პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენ და ჩვენი წიგნიერება

2011 წლისთვის ქართველმა მოსწავლეებმა 2006-თან შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენეს, მაგრამ თუ ასეთი ტემპით განვაგრძეთ წინსვლა, სულ ცოტა, 16 წელი დაგვჭირდება, რომ ჩვენი მოსწავლეები წიგნიერების საშუალო დონეს მიუახლოვდნენ.

გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებს, უპირველესად, როგორც მშობელი ვუსმენდი და ვაანალიზებდი. ჩემს შვილს რომ მიეღო მონაწილეობა ამ კვლევაში, მოსწრების რომელ ჯგუფში მოხვდებოდა? შეძლებდა თუ არა ის ტექსტიდან იმპლიციტურად და ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის ამოცნობას? საერთოდ, როგორია მისი წიგნიერების დონე? ბავშვები დღეს კითხულობენ, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც ჩვენ მათ ასაკში.

მერე იმავეზე ვფიქრობდი მასწავლებლის პოზიციიდან: რამდენი მოსწავლე აჩვენებდა წიგნიერების ელემენტარულ უნარებს? რამდენი დარჩებოდა მინიმალური ნიშნულის მიღმა?

მოდი, უპირველესად, განვმარტოთ, რა არის წიგნიერება. „წიგნიერება განისაზღვრება როგორც საზოგადოების მიერ ღირებულად მიჩნეული და/ან ინდივიდისათვის ფასეული წერილობითი ენობრივი ფორმების გაგებისა და გამოყენების შესაძლებლობა. პატარა მკითხველებს უნდა შეეძლოთ მრავალფეროვანი ტექსტების შინაარსის გაგება…” – ვკითხულობთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევის ანგარიშში.

ამ განმარტების გაცნობა და გაცნობიერება მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, რადგან, ჩემი გამოცდილებით, მათ უმრავლესობას მიაჩნია, რომ წიგნიერება ნიშნავს, ბავშვს რაც შეიძლება მეტი მხატვრული წიგნი ჰქონდეს წაკითხული, იცნობდეს ქართველ და უცხოელ ცნობილ მწერლებსა და პოეტებს და შეეძლოს კონტექსტის შესაფერისად მათი ციტირება. სინამდვილეში წიგნიერება გულისხმობს ტექსტთან ურთიერთობის ხელოვნებას, კითხვის მეთოდების ცოდნას, ინფორმაციის მიღებასა და მის მენეჯმენტს და იგი სტატიკურ ცოდნაზე არ არის ორიენტირებული.

წიგნიერება იმიტომაც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მოსწავლეთა წარმატებისთვის, რომ მისი დაბალი დონე უშუალოდ აისახება მათემატიკაში მიღწეულ შედეგებზე. თუ მოსწავლეს არ შეუძლია არამხატვრული ტექსტების გაგება და ინფორმაციის დამუშავება, – მაგალითად, მათემატიკური ამოცანის პირობისა, – ის ვერც ამოცანას ამოხსნის. მეორე მხრივ, თუ მოსწავლეს არ აქვს განვითარებული ლოგიკური აზროვნება, მხატვრულ ტექსტებთან მუშაობისას მას გაუჭირდება ინფორმაციის დაჯგუფება და ტექსტში ლოგიკური კავშირების დადგენა, მაგალითად, კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა.

წიგნიერება და მათემატიკური უნარები ურთიერთდაკავშირებული და ერთმანეთზე გადაჯაჭვული კომპონენტებია, რომელთა განვითარებაც მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული.

დავიწყოთ მასწავლებელთა კომპეტენციით. მოსწავლეთა წიგნიერების დონის ასამაღლებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის მიმართულ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ მოსწავლეთა წერისა და კითხვის უნარების განვითარება უნდა იყოს. პროფესიული განვითარების ღონისძიებები მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი, თუ ისინი არ იქნება გათვალისწინებული მომავალ მასწავლებელთა განათლების პროგრამებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს ამზადებენ, მოსწავლეთა წერისა და კითხვის უნარების განვითარება საუნივერსიტეტო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

წიგნიერების განვითარება მას შემდეგ გახდება სარეკომენდაციო, რაც ის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში აისახება. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მულტიფუნქციურია და ერთ-ერთი ფუნქციაა სტანდარტის მიხედვით მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამების ორიენტირება სტანდარტზე. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში არსებული პუნქტი, რომ მასწავლებელმა იცის წერისა და კითხვის განვითარების სტრატეგიები და ეფექტიანად იყენებს მათ სასწავლო პროცესში, ნიშნავს, რომ მომავალ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, შესაბამისი თეორიული ცოდნა. მომავალი მასწავლებლების მოსამზადებელ სასწავლო პროგრამებში წერისა და კითხვის სწავლების მეთოდების ცოდნა მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის არ იქნება სავალდებულო. საუნივერსიტეტო განათლების შემდეგ, მაძიებლობის პერიოდში, მომავალი მასწავლებელი პრაქტიკულად ისწავლის ამ თეორიული ცოდნის სასწავლო პროცესში გამოყენებას. ამგვარი მიდგომით, უნდა ვივარაუდოთ, სკოლაში მუშაობის დაწყებისას ახალბედა მასწავლებელს უკვე ექნება საწყისი და აუცილებელი ცოდნა და უნარები, რათა მოსწავლეებში წიგნიერების დონის განვითარებას ხელი შეუწყოს. სწავლების პროცესი და ხარისხი უშუალოდ უკავშირშდება სწავლის ხარისხს, ანუ როგორ ასწავლის მასწავლებელი, კავშირშია იმასთან, როგორ სწავლობს მოსწავლე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდება ამ მიმართულებით, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა კომპეტენციების, შესაბამისად, სწავლების დონის და, საბოლოოდ, სწავლის დონის ამაღლებას.

მაგრამ მხოლოდ მასწავლებელთა კომპეტენციაზე ზრუნვა, საუნივერსიტეტო განათლებაში დამატებითი კომპონენტების შეტანა და პროფესიული განვითარება არ არის საკმარისი, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა წიგნიერების ისეთივე მაღალი დონე აჩვენონ, როგორიც მათმა ფინელმა ან გერმანელმა თანატოლებმა.

როგორც კვლევამ აჩვენა, მოსწავლის წიგნიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური ფაქტორი. ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის კავშირი მოსწავლის მოსწრებასთან ერთგვარი ჩაკეტილი წრეა. თუ მშობლები მუშაობენ და სოციალურად და ეკონომიკურად გამართულები არიან, მათი შვილებიც მაღალ შედეგებს აჩვენებენ, ხოლო თუ მშობლებს ფინანსურად უჭირთ, წიგნიერების თვალსაზრისით უჭირთ მათ შვილებსაც. ეს ტენდენცია შიშის მომგვრელია იმ თვალსაზრისითაც, რომ წარმოშობს რისკს, მომავალში ისევ შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ წიგნიერები, ხელმოკლე ოჯახებისა კი – პირიქით. აქ განათლების სამინისტროს ძალისხმევა არ არის საკმარისი. თუ სახელმწიფომ პრიორიტეტად არ მიიჩნია განათლებისა და საგანამათლებლო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის, ეკონომიკურად დაჩაგრულები ისევ ყურადღების მიღმა დარჩებიან.

თუ სახელმწიფომ ეს საკითხი პრიორიტეტად დასახა და სათანადო ღონისძიებები გაატარა, ადვილი შესაძლებელია, წიგნიერების პრობლემა მოგვარდეს და მომავალი კვლევის შედეგები დღევანდელზე გაცილებით უკეთესი იყოს, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ის როდია, მომავალ საერთაშორისო კვლევაში რამდენიმე ხაზით წავიწიოთ წინ, საშუალო მაჩვენებლისაკენ – წიგნიერების განვითარებაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებიან ჩვენი შვილები, რას მიაღწევენ ისინი ხვალ, ან თუნდაც ის, როგორი იქნება ჩვენი სიბერე რამდენიმე წელიწადში.

ბევრი რამ არის გასაკეთებელი მშობელთა ინფორმირებისთვის. რა მოვუხერხოთ მათ, ვისთვისაც შვილების სწავლა არ არის მთავარი პრიორიტეტი? მშობლების უმეტესობა ძალიან კონსერვატიულია. მათ თავისებური წარმოდგენა აქვთ როგორც სკოლის, ასევე წიგნიერების შესახებ. რეალურად რა არის წიგნიერება დღეს და რა უნარებს უნდა ფლობდეს მათი შვილი წარმატებისთვის, მრავალმა მათგანმა, უბრალოდ, არ იცის. მშობელი, რომელიც არ კითხულობს, შვილს კითხვის მაგალითს ვერ მისცემს. ტრადიციული წიგნი იქნება ეს თუ ელექტრონული, მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ბევრი მშობლისთვის ელექტრონული წიგნი წიგნი არ არის.

სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა და მათი ამოქმედება წიგნიერების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. კომპეტენტური სკოლის ბიბლიოთეკარების მომზადება და ღონისძიებათა ხელშეწყობა სასურველ შედეგს უფრო მეტად მიგვაახლოებს. სკოლის დირექტორების მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებში წიგნიერების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხას აუცილებლად უნდა დაემატოს წიგნიერების ხელშემწყობი გარემოს მოწყობაზე ზრუნვა. სკოლის დირექტორის კომპეტენციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ხატოვნად რომ ვთქვათ, დირექტორი ქმნის სკოლაში ამინდს. მასვე შეუძლია სკოლაში წიგნიერების განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოსა და განწყობის შექმნა, „წიგნის მეგობართა კლუბი” იქნება ეს, „სამკითხველო კუთხეები” თუ სხვა უფრო ინოვაციური და გონივრული ღონისძიებები, დირექტორის სურვილზე, მონდომებასა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა წიგნიერების თვალსაზრისით სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორისაც დიდი განსხვავებაა. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, რათა ახალ სახელმწიფო პროგრამაზე ვიფიქროთ. მაგალითად, სოფლის სკოლის განვითარებისა და ქალაქისა და სოფლის სკოლების თანამშრომლობის პროგრამაზე. თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე მოსწავლეთა წიგნიერებაზე ორიენტირებულ აქტივობათა ჩატარებაც. თავდაპირველად ამგვარი თანამშრომლობა უნდა წაახალისოს, ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ, მასში უნდა ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობები და, რაც მთავარია, მშობლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი