პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მარიონეტების ფაბრიკა. სკოლის მასწავლებლის აღსარება (მეოთხე ნაწილი)

განვაგრძობთ საუბარს ჯონ ტეილორ გატოს წიგნზე, რომელიც კრიტიკულად განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების საჯარო განათლების სისტემის პრობლემებს.
დღეს, ჩვენი განათლების რეფორმის მიერ განვლილი გზის შეფასებისას, ზოგჯერ იმედგაცრუება გვეუფლება – რატომ ვერ მოგვიხერხებია უკვე მე-10 წელია, მივაღწიოთ არსებით ცვლილებებს ჩვენს სკოლებში?
ეს არ არის გარდაუვალი. აქ არაფერია ისეთი, შეცვლა შეუძლებელი რომ იყოს. ჩვენი არჩევანია, როგორ აღვზარდოთ ახალგაზრდობა – საამისოს ერთადერთი სწორი გზა არ არსებობს. თუ შევძელით ილუზიის ამ პირამიდის დანგრევა, ამას თვალნათლივ დავინახავთ. 
ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო კონკურენცია არამც და არამც არ წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საფრთხეს, თუმცა ამის დაჯერება, როცა მასობრივი საინფორმაციო საშუალებები განუწყვეტლივ ამტკიცებენ საპირისპიროს, ძალიან ძნელია.
გლობალურ ეკონომიკას არაფერი ესაქმება კონკრეტული ადამიანების მოთხოვნილებებთან, შეასრულონ მათთვის მნიშვნელოვანი სამუშაო, მიიღონ განათლება, დროული სამედიცინო მომსახურება, იცხოვრონ სუფთა გარემოში პატიოსანი და ანგარიშვალდებული ხელისუფლების მმართველობის ქვეშ, სოციალური და კულტურული აღორძინების ან ელემენტარული სამართლიანობის პირობებში. გლობალური მისწრაფებები ეფუძნება კარგი ცხოვრების ისეთ განსაზღვრებას, რომელიც შორსაა ნორმალური ადამიანური რეალობისგან, ამიტომ ის უბრალოდ ვერ იქნება სწორი და ალტერნატივის შემთხვევაში ადამიანები აუცილებლად დამეთანხმებოდნენ. ალტერნატივას კი უთუოდ დავინახავდით, რომ დავბრუნებოდით ფილოსოფიას, რომელიც აზრს ეძებს იქ, სადაც ეს აზრი იმალება – ოჯახში, მეგობრებში, ბუნებაში, წელიწადის დროთა ცვლაში, უბრალო ცერემონიალებსა და რიტუალებში, ცნობისმოყვარეობაში, გულუხვობაში, თანაგრძნობასა და ურთიერთდახმარებაში, წესიერებასა და დამოუკიდებლობაში, პირად სივრცეში, უფასო და იაფ ნივთებში, რომლებზეც შენდება ნამდვილი ოჯახი, მეგობრული ურთიერთობა, ადამიანთა რეალური თანამეგობრობა. ჩვენ ვიქნებოდით იმდენად თვითკმარი, რომ აღარ დაგვჭირდებოდა ის მატერიალური კეთილდღეობა, რომლის გამოც, როგორც გლობალური “ექსპერტები” გვარწმუნებენ, გამუდმებით უნდა ვშფოთავდეთ.

როგორ წარმოიშვა ეს საშინელი სასკოლო სისტემა?

ყურადღებით გადაავლეთ თვალი სასკოლო ციკლის შვიდ საგანს: უსისტემობა, სეპარაცია, გულგრილობა, ემოციური და ინტელექტუალური დამოკიდებულება, თვითშეფასების დამოკიდებულება სხვათა აზრზე, სრული კონტროლი – ეს ყველაფერი მიმართულია ისეთი ადამიანების აღზრდისკენ, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციის საშუალება და რომლებიც მუდამ საზოგადოების დაბალ ფენად დრჩებიან. დროთა განმავლობაში ასეთი აღზრდა გასცდა თავის პირველად მიზანს – ეკონტროლებინათ ღარიბები. სასკოლო ბიუროკრატიის ზრდამ იქამდე მიგვიყვანა, რომ მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ მოსახლეობის საშუალო ფენის შვილებიც.
იმ შვიდი საგნის გათვალისწინებით, რომლებსაც ყოველდღე ვასწავლი, გასაკვირი არ არის, რომ ნაციონალურ კრიზისს განვიცდით, ოღონდ ამ კრიზისის ხასიათი საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რასაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ. ახალგაზრდობა გულგრილია უფროსების სამყაროსა და მომავლისადმი, გულგრილია პრაქტიკულად ყველაფრისადმი, გარდა გართობისა და ძალადობისა. მდიდრებს თუ ღარიბებს, ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლეებს არ შესწევთ დიდხანს ერთ საგანზე ყურადღების კონცენტრირების უნარი. ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ წარსულსა და მომავალზე. ეჭვით უყურებენ ახლო, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს, რაც გასაგებიცაა, რადგან აკლიათ მშობლების ყურადღება. მათ ეშინიათ მარტოობის, არიან სასტიკები, პრაგმატულები, პასიურები, აგრესიულები, დამოკიდებულები და შიშით ძრწიან გაურკვევლობის წინაშე.
სკოლა ავითარებს ბავშვობისთვის დამახასიათებელ ნეგატიურ გამოვლინებებს და გროტესკამდე დაჰყავს ისინი. არადეკლარირებული, მაგრამ რეალურად არსებული განათლების სისტემის მიზნები ეწინააღმდეგება პიროვნების ეფექტურ განვითარებას. მართლაც, რომ არა ჩვენი ბავშვებისთვის დამახასიათებელი შიშების, ეგოიზმისა და გამოუცდელობის ექსპლოატაცია, სკოლები საერთოდ ვერ იარსებებდნენ და ვერც მე ვიქნებოდი დიპლომირებული მასწავლებელი. ნებისმიერი სკოლა, რომელიც გარისკავს, ასწავლოს მოსწავლეებს კრიტიკულად აზროვნება (მაგ., დიალექტიკა, ევრისტიკა) და სხვა გონების განმათავისუფლებელი ხერხები, მყისიერად განადგურდება. ჩვენს საზოგადოებაში სკოლამ შეცვალა ეკლესია და, როგორც ეკლესია, ისიც ითხოვს, მისი სწავლება აღიქმებოდეს რწმენად.
დადგა დრო ვაღიაროთ, რომ სავალდებულო სასკოლო განათლება ბავშვებზე დამანგრეველად მოქმედებს. ვერავინ გადაურჩება შვიდსაგნიან სასწავლო გეგმას უდანაკარგოდ. თვით მასწავლებლებიც კი. ეს მეთოდი თავისი არსით ანტისაგანმანათლებლოა. მისი გამოსწორება შეუძლებელია. ეგებ ირონიულადაც კი ჟღერდეს – სასკოლო სისტემის კარდინალური რესტრუქტურიზაცია გაცილებით ნაკლებ სახსარს მოითხოვს, ვიდრე იხარჯება დღეს, მაგრამ გავლენიან და დაინტერესებულ წრეებში ამას უბრალოდ ვერ დაუშვებენ. აუცილებელია იმის გაგება, რომ სასკოლო განათლების სისტემა – ეს, უპირველესად, ბიზნესია, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა დასაქმებას. ჩვენ თავს უფლებას ვერ მივცემთ, შევამციროთ სასკოლო სისტემის გაქანება, თუნდაც ის ხელს უწყობდეს ბავშვების უკეთ განვითარებას. სახელმწიფო სასკოლო სისტემის რკინის კანონი ის გახლავთ, რომ იგი ბიზნესია, მდგომი რაციონალური კონკურენციისა და ნორმალური ანგარიშგების და ანგარიშსწორების ჩარჩოების მიღმა.

ამ პრობლემის მოგვარების გზა უნდა ვეძებოთ თავისუფალ კონკურენციაში, რომელსაც შექმნიან მრავალრიცხოვანი პატარა კერძო სკოლები – ოჯახური, მეწარმეთა, რელიგიური, სოფლისა, პროფესიული და ა. შ. ვგულისხმობ საგანმანათლებლო მომსახურების ისეთ ბაზარს, სადაც სტუდენტი თვითონ ირჩევს სწავლის მისთვის ყველაზე ხელსაყრელ ფორმას, თუნდაც ეს თვითგანათლებას გულისხმობდეს (მთარგმნელის შენიშვნა: აქ არ შემიძლია არ გავიხსენო 2003 წლიდან ჩვენს ქვეყანაში კერძო სკოლების მიმართ წარმოებული მტრული პოლიტიკა, რაც გამოიხატა მცდელობით, მოექციათ ისინი საჯარო სკოლების სტანდარტებში, დაეკარგათ მათთვის ინდივიდუალური სახე. ასევე გადასახედია ავტორიზაციის პროცესი და კრიტერიუმები, რომლებიც კერძო სკოლებზე ფინანსური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა).
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მასწავლებლობაში გავატარე, ამიტომ მივედი დასკვნამდე, რომ სასკოლო განათლების ერთადერთ შინაარსს წარმოადგენს მასობრივი სწავლების მეთოდი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგია უმთავრესად იმის ბრალია, რომ სასკოლის სისტემა ყოველ ღონეს ხმარობს, რათა ბავშვებმა ვერ მოიცალონ საკუთარი თავის შესაცნობად, ნაკლები ხანი გაატარონ თავიანთ ოჯახებში, სადაც შეიძლება მიიღონ ცხოვრებისთვის აუცილებელი სტიმულები, ისწავლონ შეუპოვრობა, თავდაჯერება, გამბედაობა, ღირსება, სიყვარული და სხვების დახმარება, ანუ მიიღონ ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითადი გაკვეთილები.
რამდენიმე ათეული წლის წინ ბავშვს ჯერ კიდევ რჩებოდა დრო გაკვეთილების შემდეგ ამ ცხოვრებისეული ცოდნის შესაძენად, მაგრამ ტელევიზიამ და კომპიუტერმა, მათთან ერთად კი სტრესმა, რომელიც დამახასიათებელია ოჯახებისთვის, სადაც ორივე მშობელი მუშაობს ან სულაც არასრულია, ეს დროც „შეჭამა”. ჩვენს ბავშვებს თითქმის აღარ გააჩნიათ თავისუფალი დრო, რომელიც აუცილებელია სრულყოფილი ადამიანის განვითარებისთვის, სოციალურ ჭრილში კი ნაყოფიერი ნიადაგის ნაცვლად გადამწვარი უდაბნო ერგოთ.
ჩვენს კულტურას გამალებით უახლოვდება მომავალი, რომელიც მოითხოვს, აღვიქვათ არამატერიალური ცოდნის სიბრძნე; მომავალი, რომელიც გადარჩენის საფასურად მოგვთხოვს, დავადგეთ ბუნებრივი განვითარების გზას მატერიალური დანახარჯების შემცირების გზით. დღევანდელ სკოლაში ამის სწავლა შეუძლებელია. იგი წარმოადგენს თორმეტწლიან სასჯელს, სადაც მხოლოდ ცუდ ჩვევებს თუ შეიძენ. მე ვასწავლი სკოლაში და ამისთვის ჯილდოებსაც ვიღებ!
ამით სრულდება ჯონ გატოს წიგნის პირველი ნაწილი. ამერიკული საჯარო განათლების სისტემის კრიტიკული ანალიზის შემდეგ ინტერესმოკლებული არ იქნება, გავეცნოთ ამ ქვეყნის ყველაზე ღირესეული პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის, წერილს საკუთარი შვილის სკოლის მასწავლებლისადმი. საინტერესოა, რამდენად ემთხვევა ჩვენი, დღევანდელი მშობლების მოლოდინები საუკუნის წინ გაცხადებულ მშობლის მოლოდინებს.

აბრაამ ლინკოლნის წერილი მასწავლებელს

(https://wiki.answers.com/Q/Abraham_Lincoln's_letter_to_his_son's_headmaster)
ჩემი შვილი დღეს სკოლაში მიდის.
ერთხანს მისთვის ყველაფერი ახალი და უცნაური იქნება. იმედი მაქვს, მას სათუთად მოეპყრობით.
ჩემი შვილისთვის ეს იქნება თავგადასავალი, რომელიც მას სამყაროში ამოგზაურებს. ყოველი თავგადასავალი გულისხმობს ომს, ტრაგედიასა და ტკივილს. ცხოვრების გზის გასავლელად მნიშვნელოვანია რწმენა, სიყვარული და მხნეობა.
ასე რომ, ძვირფასო მასწავლებელო, გთხოვთ, ჩაჰკიდოთ მას ხელი და ასწავლოთ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს. ასწავლეთ! მაგრამ, თუ შეიძლება, სათუთად.
ასწავლეთ მას,რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია.
მან აუცილებლად უნდა გაიგოს,რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, ყოველი ადამიანი არ არის მართალი.
თუმცა, ასევე მსურს იცოდეს, რომ ყოველი არამზადის საპირწონედ გმირიც არსებობს.
ყოველი უღირსი პოლიტიკოსის წილ მოიძებნება ღირსეული ლიდერი.

ასწავლეთ, თუ შეძლებთ, რომ საკუთარი ოფლით გამომუშავებულ 10 ცენტს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე შემთხვევით ნაპოვნ დოლარს.

ასწავლეთ, რომ ჯობს, სკოლაში მარცხი განიცადოს, ვიდრე იცრუოს ან გადაიწეროს.
ასწავლეთ, რა ღირსეული შეიძლება იყოს დამარცხება და უთხარით, რომ ისიამოვნოს გამარჯვებით.
ასწავლეთ თანაგრძნობა და ამავე დროს – უხეშობა უხეშ ადამიანებთან.
გაათავისუფლეთ შურისგან და, თუ შეძლებთ, ასწავლეთ გულწრფელი ღიმილი.
თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ, გაიცინოს მოწყენილობის ჟამს და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არ არის.
ასწავლეთ, რომ დამარცხებაში შეიძლება იყოს დიდება და სასოწარკვეთილება – წარმატებაში.
ასწავლეთ, დასცინოს ცინიკოსებს.
დაანახვეთ, გეთაყვა, წიგნების სასწაული, მაგრამ დაუტოვეთ დრო ცაში მფრინავი ფრინველების, მზეზე მოფუსფუსე ფუტკრების, მწვანე მდელოებზე აყვავებული ყვავილების სასწაულზე საფიქრალადაც.
ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, მაშინაც კი, როცა სხვები არ ეთანხმებიან.
ეცადეთ, შესძინოთ მას სიმტკიცე და ნებისყოფა, არ გაჰყვეს ბრბოს, როცა ყველა მის გარშემო ამას აკეთებს.
ასწავლეთ თითოეული ადამიანის მოსმენა და, ამასთან, კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
ასწავლეთ, როგორ გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები რაც შეიძლება ძვირად, მაგრამ ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.
მიეცით საშუალება, გამოიჩინოს გამბედაობა და არ მოითმინოს; მიეცით საშუალება, მოითმინოს, რომ გახდეს გამბედავი.
უთხარით, სწამდეს საკუთარი თავის, რადგან ამით ღმერთისა და ადამიანის რწმენასაც შეინარჩუნებს.
ეგებ დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეცადეთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ.
ჩემი შვილი ხომ ასეთი მშვენიერი პატარა ბიჭია!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი