ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების სიმბოლისტური ესთეტიკა

ნიკოლო მიწიშვილმა, მრავალმხრივი ნიჭის ხელოვანმა, მინიატურაშიც მოსინჯა კალამი და საკმაო წარმატებითაც. პირველ პოეტურ ნაბიჯებს ის ლექსებითა და მინიატურებით დგამდა. ცისფერყანწელთა ორდენში ის უღალატო რაინდი იყო და წმინდა პოეზიას ერთგულად მსახურებდა, სჯეროდა, რომ უკვდავების უპირველესი დაფნა ეკუთვნოდა მის უდიდებულესობა პოეზიას, რომელიც ნებისმიერ ფორმაში შეიძლებოდა განხორციელებულიყო, მათ შორის, არა მხოლოდ მხატვრულ სიტყვაში, არამედ შემოქმედთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ნიკოლო მიწიშვილს და მის მეგობრებს ქართულ მწერლობაში მინიატურის გაკვალული გზა დახვდათ. ამ მცირე ლირიკულ ჟანრს დიდი ხანია დაეპყრო ქართველთა გულები, ქართულ სიტყვასაც არ დაეშურებინა ძალ-ღონე მისი მშვენიერების წარმოსაჩენად. მინიატურის აღიარებული ოსტატები იყვნენ: ვაჟა ფშაველა, ვასილ ბარნოვი,  შიო არაგვისპირელი და სხვანი.  XX საუკუნის 10-იანი წლებიდან კი ნელ-ნელა გამოჩნდნენ  და გამოიკვეთნენ ახალი სახელები: ნიკო ლორთქიფანიძე, სანდრო ცირეკიძე, სერგო კლდიაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, დია ჩიანელი, ჯაჯუ ჯორჯიკია… მინიატურებს წერდნენ გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი. დაიწყო ქართული ლიტერატურის განახლების გასაოცარი ხანა, როდესაც ლექსთან ერთად მინიატურაც თავის სათქმელს ამბობდა და ახალი პოეტური მითოლოგიის მოდერნისტულ ტილოზე თავის ფერს ავლებდა.

ნიკოლო მიწიშვილის მინიატურები სიმბოლისტური ესთეტიკის პრინციპებითაა შექმნილი. მწერალი ქმნის პოეტურ სიმბოლოებს, რათა საკუთარი თავი და მთელი სამყარო ახალი გზით შეიმეცნოს, თუმცა მისი სტილი სადაა და გამჭვირვალე, მხატვრული სახეები ბუნდოვანებას, გაურკვევლობას კი არ ქმნიან, არამედ ეხმარებიან მკითხველს  აღწერილი საგნისა თუ მოვლენის სიმბოლურად აღქმასა და მრავალმნიშვნელოვნად გააზრებაში. ასე რომ, აუცილებელია ნიკოლო მიწიშვილის ამ მინიატურების გათვალისწინება საქართველოში ამ ჟანრის განვითარების წარმოსაჩენად, თავისებურებების გასაანალიზებლად და შესაფასებლად.

ნიკოლო მიწიშვილი კი ერთ-ერთი ჩინებული მინიატურისტია, რომელმაც ჟანრის კანონების სრული დაცვით შექმნა განსაკუთრებული პოეტური სამყარო და მისი საშუალებით თავისი სულიერი პორტრეტიც წარმოაჩინა. ზოგადად, ნიკოლო მიწიშვილის მინიატურებისთვისაც დამახასიათებელია ცხოვრების რომელიმე ფრაგმენტზე ყურადღების გამახვილება და ზედმიწევნით დეტალურად ამოწერა, თუმცა აქცენტი უფრო ამ ფრაგმენტის ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ აღქმაზეა გადატანილი. მთავარია განწყობილება, შთაბეჭდილება, რომელსაც სიცოცხლის ცალკეული წუთები ტოვებენ, ამიტომაც ხშირად ეს მინიატურები ჰგვანან ბოდლერისეულ პოეტურ პროზას – “ლექსები პროზად”. ამ მინიატურებში არის “დარღვეული ეპოქის” გამოძახილი, გაორებული სულის ტკივილი, რწმენის კრიზისი, ნიცშეანური ამბოხი და შეურიგებლობა, ბედისწერის გარდუვალობის წინაშე შიში და სასოწარკვეთილება, ოცნებათა დაუსაზღვრელობა და სიცოცხლის ხანმოკლეობა, ცხოვრების წყვდიადი და ტანჯვის აპოლოგია, ადამიანის მრავალნიღბიანობა და სიცოცხლის საზრისის აუხსნელობა, სიყვარული, ღალატი და მარტოობა. ეს კი ის თემები და განწყობილებებია, რომლებიც დამახასიათებელია საკაცობრიო უნივერსალური  კულტურული სივრცისათვის, რომელშიც ჩართულია ქართული ლიტერატურაც. “ვიკითხოთ სერვანტესი კაფკას შუქზე”, _ აცხადებს ფრანგი ლიტერატურათმცოდნე ჟერარ ჟენეტი და ამგვარ, ერთი, შეხედვით პარადოქსულ აზრს ამართლებს ჟიულ ლემეტრის  სიტყვებით, რომლებიც მას ბრუნეტიერზე უთქვამს: `წიგნის კითხვისას ის ფიქრობს ყველა წიგნზე, რაც სამყაროს შექმნიდან დაიწერა~. ამ შემთხვევაში ჩვენ ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების კითხვისას ასოციაციურად შეიძლება გაგვახსენდეს ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც დროსივრცულად თუ ათასი სხვა რამითაც ძალიან იყოს დაშორებული მისგან, მაგრამ “ყველა წიგნი წარმოადგენს ერთ მთლიან წიგნს, ხოლო თითოეული ყველას ერთად მოიცავს” (ბორხესი).

ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების Eერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ადამიანური არსის გარკვევაა პოეტური სახეებით.  ფილოსოფიურ მინიატურაში „მე ვარ ადამიანი“ მწერალი ფრაგმენტულად  თვალს გაადევნებს ადამიანის არსების სხვადასხვა “მეს”,  კითხვისას თავს აღმოვაჩენთ ნიღბების კარნავალზე, სადაც ყველა ნიღბის უკან ერთი ადამიანი იმალება, ნიღბები კი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. პირველ რიგში, ადამიანი არის მხეცი, სხვათა შორის  აკუტაგავა რიუნოსკეც წერდა, რომ ადამიანური, ზედმეტად ადამიანური არის ცხოველური, სხვა ხმამაღალ სახელებს აღარ დავიმოწმებ მსგავსი აზრის გასამართლებლად, თუმცა ნიკოლო მიწიშვილისთვის მხეცი მხოლოდ ერთი ნიღაბია, როდესაც ადამიანი ხდება ინსტინქტების მონა, ბუნების კანონთა ბრმად აღმსრულებელი, მაგრამ არის სხვა `მეც~ – მგრძნობიარე, დიდი მისწრაფებებითა და ბრწყინვალე აზრებით, სხვათა თანალმობით სავსე (ადამიანთა სხვადასხვა “მეს” ურთიერთმიმართებას იკვლევდა ფროიდიც თავისი ფსიქოანალიზით და საგულისხმო დასკვნებს აკეთებდა  მრავალგვარ კომპლექსთა ასახსნელად და დასაძლევად). ამ მინიატურაში ჩანს ერთი გამოკვეთილი ნიღაბიც თავისუფალი ადამიანისა, მაგრამ არის საბედისწერო დაკვირვებაც: “როცა ძველი კერპები ძირს ემხობიან და ძველი წესები ისტორიას ბარდება, მაშინ მე, თავისუფლების მოტრფიალე, თავისუფლების ჯალათი ვხდები და მათ, ვინც ბრძოლაში მეხმარებოდნენ, მონობაში ვაგდებ, ისევ ხუნდებს ვუყრი ფეხებში და ვცდილობ, თავისუფლების აჩრდილი ისევ არ მოელანდოთ~. 1915 წელს დაწერილი ეს სიტყვები ახლა წინასწარმეტყველებასავით გაისმის. საგულისხმოა ადამიანის კიდევ ერთი “მე” – ცივილიზაციის შემოქმედი და კულტურის მოწინააღმდეგე. ეს “მე” დღევანდელ ეპოქაში ყველაზე მეტად იკვეთება, ამ “მეს” ძალაუფლება სწყურია ნებისმიერ ფასად და ღმერთსაც უჯანყდება. ადამიანში გაღვიძებული ნიცშეანური “მე” კი ყველაზე საშიშია, რადგან ის ყველაფერს ნებადართულად მიიჩნევს. და დასკვნა: “მე ვარ ყველაფერი და მე ვარ არაობა”.  ნიღბების ლაბირინთში ხეტიალი საჭირო გახდა იმისთვის, რომ კვლავ “აღმოჩენილიყო” დავიწყებული ბიბლიური სიბრძნე: “მატლ ვარ და არა კაც” (დავითის ფსალმუნი). ამგვარი თემატიკისაა (რა თქმა უნდა, პოეტური ვარიაციებით) მინიატურათა ერთი რკალი.

ნიკოლო მიწიშვილს ტანჯვა აჰყავს ღვთაებრივ რანგში, რასაკვირველია, აქ არის ასოციაციური გადაძახილი, უპირველესად, მაცხოვრის ჯვარცმასთან და საერთოდ ბიბლიურ სიბრძნესთან და შემდეგ ლიტერატურულ ტექსტებთან, მათ შორის ყაზბეგის “ხევისბერ გოჩასთან”, სადაც მამა შვილს არიგებს: “კაცი ტანჯვისთვის არის გაჩენილი”. ვაჟა ფშაველა კი ბედნიერებას ტანჯვასთან აწყვილებდა: “მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებულიო”. ცხადია, ტანჯვაში იგულისხმება გამუდმებული ბრძოლა საკუთარ თავთან,  დაუცხრომელ სურვილებთან.

“საით მივდივართ?” _ ასე ჰქვია ერთ მინიატურას. აქაც სიცოცხლის საზრისის ძიებაა. მინიატურის მხატვრულად დახვეწილი ქსოვილი ამხელს, რომ მწერალი უსმენს სამყაროს: ვარსკვლავიდან “მომხიბლავი ჰარმონია გამოისმის”, რობაქიძეს სჯეროდა სფეროთა მუსიკის, აკაკი ტკბებოდა ვარსკვლავთა ჭიკჭიკით, ლაფორგი წერდა კოსმიურ მარშზე, რომლითაც პლანეტები “გარდაცვალებულ დედამიწას მიასვენებდნენ არარაობის სიცარიელისკენ”. მინიატურაში არის სასოწარკვეთა, რომ ადამიანები “ცხოვრების ზღვაში” მიცურავენ ბნელში და ხან ზეცისკენ ისწრაფვიან, ხან უფსკრულისკენ. აქ არის გამოძახილი ეპოქის კრიზისისაც და მარადიული  წყევლა-კრულვიანი სატკივარისაც, რომ “არ ვიცოდით სად, არ ვიცოდით, საიდან”. ასეთივე გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული გოგენის საკმაოდ ნათელ და ჭახჭახა ფერებში დახატული ცნობილი ნახატი, რომელსაც ავტორმა უწოდა: “საიდან მოვდივართ? ვინა ვართ? საით მივდივართ?~. ნახატზე ადამიანები სხვადასხვა საქმით არიან გართული, მხოლოდ ერთი ფიგურაა, მუხლებზე იდაყვდაყრდნობილი და მოფიქრალი. მხატვარმა სიმბოლურად, ალბათ, თავისი თავი დახატა. ცხოვრების ამაოება მან ერთი შეხედვით მშვიდ და “აზრიან~ ცხოვრებაში დალანდა და გაკვირვება პასუხგაუცემელი კითხვებით გამოხატა. ამ კითხვებს უტრიალებს ნიკოლო მიწიშვილის მინიატურათა ლირიკული გმირიც.

ერთ რკალში შეიძლება გავაერთიანოთ მინიატურები “წინ, სიკვდილისაკენ”, “Memento mori” და “სიცოცხლე… სიცოცხლე!” პირველ მინიატურაში სიცოცხლე გააზრებულია, როგორც სიკვდილისკენ გამუდმებული სვლა. მწერალი ადამიანს ურჩევს: “მაინც რას იჩქარი? იქ, ბოლოს, ხომ იცი, რა გელის?. “ის” ხომ იქაა გაჩერებული _ სიკვდილი! რაც მალე მიხვალ, იმდენად მალე მოგიღებს ბოლოს. მაშ, ნელა, ნელა”. ჩვენი დროის მწერალი ჯემალ ქარჩხაძეც მოსწრებულად აფრთხილებდა თავბრუდამხვევი სიჩქარის რიტმში ჩართულ ადამიანს: “რა გვეჩქარება, ღმერთი ხომ არსად გაგვექცევაო” (რომანი `განზომილება”). ეს სისწრაფე, შეუჩერებელი წინსვლა მწერალში ტრაგიკულ შეგრძნებას იწვევს. მეორე მინიატურაში `Memento mori~ რეფრენად მეორდება “გახსოვდეს სიკვდილი”.  ამ სიტყვებს თითქოს ედგარ პოსეული შავი ყორანი საბედისწეროდ დასჩხავის ადამიანს დაბადებიდან. “ვით ცივი ზამთარი ადუნებს და ანელებს ძგერას ბუნებისას, ისე ანელებს და ასუსტებს ალსა და სილამაზეს ცხოვრებისას ეს ძახილი” (ტერენტი გრანელმა 1924 წელს  ლექსების კრებული გამოსცა ამ სახელწოდებით `Memento mori”). მესამე მინიატურაში კი ავადმყოფის დღიურია წარმოჩენილი. გმირი ხედავს, როგორ იღვიძებს და ზეიმობს ბუნება გაზაფხულზე, ამ ფერხულში ადამიანებიც ერთვებიან. ტუბერკულიოზით დაავადებული ახალგაზრდაც მიემართება ტყისკენ, საიდანაც ხალხის ჟრიამული ისმის. სენი ავადმყოფს კვლავ ლოგინში აბრუნებს, მაგრამ გული არ ნებდება და ამბობს: “|სიცოცხლე მწყურია, სიცოცხლე~. ყოველივე ეს საოცარი დრამატიზმითა და ექსპრესიითაა გადმოცემული.

ფაუსტური ინტონაციები გაისმის მინიატურაში “უხილავს”. აქ დემონი გმირს გარიგებას სთავაზობს: `ყველაფერს, რასაც კი მოისურვებ, მოგცემ შენ, თუ ჩემი გზით ივლი”. ბარათაშვილის მსგავსად, მასაც აწუხებს “იდუმალი ხმა”, რომელიც ჩასჩურჩულებს მწარე სიტყვებს: “რისთვის ცოცხლობ?” მას შემდეგ, რაც `უხილავი სინათლისაგან” ვერ იღებს პასუხს, თუ რატომ გააჩინა, დემონს მიმართავს, რათა ფაუსტივით “კვლევა-ძიების” ძალა მისცეს და ფარდა ახადოს სამყაროს საიდუმლოებას.

მწერალი ცხოვრებას ადარებდა წიგნს (“სიყმაწვილე”), საიდანაც “ვერ ამოშლი მას, რაც დაწერილია”. ამ წიგნში მხოლოდ სიყმაწვილეა ჩაწერილი ნათელი ფერებით. ამიტომაც: “ნეტარ არს ის, ვინც ლამაზად დასცალა ტკბილი ფიალა სიყმაწვილისა”. მინიატურაში “პეპელა” დახატულია, თუ როგორ იფერფლება პეპელა ცეცხლში და დასმულია კითხვა: “განა, ადამიანო, შენც პეპელას არ ჰგავხარ?” და პასუხიც იქვეა: დიახ. შენ კიდეც გძულს და კიდეც გიყვარს სიკვდილი”. ადამიანი სიკვდილს, როგორც პეპელა ცეცხლს, ისე ეთამაშება, რადგან ეს “სიტკბოებასა და სიამოვნებას ანიჭებს”. სხვათა შორის, შიო არაგვისპრელს აქვს მინიატურა `პეპელა~, რომელშიც სიცივეში დამზრალი პეპელა აღმოაჩენს, რომ სჯობდა უფრო ადრე ალზე დანთქმულიყო და სინათლის შეხების `ნეტარი ჟრუანტელი~, `ნეტარი სიმწვავე~ ეგრძნო. ორივე შემთხვევაში ცეცხლთან თამაში აღიარებულია ცხოვრების გამართლებად.

ამ ცხოვრებას კი მწერალი გაიაზრებს, როგორც გამუდმებულ ნგრევა-შენებას: “ისინი ცხოვრებას ქმნიან, ათასი წლობით ნაშრომს ერთ წუთში ანადგურებენ, რომ ისევ ხელახლა დაიწყონ შრომა, ცხოვრება?!”უყვართ, იმიტომ, რომ შეიძულონ” (`ისინი ცხოვრებას ქმნიან”)

როგორც ვხედავთ, ნიკოლო მიწიშვილი ეგზისტენციალურ თემატიკას ამუშავებს. ცხოვრების აბსურდულობა და ადამიანის მიზნის გაურკვევლობა მისი მთავარი საფიქრალია. ცხოვრების ტრაგიკომიკურობა იხატება მინიატურაში “წუთები ცხოვრებისა”. აქ აღწერილია, როგორ გლოვობს დედა ახალგაზრდა ვაჟს სასაფლაოზე, გაისმის სამგლოვიარო ჰიმნი, ყველას ცრემლი სდის და იქვე პატარა ბიჭი, მამისგან საგანგებოდ გამოგზავნილი, სასაფლაოზე ბევრი ხალხი იქნებაო, წყალს ჰყიდის და კაპიკებს აგროვებს, გახარებულია, რომ ბევრია მყიდველი. მწერალი ერთდროულად კონტრასტულად ხატავს ბედშავი დედის გლოვას და შვილის სიმარჯვით აღტაცებულ მამას, რომელსაც საერთოდ არ აღელვებს უცხო ადამიანის  სატკივარი. გვახსენდება რუსთველის სიტყვები: “ღმერთმა ერთი რით აცხოვნოს, თუ მეორე არ წარწყმიდოს”.

ნიკოლო მიწიშვილი მინიატურებში ხატავდა ბედნიერების ხანმოკლეობასა და პირობითობას (“ყოველივე წარმავალია”). ერთ დროს ცნობილი და აღიარებული მწერალი საზოგადოებისგან გაირიყება და მარტოობაში (“თითქოს ცოცხლად დამარხულს დაემსგავსა”) ესალმება სიცოცხლეს. ეს ყოველივე კი ჩატეულია რამდენიმე აბზაცში. მწერალი ზუსტად გრძნობდა სიტყვის ძალასა და ენერგიას, ამიტომაც მოკლედ და სხარტად ატევდა დიდ სათქმელს მცირე, მოკვეთილ ფრაზაში.

ილიასეული მოძრაობის აპოლოგია გამოსჭვივის მინიატურაში `მთის მდინარე”. მწერალი აღტაცებულია მდინარის “მარადიული ახალგაზრდობით”: “მიყვარხარ იმიტომ, რომ შენი სული ვერ შეგუებია მყუდროებას”. ტრადიციასთან გადაძახილით მწერალი ხაზს უსვამს დროთა კავშირის დაურღვევლობას, ადამიანის განუყოფლობას თავისი წარსულისა თუ წინაპრებისაგან.

სიტყვის, გამოთქმის უძლურებაა წარმოჩენილი მინიატურაში `მდუმარება~: “დაკარგულად ჩასთვალე შენი დღენი, როდესაც მდუმარებას არ მოუცავს ბაგენი შენნი, მდუმარებით არ გისაუბრია შენს სულთან” (“დუმილიც მიითვალენ შენდამი ლოცვად” _ ბარათაშვილი; “დუმილი ოქროა რჩეული” _ ბიბლია…)

მწერალი მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტი რწმენა ადამიანთა ურთიერთმიტევებასა და სინანულში მჟღავნდება. ჯვარცმული ქრისტე მხოლოდ მაშინ აღსდგება ჭეშმარიტად, როცა ადამიანი სისხლს აღარ დაღვრის, არ დაჩაგრავს სუსტს” (`სიზმარი”). მინიატურაში “მელანქოლია” ერთი ლამაზი ლეგენდაა კვიპაროსზე. `როგორი სწორი და შნოიანია კვიპაროსის ხეები. ამბობენ, კვიპაროსის ხე წმინდა კაცის გულზე ამოვიდა პირველად და როგორც განსვენებული იყო მართალი და სწორი ცხოვრებაში, მის საფლავზე ამოსული ხეც სწორად გაიზარდა და ეს თვისება ყველა კვიპაროსის ხეს გადაეცაო”. ამ მინიატურაში ადამიანთა გაუცხოებაა წარმოჩენილი. მწერალი წუხს, რომ ყველა დაფარული აზრით ლაპარაკობს… არც ერთი იმას არ ამბობს, რაც გულში აქვს”, ამიტომაც მელანქოლია, იგივე სპლინი აწუხებთ და გამოსავალი ვერ უპოვიათ.

ბოდლერს აქვს ერთი მინიატურა, რომელშიც ცხოვრება საავადმყოფოსთან არის შედარებული, `სადაც ყოველი ავადმყოფი საწოლის გამოცვლის ჟინითაა შეპყრობილი. ერთს ურჩევნია, ღუმელის გვერდით იტანჯოს, მეორე ფიქრობს, რომ ფანჯარასთან გამოჯანსაღდება”. მინიატურის გმირი სულს სხვადასხვა ადგილას გადასახლებას სთავაზობს და წარმოსახვით ხან რას უხატავს, ხან რას. `ბოლოს და ბოლოს ჩემმა სულმა სძლია საკუთარ გაოგნებას და სავსებით გონიერად მიპასუხა: “საითაც გსურს! საითაც გნებავს, ოღონდ გავეცალოთ ამ სამყაროს!” მსგავსი ინტონაციები გაისმის ნიკოლო მიწიშვილის მინიატურებშიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასაც აწუხებდა დროში არსებობის ტკივილი და მარადისობას მიესწრაფვოდა.

მინიატურა “რეა” ლირიკული აღსარებაა. რეა ჰგავს ედგარ პოს გაიდეალებულ ქალებს, რომელთაც ასეთივე  მშვენიერი სახელები ერქვათ: ლიგეა, ელეონორა, მორელა… რეა რეალურ-მისტიკური სახეა მშვენიერი, მიუწვდომელი ქალისა, რომელიც სიზმარ-ცხადში ხვდება ლირიკულ გმირს  და რომელიც სიკვდილის წინ უტოვებს ანდერძს, რომ არ დაივიწყოს.

რეა ბერძნული მითოლოგიის ღმერთქალია, კრონოსის მეუღლე და ზევსის დედა, მიუხედავად ამისა, მინიატურას არა აქვს მითოლოგიური საფანელი. ვფიქრობთ, აქ მთავარია ქალის ულამაზესი სახელის მუსიკალური ჟღერადობა, რომელიც იდუმალების ბურუსში ხვევს ამ სახელის პატრონს. ეს მინიატურა ედგარ პოს “ყორანსაც” გვაგონებს. აქაც გლოვობს გმირი დაკარგულ სატრფოს და აქაც გაისმის სასტიკი `ნევერმორე~. რეა სიმბოლოა მარადქალურობისა, სამყაროს გადამრჩენი მშვენიერებისა.

ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების ენა სადაა, რეალობასა და წარმოსახვას შორის მოქანავე. პოლ ვალერი წერის მისეულ მანერას ასე შეაფასებდა: “როცა სტილი მშვენიერია, ფრაზა მკაფიოდ იკვეთება, მიზანი ცხადი ხდება _ ყველაფერი სულიერდება”. ამ მინიატურების სული მკითხველს კიდევ ერთხელ დააფიქრებს ამაოებაზე და მშვენიერებასაც აზიარებს. ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების საერთო სულისკვეთება მაინც  სიცოცხლისკენ სწრაფვაა ნებისმიერ ფასად, რაღაც საოცარი ჟინითა და თავდავიწყებით, თუნდაც ტანჯვის, გამუდმებული მსხვერპლშეწირვის გზით. “გახსოვდეს სიცოცხლე” _ აი, ეს სიტყვები ჩაგვესმის ტკივილით დაქანცული მისი სულის კვნესიდან. ნიკოლო მიწიშვილის მინიატურების წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა სახელწოდებით „სამარადისო ზღაპარი“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი