მასაების სოფელთან ვაჩერებთ, ბრაიანი ეული ხის ჩრდილში ჩამომჯდარა და მელოდება. გადმოვდივარ მანქანიდან. ჰეი, ბრაიან! ჰეი, ალექს! აბა შენ იცი, კარგად, ის, ეს! და..

 

ბრაიანი ხელნაკეთ კაცუნა მასაის და სამაჯურს მჩუქნის.

 

  • შენი ცოლისთვის და შენი პატარა გოგოსთვის. – მეუბნება.

 

რა მაგარია. ჩემი მეგობარი მასაია. გული მიჩუყდება. ჩანთაში, წინა საღამოს გამზადებულ წიგნებს ვპოულობ და ბრაიანს, მასაების სკოლისთვის სამ ეგზემპლარს ვუტოვებ.

 

  • ეს ჩემი წიგნია, “იავნანა ლილისთვის”, ბრაიან. ლილი ჩემ გოგოს ჰქვია. საბავშვო წიგნია, თანაც ეს ინგლისურენოვანი თარგმანებია და მგონია, რომ თქვენ ბავშვებს მოეწონებათ. ერთი პირადად შენი იყოს, ორიც სკოლისთვის. შეგიძლიათ, ამითაც ასწავლოთ ბავშვებს ინგლისური.
  • ვაა.. იავნანა.. მაგარია. ჩემ გოგოს გაუხარდება. და სხვებსაც! მადლობა, ძმაო! – მეუბნება ბრაიანი და კბილებს კრეჭს.

 

მე კიდე უარესად გაკრეჭილი ვარ. კენიაში, “მასაი მარას პარკში”, მასაების სოფლის სკოლაში პატარა მასაუკები ჩემ წიგნს კითხულობენ და ინგლისურს სწავლობენ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი