სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ცნებების დამუშავება გაკვეთილზე

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში თემის ფარგლებში დასამუშავებელი ცნებები ცალკეა გამოყოფილი:

ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტში. ეს კონტექსტი სავალდებულო თემების სახითაა წარმოდგენილი.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსწავლე მექანიკურად კი არ იმახსოვრებს დეფინიციას (ცნების მოკლე, ზუსტი და ლოგიკური განსაზღვრება მისი ყველაზე არსებითი ნიშნების საშუალებით), არამედ ლოგიკურად აკავშირებს მას რეალობასთან. ამისთვის საჭიროა ანალიზის, კლასიფიცირებისა და განზოგადების უნარი, რომელიც სწავლა-სწავლების წარმატების გასაღებია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ იყოს სპონტანური. იგი უნდა მიმდინარეობდეს მიზანმიმართულად და შინაარსობრივად, სპეციალური სავარჯიშოების გამოყენებით. პირველი ორი წელი (VII-VIII კლასებში) ფაქტობრივად სწავლა-სწავლების პრინციპებს სხვადასხვა მარტივი აქტივობით ვასწავლი. მინდა, შემოგთავაზოთ ერთი მარტივი და სახალისო მეთოდი.

„შექმენი პასპორტი” არის მეთოდი, რომელიც ცნებების დასამუშავებლად გამოდგება. მისი არსი ის გახლავთ, რომ მოსწავლეები დამოუკიდებლად ადგენენ შესწავლილი ცნების ზოგად დახასიათებას გარკვეული გეგმის მიხედვით. ამ მეთოდის დახმარებით მოსწავლეები უკეთ იგებენ თემას, სწავლობენ ანალიზს, ხაზს უსვამენ მთავარ საკითხს.

ამ მეთოდის გამოყენებით:

  • ცოდნა განზოგადებული, სისტემატიზებულია;
  • მოსწავლეები სწავლობენ ძირითადი და მეორადი მახასიათებლების გამოვლენას;
  • მათ შეუძლიათ მოკლედ აღწერონ შესწავლილი ცნება ან მოვლენა;
  • მოსახერხებელია ცნებების ერთმანეთთან შედარება.

მეთოდის გამოყენება კარგია ახალი თემის შესწავლისას, უკეთესად გაგებისა და დამახსოვრების მიზნით (გრძელვადიანი მეხსიერება), რადგან ხაზგასმულია შესასწავლი დეფინიციის ძირითადი თვისებები; აგრეთვე შესაძლებელია მისი გამოყენება პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისას, როდესაც გვინდა მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სისტემატიზაცია (შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება) მასალის განმტკიცებისას.

როგორ გამოვიყენოთ მეთოდი „პასპორტის შექმნა“?

თავდაპირველად მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს გეგმას, რომლის მიხედვითაც ისინი შეავსებენ პასპორტს, შემდეგ, როდესაც ისწავლიან, თავადაც შეუძლიათ გააკეთონ იგი. მოსწავლეები იღებენ დეფინიციას, განსაზღვრავენ ძირითად მახასიათებლებსა და ინფორმაციის დამუშავების პროცედურის მიხედვით ასრულებენ სამუშაოს, ერთმანეთს უზიარებენ შედეგებს. სამუშაო შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური.

დაწყებით კლასებში მოსწავლეებისთვის საუკეთესო გამოსავალი მასწავლებლის მიერ გაცემული პასპორტის ფორმის შევსება იქნება. მოსწავლეები მასში უბრალოდ ავსებენ ცარიელ სვეტებს. მაგალითად, ლიტერატურული გმირის პასპორტი ლიტერატურული კითხვის გაკვეთილზე შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

შეგიძლიათ მოაწყოთ იგი, როგორც ნამდვილი პასპორტი – სათაურის გვერდზე დაწერეთ: „ლიტერატურული გმირის პასპორტი”.

უფროსკლასელები თავად ფიქრობენ საკვანძო საკითხებზე, გამოყოფენ მნიშვნელოვან მახასიათებლებს და ქმნიან პასპორტებს საკუთარი გეგმის მიხედვით. შესაძლებელია გამოიყენონ ტექნოლოგიებიც.

გეოგრაფიის გაკვეთილზე, კონტინენტების შესწავლისას მოსწავლეები ჯგუფებად იყოფიან და ქმნიან კონტინენტის პასპორტს:

სახელი: კონტინენტი აფრიკა

ფართობი: 29.2 მილიონი კმ 2.

მოსახლეობის სიმჭიდროვე: 30,51 ადამიანი / კმ 2.

ოკეანეები: ატლანტის, ინდოეთის.

კლიმატური სარტყელი: ეკვატორული, სუბეკვატორული, ტროპიკული, სუბტროპიკული და ა.შ.

ატმოსფეროს თემის შესწავლისას შეიძლება შეიქმნას შემდეგი ცნებების „პასპორტები“.

სახელი:  ციკლონი

დაბადების ადგილი: ტროპოსფერო

წარმოშობის მიზეზი:  ცენტრში დაბალი ატმოსფერული წნევა.

გავლენის სფერო: ღრუბლიანი, ნალექიანი და ქარიანი ამინდები.

სახელი:  ანტიციკლონი

დაბადების ადგილი: ტროპოსფერო.

წარმოშობის მიზეზი:  ცენტრში მაღალი ატმოსფერული წნევა.

გავლენის სფერო: ჰაერი თბება, ტენიანობა კლებულობს, ღრუბლიანობა მცირდება, ნალექები არ მოდის.

სტატიის წერის პერიოდში „შექმენი პასპორტი“ გამოვიყენე მსოფლიოს ქვეყნების თემის შესწავლისას. დავალებად მივეცი მონარქიული მმართველობის ქვეყნების პასპორტების გაკეთება.

სახელი: შვედეთი

მდებარეობა: ევროპა.

მმართველობის ფორმა: კონსტიტუციური მონარქია.

ადინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული.

ჰუმანური განვითარების ინდექსი: 0.950 და მეტი.

ეს ამ ეტაპისთვის საკმარისად ჩავთვალე, რადგან სხვა საკითხები არ გაგვივლია. მოსწავლეებმა სამი თემატური რუკიდან დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია და შექმნეს ძალიან საინტერესო და ლამაზი „პასპორტები“. დროშა და მონარქის სახელი მათი ინიციატივაა. დროშები რუკიდან გადახატეს, მეფეებისა და იმპერატორის სახელები ინტერნეტში ჩემი ტელეფონის საშუალებით მოძებნეს. მართალია, ცოტა ვიხმაურეთ, მაგრამ ძალიან ვიხალისეთ.

მეთოდი „შექმენი პასპორტი” ქართული ენის გაკვეთილზე დაგეხმარებათ მეტყველების ნაწილების, წინადადებათა წევრების შესწავლაში; გეოგრაფიის გაკვეთილზე – კონტინენტზე, კლიმატური სარტყლების, ბუნებრივი ზონების, ბუნებრივი კატასტროფების გაცნობისას; ბიოლოგიის გაკვეთილზე – ცხოველების, მცენარეების, დაავადებების შესწავლისას და ა.შ.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მეთოდი, როგორც დაწყებით კლასებში, აგრეთვე საბაზო და საშუალო საფეხურზე.

მეთოდის „შექმენით პასპორტის” გამოყენების მრავალი ვარიანტი არსებობს. ეს ყველაფერი მოითხოვს მასწავლებლის სურვილსა და წარმოსახვას. ეს მეთოდი მოსწავლეებს ეხმარება შემოქმედები აზროვნების უნარის განვითარებაში და შესწავლილი მასალის ხანგრძლივად დამახსოვრებაში.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდი: https://pedsovet.su

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი