პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ხატვა და ლიტერატურა – ერთი სტატიის მიხედვით

მულტიმედიური სამყარო მასწავლებლებს კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე გვაყენებს: მოსწავლეთა აზროვნების მრავალმხრივ განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ, რაც საგანთშორისი კავშირების გაბმასაც გულისხმობს.

ისე მოხდა, რომ კითხვის პარალელურად ჩემს მოსწავლეებთან ერთად ხატვა წამოვიწყე. ხატვა გახდა თვითგამოხატვის შეუცვლელი საშუალება, რომელიც ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებასა და თავგადასავლებს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ახლა ქართული თუ უცხოური ლიტერატურის, გრამატიკული წესების, ანბანის, სიტყვების სწავლების პარალელურად თითოეულ მოსწავლეს ხატვისკენ ვუბიძგებ. შინაგანი სამყაროს წარმოჩენას, ამოტივტივებას უპირობო ნდობა, თანადგომა და გამხნევება სჭირდება. ხატვა ამ პროცესში ერთგული მეგობარივით გვეხმარება.  შედეგი კი მასწავლებელსა და მოსწავლეებს თანაბრად გვაკვირვებს ხოლმე.

გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების შესახებ გიამბოთ. სტატიის დაწერის სურვილი კიდევ უფრო მეტად გამიღვივა ჟურნალ მასწავლებლის ავტორის, ქეთევან ოსიაშვილის სტატიამ  „ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში“. სტატიაში დაწვრილებით არის აღწერილი, თუ როგორი მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის ხატვა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს უნარებზე, რომელთაც ხატვა ავითარებს. სტატიიდან რამდენიმე მოსაზრებას მოვიყვანთ და  ლიტერატურული მაგალითებით გავამყარებთ.

  • ბავშვის განვითარებისთვის ხატვა ღირებულია არა შედეგით, არამედ უშუალოდ შემოქმედებითი პროცესით.

ვისაც არ გამოგიცდიათ, დიდი სიამოვნება გელით წინ. ყოველდღიური რუტინის გასაძლებად  თავშესაქცევის  გამოგონება ხალისს გვმატებს. საკმარისია, ბავშვებთან ერთად ვხატო, განწყობა მიმაღლდება. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად გამოგვდის. მთავარი ნამდვილად პროცესია.

მოსწავლეების შესახებაც იმავეს თქმა შემიძლია. იმდენად დიდ სიხარულს უკავშირდება ლიტერატურის ხატვასთან დაკავშირება, რომ დადებითი განცდები მათ გამომეტყველებაზეც ისახება.

 

  • ბავშვისთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია საკუთარი „მე“- ს გამოხატვა. თითოეული ადამიანი თავისი ბუნებით შემოქმედია. შემოქმედება კი მოითხოვს გამოხატვას. ხატვა ასეთი გამოხატვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.

ეროვნული სასწავლო გეგმა მიგვითითებს, რომ თითოეულ ბავშვს განსხვავებული შესაძლებლობები აქვს.  ინდივიდუალური სწავლება ამ განსხვავებულობის წარმოჩენას გულისხმობს. ლიტერატურა და ხატვა კი საკუთარი „მე“-ს გამოხატვის არაჩვეულებრივი საშუალებაა.

რასაც ვკითხულობთ, წარმოსახვა სურათ-ხატებად აცოცხლებს. რამდენი მკითხველიც არსებობს, იმდენი პერსონაჟი „ჩნდება“. წაკითხულის ნახატად ქცევა ბავშვს საკუთარ შესაძლებლობებში არწმუნებს და უკეთესად იაზრებს სიტყვებით გადმოცემულ აზრს.

მაგალითად მოვიყვან სემესტრის ბოლო შემაჯამებელ სამუშაოს. მეექვსეკლასელების ტესტში ერთ-ერთ საკითხად შევიტანე განვლილი მოთხრობებიდან რომელიმე ეპიზოდის ნახატად გადაქცევა.

ტესტის ყველაზე საინტერესო დავალება ჩემთვისაც ეს საკითხი აღმოჩნდა, რადგან ორმოცი ბავშვის ინდივიდუალურ ხედვაზე, არჩევანზე, თვითგამოხატვაზე დაკვირვება უზარმაზარი სიამოვნებაა.

„შვლის ნუკრის ნაამბობი“  დავხატე, რადგან მეც მცხელა ხოლმე და დედასთან ყოფნა მომწონს.“

„მერე ბებო კი მიხვდა, რომ ეს ხე არის ჯადოსნური და დაიწყო ლოცვა.“

„ნამწყესარის მოგონებები“ – მე ამ ეპიზოდზე ბევრი ვიცინე, რადგან ამხელა ორი კაცი დგას და ჩემნაირად ლაპარაკობს რუსულად, ანუ გონზე არ არიან, რას ამბობენ.“

„მე მომეწონა ეს მომენტი, რადგან ბებია ძალიან კეთილი ჩანს.“

„ეს ის ეპიზოდია, ქუჩის წინ რომ იბრძვიან.“

„ბებერი მუხა აღერღილი იყო. ეს ეპიზოდი ნიშნავს, რომ ბებერი მუხა გაღიზიანებული იყო.“

„მე ყველაზე მეტად მახსოვს ის ეპიზოდი, როდესაც ავთანდილი და როსტევანი ერთმანეთს შეეჯიბრებიან. წაგებული კი მეფე აღმოჩნდა.“

აქვე ყურადღება უნდა გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ, მასწავლებლებისთვის ნაცნობი პრობელმაა, როგორი გაუცხოება არსებობს კლასიკური ტექსტების წაკითხვისას. გაღარიბებული ლექსიკის გამო სიტყვების უმრავლესობა გაუგებარი გახდა, რის გამოც ბავშვებს შინაარსისა და მთავარი თემების აღქმა უჭირთ. ხატვა კი ამ მხრივაც გვეხმარება, რადგან ხიდს აბამს თანამედროვე სამყაროსა და კლასიკურ ტექსტებს შორის. ხატვით კიდევ უფრო გასაგები ხდება აღერღილი მუხის, ხაზარულას, ქუჩის განცდები.

  • ხატვა ავითარებს წარმოსახვას, ფანტაზიას, მხედველობით მეხსიერებას, ემოციურ გულისხმიერებას, მშვენიერების გრძნობას.

რამდენიმე სტატიაში ვახსენე პროექტი „მიმოწერილი მთა და ქალაქი“, რომლის ფარგლებში არა მარტო მე და ჩემი რაჭველი მოსწავლეები ვწერთ ერთმანეთს, არამედ სოფლად და ქალაქად მცხოვრები ბავშვები ერთმანეთთან წერილებით ურთიერთობენ. ამჯერად, ერთ კონკრეტულ დეტალზე – წერილების ნახატებზე უნდა გიამბოთ. ორმა რაჭველმა გოგონამ ორმოც თბილისელ მოსწავლეს სათითაოდ მოსწერა. თითოეული წერილი ინდივიდუალური ნახატით იყო გაფორმებული, პატარა ქალაქელი მეგობრების ხასიათის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ამგვარმა გულისხმიერმა დამოკიდებულებამ უკვალოდ არ ჩაიარა. რამდენიმე თვის შემდეგ ქალაქიდან საპასუხოდ გაგზავნილ წერილებს ასეთივე ინდივიდუალური ნახატები ამშვენებდა, რომლებიც პატარა  ადამიანების ფიქრებს ვიზუალურად აცოცხლებდნენ. სიტყვებად ქცეულ ამბებს ხატვამ მშვენიერება შესძინა. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა წერილების ნახატებზე დაკვირვება, რადგან ქალაქში გაზრდილი ბავშვები უმეტესად სოფლის სახლებს, ხეებს, მზეს, საკვამურიდან ამომავალ კვამლს ხატავდნენ – ყოველივე იმას, რაც ასე გვიზიდავს ქალაქში მყოფებს. ნახატები ერთგვარ პატივისცემასაც გამოხატავდნენ.

  • ხატვა ძალიან სასარგებლოა ბავშვებში დამოუკიდებლობის, შრომისმოყვარეობის, სამუშაოს ბოლომდე მიყვანის, ფსიქომოტორული კოორდინაციის გამოსამუშავებლად.

ამ მოსაზრების გასამყარებლად ერთი ამბავი უნდა გიამბოთ. თბილისის სკოლაში მეოთხე ლიტერატურული კაფე „ჰემლოკი“ დეკემბრის ბოლოს გავმართეთ. წიგნის წარდგენის ფორმად წიგნის რუკა და წაკითხული ნაწარმოებების მიხედვით მოხატული ჩანთები გადავწყვიტეთ. ხელნაკეთი ჩანთები მკერავს შევაკერინეთ და წიგნის სათაურებთან ერთად რაჭაში გავგზავნე. რამდენიმე კვირის განმავლობაში ოთხი გოგონა გულმოდგინედ ხატავდა. ისეთი გულისხმიერებით უდგებოდნენ თითოეული ჩანთის მოხატვას, შემეშინდა, სხვა საგნებისთვის ყურადღება არ მოეკლოთ. ჩემს შიშს კი არგუმენტად ახვედრებდნენ ხატვით მიღებულ სიამოვნებას, რომელსაც არაფერი შეედრებოდა. ამ პროცესის შესახებ გოგონებმა ბლოგზე დაწერეს (ბლოგის მისამართი იხილეთ სტატიის ბოლოს).

რაჭიდან გამოგზავნილმა სათუთად დაკეცილი ორმოცი მოხატული ჩანთის  დანახვამ სუნთქვა შემიკრა. ლიტერატურულ კაფეში კედელზე გამოვფინეთ და თბილისელი მოსწავლეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბიჭებისთვის ჩანთებს თასმები გავუყარეთ და სპორტული ნივთების ტარება შევთავაზე. მათ კი მიპასუხეს, რომ ცურვაზე ან ფეხბურთზე ხშირად წიგნებს დავატარებთ და ამ ჩანთებში ჩავდებთო. მეორე დღესვე მერხებზე სასკოლო ნივთებსა და წიგნებს შორის ნაჭრის ჩანთები ეწყო და ყვებოდნენ ქალაქსა და სოფელს შორის ლიტერატურითა და ხატვით გაბმულ  ურთიერთობებზე. კაზანი, მატილდა, გრეგუარი, ელისი, ნოდარ დუმბაძის ძაღლი, პაქსი, ავგუსტ პულმანი, ცისფერი ირემი – ვის არ შეხვდებოდით ჩანთებზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რაჭველი გოგონები თბილისელ გოგო-ბიჭებზე ასაკით დიდები არიან. მათთვისაც რამდენიმე წიგნი უცნობი აღმოჩნდა და დაინტერესდნენ. უმცროსებისთვის კი პირად მაგალითად იქცევა უფროსი მეგობრების შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა, გულისხმიერება და თავის კვალს დატოვებს მათ ფსიქიკაზე.

  • ხატვის საშუალებით ბავშვები სწავლობენ გარემომცველი სამყაროს შემოქმედებითად გააზრებას და იმის გაგებას, რომ თითოეულ ადამიანს აქვს რეალობის საკუთარი აღქმა, თავისებურად ხედავს საგნებსა და მოვლენებს.

არა მარტო საკუთარი ინდივიდუალიზმის აღმოჩენა, არამედ სხვისი დანახვა და პატივისცემაც უმნიშვნელოვანესია და მასწავლებლებს ამ მხრივაც გვიწევს ყურადღების გამახვილება. ხატვა და ლიტერატურა კი კვლავ დამხმარე ძალად შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგალითად, როდესაც ტექსტს ვუკითხავთ ხმამაღლა, შემდეგ კი ვთხოვთ იმის დახატვას, რამაც გული აუჩქარათ, შედეგად ვიღებთ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ ნახატს/ხედვას. საკლასო გალერეაში გამოფენის დათვალიერებისას  ბავშვები აკვირდებიან ერთმანეთის ნამუშევრებს, ერთად მოსმენილის მრავალგვარ გამოხატვას, რაც დაეხმარებათ იმის გააზრებაში, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი ხედვა აქვს. სხვისი შრომის, განსაკუთრებულობის აღიარების სწავლებით ბავშვები მეტად თვითკმარები ხდებიან.

 

  • ხატვა შესანიშნავი და ეფექტური ხერხია საკუთარი გრძნობების, ემოციებისა და განცდების გამოსახატად.

ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითები მოწმობს, რომ ჩვენთან ხატვა კითხვის პროცესს უკავშირდება – ჯერ გაწაფული მკითხველები ვხდებით და შემდეგ ვიწყებთ ხატვას. ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან კითხვა შემოქმედებით უნარებს აღვივებს. მაგალითად კი  ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის, თამუნას ამბავს დავიმოწმებ. წიგნად ქცეული წერილებისთვის ილუსტრაციები სწორედ თამუნამ დახატა, რომელმაც ჯერ კითხვა დაიწყო და კითხვის პარალელურად  – ხატვა. რამდენიმე წლის გამოცდილებამ კი წიგნის „მოსიარულე გაკვეთილების“ ილუსტრატორად აქცია.

კითხვისას გვიგროვდება შთაბეჭდილებები, რომელთა გაზიარების დაუძლეველი სურვილი გვიჩნდება. გვინდა, რომ სხვაც ავიყოლით, სხვასაც განვაცდევინოთ, ვისაუბროთ. ხშირად საკუთარ განცდებთან მარტო ვრჩებით – საყვარელი ადამიანები დროს ვერ პოულობენ ჩვენი წიგნის წასაკითხად, ან მოსაუბრეს ვერ პოულობ, ან ვისაც წაკითხული აქვს, მისი ემოციები უკვე განელებულია. ხატვა ამჯერადაც გვეხმარება, რომ ლიტერატურა ვიზუალურ შთაბეჭდილებებად ვაქციოთ და ამგვარად ვისაუბროთ.

ხატვას არ სჭირდება განსაკუთრებული უნარები, რადგან მთავარი პროცესით ტკბობაა. მთავრია, გაბედო და კლაკნილი ხაზები თანდათან მეტ სიმსუბუქეს შეიძენენ. ხშირად ვხატავ ჩემი მოსწავლეებისთვის პოსტერებს, ბალიშებს, ხელნაკეთ ჩანთებს, მაისურებს ლიტერატურული პერსონაჟებით, ფრაზებით ვაფორმებ. ვგრძნობ, რომ ყოველივე ეს ბავშვების ინტერესს აღვივებს.

ხატვა და ლიტერატურა  ფესვებივით არის, რომელზეც საკუთარ თავს ვზრდით. ბავშვობიდან ამგvaრი დასაყრდენი კი სულიერ სიცარიელეს გვივსებს და სწორი მიმართულებით ვვითარდებით. მყარად ვდგავართ და ყურადღების მისაქცევად თვითგამოხატვის არასწორი ფორმები ნაკლებად გვჭირდება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ქეთევან ოსიაშვილი, „ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში“

https://mastsavlebeli.ge/?p=20275

რაჭველი გოგონების ბლოგი მოხატული ჩანთების შესახებ:

მთიდან ქალაქში ჩამოსული ნაჭრის ჩანთები

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი