პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თანამედროვე ლიტერატურა და კრიტიკა

 

„ბევრ ჟანრს გამოვიგლოვებთ ცხოვრებაში,

დარჩება მხოლოდ მეტა-პოეზია და მეტა-ადამიანი“

ბესიკ ხარანაული

 

ამ სამყაროში ყველაზე თავისუფალი ლიტერატურაა.  წიგნებში აღწერილ სამყაროებსა თუ ქვეყნებში მოგზაურობას არც ვიზა სჭირდება და არც რაიმე  სახის ნებართვა. გარდა ამისა, მწერალიც და პოეტიც თავისუფალია საკუთარ არჩევანში: წეროს ის რაზეც უნდა, როგორც უნდა და სადაც უნდა.  საბოლოო პროდუქტს მკითხველი აფასებს. მკითხველი არ ცდება ხოლმე, თუ კი ქართული ლიტერატურის გამოცდილებას გავითვალისწინებთ.

თუ კი შევეცდებით პოეზიის ან პროზის ჩარჩოებში მოქცევას, თუ კი დავუწესებთ გარკვეულ პირობებს, კრიტერიუმებს და მსგავსს მწერლობისთვის შეუსაბამო რამე-რუმეებს, რომლებიც ყველაზე მთავარს და მნიშვნელოვანს (რის გამოც მწერლობა მწერლობაა და არა მაგალითად ბუღალტერია) – თავისუფლებას შეუზღუდავს, მაშინ ხელთ სტერილური, დავარცხნილი ტექსტები შეგვრჩება – დაცლილი ემოციებისგან, გრძნობებისგან და რაც მთავარია ავტორის ინდივიდუალურობისგან.

ბევრი მიიჩნევს, რომ ლიტერატურულმა კრიტიკამ საკუთარ თავზე ლიტერატურის დახარისხება უნდა აიღოს: კარგ და ცუდ მწერლებად, კარგ ლექსებად და ცუდ ლექსებად. უნდა განსაზღვროს წესები – რომლების დაცვაც სავალდებულო იქნება ნებისმიერი პოეტისთვის. და თუ არ დაიცავს მას ლექსის წერა უნდა აიკრძალოს, სწორედ ისე როგორც საბჭოეთის დროს მწერალთა კავშირის სხდომებზე განიხილებოდა ხოლმე პოეტები, მწერლები და მათი ტექსტები.  ფიქრობენ, რომ ლექსი აუცილებლად რითმიანი უნდა იყოს, რომ რელიგია არ უნდა შეურაცხყო, რომ „ძეგლებს“, წმინდანებს და რელიგიურ წინამძღოლებს არ უნდა შეეხო. არ უნდა შეეხო არც  მიცვალებულ მწერლებს, მიცვალებულის ტექსტზე რაიმე სახის კრიტიკული აზრის ქონა მკრეხელობაა. შენს ლექსებში არამც და არამც არ უნდა ახსენო ყოველდღიურობის, მოხმარების, არა რომანტიკული საგნები. პოეზია ხომ წმინდაა, აუცილებლად ამაღელვებელი, აუცილებლად სიყვარულზე მოქვითინე და რაღაცნაირად დეპრესიულიც.

რეალურად კი ლიტერატურული კრიტიკის ამოცანა უნდა იყოს, რომ ტექსტები განიხილოს ავტორებისგან დამოუკიდებლად, რომ მოუძებნოს პარალელები, გაანალიზოს სახე-სიმბოლოები, მხატვრული ხერხები, წერის სტილი და სხვ. შეადაროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, დაძებნოს  სახეების პარადიგმები.

დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიური ბუმის ეპოქაში, როდესაც ადამიანებს დრო აღარ ჰყოფნით საურთიერთოდ, შვილებისთვის, წიგნებისთვის – აი, ამ სულის შეძვრამდე   დეპრესიულ, ერთფეროვან, ეკრანებით და ღილაკებით გადატვირთულ საუკუნეში – პოეტს რითმებისთვის მარცვლების თვლა აღარ მოეთხოვება, იმიტომ რომ არც ამის დროა და აღარც განწყობა, იმიტომ რომ  სათქმელი იმდენად მძიმეა რომ რითმების ჩარჩოებს ვეღარ გაუძლებს. ყოველდღიური ყოფის აუტანლობა და სინაცისფრე ვერლიბრის ფორმას უფრო ირგებს. ვერლიბრი ურჩევნია ასევე ირეალურ სამყაროებს, ძველ მითებსა და ლეგენდებს – რომლებიც ფენტეზის ჟანრში მოექცა და დღეს საკმაოდ პოპულარულია.

თუმცაღა, „პოსტ“ პოსტმოდერნიზმში, ყველაფერი უკვე კარგად ნაცნობი და ბანალურია. სიახლე იშვიათი გახდა. იშვიათია აგაღელვოს ტექსტმა, რადგან თითქმის ყველა ლიტერატურული თამაშები, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ხრიკები, უკვე გაცხადებულია.   აღარავის უკვირს და აღარ იწვევს იმ განცდებს, იმ ემოციურ ზემოქმედებას რაც ლიტერატურამ უნდა მოახდინოს მკითხველზე. ეგ, ხომ ისედაც ნათელია, და მერე რა? ჰო, ამის თქმას უკვე ბევრი შეეცადა. ამიტომ, ჩვენს ეპოქაში – როცა კინემატოგრაფიის განვითარებამ პიკს მიაღწია, 3D- კინო დარბაზებით, როდესაც სოციალური ქსელების ბუმია, ხოლო სანახაობა – პირველ ადგილს იჭერს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც იმდენად გამოფიტული და დაღლილია, იმდენად ეძებს მძაფრ განცდებს, მძაფრ შეგრძნებებს, რომ  ლიტერატურას ისღა დარჩენია რომ ყველანაირად ეცადოს მკითხველს ადრენალინი გამოაყოფინოს, შეაშინოს, დაძაბოს, ანერვიულოს, მოკლედ გამოაცოცხლოს.

ტექსტი უნდა მეტა ტექსტად იქცეს და წიგნი მეტა წიგნად. მხოლოდ  კარგი მოთხრობა მკითხველს აღარ აკმაყოფილებს, მას ამავე დროს განცდებიც სჭირდება.

აი, სწორედ ამ ვითარებაში, ამ სიტუაციაში ლიტერატურული კრიტიკა ნამდვილად ვეღარ იხელმძღვანელებს იმ კრიტერიუმებით რითაც (ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, საქართველოში) ხელმძღვანელობდა წლების წინ.  როცა საგანი იცვლება და სხვაფერდება, უნდა შეიცვალოს ამ საგნის შემფასებელიც. და საერთოდაც, რა საჭიროა ლიტერატურული კრიტიკა? იმ გაგებით რა გაგებითაც ის ესმით. გვჭირდება კი მენტორის ტონის მქონე ორგანო რომელიც საკუთარი გემოვნებით შეფასებულ ლიტერატურას შემოგვტენოს და შესაძლოა გვერდზე დარჩეს ჭეშმარიტად კარგი ავტორი. იქნება და ვენდოთ მკითხველს, თავად გადაწყვიტოს რა წაიკითხოს. ეს მუდმივი ზრუნვა ხელოვნების ხარისხზე, მორალზე და ჩარჩოების დაწესებაზე, დღეს ფრიად სასაცილოც კია.  ვფიქრობ, რომ ლიტერატურული კრიტიკა როგორც ასეთი ტექსტის ანალიზით უნდა დაკავდეს, ხოლო რა წავიკითხოთ, რეკომენდაციები და რჩევები ლიტერატურული გამოცემების და კატალოგების პრეროგატივაა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი