პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პიტერ გრეი – განათლების მოკლე ისტორია

იმის გასარკვევად, რას წარმოადგენს სკოლა, საჭიროა, მას ისტორიული პერსპექტივიდან შევხედოთ.

როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვებს ყველგან კანონით მოეთხოვებათ სკოლაში სიარული, თითქმის ყველა სკოლა ერთნაირად არის სტრუქტურირებული და ჩვენი საზოგადოებაც თანახმაა, გაიღოს დიდი თანხები მათ შესანახად, ბუნებრივია, ვასკვნით, რომ ამ ყველაფერს კარგი და ლოგიკური მიზეზი უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ჩვენ რომ არ დაგვეძალებინა ბავშვებისთვის სკოლაში სიარული, ან სკოლებს რომ სხვაგვარად ემუშავათ, ბავშვები ვეღარ გამხდარიყვნენ კომპეტენტური ზრდასრულები. როგორც ჩანს, ვიღაც ჭკვიანმა ხალხმა ეს ყველაფერი გაიაზრა და საზოგადოებას დაუმტკიცა განათლების აუცილებლობა, ან სცადეს ალტერნატიული გზებიც, რომლებმაც არ ივარგა.

წინა პუბლიკაციებში მე წარმოგიდგინეთ მტკიცებულებები, რომლებიც საპირისპიროს ამბობს. კერძოდ, ერთ-ერთ სტატიაში აღვწერე სადბერის ველის სკოლა, სადაც უკვე 40 წელია, ბავშვები სწავლობენ და ერთმანეთს ასწავლიან ტრადიციული სკოლების საპირისპირო გარემოში. ამ სკოლის შესახებ ჩატარებული გამოკვლევები და კურსდამთავრებულთა ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვეულებრივი, საშუალო ბავშვები განათლებას იღებენ თამაშითა და სამყაროს შემეცნებით, ძალდაუტანებლად, მოზრდილთა კარნახის გარეშე. გადიან ამ გზას და ყალიბდებიან განათლებულ და წარმატებულ ზრდასრულ ადამიანებად. ეს სკოლა, ნაცვლად ბავშვების განათლების პროცესის მიმართვისა ან მართვისა, ახალგაზრდებს ყველა პირობას უქმნის, ითამაშონ, შეიმეცნონ გარემო და საკუთარ თავზე გამოსცადონ დემოკრატია უშუალო მართვის მეშვეობით. ეს ყველაფერი კეთდება გაცილებით ნაკლები ხარჯითა და გართულებებით ყველა მხარისათვის, ვიდრე სტანდარტული სკოლების ოპერირებისას. მაშ, რატომ არ არის სკოლების უმრავლესობა მოწყობილი სადბერის მაგალითზე?

თუ გვსურს გავიგოთ, რატომ არიან სტანდარტული სკოლები ისეთნი, როგორებიც არიან, თავი უნდა დავანებოთ იდეას, რომ სკოლა ლოგიკური აუცილებლობისა და სამეცნიერო აზროვნების პროდუქტია. პირიქით, სკოლა ისტორიის პროდუქტია. სკოლის სისტემას, როგორიც ის არის დღეს, აზრი მხოლოდ ისტორიული პერსპექტივის გაანალიზებით ეძლევა.

პირველ ნაბიჯად, სკოლების დღევანდელი მდგომარეობის ასახსნელად, საჭიროა განათლების ისტორიისთვის თვალის გადავლება კაცობრიობის დასაწყისიდან დღემდე. განათლების ისტორიის მკვლევართა უმეტესობა სხვა ტერმინებით საუბრობს, რომლებიც ჩემ მიერ გამოყენებულთაგან განსხვავდება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ უარყოფენ ჩემი მოკლე სქემის სისწორეს. ფაქტობრივად, მე სწორედ იმ მკვლევართა ნაწერებს ვიყენებ განათლების ისტორიული სქემის დასახატად.
დასაწყისში, ასიათასობით წელიწადი, ბავშვები თვითონვე იღებდნენ განათლებას თვითმართული თამაშებითა და გარემოს შემეცნებით.
ჩვენი სახეობის ბიოლოგიურ ისტორიასთან შედარებით, სკოლა სულ ახლახან გაჩენილი ინსტიტუტია. ასეულობით ათასი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის ჩასახვამდე, ჩვენ მონადირე-შემგროვებლები ვიყავით. ჩემს ერთ-ერთ სტატიაში მოყვანილი ანთროპოლოგიური გამოკვლევების შედეგები ამტკიცებენ, რომ მონადირე-შემგროვებელთა კულტურის ბავშვები თამაშითა და გარემოს შემეცნება-კვლევით სწავლობდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იყო სრულყოფილ, ზრდასრულ ადამიანებად ჩამოყალიბებისთვის. ბავშვების ძლიერი მისწრაფება თამაშისა და გამოკვლევისადმი, სავარაუდოდ, ჩვენი მონადირე-შემგროვებელ საზოგადოებად ჩამოყალიბებისას გაჩნდა და განათლების საჭიროებას ემსახურებოდა. მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოების მოზრდილები ბავშვებს თამაშისა და გარემოს შემეცნების თითქმის შეუზღუდავ თავისუფლებას აძლევდნენ. მათ მაიჩნდათ, რომ ბავშვების ეს აქტივობა მათი სწავლის ბუნებრივი გზა იყო.

სოფლის მეურნეობის და მოგვიანებით მრეწველობის განვითარებასთან ერთად ბავშვები იძულებულნი გახადეს, მუშებად ქცეულიყვნენ. თამაში და გარემოს თავისუფალი შემეცნების სურვილი დაითრგუნა. სიმტკიცე და სიჯიუტე, რომლებიც ადრე ბავშვების ღირსებად მიიჩნეოდა, მანკიერებებად იქცა, რომლებიც მათი არსებიდან უნდა აღმოეფხვრათ.

სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებამ ზოგან – 10 000 წლის წინ, ზოგან კი მოგვიანებით, საფუძველი დაუდო ადამიანთა ცხოვრების წესის ცვლილებას. მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრება განვითარებულ უნარებსა და მათ ინტენსიურ ცოდნას მოითხოვდა, თუმცა კი არაშრომატევადი იყო. ეფექტურ მონადირეს ან შემგროვებელს სჭირდებოდა უზარმაზარი ცოდნის დაგროვება იმ მცენარეების, ცხოველებისა და ლანდშაფტის შესახებ, სადაც ცხოვრობდა და რომელზეც იყო დამოკიდებული. ასევე – ცოდნა და უნარები ნადირობისა და შემგროვებლობისთვის აუცილებელი იარაღების საკეთებლად და გამოსაყენებლად. ამ ადამიანებისთვის აუცილებელი იყო ინიციატივა და კრეატიულობა საკვების პოვნისა თუ ცხოველზე ნადირობისას. ამავე დროს, მათ არ უწევდათ მრავალსაათიანი შრომა; მათი საქმიანობა საინტერესო იყო და არა ერთფეროვანი ან მოსაწყენი. ანთროპოლოგები აღნიშნავენ, რომ მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფები ერთმანეთისგან არ განასხვავებდნენ თამაშსა და შრომას – არსებითად, მთელი ცხოვრება აღიქმებოდა როგორც თამაში.

სოფლის მეურნეობის განვითარებამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეცვალა. მან ადამიანს მისცა მეტი საკვები და, ამის კვალობაზე, მეტი შვილის ყოლის საშუალება; მისივე წყალობით ადამიანმა შეძლო (ან იძულებული გახდა), ერთ ადგილას დასახლებულიყო – იქ, სადაც მოსავალი მოჰყავდა, და უარი ეთქვა მომთაბარე ცხოვრების წესზე, ამან კი, თავის მხრივ, ადამიანებს ქონების დაგროვების შესაძლებლობა მისცა. მაგრამ ყველა ეს ცვლილება შრომის ფასის ზრდის ხარჯზე მოხდა. თუ მონადირე-შემგროვებლები თავიანთი განვითარებული უნარებით ბუნებისგან იღებდნენ საჭირო საკვებს, ფერმერებს უკვე ხვნა, თესვა, კულტივაცია, საქონლის მწყემსვა და სხვა, ახალი ტიპის შრომა უწევდათ.
სოფლის მეურნეობამ და მასთან დაკავშირებულმა მიწის საკუთრების ცნებამ, ქონების დაგროვებამ, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, წარმოშვა ადამიანთა შორის სტატუსების მიხედვით განსხვავება. ის, ვისაც არ ჰქონდა მიწა, მიწის მფლობელებზე გახდა დამოკიდებული. ამასთან, მიწათმფლობელებმა აღმოაჩინეს, რომ შეეძლოთ თავიანთი ქონების გაზრდა, თუ სხვებს მათთვის მუშაობას აიძულებდნენ. განვითარდა ადამიანთა დამონების სხვადასხვა ფორმა და დაიწყო მონათმფლობელობის სისტემის ჩამოყალიბება.

ქონების მფლობელები მიხვდნენ, რომ მათზე დამოკიდებული, ლუკმაპურისთვის მომუშავე ადამიანების მეშვეობით შეეძლოთ კიდევ უფრო გამდიდრებულიყვნენ. ყველა ამ ურთიერთობის კულმინაცია იყო შუა საუკუნეების ფეოდალიზმი, როდესაც საზოგადოება მკაცრად იერარქიული გახდა – რამდენიმე ხელმწიფით და თავადებით საზოგადოების სათავეში და მონებითა და მსახურებით საზოგადოების ფსკერზე. ამ ეპოქაში ადამიანთა უმეტესობა, ბავშვების ჩათვლით, მონად იქცა. მთავარი, რაც ბავშვებს უნდა ესწავლათ, იყო მორჩილება, საკუთარი ნების ჩახშობა და ბატონების მიმართ პატივისცემის გამოხატვა. მეამბოხე სული და წინააღმდეგობა შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო.

შუა საუკუნეებში ბატონები და მონათმფლობელები არავითარ სინდისის ქენჯნას არ განიცდიდნენ დამორჩილების მიზნით ბავშვების ცემისას. მაგალითად, გვიანი მე-14 საუკუნის ერთ-ერთ დოკუმენტში ფრანგი გრაფი რჩევას იძლევა, რომ “დიდგვაროვანთა მონადირემ მსახურად 7 ან 8 წლის ბიჭი უნდა შეარჩიოს” და რომ “ეს ბიჭუნა იქამდე უნდა სცემონ, სანამ მფლობელის ბრძანებათა შეუსრულებლობისადმი სათანადო შიშს არ ჩაუნერგავენ”. დოკუმენტი გრძელდება შემაძრწუნებელი “წესების” ჩამონათვალით, რომლებიც ბიჭუნამ უნდა დაიცვას. აქვეა აღნიშნული, რომ ბიჭი დასაძინებლად საძაღლის თავზე უნდა მოთავსდეს, რათა ღამღამობით ძაღლების საჭიროებებზე ზრუნვა შეძლოს.

წარმოებისა და ახალი ბურჟუაზიული კლასის განვითარებასთან ერთად ფეოდალიზმის პოზიციები თანდათანობით შესუსტდა, თუმცა ამას ბავშვების უმეტესობისთვის შვება არ მოუტანია. ბიზნესის მფლობელებს, მიწათმფლობელთა მსგავსად, მუშახელი სჭირდებოდათ. სიმდიდრის დასაგროვებლად საჭირო იყო დაქირავებულის შრომიდან მინიმალური ხარჯით (ხელფასით) მაქსიმალური მოგების მიღება. ყველასთვის ცნობილია მშრომელთა ექსპლოატაციის შესახებ, რომელიც ამ წესებმა გამოიწვია და რომელიც მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრგან არსებობს. დიდი თუ პატარა კვირაში შვიდი დღე დღის უმეტეს ნაწილს პირუტყვულ შრომაში ატარებდა, მხოლოდ იმისთვის, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ.

ბავშვების შრომამ მინდვრებიდან, მზის სხივებიდან, სუფთა ჰაერიდან და თამაშისთვის მეტ-ნაკლებად გამოსადეგი პირობებიდან ბნელ, ადამიანებით გადაჭედილ, ჭუჭყიან ქარხნებში გადაინაცვლა. ინგლისში ღარიბთა ზედამხედველები ე.წ. “პაუპერების” (ქველმოქმედთა ამარა დარჩენილი ღატაკების კრებითი სახელი) ბავშვებს ქარხნებში ერეკებოდნენ, სადაც მათ მონებივით ექცეოდნენ. ქარხნებში ათასობით ბავშვი იღუპებოდა ავადმყოფობის, შიმშილისა და გადაღლილობისგან.

ინგლისში მე-19 საუკუნის ბოლომდე არ არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც ბავშვთა შრომას აკრძალავდა ან დაარეგულირებდა. მაგალითად, 1883 წელს ახალმა კანონმა აკრძალა საფეიქრო მრეწველობაში 9 წლამდე ასაკის ბავშვების დაქირავება და ლიმიტები დააწესა: კვირაში 48-საათიანი – 10-12 წლის და 69-საათიანი 13-17 წლის ბავშვებისათვის.
მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის ჩასახვიდან რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ბავშვების განათლება უმთავრესად ბავშვების ბუნებრივი ნების დათრგუნვის და მათ კარგ მუშახელად ქცევის საშუალებად იქცა. კარგ ბავშვად ითვლებოდა მორჩილი ბავშვი, რომელიც ითრგუნავდა თამაშისა და კვლევის მოთხოვნილებას და მორჩილად ასრულებდა უფროსის ბრძანებებს.

საბედნიეროდ, ასეთი განათლება არასდროს ყოფილა წარმატებული. ადამიანის ინსტინქტური ლტოლვა თამაშისა და კვლევისადმი იმდენად ძლიერი იყო, რომ მათგან ბავშვების “გათავისუფლება” ვერასდროს მოხერხდა. მაგრამ აშკარაა, რომ მთელი ამ პერიოდის განათლების ფილოსოფია წარმოადგენდა მონადირე-შემგროვებელთა ასეულობით ათასი წლის განმავლობაში შემუშავებული მსოფლმხედველობის საპიროსპირო მოვლენას.
სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომელთაგან ზოგიერთი რელიგიური, ხოლო ზოგიც სეკულარული იყო, წარმოიშვა უნივერსალური, სავალდებულო განათლების იდეა. ეს იდეა თანდათანობით თითქმის ყველგან გავრცელდა. განათლება გაგებულ იქნა როგორც ჩაგონება.

ინდუსტრიის განვითარებამ გამოიწვია მისი ავტომატიზაცია. ბავშვთა შრომის საჭიროება მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში შემცირდა. თანდათანობით ფეხი მოიკიდა აზრმა ბავშვობის, როგორც სწავლისთვის საჭირო პერიოდის შესახებ და ჩამოყალიბდა საბავშვო სკოლები როგორც ცოდნის მისაღებად განკუთვნილი ადგილები.

უნივერსალური, სავალდებულო და საჯარო განათლების იდეა და პრაქტიკა XVI-XIX საუკუნეებში თანდათანობით ვითარდება ევროპაში. ამ იდეას ბევრი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ჰყავდა, თუმცა ყველას თავისი წარმოდგენა ჰქონდა ბავშვებისთვის გადასაცემი ცოდნისა და გაკვეთილების შესახებ.

უნივერსალური განათლების იდეას დიდი სტიმული მისცა რეფორმაციამ და ევროპის ახალმა პროტესტანტულმა მოძღვრებებმა. მარტინ ლუთერი აცხადებდა, რომ სულის ხსნა დამოკიდებული იყო თითოეული ადამიანის მიერ წმინდა წერილის მისეულ წაკითხვაზე. შესაბამისად, – არამარტო ლუთერის მიხედვით, – საჭირო იყო, ყველას შესძლებოდა კითხვა. ასევე ყველას უნდა ერწმუნა, რომ ბიბლია წარმოადგენდა აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და თითოეულის ხსნა დამოკიდებული იყო წმინდა წერილში მოცემული ჭეშმარიტების გაგებაზე.

ლუთერი და რეფორმაციის სხვა ლიდერები ქადაგებდნენ განათლების როგორც ქრისტიანული მოვალეობის შესახებ, რომელიც საჭირო იყო ყველასთვის სულის გადასარჩენად. XVII საუკუნის დასასრულისათვის გერმანიას, რომელიც სკოლების სისტემის განვითარებით მსოფლიო ლიდერი იყო, თავისი სახელმწიფოების უმეტესობაში უკვე ჰქონდა კანონები, რომლებიც სავალდებულოს ხდიდა ბავშვების სკოლაში სიარულს; მაგრამ სკოლებს ლუთერანული ეკლესია განაგებდა და არა სახელმწიფო.

ამერიკაში XVII საუკუნის შუა ხანებში მასაჩუსეტსი გახდა პირველი კოლონია, რომელმაც სკოლები სავალდებულო გახადა. ამ ვალდებულების მიზანიც მკაფიოდ იყო განცხადებული – სკოლები საჭირო იყო ბავშვების კეთილ პურიტანებად (“პურიტანები”, “განწმენდილები” – ინგლისის ეკლესიიდან გამოყოფილი სეპარატისტული პროტესტანტული ჯგუფები, ამერიკის პირველი პროტესტანტი კოლონისტები) აღზრდისთვის. 1690 წლიდან მოყოლებული, მასაჩუსეტსისა და მიმდებარე კოლონიების ბავშვები სწავლობდნენ ახალი პროტესტანტული სასწავლო სახელმძღვანელოს, New England Primer/”ნიუ ინგლანდ ფრაიმერ”-ის მიხედვით, რომელსაც “ახალი ინგლისის პატარა ბიბლიაც” კი უწოდეს (ახალი ინგლისი – აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის 6 შტატის: კონეკტიკუტის, ნიუ-ჰემფშირის, როდ-აილენდის, მასაჩუსეტსის, მეინისა და ვერმონტის – კრებითი სახელწოდება, ლ.ა.).

ეს წიგნი წარმოადგენდა მოკლე ლექსების ნაკრებს, რომელიც ბავშვებს ანბანის შესწავლაში ეხმარებოდა და იწყებოდა “ანის” შესასწავლი შემდეგი ლექსით: “ადამის დაცემით ჩვენ ყველამ შევცოდეთ”, – და მთავრდებოდა “ზენით” და მისი მომყოლი ლექსით: “ზაქე ავიდა ხეზე მაცხოვრის დასანახად”. “ფრაიმერი” შეიცავდა ლოცვებს, მრწამსს და ათ მცნებას, ასევე – მაგალითებსა და გაკვეთილებს ბავშვებში ღვთისმოშიშებისა და უფროსებისადმი მოვალეობის გრძნობის გასამტკიცებლად.

დამსაქმებლები სკოლებში უკეთესი მშრომელების აღზრდის საშუალებას ხედავდნენ. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები ეხებოდა პუნქტუალობას, ბრძანებების შესრულებას, მრავალსაათიანი მოსაბეზრებელი შრომისადმი ტოლერანტულობას და წერა-კითხვის ცოდნის მინიმალურ მოთხოვნას. დამსაქმებლის (დამქირავებლის) თვალსაზრისით, რაც უფრო უინტერესო იქნებოდა სკოლაში ნასწავლი საგნები, მით უკეთესი (თუმცა ეს არავის ვალდებულება არ გახლდათ).

ერის ჩამოყალიბებისა და ცენტრალიზების ფონზე ერის ლიდერებს სასკოლო განათლება წარმოედგინათ კარგი პატრიოტებისა და მომავალი ჯარისკაცების ფორმირების გზად. მათთვის მთავრი იყო, სკოლაში ახალგაზრდებისთვის მოეთხროთ სამშობლოს დიდებაზე, ერის დამაარსებლებისა და ლიდერების მიღწევებსა და სასწაულებრივ საქციელზე, მათ ზნეობრივ ღირსებებსა და ნებისმიერი მტრისა თუ ბოროტი ძალისგან სამშობლოს დაცვის აუცილებლობაზე.
ამ ნაკრებთან ერთად უთუოდ უნდა ვახსენოთ ნამდვილი რეფორმატორებიც, რომლებიც გულწრფელად ზრუნავდნენ ბავშვებზე, რომელთა იდეებსაც დღემდე თანავუგრძნობთ. ეს ის ხალხი იყო, ვისთვისაც სკოლა წარმოადგენდა ადგილს, სადაც ბავშვები დაცულნი იქნებოდნენ ძალადობისგან და საშუალება მიეცემოდათ, მიეღოთ ის მორალური თუ ინტელექტუალური საფუძველი, რომელიც მათ ზრდასრულ ასაკში გამოადგებოდათ. თუმცა რეფორმატორებსაც ჰქონდათ თავიანთი წარმოდგენა იმის თაობაზე, რა უნდა ესწავლათ ბავშვებს სკოლაში. მათი აზრით, ბავშვებს უნდა შეესწავლათ მორალი და დისციპლინა, ლათინური ენა და მათემატიკა, რაც გონებას გაუვარჯიშებდა მათ და მკვლევარებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდა.

ყველას, ვინც ჩართული გახლდათ სკოლების დაარსებასა და განვითარებაში, ჰქონდა ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, რა უნდა შეესწავლათ ბავშვებს სკოლაში. უფრო ზუსტად, არავის სჯეროდა, რომ ბავშვებს შეეძლოთ ცოდნის მიღება ბუნებით ბოძებული საშუალებებით, თუნდაც უფრო საინტერესო და მდიდარ გარემოში. ყველა ფიქრობდა, რომ ბავშვებს ის გაკვეთილები სჭირდებოდათ, რაც ზრდასრულთათვის მიიჩნეოდა მნიშვნელოვნად. ყველა მათგანს სკოლა ჩაგონების ადგილად წარმოედგინა. ადგილად, სადაც ბავშვებისთვის უნდა ჩაენერგათ გარკვეული გზები თუ ჭეშმარიტებანი. ჩაგონების დღემდე ცნობილი ერთადერთი მეთოდია იძულებითი გამეორება და გამეორებულის დაზეპირების შემოწმება.

სასკოლო განათლების განვითარებასთან ერთად ადამიანებისთვის სწავლა ბავშვების შრომად იქცა. იძულებითმა მეთოდებმა, რომლებითაც ბავშვებს წინათ მინდვრებსა თუ ქარხნებში ამუშავებდნენ, ბუნებრივად გადაინაცვლა საკლასო ოთახებში.

გაკვეთილების გამეორება და დაზეპირება მოსაწყენი საქმეა ბავშვებისთვის. ბუნებრივი ინსტინქტები მათ თავისუფალი თამაშისა და სამყაროს დამოუკიდებლად შეცნობისკენ ექაჩება. ბავშვებს უჭირთ საკლასო ოთახთან ადაპტირება და შეჩვევა ისევე, როგორც უჭირდათ მინდვრებსა თუ ქარხნებში მუშაობის დროს. ეს უფროსთაგან არავის გაჰკვირვებია, მაგრამ იდეა, ყურადღება მიექციათ ბავშვების ნებისა თუ თავისუფლებისთვის, იმ დროს არავის ადარდებდა. ყველას მიაჩნდა, რომ საჭირო იყო, სკოლაში ბავშვებისგან ერთიანად “გამოებერტყათ” თამაშისა და თავისუფლების სურვილი და მიდრეკილება. სხვადასხვა სახის სასჯელი მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროცესის შემადგენელ ნაწილად ჩაითვალა. ზოგიერთ სკოლაში ბავშვებს ეძლეოდათ გარკვეული დრო “ორთქლის გამოსაშვებად” (დიდი შესვენება), თუმცა თამაში არასოდეს მიჩნეულა სწავლის საშუალებად. საკლასო ოთახში ის სწავლის მტრად აღიქმებოდა.

XVIII საუკუნის ბრიტანული სკოლის ხელმძღვანელთა თამაშისადმი დამოკიდებულება კარგად ჩანს ცნობილი ინგლისელი კლერიკალისა და მეთოდისტური მოძღვრების ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, ჯონ უეზლის (John Wesley) სიტყვებში: “ჩვენ არ გვაქვს სათამაშო დღეები, ისევე როგორც არ შეგვიძლია, ნებისმიერ სხვა დღეს დავუთმოთ დრო თამაშს, რადგან ის, ვინც თამაშობს ბავშვობაში, ითამაშებს მოწიფულობის ჟამსაც”.

უხეშმა, ძალადობრივი მეთოდებმა, რომლებიც მინდვრებსა და ქარხნებში ბავშვების შრომაზე კონცენტრაციის მიზნით გამოიყენებოდა, საკლასო ოთახებში გადმოინაცვლა და ახლა მათ ბავშვების სწავლებისთვის იყენებდნენ. ზოგიერთი მცირეხელფასიანი და ცუდად მომზადებული მასწავლებელი სადისტურადაც კი ექცეოდა ბავშვებს. გერმანიაში ერთი ზედმიწევნით პედანტური მასწავლებლის 51-წლიანი “მასწავლებლობის” “დასჯათა ჩანაწერების” ერთ ნაწილში ვკითხულობთ: “911,527 დარტყმა წკეპლით, 124,010 დარტყმა ხელჯოხით, 20,989 ჩატყაპუნება სახაზავით, 136, 715 ჩარტყმა ხელით, 10, 235 მირტყმა პირზე, 7,905 მუშტი ყურში, 1,118,800 ჩაფარება თავში”. ნათელია, რომ ეს მასწავლებელი ამაყობდა თავისი სწავლების წესებით.

მე-18 საუკუნის ცნობილი მასაჩუსეტსელი მღვდელი, ჯონ ბერნარდი, ავტობიოგრაფიაში თავმომწონედ აღწერს, რეგულარულად როგორ სცემდა მას ბავშვობისას სკოლის მასწავლებელი. მას სცემდნენ თამაშისადმი დაუოკებელი სწრაფვის გამო, სცემდნენ ცუდი სწავლის გამო; მაშინაც კი სცემდნენ, როდესაც მის თანაკლასელებს არ ჰქონდათ დავალება მომზადებული – რაკი გონიერი ბიჭი იყო, მასწავლებლები ავალებდნენ, გაკვეთილების მომზადებაში სხვებსაც დახმარებოდა და თუ ჯონის თანაკლასელები გაკვეთილს ვერ მოჰყვებოდნენ, სასჯელს ჯონიც იმსახურებდა… ასეთი იყო დალოცვილი ძველი დროება.

უახლოეს წარსულში სკოლის წესები შერბილდა, თუმცა ძირითადი მიდგომები არ შეცვლილა. სწავლას კვლავ ბავშვების სამუშაოდ განიხილავენ და ძალმომრეობითი მეთოდები კვლავ გამოიყენება მის დასაძალებლად.

მე-19 და მე-20 საუკუნეებში საჯარო სკოლების სისტემა ნელ-ნელა დაუახლოვდა იმას, რასაც დღეს ზოგადი სასკოლო განათლების სისტემას ვეძახით. სკოლებში უფრო ჰუმანური სადისციპლინო მეთოდები შემოიღეს (ნაკლები ფიზიკური ზემოქმედებით), გაკვეთილებსაც უფრო საერო ხასიათი მიეცა, სასწავლო პროგრამა მრავალფეროვანი გახდა (ცოდნის განვითარებასა და საგნების რაოდენობის ზრდასთან ერთად), ასევე გაიზარდა სავალდებულო სასკოლო განათლების (საათები, დღეები, წლები) პერიოდიც.

სკოლამ თანდათანობით ჩაანაცვლა ბავშვების ძირითადი სამუშაო, რომელსაც ისინი ფერმებში, ქარხნებსა და ოჯახებში ეწეოდნენ. ისევე როგორც უფროსები თავიანთ რვასაათიანი განაკვეთის მქონე სამსახურებში, ბავშვებიც ყოველდღიურად 6 საათის განმავლობაში სკოლაში იმყოფებიან, ერთ საათს ან მეტს გაკვეთილებს მომზადებას ან კლასგარეშე სწავლას უთმობენ. სასკოლო სასწავლო პროგრამების გამო დროთა განმავლობაში ბავშვების ცხოვრება ბევრად უფრო განსაზღვრული და სტრუქტურირებული გახდა. დღეს ბავშვი თითქმის ყველგან, უნივერსალურად ფასდება აკადემიური მოსწრების მიხედვით, ისევე, როგორც მოზრდილს აფასებენ მისი სამსახურის ან კარიერის შესაბამისად.

სკოლები დღეს ნაკლებად მკაცრია, ვიდრე წინათ იყო, მაგრამ სწავლების გარკვეული თავისებურებები უცვლელი რჩება: სწავლა მძიმე შრომაა; სწავლა არის ის, რაც ბავშვს აუცილებლად უნდა დააძალო და არა ის, რაც თავისთავად და ბუნებრივად ხდება, ბავშვის მიერ არჩეული აქტივობების შესაბამისად. სპეციფიკურ გაკვეთილებს, რომლებიც ბავშვებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ, პროფესიონალი განმანათლებლები განსაზღვრავენ და არა ბავშვები. განათლება, დღესაც (შესაძლოა, ყველაზე მეტადაც კი) ჩაგონების საკითხია (განმანათლებლები, როგორც წესი, ერიდებიან ამ ტერმინის გამოყენებას და მას “აღმოჩენას” ან რაიმე მსგავსს უწოდებენ).

ჭკვიანი განმანათლებლები ხანდახან იყენებენ “თამაშს” როგორც ინსტრუმენტს ბავშვების ყურადღების მისაქცევად. აძლევენ მათ თამაშის უფლებას შესვენებებზე (თუმცა ეს დრო სულ უფრო მცირდება), თუმცა ბავშვების საკუთარი თამაში, როგორც განათლების საფუძველი, კვლავ არაადეკვატურად მიიჩნევა. ბავშვებს, რომელთა მისწრაფება თამაშისადმი იმდენად ძლიერია, რომ გაკვეთილებზე წყნარად ჯდომა უჭირთ, აღარ სცემენ; სამაგიეროდ, წამლებს ასმევენ.

სკოლა დღეს ის ადგილია, სადაც ყველა ბავშვს ჩააგონებენ და ასწავლიან იმ განსხვავებას, რომელიც მონადირე-შემგროვებლებმა არ იცოდნენ – განსახვავებას თამაშსა და მუშაობას შორის. მასწავლებელი ამბობს: “ჯერ თქვენი სამუშაო უნდა შეასრულოთ, მერე კი შეგიძლიათ ითამაშოთ”. ამ წინადადებიდან ნათლად ჩანს, რომ სამუშაო, რომელიც მოიცავს მთელ სასკოლო სწავლებას, არის რაღაც ისეთი, რისი კეთებაც არავის უნდა, მაგრამ ვალდებულია, აკეთოს, ხოლო თამაში, რაც სწორედ ის არის, რის კეთებაც სურთ ბავშვებს, შედარებით ნაკლებღირებული აქტივობაა.

შესაძლოა, ეს ჩვენი დღევანდელი საკოლო განათლების მეთოდის მთავარი გაკვეთილი იყოს. თუ ბავშვები სკოლაში არაფერს ისწავლიან, ისინი ისწავლიან განსხვავებას თამაშსა და შრომას შორის და იმასაც, რომ სწავლა მუშაობაა და არა თამაში.

ამ წერილში ვცადეთ აგვეხსნა, როგორ მიგვიყვანა კაცობრიობის ისტორიამ დღევანდელ სკოლამდე. მომავალ წერილებში, განვიხილავთ არსებული სასკოლო სისტემის რეფორმირების მცდელობათა უეფექტობის მიზეზებს.
წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/200808/brief-history-education
თარგმნა ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი