კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

პროფესიონალებს შორის გამორჩევა – პასუხისმგებლობაა!

გიორგი ჭაუჭიძე – არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართულის მასწავლებელი

მარნეულის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე, 2019 წლის საუკეთესო მასწავლებელია. მან ეს წოდება ქვეყნის 127 მასწავლებელს შორის გამართული კონკურსის ფინალურ ეტაპზე დაიმსახურა, როდესაც ჟიურიმ ათეულიდან გამოარჩია და ამით საუკეთესო მასწავლებლის გლობალური ჯილდოსკენ გაუხსნა გზა. ქვეყნის საუკეთესო მასწავლებელი წელს მესამედ დავასახელეთ, პირველად კი პედაგოგი, რომელიც ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეებს ასწავლის ქართულს, უყვება საქართველოს ისტორიაზე და, შეიძლება, იმაზე დიდ საქმესაც აკეთებს, ვიდრე ამ წინადადებიდან ჩანს. გიორგი ჭაუჭიძეს არაქართულენოვანი მოსწავლეების განათლების საკუთარი მიდგომები და, რაც მთავარია, მათ მომავალში ქართული ენის მნიშვნელობაც აქვს გააზრებული.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაარსების ინიციატორია კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველო“, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. კონკურსს მხარს უჭერს საქართველოს განათლების სამინისტრო და არაერთი კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაცია. მათ შორისაა, გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, რომელიც დიდი ხანია, განათლების მიმართულებით მუშაობს.

ზურა კერვალიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი: „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ძირითადი მიმართულება განათლებაა. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, დავაფინანსოთ ისეთი პროექტები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და სისტემურ ცვლილებებსაც განაპირობებს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციასა და პრესტიჟის ამაღლებას ემსახურება, რაც პირდაპირ პაწსუხობს ჩვენს საქმიანობას და, შესაბამისად, პარტნიორობასაც განაპირობებს.

გვინდა, ამ პროფესიის წარმომადგენლები საზოგადოებამ უკეთესად გაიცნოს, მოისმინოს მათი იდეები და დააფასონ, რადგან მათი ნაწილი ნამდვილად ნოვატორია და მოსწავლეების ცნობიერებასა და, ზოგჯერ, ცხოვრებასაც, უკეთესობისკენ ცვლიან. არადა, იყო დრო, როდესაც ეს პროფესია ბერდებოდა, სკოლებში ახალი თაობა აღარ მოდიოდა, რაც ამ ინსტიტუტის რეგრესს განაპირობებდა. ამიტომ აუცილებლად მივიჩნიეთ, ამ მიმართულებით მეტი გვემუშავა. გვინდა, ეს კონკურსი და ჩვენი თანადგომა მასწავლებელთათვის ერთგვარ მოტივატორად იქცეს და მათი თვითგანვითარება და სწავლების დონის ამაღლებაც მოჰყვეს. სწორედ სკოლაში სწავლის დონის გაუმჯებესება იყო ჩვენი მთავარი მიზანი და  ვხედავთ, რომ შედეგს ნელ-ნელა ვუახლოვდებით.

ჩვენს ფონდს უკვე აქვს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ ათეულთან მუშაობის გამოცდილება და, ამ მიმართულებით, თანამშრომლობის გაგრძელებასაც ვგეგმავთ. ამჟამად ათეულთა კლუბი უკვე 30 მასწავლებელს აერთიანებს. გვინდა, მათ ხელი შევუწყოთ საკუთარი იდეების განვითარებასა და სხვებისთვის გაზიარებაში, რათა, ამ გზით, სკოლაში სწავლის ხარისხი უფრო მაღალი, მრავალფეროვანი და თანამედროვე გახდეს. ჩვენთვის ამ კლუბის წევრი ყველა მასწავლებელი და მათი იდეა საინტერესოა.“

 

პროექტის შესახებ გვესაუბრება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის იდეის ავტორი და განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდონარე, ირინა ხანთაძე:

– წელს მესამედ გამოვავლინეთ წლის საუკეთესო მასწავლებლების ათეული და მათ შორის საუკეთესოც დავასახელეთ. მოკლედ შეაფასეთ ამ სამი წლის განმავლობაში მიღებული შედეგები.

– თამამად ვიტყვი, რომ ჯილდომ უკვე მყარად დაიმკვიდრა ადგილი საზოგადოებაში. შევძელით და უკეთესი განათლებისა და მასწავლებლის მხარდაჭერის იდეის ირგვლივ ბევრი ფაქტორი გავაერთიანეთ. ისიც საინტერესოა, რომ ამ საქმეს ერთად აკეთებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აქტივისტები, ფილანტროპები, სახელმწიფო ორგანიზაციები, ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეებიც. ეს თანამშრომლობისა და სოლიდარობის ძალიან კარგი მაგალითია.

რაც მთავარია, მუხტი იმატებს და კამპანიას ყოველწლიურად ახალი მხარდამჭერები უერთდებიან. წელს ჯილდოს პარტნიორი გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელთან ერთადაც არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ და დიდი გეგმებიც გვაქვს. შემოგვიერთდა ოთხი კერძო სკოლაც. ვფიქრობ, მათი მხრიდან, ეს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. განსაკუთრებით აღვნიშნავ ასობით მოქალაქეს, რომლებიც ჯილდოს შემომწირველები გახდნენ. ჩვენი პირველადი მიზანია, მოვიზიდოთ მეტი ორგანიზაცია, ადამიანები და მათი დახმარებით ხელი შევუწყოთ კამპანიის მიზნების გავრცელებას. ვფიქრობ, ამ მხრივ, წინსვლა უდავოდ გვაქვს.

აუცილებლად ხაზგასასმელია ლადო აფხაზავას მიღწევა მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე, რადგან ეს ჩვენი კამპანიის წარმატებაცაა. ვფიქრობ, ლადოს ამბავი იმედის, სიამაყის, თვითრწმენისა და შთაგონების მომტანი ბევრისთვის იყო. გვიხარია, რომ ამ ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რაც ასევე დაგვეხმარა, საზოგადოებისთვის მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობა შეგვეხსენებინა.

ამ სამ წელიწადში ნამდვილად მოვახერხეთ მასწავლებლის პროფესიის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაღვივება. სწორედ ამ მიღწევებზე უნდა დავაშენოთ შემდეგი ძალისხმევა და ასე მივიღოთ სასურველი შედეგი. ამის ერთ-ერთი გამოვლინება ის იქნება, რომ სკოლაში ახალგაზრდა, ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანები მოვიდნენ. შემდეგი წლის კამპანიის მთავარი გზავნილი „გახდი მასწავლებელი და შექმენი მომავალი“ სწორედ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. კამპანიის ფარგლებში ბევრს ვისაუბრებთ, თუ რატომ შეიძლება აირჩიოს ადამიანმა მასწავლებლის პროფესია.

როგორია კონკურსისადმი თავად მასწავლებლების დამოკიდებულება? რამდენად არიან ჩართული პროცესში? რამდენად იაზრებენ, რომ მსგავსი ინიციატივები მათივე პროფესიული ზრდის წინაპირობაა?

– ვფიქრობთ, მასწავლებელთა უმეტესობა დადებითად აფასებს ჯილდოს ინიციატივასა და მიმდინარე კამპანიას, რასაც მასწავლებელთა გამოხმაურებებშიც ვხედავთ. ყოველი კამპანიის დასრულების შემდეგ ვატარებთ მცირე გამოკითხვას, რადგან მასწავლებელთა უკუკავშირი კამპანიის განვითარებაში გვეხმარება. მომდევნო წელს უფრო მასშტაბურ კვლევას ვგეგმავთ, რაც, ერთი მხრივ, საშუალებას მოგვცემს უკეთესად შევაფასოთ კამპანიის გავლენა, მოვუსმინოთ მასწავლებლებს და მიღებული ინფორმაცია ჯილდოს შემდგომი განვითარებისთვის გამოვიყენოთ.

ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ათეულთა კლუბია. კლუბის მეშვეობით, სხვადასხვა წლების საუკეთესო მასწავლებლები, უკვე არაერთ ინიციატივაში არიან ჩართული, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და, ზოგადად, უკეთეს განათლებას ემსახურება. ათეულთა კლუბი აქტიურობს ჯილდოს კონკურსის პოპულარიზაციის მხრივაც. კლუბის წევრები, მოხალისეობრივად, არაერთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას ატარებენ საქართველოს  ქალაქებსა და სოფლებში. მათი დახმარების გარეშე კარგი კომუნიკაციის წარმოება და მასწავლებლებთან დაახლოება გაგვიჭირდებოდა. ვისარგებლებ შემთხვევით და მათ კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას მხარდაჭერისთვის.

თუ შეგვიძლია გრძელვადიანი პროგნოზი გავაკეთოთ: როგორ შედეგამდე მივალთ ათი წლის თავზე? რამდენად შეცვლის სკოლებში სწავლის დონეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი?

როგორც აღვნიშნე, ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა. ამ მიზნის მიღწევა ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, განათლების პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ჩვენი კამპანია ეცდება, გახდეს შთაგონების წყარო ბევრი მოტივირებული და ენთუზიასტი ახალგაზრდისთვის და ასე შეიტანოს წვლილი ამ მიმართულებით.

იმავდროულად, გვსურს, ხელი შევუწყოთ ისეთი ფასეულობების განმტკიცებას, როგორებიცაა შედეგზე ორიენტაცია და თანამშრომლობა, უწყვეტი გაუმჯობესება და სწავლება, ემპათია და სოლიდარობა. ვფიქრობ, ჩვენი სკოლა და მასწავლებელთა ერთობა ამ რწმენებზე უნდა იყოს დაფუძნებული. გვწამს, რომ სადაც ასეთი მიდგომაა, იქ სწავლის ხარისხიც უდავოდ მაღალი იქნება. კულტურული გარდაქმნის ამბიციური ხედვის რეალიზაცია მხოლოდ მასწავლებელთა აქტიური მონაწილეობითაა  შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში, ათი წელი კარგი დროა, რომ ხელშესახები ნაყოფი მივიღოთ.

 

რას გვიყვება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული, გიორგი ჭაუჭიძე:

წლის საუკეთესო მასწავლებელი გახდით. ეს სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. როგორი განცდა გაქვთ და ხართ თუ არა მზად ამ წოდების სატარებლად?

– სიხარულიცაა და პასუხისმგებლობაც, თუმცა პირველწამიერი რეაქცია, რომელიც მანანა კაპეტივაძის მიერ ჩემი სახელისა და გვარის გამოცხადებისას დამეუფლა, იყო გარინდება. შემდეგ იყო ერთგვარი უხერხულობის განცდა ჩემი ფინალისტი კოლეგების მიმართ – ისინი ხომ მართლაც საუკეთესო პროფესიონალები არიან… მერე სიხარულიც გაცნობიერდა და სიამოვნებაც – მოგეხსენებათ, აღიარება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო განცდაა ადამიანურ განცდებს შორის. პასუხისმგებლობა კი თანდათან მოდის, მძაფრდება და მძაფრდება. რაც შეეხება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წოდებისთვის მზადყოფნას, გარკვეული მზაობა, ალბათ, მქონდა, რასაც ახლა უფრო ვხვეწ. ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ ეს მზაობა იმაზე რთული მდგომარეობაა, ვიდრე კლასში გაკვეთილის ჩატარება.

ნიშანდობლივია  ჩემთვის ერთ-ერთი პატივსაცემი პიროვნების კომენტარიც ჩემი გამარჯვების შემდეგ: გამიხარდა, რომ გიორგიმ სათანადო მზაობა გამოავლინა ჯილდოს მიღებისასო. მეც გამიხარდა ამის აღნიშვნა და ვეცდები, ამ წოდების ღირსეულად სატარებლად მეტი გავაკეთო.

კონკურსთან დაკავშირებულ ერთ საინტერესო მომენტსაც აღვნიშნავ: ჩემი კოლეგა-მეგობრებიდან სამ საუკეთესო პროფესიონალს გამოვარჩევდი, რომლებიც ძალიან კარგად მიცნობენ მეც და ჩემს პროფესიულ საქმიანობასაც. ესენი არიან: ნინო ჭანკვეტაძე, ნონა არევაძე-კოტორაშვილი და თამარ ჭანტურია. ისინი სულ სხვა ფინალისტებს ქომაგობდნენ. კერძოდ, ნინო ჭანკვეტაძეს მიაჩნდა, რომ ქეთევან მერებაშვილს უნდა გაემარჯვა, ნონა არევაძე-კოტორაშვილი თამარ ადამიას ქომაგობდა, ხოლო თამარ ჭანტურიას მაია მენაბდე ეიმედებოდა. რაც შეეხება ჩვენს მეხუთე ფინალისტ ნათია კურტანიძეს, მამაჩემი გულშემატკივრობდა და მის გამარჯვებასაც პროგნოზირებდა. მინდა ამ ინტერვიუთი კიდევ ერთხელ მოვიკითხო ჩემთვის და ქვეყნისთვისაც ძვირფასი ადამიანები და აღვნიშნო, რომ ასეთ პროფესიონალებს შორის გამორჩევა ჩემთვის უზარმაზარი პასუხიმგებლობაა…

როგორ ემზადებოდით კონკურსისთვის? გქონდათ კონკრეტული პროგრამა ან პროექტი, რომელმაც ეს წარმატება მოგიტანათ? რისთვის გამოგარჩიათ ჟიურიმ?

– კონკურსისთვის, რასაკვირველია, განსაკუთრებულად ვემზადებოდი. თავიდან საგულდაგულოდ შევავსე სააპლიკაციო ფორმა, რომელიც საკმაოდ ყოვლისმომცველია. სხვათა შორის, მისი საყოველთაოდ გაზიარებაც მინდოდა, მაგრამ კონკურსის მიმდინარეობისას თავი შევიკავე. შეიძლება ახლა გავაზიარო კიდეც…

ჩემი კანდიდატურა ახლობლებმა წარადგინეს და, ცხადია, მხარდაჭერა სკოლიდანაც მქონდა. სწორედ ამან გადამადგმევინა ასეთი თამამი ნაბიჯი და გადამაწყვეტინა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა. ჩემი გამარჯვება, სწორედ, ჩემმა სკოლამ, კოლეგებმა და მოსწავლეებმა განაპირობეს. გამორჩეულად მოვიხსენიებ ამ, და არა მარტო ამ, ასპექტში, ჩემს დირექტორსაც… აქვე მოვუწოდებ ყველა მასწავლებელს, იზრუნონ საკუთარი საქმიანობის წარმოჩენაზე. ამაში დიდი როლი აკისრია სკოლის დირექტორებსაც – მასწავლებლები, გარკვეულწილად, მორიდებული ადამიანები ვართ და ხშირად ბიძგი გვჭირდება, რათა საზოგადოებამ ჩვენი სფეროს მეტი და უკეთესი პროფესიონალი გაიცნოს. შესაძლოა, პირველ ჯერზე ყველას არ გაუმართლოს, მაგრამ ამ და სხვა კონკურსში მონაწილეობა და საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენაზე ზრუნვა, უკვე სასარგებლო აქტივობაა და ადამიანს განვითარებაში ეხმარება.

…პირველადი გადარჩევის შემდეგ, ელექტრონული ფოსტით მივიღე მოლოცვის წერილი და თხოვნა, განსახილველად ჩემ შესახებ სამწუთიანი ვიდეო გადამეგზავნა. ყოველგვარი მომზადებისა და დაგეგმვის გარეშე გადავიღე  ვიდეო, რომელშიც ხაზი გავუსვი ოთხ ფაქტორს, თუ რატომ მიმაჩნდა, რომ საუკეთესო ათეულში ყოფნას ვიმსახურებდი. ამ ფაქტორებსაც გაგიზიარებთ: 1. ოცწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება და ამ გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარების პრაქტიკა; 2. ტრენერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საგნობრივი მიმართულებით, ასევე ზოგადპედაგოგიური ფორმატით; 3. ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი; 4. გოგებაშვილისეული საგანმანათლებლო პრინციპების პოპულარიზაცია და, მასზე დაყრდნობით, თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე მუშაობა. ვფიქრობ, ეს ფაქტორები ჟიურიმაც გაითვალისწინა.

რაც შეეხება სპეციალურ საკონკურსო პროგრამას, ასეთი რამ არ მქონია. პირიქით, ვცდილობდი, საკონკურსო პერიოდში ონლაინაქტიურობაც შემეზღუდა.

ქართულ ენასა და ისტორიას ეთნიკურ არაქართველებს ასწავლით. მათდამი განსაკუთრებული მიდგომის მეთოდი გაქვთ შემუშავებული? პროგრამა და სწავლების პროცესი ალბათ სრულიად განსხვავებულია.

– არაქართულენოვან სკოლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულს სწავლობენ არა როგორც მშობლიურს, არამედ, როგორც მეორე ენას, ანუ ისინი სწავლობენ თავიანთ მშობლიურ ენებს (აზერბაიჯანულს, სომხურს, რუსულს) და ამავე ენებზე იღებენ განათლებას სხვა საგნებშიც. შესაბამისად, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მიდგომები და მეთოდები განსხვავდება ქართულის, როგორც მშობლიური ენის სწავლების მიდგომებისა და მეთოდებისგან. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ახლაც ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლაში მოსულმა ბავშვმა ელემენტარული ქართულიც არ იცის. სამწუხაროდ, სახელმწიფო მხოლოდ იშვიათად ახერხებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საბავშვო ბაღების გახსნას, სადაც პატარები ქართულ ენაზე ამეტყველებას მოახერხებენ.

რაც შეეხება ჩემს მიდგომებსა და მეთოდებს, ვცდილობ, გაკვეთილებზე ენის ათვისების მთელ მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე მიდგომები გამოვიყენო. თუმცა, ქართული ენის, როგორც მეორე/უცხოური ენის სწავლების მეთოდიკური საფუძვლები საოცრად მწირია. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მემკვიდრეობით გვერგო შთამბეჭდავი ინსტიტუციები: მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტები და სკოლების ქსელი, ქართული ენის სასწავლო-მეთოდიკური ბაზა ვერა და ვერ შევქმენით. ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის ენის სწავლების სპეციალისტები, მათ შორის, ბევრი ჩემი მასწავლებელიცაა, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხეთ ქართულის, როგორც მეორე ენის, ადეკვატური სახელმძღვანელოების შექმნა; არ გვაქვს ქართული ენის ათვისების ალგორითმი არც მშობლიური ენის და, მით უმეტეს, არც მეორე ენის მატარებლებისთვის. როდესაც ვსაუბრობ მეცნიერებათა აკადემიასა და უნივერსიტეტებზე, ისინი სწორედ ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ. მაგალითად, სხვადასხვა გარემოში მცხოვრებ ბავშვებს მიკროფონებს ამაგრებდნენ და ასე იწერდნენ მათ მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას, ფრაზას, გრამატიკულ კონსტრუქციას, რათა მიღებული მასალა გადაამუშაონ და შეიქმნას ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები ალგორითმი… არაქართულენოვანი წარმომავლობის მოსწავლეებისთვის ზოგიერთი ქართული ენობრივი შრის ათვისება დაუძლეველია – ქართული ენის საიდუმლოება ჯერჯერობით მართლაც ამოუხსნელია…

აღნიშნული მასალის სიმწირისა და სახელმძღვანელოების არქონის პირობებში მეხმარება ის მეთოდები, რომლებიც ჩემი მასწავლებლების დახმარებით შევისწავლე (პაატა პაპავა, ალან კროუფორდი, მაია ინასარიძე, ნინო შარაშენიძე, კახა გაბუნია, თამარ ჯაყელი, შალვა ტაბატაძე, ლიგიტა გრიგულე, მაია მელიქიძე, თინათინ კიღურაძე, ეკატერინე ქუთათელაძე, მარინა გურბო…). მათგან გამოვყოფდი ენობრივი პრაქტიკის მიდგომას, დიდი წიგნებისა და ბუნებრივი მიდგომის კონტექსტში თემატური პოსტერების გამოყენებას. ვცდილობ, ჩემ მიერ შექმნილი რესურსები და მათზე დაფუძნებული აქტივობები სხვა მასწავლებლებსაც გავუზიარო, რისთვისაც სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას ვიყენებ. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, ფართო პედაგოგიურ საზოგადოებას შევთავაზეთ ჩემს მეგობრებთან, პაატა პაპავასთან და ელენე ბეთლემიშვილთან ერთად მომზადებული „ონლაინდედაენა“, რომელიც სხვადასხვა მასწავლებლის მიერ შემუშავებული ციფრული რესურსების გაზიარებას გულისხმობს.

რამდენად ინტერესდებიან ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები ქართული ენითა და ისტორიით? აცნობიერებენ, რომ ამ საგნების შესწავლა მათივე მომავლისთვისაა საჭირო, თუ მხოლოდ სავალდებულო საგნებად მიიჩნევენ?

– ჩემი მოსწავლეებისგან არ მოველი, რომ ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მიმართ უფრო მოტივირებული დამოკიდებულება ექნებათ, ვიდრე, მაგალითად, მათემატიკის ან ხელოვნების მიმართ აქვთ. ძნელია, მესამე კლასის მოსწავლეს შთააგონო, რომ ქართული ენა მეტი მოწიწებითა და პატივისცემით ისწავლოს, ვიდრე ბუნება. ყოველ შემთხვევაში, თავად ამას არ ვცდილობ. მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოსწავლეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, სწავლისა და სასწავლი საგნების მიმართ ერთნაირად ავკარგიანი დამოკიდებულება აქვს. მართლა მგონია, რომ ნებისმიერი ბავშვი ნებისმიერი საგნის საჭიროებასა და მნიშვნელობას უნდა აცნობიერებდეს და ხედავდეს, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათმა შესწავლამ. ამას უკვე ჩვენ, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლები უნდა ვახერხებდეთ.

რაც მთავარია, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სახელმწიფომ ქართულ ენას ის ფუნქციური დატვირთვა უნდა შესძინოს, რომელიც მოქალაქეებს მისი საჭიროების დანახვისა და გამოყენებისკენ უბიძგებს.

არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლება საქართველოს განათლების სისტემის ერთერთი აქტუალური საკითხია. რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით? რამდენად გიწყობთ ხელს მასწავლებლებს? რა სახის პრობლემებია ამ მხრივ?

– მე სახელმწიფო პროგრამის მონაწილე მასწავლებელი გახლავართ და 2004 წლიდან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ვმუშაობ. ჯერ წალკაში ვარ ეთნიკურ სომხებთან, შემდეგ მარნეულის ეთნიკურ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან. ვმუშაობ ეთნიკურ რუსებთანაც. ის, რომ სამინისტრო ასეთ მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს, ნიშნავს, რომ ამ სკოლებსა და რეგიონებს გარკვეული ყურადღება ექცევა. მიმაჩნია, რომ თუკი სახელმწიფო სადმე უნდა ხარჯავდეს განათლებაში ფულს, სწორედ ამ რეგიონებში. დაუშვებელია,სახელმწიფო საბავშვო ბაღს აფინანსებდეს თბილისში, დავუშვათ, ფალიაშვილის ქუჩაზე და ბაღს არ ხსნიდეს სოფელ კაჩაგანში!

სამწუხაროდ, სახელმწიფოს ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში არ უწარმოებია სისტემური და მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც დღევანდელ შედეგებს უკეთესად წარმოაჩენდა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ქართველი მულტიეთნიკური ერის ფორმირება, რაც ახლა, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, ხოლო სახელმწიფოს ხელში არსებული ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც სკოლაა, მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მიმართულებით  ჩვენი სახელმწიფოს წარმატება გახდება გარანტი ჩვენი მომავალი წარმატებისა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან რეინტეგრაციაში მაშინ, როდესაც ამის საშუალება მოგვეცემა.

ცხადია, მხოლოდ საგანმანათლებლო ნაბიჯები ქართველი მულტიეთნიკური ერის ფორმირების გზაზე საკმარისი არაა. ამას უნდა შეუერთდეს მეტი კულტურული, სოციალური, ეკონომიკური პროექტი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანმანათლებლო მიმართულებით მისაღწევ შედეგებს და მასწავლებლებსაც გაგვიადვილებს საქმეს.

აღვნიშნავ ერთ საკითხსაც: ვგულისხმობ ბილინგვური განათლების დანერგვას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში. ერთი მხრივ, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ეთნიკური იდენტობა, მათ მშობლიურ ენებზე სასკოლო განათლების მიცემის ჩათვლით, მაგრამ, მეორე მხრივ, ქართულ ენას მივანიჭოთ მეტი ფუნქცია, მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების საგაკვეთილო ფორმატშიც. სწორედ ამ მიზნით იქნებოდა ეფექტური სხვადასხვა საგნის (მათემატიკის, გეოგრაფიის) სწავლების წარმართვა მოსწავლეთა მშობლიურთან ერთად ქართულ ენაზეც. მოკლედ, ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და ამ მიმართულებით წლების წინ გადადგმული ნაბიჯების გაგრძელების იდეა დღეს უყურადღებოდაა მიტოვებული.

და ერთიც: ქართულმა სახელმწიფომ ვერა და ვერ მოახერხა ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს მშობლიური ენები (სომხური, აზერბაიჯანული, რუსული) ასწავლოს თბილისში და არა ერევანში, ბაქოსა და მოსკოვში დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით. სხვათა შორის, შარშანწინ, სამინისტრომ ამ სახელმძღვანელოების ავტორთა შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. …კონკურსი ჩაიშალა. მოსალოდნელიც იყო, რადგან კონკურსის პირობებში ძნელია შესაბამისი კომპეტენციისა და დაინტერესებული ადამიანების გამორჩევა. სახელმწიფომ თვითონ უნდა შეარჩიოს ნიჭიერი და კომპეტენტური მასწავლებლები, შემდეგ გადაამზადოს, გაწვრთნას სახელმძღვანელოების წერაში და გამართული წიგნები შეაქმნევინოს.

როგორები არიან თქვენი მოსწავლეები? რით გამოირჩევიან?

– ჩემი მოსწავლები არიან ეთნიკური აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები და ჩემთვის ყველაზე საყვარელი, ჭკვიანი და საზრიანი ბავშვები.

რას მიიჩნევთ თქვენს, როგორც მასწავლებლის, მთავარ ღირსებად?

– ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება ისეთ კონდიციამდეა მისული, რომ შეიძლება  ღირსებადაც მოვიხსენიო. ამაში, ჩემს განათლებასთან ერთად, დიდი როლი ითამაშეს ზემოთ დასახელებულმა მასწავლებლებმა და ჩემმა კოლეგებმა. სწორედ ეს გამოცდილებაა ის საფუძველი, რომელიც მაძლევს ჩემს გაკვეთილებზე თავისუფალი ქცევების (როგორც აკადემიური, სასწავლო ქცევების, ასევე სოციალური) საშუალებას და ჩემი დამოკიდებულებებისა და შეხედულებების, მათ შორის, კრიტიკულის, საჯაროდ გაზიარების უფლებას. ჩემი პროფესიონალიზმი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. არათუ თხუთმეტი, არამედ ხუთი წლის წინაც, დღევანდელთან შედარებით, საოცრად ნაკლები კომპეტენციის მასწავლებელი ვიყავი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი ღირსება, განვითარებისკენ სწრაფვაა. მინდა, ზრდა კვლავ გავაგრძელო და ხუთი წლის შემდეგ უკეთესი პროფესიონალი გავხდე. უკვე განსაზღვრული მაქვს კონკრეტული მიმართულებებიც, საითაც განვითარება მჭირდება: ეს არის ციფრული ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების (მაგალითად, ანიმაციების დამზადება) ათვისება და ინგლისურში გაწაფვა, რადგან ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომი რესურსები პროფესიულ ჰორიზონტს წარმოუდგენლად აფართოებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“