შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როდესაც თქვენს ქალიშვილს საიდუმლო უჩნდება

ბავშვები ყოველთვის მოულოდნელად იზრდებიან. მოზარდ ქალიშვილს უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემა ატყდება თავს. მშობლებმა არ იციან, როგორ გაართვან თავი ამ სირთულეს.

ფსიქოლოგი ალექსანდრა სუჩკოვა გვირჩევს:
ქალიშვილს საიდუმლო გაუჩნდა. დედა შფოთავს, რადგან შვილს შორდება.
წესისამებრ, ეს თერთმეტი წლის ასაკში იწყება. ქალიშვილი ეჩვევა თავისი ოთახის კარის ჩაკეტვას, დიდხანს ზის ჩაფიქრებული და თმას აწვალებს; ყველაფერს, რაზეც მეგობრებს ესაუბრება, მშობლებს არ უყვება. დედ-მამას ეს ცვლილებები აშფოთებს: “რაღაც ხდება ამ ბავშვის თავს; მასთან კონტაქტს ვკარგავ”. ამ დროს მათში ირთვება განგაში ბავშვთან გაუცხოების გამო, ოღონდ თავად ამას ბოლომდე ვერ აცნობიერებენ და აზრადაც არ მოსდით, რომ საკუთარ თავშიც უნდა ეძებონ შექმნილი ვითარების მიზეზი.

მართლაც რთული რამ არის ასაკის ცვლით გამოწვეული შვილისა და მშობლის ეს დაშორება. ჩვენ ვშფოთავთ, გვეშინია მომავლის, ვგრძნობთ სიცარიელეს: “მერე რაღა ვქნა?” ამ დროს, წესისამებრ, დედები შვილებისგან საიდუმლოს განდობას ითხოვენ: “შვილო, ყველაფერი მიამბე, აუცილებლად გაგიგებ, ოღონდ ყველაფერი გამიზიარე”, – ბავშვი კი გაკვირვებული კითხულობს: “რას ამბობ, დედა? განა რამე ხდება?” – და ეჭვი უჩნდება: “ალბათ, არც ისე კარგი შვილი ვარ”. სწორედ ასეთი დასაწყისია შვილებსა და მშობლებს შორის მომავალი კონფლიქტის წინა პირობა.
გამოსავალი:

გონიერი დედები მშვიდად ხვდებიან ქალიშვილის ამ “საიდუმლოებს”; ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი ათქმევინონ, ამგვარად მიმართავენ ბავშვს: “თუ რამის მოყოლას საჭიროდ მიიჩნევ, იცოდე, აუცილებლად მოგისმენ”. ეს საუკეთესო ვარიანტია. კარგი იქნება, დედამ საკუთარი გამოცდილების შესახებაც უამბოს შვილს, თუნდაც ეს გამოცდილება მწარე იყოს. ეს ყველაფერი ქალიშვილს იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, რომ დედაც ცოცხალი ადამიანია და არა მხოლოდ მისი მაკონტროლებელი ორგანო. დედა ყოვლისშემძლე არსებაა მოზარდისთვის, თავად დედაც მიჩვეულია ყოვლისშემძლეობას, მაგრამ დროა, გადაეჩვიოთ, ახალი სტატუსი მოირგოთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს როგორც ქალს, სუსტ არსებას, დაფიქრდეთ იმაზე, ვინ შეგიძლიათ იყოთ ახლა თქვენი ქალიშვილისთვის, რა გსურთ და რა უნდა გადასცეთ მას.
დედას პირადი ცხოვრება არ აეწყო და არ სურს, ქალიშვილმა მისი შეცდომები გაიმეოროს.
რაც უფრო მეტად ეცდებით შვილისთვის იმის ჩანერგვას, რომ მას ყველაფერი სხვაგვარად უნდა ჰქონდეს, მით უფრო დიდია ალბათობა, ქალიშვილმა თქვენი გამოცდილება გაიმეოროს. უფრო მეტიც – პარადოქსია, მაგრამ იმავეს იწვევს შვილის ანალოგიური განწყობაც: “მე არ მინდა მომავალში დედასავით ცხოვრება”. ასეთი მოზარდების უმეტესობა თითქმის ზუსტად იმეორებს დედის ცხოვრებისეულ სცენარს, ამიტომ აქ თანაბრად სახიფათოა როგორც დედის ბრმა მიბაძვა, ისე პროტესტი.
გამოსავალი:
თუ დედას, საკუთარი წარსულისგან განსხვავებით, შვილის ბედნიერება სურს, მან უპირველესად საკუთარი თავი უნდა შეცვალოს. ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი იდეალური მამაკაცის ძებნა. საკმარისია, ყურადღება მიაქციოთ ბედნიერების შეგრძნებას, ასევე გაარკვიოთ, მართებული დამოკიდებულება გაქვთ თუ არა საკუთარი ასაკისადმი, კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს ამ ასაკში და რამდენად სრულფასოვანია თქვენი ცხოვრება.
დედა გათხოვდა. მას ახალი მამაკაცი ჰყავს, რომელთანაც გოგონას არავითარი გრძნობა არ აკავშირებს, გარდა უსაზღვრო შურისა.
შური, ეჭვიანობა და მისი თანმხლები მარტოობის განცდა წარმოიშობა მაშინ, როცა დედა აცხადებს: “მორჩა, მე შენ გაგზარდე, დროა, საკუთარ თავს თავად მიხედო”. მაგრამ სწორედ მოზარდ გოგონას სჭირდება ყველაზე მეტად დედის ყურადღება. არა იმდენად მზრუნველობა, რამდენადაც ურთიერთობა როგორც ქალთან.
გამოსავალი:
შური და ეჭვიანობა შეიძლება დასაწყისშივე ჩავახშოთ, თუ დედა ისეთი მოეპყრობა მოზარდ ქალიშვილს, როგორც პატარა ქალს. კარგი იქნება მასთან ერთად მაღაზიაში წასვლა, მაგრამ არა სურსათის, არამედ პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შესაძენად; დაათვალიერეთ მოდების ჟურნალი და შეაფასეთ ესა თუ ის ჩაცმულობა. სწორედ ეს იქნება პირველი კონტაქტი გოგონას ქალურობასთან. ამის შემდეგ ახალგამოჩენილი მამაკაცისადმი მისი დამოკიდებულება აუცილებლად შეიცვლება და ასეთ სახეს მიიღებს: “დედაჩემი წარმატებული, ლამაზი და ბედნიერი ქალია. ის მოსწონთ. მე ვამაყობ მისით”.
გოგონა საკუთარ თავში იკეტება, აცხადებს, რომ სხვებს არ ჰგავს, შეუხედავია და ტლანქი.
ეს მოზარდი ასაკისთვის დამახასიათებელი ტიპური კომპლექსია. ამ დროს ყველა პრობლემას საერთო ნიშან-თვისებები აქვს – მარტოსულობის განცდა, საკუთარი თავის მიუღებლობა.
გამოსავალი:
დედამ ქალიშვილს პირველი და ყველაზე მთავარი ქალური გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს, რომლის საკვანძო მომენტი შემდეგი დებულებაა: “შენ არ ჰგავხარ სხვებს და სწორედ ამით ხარ უნიკალური”. ამისთვის კი საჭიროა, გამოაცოცხლოთ საკუთარი შეგრძნებები და გარე სამყაროსადმი დამოკიდებულება. უპირველესად, მიიღეთ და აღიარეთ საკუთარი გარეგნობა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ მოძრაობთ და შეიგრძნობთ საკუთარ თავს. აჩვენეთ ქალიშვილს, რა არის ქალურობა. მასთან თქვენი ურთიერთობა ხომ იმ ფაზაშია შესული, როდესაც მას მთელი თქვენი ქალური “მემკვიდრეობა” უნდა გადასცეთ.
ქალიშვილმა თქვენი მოტყუება დაიწყო.
მთავარია გაარკვიოთ, რატომ იქცევა ასე – თქვენს ნერვულ სისტემას უფრთხილდება თუ თავად ეშინია რამის? სავარაუდოდ, მეორე მიზეზია, რადგან ბავშვები მხოლოდ თავდაცვის მიზნით იტყუებიან.
გამოსავალი:
იქნებ მისთვის დაწესებული შეზღუდვები შეასუსტოთ, მკაცრი მოპყრობა ალერსითა და სიყვარულით შეცვალოთ. მიიღეთ მოზარდი ისეთი, როგორიც არის თავისი მკვეთრი წახნაგებითურთ. მოთმინებით აღივსეთ და მისი ყურადღებით მოსმენა ისწავლეთ.
შეიტყვეთ, რომ გოგონა სკოლას თვითნებურად აცდენს.
ასიდან 99 შემთხვევაში ამის მიზეზი თავად სკოლაშია მოსაძიებელი. შესაძლოა, გოგონას რაიმე კონფლიქტი ჰქონდა, რომლის შესახებაც თქვენ არაფერი იცით. მაგ., რომელიმე მასწავლებელმა შეურაცხყოფა მიაყენა; ან იქნებ რომელიმე საგანი ან, საზოგადოდ, სწავლა აღარ აინტერესებს…
გამოსავალი:
ქალიშვილს უნდა აუხსნათ, რომ ის სკოლაში ცოდნის მისაღებად დადის და არა მასწავლებლის შეფასებისთვის; რომ მასწავლებლები ცოცხალი ადამიანები არიან საკუთარი წარმოდგენებითა და პრინციპებით, შეცდომებითა და სისუსტეებით, ამიტომ უფრო მარტივად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ოღონდ ქცევის საყოველთაო ნორმები არ დავარღვიოთ.
ეცადეთ გაარკვიოთ, რატომ აღარ აინტერესებს ბავშვს ესა თუ ის საგანი. იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებლის პიროვნებისადმი გამოკვეთილი ანტიპათია აქვს? თუ ასეა, უნდა ასწავლოთ მასწავლებლის პიროვნებისა და მისგან მისაღები ცოდნის ერთმანეთისგან გამიჯვნა. შეეცადეთ, უფრო მეტად გაუღვივოთ ინტერესი, საზოგადოდ, სწავლისადმი. გაუზიარეთ ბავშვობაში შეძენილი საკუთარი გამოცდილება, მოუყევით, როგორ პოულობდით გამოსავალს მსგავსი სიტუაციებიდან, როგორ ახერხებდით საინტერესოს დანახვას იმაში, რაც მოსაწყენი ჩანდა; მასთან ერთად მოძებნეთ მოცემული საგნის ფარგლებში საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტსა თუ ბიბლიოთეკაში, მეტი ყურადღებით დაეხმარეთ გაკვეთილის მომზადებაში. რაც უფრო უარესად მისდის ბავშვს საქმე სკოლაში, მით უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს მის მიმართ მშობელმა. მაგრამ გახსოვდეთ: ზედმეტად აქტიური მშობლებისა შვილებს ეშინიათ, რის გამოც მათ არასოდეს ეუბნებიან სრულ სიმართლეს.
ქალიშვილს შეყვარებული ჰყავს, მაგრამ დედას არ მოსწონს ბიჭი და ეშინია, სერიოზული ურთიერთობა ნაადრევად არ დაიწყოს, ამიტომ ყველანაირად ცდილობს მათთვის ხელის შეშლას.
ამ დროს არ შეიძლება ასეთი რამის თქმა: “მისგან შორს დაიჭირე თავი! ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება!” ჯერ ერთი, ეს მესიჯები ქვეცნობიერზე მოქმედებს და ბავშვს აპროგრამებს; მეორე – თქვენი პანიკით საპირისპირო შედეგს მიიღებთ, ქალიშვილი უფრო მეტად გაგიუცხოვდებათ. ნუ გააგზავნით მას ბებიასთან სხვა ქალაქსა თუ სოფელში მავნე გავლენისგან გასარიდებლად – ამით კონტაქტის დაკარგვაზე უარეს შედეგს მიიღებთ. ამგვარი ქმედება ნიშნავს შემდეგს: “შენ ბიწიერი გოგო ხარ”. ასეთი ქვეცნობიერი მესიჯები უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე – პასუხად მიიღებთ უარყოფილი მოზარდის აგრესიას და მის სურვილს, ყველაფერი თქვენს ჯიბრზე აკეთოს.
გამოსავალი:
მოუყევით მას ამაღლებული სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ. ერთ საღამოს, სავსებით ბუნებრივად, მისი თანდასწრებით გაიხსენეთ თქვენი (ნამდვილი ან გამოგონილი, დ.თ.) შეყვარებული, რომელთანაც იმდენად ლამაზი ურთიერთობა გქონდათ, რომ ამდენი წლის შემდეგაც კი გახსოვთ. ამით ქალიშვილს სთავაზობთ ქცევის სასურველ მოდელს, რომელიც მამაკაცის მხრივ პატივისცემას გულისხმობს. დედის წმინდათაწმინდა მოვალეობაა აგრეთვე, შეასწავლოს ქალიშვილს ქალური თავდაცვის მექანიზმები. კარგი იქნება ბავშვთა გინეკოლოგთან ერთობლივი ვიზიტი, გულახდილი საუბარი რელევანტურ საკითხებზე. ამ დროს მნიშვნელოვანია, თავი აარიდოთ უფროსი ადამიანის პოზას: “მე დედა ვარ, შენზე მეტი მიცხოვრია, შენზე უკეთ ვიცნობ ცხოვრებას და დამიჯერე!” ასეთი დამოკიდებულება მსგავს სიტუაციაში თქვენს სასარგებლოდ არ იმუშავებს.
სასარგებლო რჩევები:
რაც უფრო მეტად შეეცდებით, ჩაუნერგოთ თქვენს ქალიშვილს აზრი, რომ მას თქვენგან განსხვავებული ცხოვრება უნდა ჰქონდეს, მით უფრო დიდია ალბათობა, მან თქვენი ბედი გაიზიაროს.
დედამ აუცილებლად უნდა აგრძნობინოს შვილს, რომ ის სხვებს არ ჰგავს და სწორედ ამით არის უნიკალური.
შემაჯამებელი რჩევები მოზარდის მშობლებს:

1ნუ მიეცემით პანიკას.
2მოერიდეთ იარლიყების მიწებებას.
3აუხსენით შვილს ყველა აკრძალვის არსი.
4რაც შეიძლება ნაკლები შენიშვნა მიეცით ბავშვს.
5არ დაამციროთ – არც სიტყვით, არც გამოხედვით, არც ინტონაციით.
თარგმნა დავით თინიკაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი