ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სასწავლო გაჩერებები გაკვეთილზე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სამოდელო გაკვეთილის ოთხი ძირითადი ტიპი არსებობს: ინოვაციური, ინტეგრირებული, პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული.

ტერმინს – „სამოდელო“ თუ დავუკვირდებით, საკმაოდ ამბიციურად ჟღერს. ამავდროულად, ეს ცნება დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს მასწავლებელს, რომელიც  ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარებას გადაწყვეტს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი მუდმივად იყოს სიახლის ძიებაში, კარგად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, ერთგვარი მიმოხილვა გაუკეთოს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, გამოყენებულ მეთოდებსა და მიდგომებს, გააანალიზოს პროფესიული გამოცდილება და ობიექტურად შეაფასოს საკუთარი ცოდნა, შესაძლებლობები და უნარები.

ჩვენს სასკოლო რეალობაში არსებობენ მაწავლებლები, რომელნიც, მიუხედავად კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა, მაინც შიშობენ, ფრთხილობენ, ხშირად არაობიექურად ფიქრობენ, რომ ჯერ არ არიან მზად, ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი. სწორედ აქ სჭირდება მასწავლებელს კოლეგებისგან და დირექციისგან წახალისება და სტიმულის მიცემა.

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გადაწყვეტს, რომ აღჭურვილია ახალი ცოდნითა და უნარებით, ფსიქოლოგიურად მზად არის, შესთავაზოს კოლეგებს სიახლე და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და თვლის, რომ მისი მოსწავლეები კარგად არიან დახელოვნებულნი ამ სიახლეში, მოსდევს რუტინული შრომა და მზადება გაკვეთილისთვის, რაშიც მოიაზრება რესურსის მოძიება – შექმნა, კონკრეტული რუბრიკების მომზადება, ინსტრუქციების გაწერა და სხვა. მასწავლებელი თავდაუზოგავად მუშაობს მოსწავლეებთან ამა თუ იმ მეთოდისა და სტრატეგიის დასანერგად, რომელსაც შემდგომ გამოიყენებს საკლასო სივრცეში სხვა თემის შესწავლის დროს.

სამოდელო გაკვეთილი ემსახურება კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარებას, თვით მასწავლებლის პროფესიულ ზრდასა და იწვევს მოსწავლეთა ინტერესის, მოტივაციისა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაკვეთილის განსხვავებული სტრატეგიებით ჩატარება.

მინდა შემოგთავაზოთ ჩემ მიერ, 2017-2018 სასწავლო წელს ჩატარებული ინოვაციური სამოდელო გაკვეთილის გეგმა თანდართული ფაილებით. გაკვეთილზე გამოვიყენე სასწავლო გაჩერებების სტრატეგია, რომელიც დიფერენცირებული სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო და სახალისო მიდგომაა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ყველა მოთხოვნას პასუხობს. გაჩერებებით სწავლება ხელს უწყობს სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართვას, რადგან გაჩერებებისთვის მოწყობილი საკლასო გარემო უმალვე აღძრავს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობას და ზრდის სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის ხარისხს და თანამშრომლობის სურვილს. ამ მიდგომის გამოყენებით მოსწავლეები თავად იღებენ პასუხისმგებლობას სწავლაზე, აქვთ დამოუკიდებლად ფიქრისა და ანალიზის შესაძლებლობა, ამავდროულად თანამშრომლობენ ჯგუფის წევრებთან, უზიარებენ მოსაზრებებს  და ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს. ამ დროს მასწავლებელი დადის ჯგუფებს შორის, საჭიროებისამებრ დახმარებას უწევს ჯგუფებს დამაზუსტებელი შეკითხვებითა და მოკლე მინიშნებებით. პარალელურად, მოსწავლეთა ქმედებებს ინიშნავს დღიურში, აკეთებს ეფექტურ უკუკავშირს სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარებით.

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი – ნათელა ბაღათრიშვილი
გაკვეთილის ტიპი – სამოდელო, ინოვაციური
საგანი – ბუნებისმეტყველება კლასი –  მე-7
თემატური ერთეული: მიკროორგანიზმები
მოსწავლეთა პროფილი: 18 მოსწავლე / სსსმ მოსწავლე არ ირიცხება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს:

ცოდნა:

·         მიკროორგანიზმების შედარებას მათი აგებულებისა და ცხოველქმედების თავისებურებების მიხედვით;

·         ერთმანეთისაგან  განასხვაოს ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები;  იმსჯელოს დაავადებების პრევენციის  შესახებ.

უნარები:

·         მონაცემთა ანალიზსა და დასკვნების გამოტანა;

·         დაასაბუთოს მიკროორგანიზმების მნიშვნელობა ბუნებაში და ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში და მიღებული ცოდნის გამოყენების  პერსპექტივა.

ესგ – ის სტანდარტი: ბუნ.VII.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება / მონაცემების აღრიცხვა.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს კვლევას უსაფრთხოების წესების დაცვით;

·         აწარმოებს დაკვირვებას.

 

ბუნ.VII.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად.

 

ბუნ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი, შეფასება და დასკვნების გამოტანა.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;

·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს.

 

ბუნ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება, გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე.

·           მსჯელობს ადამიანებისათვის მიკროორგანიზმების  დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე  (მაგ., საკვები პროდუქტების წარმოება და მათი გაფუჭება/ლპობა, წყლის დაბინძურება და გასუფთავება, კომპოსტის წარმოქმნა, დაავადების გამოწვევა, სოფლის მეურნეობა, კვების ტექნოლოგია,);

საჭირო წინარე ცოდნა და უნარები: კვლევითი უნარები; უსაფრთხოების წესები;

ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია;

უჯრედის აგებულება

შეფასება: განმავითარებელი

ინსტრუმენტები: რუბრიკები, დღიურის ჩანაწერები, სიტყვიერი უკუკავშირი, გასასვლელი ბარათი

კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური / ინდივიდუალური
სასწავლო მასალა  და რესურსები: მარკერები, სამუშაო ფურცლები და ინსტრუქციები თითოეული გაჩერებისთვის, გასასვლელი ბილეთები, საკითხავი მასალა, მიკროსკოპი, დროებითი პრეპარატები, ფერადი ფანქრები, ფურცლები, კომპიუტერი, წამზომი,
უსაფრთხოება: სიფრთხილე მიკროსკოპთან მოპყრობის დროს

 

საორგანიზაციო საკითხები: დასწრება / გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა / გაკვეთილის მსვლელობის ეტაპების გაცნობა და ზოგადი ინსტრუქციების მიცემა / ქცევის წესების შეხსენება / შეფასების ფორმების გაცნობა.               1 წთ.

 

აქტივობა N 1                                                                                              30 წთ.

სტრატეგია:  სასწავლო გაჩერებები

სტრატეგიის ზოგადი აღწერა:  წინასწარ დაკომპლექტებული ხუთი ჯგუფი წრიულად მოძრაობს, ჯგუფის წევრები მონაცვლეობით გადადიან თითოეულ გაჩერებასთან, სადაც განსხვავებული დავალებები დახვდებათ. წინასწარ გაწერილი ინსტრუქციების მიხედვით მუშაობენ სამუშაო ფურცლებზე.

გაჩერება N1

საკითხავი მასალა / 6 წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლე შეძლებს წაკითხული მასალიდან ძირითადი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრებას და თანამშრომლობის გზით, მოკლე დროში მეტი მასალის ათვისებას (ასაკობრივი ჯგუფი გათვალისწინებულია).

აქტივობის აღწერა:

სამუშაო მაგიდაზე განთავსებულია ინსტრუქცია, რომლის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ინაწილებენ საკითხავ მასალას და თითოეული კითხულობს სხვადასხვა ინფორმაციას აქტიური კითხვის მეთოდით, შემდეგ მარკერით ნიშნავენ და გადააქვთ სამუშაო ფურცელზე. კითხვის დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ძირითად ინფორმაციას.

გაჩერება  N 2

პრაქტიკული მუშაობა / 6 წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლე იმსჯელებს ცოცხალ ორგანიზმთა მრავალფეროვნების შესახებ და დააჯგუფებს მათ აგებულების თავისებურებების მიხედვით.

აქტივობის აღწერა:

სამუშაო მაგიდაზე განთავსებულია ინსტრუქცია. მოსწავლეები მიკროსკოპში ათვალიერებენ წინასწარ მომზადებულ პრეპარატებს (ბაქტერიებისა და საფუარი სოკოს). დიაგრამის საშუალებით გამოსახავენ მათ მსგავსება-განსხვავებებს.  გააკეთებენ ჩანახატს.

გაჩერება  N 3

კვლევითი მუშაობა /  6 წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლე იმსჯელებს, რა გავლენა აქვს ტემპერატურას მიკროორგანიზმების ცხოველქმედების პროცესზე და როგორ დამოკიდებულებაშია მათი რიცხვის ცვლილება ტემპერატურის ცვლილებასთან.

აქტივობის აღწერა:

სამუშაო მაგიდაზე განთავსებულია ინსტრუქცია და გრაფიკი. მოსწავლეები აკვირდებიან და აანალიზებენ გრაფიკს,  გამოაქვთ სათანადო დასკვნა.

გაჩერება  N 4

ვიდეოს ნახვა / 6 წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ მიზანმიმართულად გამოიყენოს ინტერნეტ რესურსები და წყაროები

აქტივობის აღწერა:

  1. ქართული ანიმაცია ბაქტერია                           დრო – 1.32 წთ.

 

  1. ინგლისური – ბაქტერია VS ვირუსი                დრო – 1.45 წთ.

ჯგუფი გაეცნობა ინსტრუქციას, შეავსებს  სამუშაო ფურცელს:

  1. უცხო ინგლისურენოვანი სიტყვები (არსებობის შემთხვევაში);
  2. უცხო ქართული ტერმინოლოგია (არსებობის შემთხვევაში);
  3. მოსმენილი ინფორმაციიდან 1 მნიშვნელოვანი სიახლე.

 

გაჩერება  N 5 / 6 წთ.

კომპეტენტური სტუმარი

აქტივობის მიზანი:

კვალიფიციური პირისგან კომპეტენტური ინფორმაციის მიღება.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები შეკითხვებით მიმართავენ მიკრობიოლოგს, პროფესორ მაგდა დავითაშვილს. პასუხებს ინიშნავენ ფურცელზე.

 

აქტივობა N 2     

შეჯამება

პრეზენტაცია 10 წთ. (თითოეულ ჯგუფს 2-2 წთ.)

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის ორგანიზება და მისი წარდგენა აუდიტორიის წინაშე.

აქტივობის აღწერა:

თითოეული ჯგუფში შერჩეული პრეზენტატორი (/ები მაქსიმუმ 2) ჯგუფის ნომრის შესაბამის ბაინდერში შეგროვილ სამუშაო ბარათებზე განთავსებულ მასალას წარადგენს აუდიტორიის წინაშე.

 

აქტივობა N 3

მოსწავლეთა შეფასება / 1წთ

 

აქტივობა N 4

გასასვლელი ბარათები / 2 წთ.

აქტივობის მიზანი:

მოკლე დროში თოთოეული მოსწავლისგან ინდივიდუალურად მივიღო უკუკავშირი, რაც მომცემს შსაძლებლობას სიღრმისეულად გავაანალიზო, რამდენად იქნა მიღწეული ჩემ მიერ დასახული მიზანი მოცემულ გაკვეთილზე, გამოვკვეთო ძლიერი და გასაუმჯობესებელი ასპექტები და ისე დავგეგმო მომდევნო გაკვეთილი.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ გასასვლელ ბილეთებს, ტოვებენ მითითებულ ადგილზე, აიღებენ საშინაო დავალების ინსტრუქციას და გადიან კლასიდან.

დანართები

ინსტრუქცია  N 1

გაჩერება N 1       

გაჩერების დრო 6 წთ.

მაგიდაზე მოთავსებულია ტექსტი ბაქტერიების, ვირუსებისა და საფუარი სოკოების შესახებ.

  • ჯგუფის წევრებმა გადაინაწილეთ ტექსტი;
  • წაიკითხეთ და მონიშნეთ ძირითადი ინფორმაცია მარკერით;
  • ინფორმაცია ჯგუფის წევრებმა გაუზიარეთ ერთმანეთს;
  • მონიშნული ინფორმაცია თეზისებად გადაიტანეთ სამუშაო ფურცელზე N1;
  • ნამუშევარი განათავსეთ თქვენი ჯგუფის ნომრის შესაბამის ბაინდერში.

 

ინსტრუქცია  N 2

გაჩერება N 2

გაჩერების დრო 6 წთ.

სამუშაო მაგიდაზე განთავსებულია ბაქტერიებისა და საფუარი სოკოს პრეპარატი.

  • დაათვალიერეთ ისინი მიკროსკოპის ქვეშ;
  • სამუშაო ფურცელზე N2 აღწერეთ აგებულების მიხედვით მიკროსკოპში; დანახული ორგანიზმები და/ან გამოსახეთ დიაგრამის სახით;
  • სურვილის შემთხვევაში დახატეთ ან შექმენით მოდელი;
  • ნამუშევარი განათავსეთ თქვენი ჯგუფის ნომრის შესაბამის ბაინდერში.

ინსტრუქცია  N 3

გაჩერება N 3

გაჩერების დრო 6 წთ.

  • გააანალიზე მოცემული გრაფიკი;
  • სამუშაო ფურცელზე N3 ჩამოაყალიბე, რა დამოკიდებულება არსებობს ტემპერატურისა და მიკროორგანიზმების რიცხვის ცვლილებას შორის;
  • გამოიტანე დასკვნა.

 

                                                                                                     0 C

  • ნამუშევარი განათავსეთ თქვენი ჯგუფის ნომრის შესაბამის ბაინდერში

 

ინსტრუქცია  N 4

გაჩერება N 4

გაჩერების დრო 6 წთ.

გაეცანით ქვემოთ მითითებულ ლინკებს :

  1. https://www.youtube.com/watch?v=lRZMqO7ZaIU ქართული ანიმაცია ბაქტერია                           დრო – 1.32 წთ.
  2. https://www.youtube.com/watch?v=NeZgwR4DcWM                     ინგლისური – ბაქტერია VS ვირუსი                დრო – 1.45 წთ.
  • ვიდეო რესურსების გაცნობის შემდეგ სამუშაო ფურცელზე, ცხრილში შეიტანე:
  1. უცხო ინგლისურენოვანი სიტყვები;
  2. უცხო ქართული ტერმინოლოგია;
  3. მოსმენილი ინფორმაციიდან 1 მნიშვნელოვანი სიახლე.
  • ნამუშევარი განათავსეთ თქვენი ჯგუფის ნომრის შესაბამის ბაინდერში

საშინაო დავალების ინსტრუქცია  (დავალების ჩაბარების ბოლო ვადა – 3 აპრილი)

I.

  • აიღე 3 თანაბარი ზომის პურის ნაჭერი;
  • პირველი მოათავსე მინის ქილაში, რომლის შიდა კედელზეც მიმაგრებული იქნება სველი ღრუბელი. მოარგე საფარებელი;
  • მეორე მოათავსე მინის ქილაში, რომლის შიდა კედელზეც მიმაგრებული იქნება სველი ღრუბელი. დატოვე საფარებლის გარეშე;
  • მესამე მოათავსე მინის ქილაში. დატოვე საფარებლისა და სველი ღრუბლის გარეშე.

გაითვალისწინე, რომ საკვლევ ობიექტებს უნდა დააკვირდე პრალელურად ორ გარემოში:

  • ოთახის ტემპერატურაზე;
  • მაცივარში.

დაკვირვების დრო – 5 დღე.

II.

  • დააკვირდი პროცესს, გადაიღე ფოტო ყოველდღე – ერთსა და იმავე დროს, ან გააკეთე ჩანახატი; აღრიცხე მონაცემები შენთვის სასურველი ფორმით;
  • გააანლიზე, იმსჯელე შედეგებზე და გამოიტანე დასკვნა;
  • ნამუშევარი წარმოადგინე პრეზენტაციის სახით.

 

გამოყენებული ლიტერატურა და რესურსები:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა (2011-2016)
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა (2018-2024)
  3. კაპანაძე მ. (2016). განმავითარებელი შეფასება საბუნებისმეტყველო საგნებში. ჟურნალი ,,მასწავლებელი”, #6, 2016. გვ.18
  4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. (მაისი, 2019) https://matsne.gov.ge/ka/document/view/4570026?publication=0
  5. ყუნძაყიშვილი მ. & ბივერი ს. (2017) განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. გვ. 47-51
  6. ყუნძაყიშვილი მ. & ბივერი ს. (2017) განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. გვ.114 – 119
  7. ყუნძაყიშვილი მ. & ბივერი ს. (2017) განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. გვ. 155 – 156
  8. მჭედლიშვილი ხ. (2016). გაჩერებით სწავლა. ge/?p=1044
  9. აქტიური სწავლება ბიოლოგიაში. სატრენინგო მასალა, მოდული 5. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი