პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მაინც რა ხდებოდა ასეთი საბჭოთა კავშირში?

გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი და შეურაცხყოფილი ვიყავი, როგორ გვატყუებდნენ, როგორ არაფრად გვთვლიდნენ, არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა, რა ხდებოდა მაშინ ჩვენს თავს” – მიყვებოდა ჩემი მეგობრის დედა, რომელიც წლებია ისტორიის მასწავლებელია, თავის შთაბეჭდილებას ახლახან გამოსულ მოკლე სერიალზე, „ჩერნობილი”.

 

იმ ზაფხულს ზღვაზე ვიყავით, წარმოდგენა არ გვქონა, რა საფრთხე გვემუქრებოდა, ახლაც არ ვიცით, როგორ იმოქმედა რადიაციამ ჩვენს ჯანმრთელობაზე, რა ზიანი მოგვადგა. მარტო ჩვენ კი არა, უამრავი ხალხი იყო ჩერნობილის აფეთქების მერე აფხაზეთში, სხვაგანაც”, – ამას ჩემი მეგობარი იხსენებს.  საბჭოთა კავშირში დაბადებულმა და გაზრდილმა მშობლებმა ატომური სადგურის აფეთქება და მომაკვდინებელი რადიაცია არაფრად ჩააგდეს და ჩემი მაშინ მცირეწლოვანი მეგობარი ჩვეულებისამებრ წაიყვანეს ლიძავაში.

 

„ჩერნობილის” გამოსვლის შემდეგ საბჭოთა კავშირის, როგორც გულგრილობისა და სიცრუის უზარმაზარი და საზარელი იმპერიის ხატმა რუსეთი ისე შეაწუხა, რომ ალტერნატიული ვერსიის გადაღებას შეუდგნენ. პროპაგანდის მანქანა ასე მოქმედებს – მას რაც არ მოწონს, საკუთარ ვერსიებს უპირისპირებს, ალტერნატიულ ამბავს ჰყვება, რომელსაც ვიღაც აუცილებლად დაიჯერებს.

 

საბჭოთა კავშირი სიცრუემ მოკლა. მოსახლეობას პლაკატებით არწმუნებდნენ, რომ სსრკ – მშვიდობის ბურჯია”, თან ამ დროს ჯარებს მთელ ქვეყნიერებაზე აგზავნიდნენ. ცენტრალური ტელევიზიით ხუთწლიანი გეგმების შესრულებას სიხარულით იუწყებოდნენ, მაღაზიების თაროები კი დაცარიელებული იყო. 1985 წელს სსკპ ცკ-მა ალკოჰოლი აკრძალა, მოსკოვის რესტორნებში კი სკკპ ცკ-ის გენერალური მდივნის ქალიშვილი მუდმივად მთვრალი დაეთრეოდა. კინოთეატრებში ფილმები კომუნისტი” და ლენინი ოქტომბერში” გადიოდა, კომუნისტური ნომენკლატურა კი დახურულ სეანსებზე მსოფლიო კინოს სიახლეებს ეცნობოდა. ხალხი აქოთებული სოსისებისთვის რიგში იდგა, სამსახურებრივი ავტომობილები კი სპეცმაღაზიებიდან დელიკატესებით გამოტენილი საბარგულებით გამოდიოდნენ. ტელევიზიით გაუთავებლად იმეორებდნენ, საბჭოთა კავშირი საცაა ამერიკას დაეწევა და გაუსწრებს კიდეცო”, – ეს ოლეგ პანფილოვია, რომელმაც საბჭოთა კავშირში ცხოვრებისა და ბევრი წლის განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება გააერთიანა წიგნში „ანტისაბჭოთა ისტორიები”, სადაც ბევრ საყურადღებო ამბავს ჰყვება იმაზე, როგორ ჰგავს ერთმანეთს დღევანდელი რუსეთი და საბჭოთა კავშირი და როგორი რთულია ადამიანის ბედი ქვეყანაში, სადაც ადამიანი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს.

 

დღეს, როცა ვინმე მიყვება ხოლმე ამბავს იმის შესახებ, როგორ აშინებენ ადამიანებს,  ქმნიან ცრუ ისტორიებს,  ითხოვენ დაიჯერონ ის, რასაც მათ პროპაგანდა სთავაზობს და  ცდილობენ ქვეყანა და ხალხი ისევე მართონ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს მართავდნენ, როგორ ეშინიათ განსხვავებულის, როგორ სურთ, დასაჯონ მოწინააღმდეგე და როგორ სძულთ ის, ვინც შეიძლება პრინციპების ერთგულება არჩიოს პირში წყლის ჩაგუბებას – ვფიქრობ, მაინც რა იყო ასეთი ეს საბჭოთა კავშირი, რომლის მემკვიდრეობაც აგერ ამდენი ხანია მძიმე ტვირთად გვაწევს, რომელიც შეიძლება არ გახსოვდეს, არ იცოდე, მაგრამ ხვდები, რომ მის მემკვიდრეობას ეხები.

 

იმ ისტორიის მასწავლებელმა, რომელიც „ჩერნობილის” ყურებით გამოწვეულ აღშფოთებას მიზიარებდა, მითხრა – მე ყველაფერს ვუყურებ და ვკითხულობ, რასაც ჩემი მოსწავლეები კითხულობენ და უყურებენ, მათთან საკომუნიკაციო ველი მოშიშვლებული რომ არ იყოს და ბევრი გადაკვეთის წერტილი გვქონდეს ერთმანეთთანო. გამიხარდა. განა ბევრს ესმის ის, რომ ერთმანეთის გაგებისთვის საერთო გამოცდილებები საჭიროა და თუ მაინცდამაინც თქვენი მოსწავლეებისთვის ან შვილებისთვის იმის ახსნას გადაწყვეტთ, რა ხდებოდა მაინც ასეთი საბჭოთა კავშირში, ალბათ საერთო გამოცდილებებისთვის კარგი ინსტრუმენტი იქნება თუნდაც სერიალი „ჩერნობილი” და ანდა წიგნი „ანტისაბჭოთა ისტორიები”. სავარჯიშოებიც შეიძლება – დანგრეული იმპერიის ნამსხვრევების პოვნა ჩვენს ყოველდღიურობაში, განგრძობადად, იმისათვის, რომ აღარავინ მოგცექცეს ისე უდიერად, როგორც საბჭოთა კავშირი ექცეოდა თავის მოქალაქეებს, როგორც თუნდაც დღევანდელი რუსეთი იქცევა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი