პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კითხვის ხელშემწყობი საქმიანობები

კითხვა სტრუქტურირებული პროცესია, რომელიც სამი ეტაპისაგან შედგება: კითხვამდე ეტაპი, უშუალოდ კითხვის ეტაპი და კითხვის შემდგომი ეტაპი.

კითხვამდე ეტაპზე გამოყენებული სტრატეგიები მოსწავლეს ეხმარება იმ ცოდნის შეხსენებაში, რომელიც მას მოცემულ საკითხთან თუ თემასთან დაკავშირებით უკვე აქვს, ანუ ააქტიურებს თემის, პრობლემის, კონცეფციის შესახებ არსებულ ცოდნასა და პასიურ ლექსიკას. 
ამ ეტაპზე მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეთა დონისა და კითხვისათვის მზაობის დადგენა, აქედან გამომდინარე, იმის განსაზღვრაც, რა და როგორ მიაწოდოს მათ. 
კითხვამდე ეტაპის მიზნებია:
_ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, მოტივაციის აღძვრა. კითხვის წინარე აქტივობებით დგინდება მოსწავლეების ინტერესები, წინარე ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც უკავშირდება წასაკითხ ტექსტს. Eეს ხელს უწყობს კითხვის სურვილის გაღვივებას. 
_ მოსწავლეთა ლინგვისტური ცოდნის შეფასება და აქტივაცია. მასწავლებელი ტექსტის წაკითხვამდე აცნობს მოსწავლეებს ძირითად ტერმინებს, ახალ ცნებებს, ახალ სიტყვებსა და გამოთქმებს. ამ ეტაპის საქმიანობებით მასწავლებელი აფასებს მოსწავლის ლექსიკურ მარაგს და ხელს უწყობს ამ მარაგის გამდიდრებას.
_ კითხვის მიზნის განსაზღვრა. როცა მოსწავლემ იცის, რისთვის კითხულობს, რა შეიძლება იყოს მისთვის მნიშვნელოვანი ტექსტში, კითხულობს უფრო მეტი ინტერესით.

საქმიანობები, რომლებიც წინ უძღვის კითხვას:

მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს ტექსტის შესახებ ვარაუდების გამოთქმის საშუალებას ფოტოებზე, სურათებზე, ილუსტრაციებზე, თავებსა და ქვეთავებზე დაყრდნობით (როგორ ფიქრობთ, რაზე შეიძლება იყოს ტექსტი? რა მიგანიშნებთ ამას? როგორ განვითარდება ამბავი მოთხრობის იმ თავში, რომელსაც ჰქვია. . .).

მასწავლებელი თავად აწვდის ინფორმაციას თემის შესახებ ან მოსწავლეთა ფონური ცოდნის დასადგენად შეკითხვებით მიმართავს მათ (რა იცით ან გგონიათ, რომ იცით . . . ? გაიხსენეთ . . . და ა. შ.).

მასწავლებელი წინასწარ აცნობს მოსწავლეებს ტექსტის მოკლე შინაარსს.

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ტექსტიდან წინადადებებს არეული თანამიმდევრობით და მათ ინტუიციით უნდა დაალაგონ ისინი (შემდეგ, კითხვისას, ისინი საკუთარ ვერსიას შეადარებენ ტექსტს).

მოსწავლეები წინასწარ ეცნობიან ტექსტში გამოყენებულ ლექსიკას (უცნობ, სპეციფიკურ სიტყვებს) და იდიომატურ გამონათქვამებს (უცნობი სიტყვების განმარტებებს პოულობენ ლექსიკონში, მასწავლებელი აძლევს იდიომების განმარტებებს ან მასალას, სადაც შეუძლიათ თავად მონახონ ისინი).

მასწავლებელი ასმენინებს აუდიომასალას ან აჩვენებს ფილმს იმ თემაზე, რომელზედაც არის წასაკითხი ტექსტი და აძლევს მსჯელობის საშუალებას.

მოსწავლეები წინასწარ შეისწავლიან იმ საკითხებს, რომლებიც საფუძვლად უდევს წასაკითხ ტექსტს, ააქტიურებენ იმას, რაც უკვე იციან, მოიძიებენ და წარმოადგენენ ახალ ინფორმაციას.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ტექსტის თემას და ამ თემაზე იმართება დისკუსია, რომელშიც ისინი გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. დისკუსია რომ არ ასცდეს წასაკითხი ტექსტის თემას, მასწავლებელი შეკითხვებით აბრუნებს მათ სასურველ კალაპოტში.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებას. მათ უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია: რომელს ეთანხმებიან და დაასაბუთონ _ რატომ. ტექსტის წაკითხვისას მათ შეუძლიათ შეადარონ საკუთარი პოზიცია ავტორისას.

მასწავლებელი აწვდის საყრდენ სიტყვებს ან რამდენიმე ფრაზას და მოსწავლეები ამ სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებით ადგენენ ტექსტს, რათა შემდეგ შეადარონ წასაკითხს. შეიძლება ტექსტის შედგენა სათაურზე ან ილუსტრაციაზე დაყრდნობით.
უშუალოდ კითხვის ეტაპზე ისეთი სტრატეგიები გამოიყენება, რომელთა საშუალებითაც მოსწავლე თავად ადევნებს თვალს და აფასებს კიდეც კითხვის პროცესს. რა იცოდა, რა გაიგო ახალი, რის გაგება სურს კიდევ? _ აი, შეკითხვები, რომლებზედაც ის პასუხს სცემს.

მოსწავლე კითხვისას უნდა გრძნობდეს პირად პროგრესს, წარმატებას, ეს კი დამოკიდებულია ტექსტის გაგების ხარისხზე, იმაზე, თუ რამდენად ჩასწვდა იგი ავტორის იდეას, რამდენად გაიაზრა ტექსტის თემა და მასში ასახული პრობლემა/პრობლემები. მან უნდა შეძლოს იმ სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება, რომლებიც ტექსტის გააზრებაში დაეხმარება. ამ ეტაპზე მას აუცილებლად ესაჭიროება მასწავლებლის რეკომენდაციები, რჩევები.

უშუალოდ კითხვის ეტაპის მიზნებია:

ტექსტის შინაარსისა და იდეის გაგება.

ამაში მოსწავლეებს დაეხმარება:

_ კითხვის მიზნის გააზრება.

_ ფონური ცოდნა (თემასთან დაკავშირებული ცოდნა).

_ გაგების ხელშემწყობი სტრატეგიების ცოდნა.

სხვადასხვა ტიპის, სახისა და ჟანრის ტექსტების ნიშნების, სტრუქტურის, ორგანიზაციის თავისებურებების გააზრება.

ტექსტის სტრუქტურის და მისი ორგანიზაციის თავისებურებების ცოდნა მოსწავლეებს ეხმარება როგორც წაკითხულის უკეთ გააზრებაში, ისე წერის დროს მათს გამოყენებაში. მასწავლებლის მიერ ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მათ დამოუკიდებელი კითხვის პროცესს გაუადვილებს.
ენის ეფექტიანი გამოყენება.

მოსწავლეები მუდმივად უნდა ვავარჯიშოთ ენისათვის დამახასიათებელი ფრაზეოლოგიის, ხატოვანი გამონათქვამების (იდიომები, ანდაზები, სხვა მყარი სიტყვათშეთანხმებები) ჯერ გაგებასა და შემდეგ მათს გამოყენებაში. ეს დაეხმარება მოსწავლეებს როგორც წაკითხულის გაგებაში, ისე ენის თავისებურებების გააზრებაში. ამ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ წერისა და ზეპირმეტყველების დროს.

ავტორისეული იდეებით, თემებით, ენობრივი საშუალებებით აღძრული რეაქციების გამოხატვისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა.

მოსწავლეებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ საკუთარი რეაქციის, გრძნობების, დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება. ამით ისინი ამყარებენ კავშირს ტექსტსა და სუბიექტურ გამოცდილებას შორის, რაც კითხვის პროცესში მათი აქტიური ჩართვის აუცილებელი პირობაა. არსებითია, მოსწავლეებს ამ რეაქციების დროს შეექმნათ ინტელექტუალურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო.
საქმიანობები უშუალოდ კითხვის პროცესში:
განსაზღვრა:

_ ტექსტის ტიპის.

_ ჟანრის.

_ თემის.

_ აუდიტორიის (ვისთვისაა ტექსტი შექმნილი, ვინ არის სავარაუდო მკითხველი?).

_ ტექსტის მიზნის (მაგალითად, ინფორმირება, გართობა, დარწმუნება და ა. შ. ).

_ აბზაცის, რომელშიც თავმოყრილია ტექსტის ძირითადი ინფორმაცია.

_ თითოეული აბზაცის ძირითადი იდეის და მისი განცალკევება დამატებითი ინფორმაციისაგან (მაგალითად, საყრდენი წინადადებები აბზაცის დასაწყისში ან ბოლოში).

_ ტექსტის ტონის (მაგალითად, ირონიული, სატირული . . . ).

_ მწერლის დამოკიდებულების.

_ ციტატების ტექსტიდან (ვინ თქვა? როდის თქვა? სად არის ამის შესაბამისი ადგილი ტექსტში. . . ).

_ ენობრივი საშუალებებისა და მხატვრული ხერხების (მაგალითად, დროის რომელი ფორმაა გამოყენებული, რომელ პირშია თხრობა, მხატვრული განსაზღვრებები, მეტაფორები და ა. შ.).

_ თანამიმდევრულობის (რა მოხდა ჯერ, შემდეგ და ა.შ.).

ურთიერთმიმართების დადგენა:

_ სათაურის ან თავების სათაურების შინაარსთან;

_ ნახატების, ფოტოების და სქემების ტექსტებთან;

_ ერთმანეთის შემავსებელი ტექსტების (მაგალითად, წერილები და მათზე პასუხები);
_ ტექსტის ნაწილებს შორის;

_ სათაურის ტექსტის რომელიმე ნაწილთან.
ლოგიკური თანამიმდევრობით დალაგება:

_ გათიშული აბზაცების ან წინადადებების.

შედარება:
_ ორი ტექსტის, რომლებშიც საპირისპირო ინფორმაციაა მოცემული (მაგალითად, ორი საგაზეთო სტატია, რომლებშიც ერთი და იგივე თემა სხვადასხვა პოზიციიდან არის განხილული).
_ ორი სხვადასხვა ტიპის ტექსტისა ერთ თემაზე (მაგალითად, საგაზეთო სტატიისა და მხატვრული ნაწარმოების).;
_ მოთხრობისა და მისი ილუსტრაციის.
_ ორი პერსონაჟის.

ინფორმაციის მონიშვნა და ორგანიზება:

_ ინფორმაციის შეტანა შესაბამისი სათაურებით სქემაში ან დიაგრამაში.
_ ძირითადი იდეის ჩამოყალიბება.
_ არგუმენტების დაჯგუფება პრინციპით: “მხარდამჭერი” _ “საწინააღმდეგო” (ე.წ.  სქემა).
_ სპეციფიკური და მნიშვნელოვანი მომენტების მონიშვნა.
_ პირობითი ნიშნების ან მარკერების გამოყენება სხვადასხვა ადგილის მოსანიშნად და დასაჯგუფებლად.
გამოტოვებულის შევსება:
_ დაუსრულებელი წინადადების ან აბზაცის დასრულება.
_ ტექსტში გამოტოვებული სიტყვების ან წინადადებების შეტანა.
_ სქემის ან “გონებრივი რუკის” დასრულება ტექსტიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე.
მესამე, კითხვის შემდგომ ეტაპზე სასურველია ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეს მიღებული ინფორმაციის ორგანიზებაში ეხმარება. ორგანიზებისას ის გაცილებით უკეთ იმახსოვრებს მასალას და ხელახლა გაიაზრებს, გადააფასებს მიღებულ ინფორმაციას, ცოდნას. ამ ეტაპზე ის იმასაც აფასებს, რამდენად ნაყოფიერი იყო მისთვის კითხვის მთელი პროცესი.

სწორად წარმართული საქმიანობებით მოსწავლეებს გონებაში უყალიბდებათ ანალიზის, სინთეზის და შეფასების სქემები, რომლებსაც ისინი წარმატებით გამოიყენებენ დამოუკიდებელი კითხვის დროს. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი თავისუფლად, შეუზღუდავად გამოთქვამენ მოსაზრებებს წაკითხული ტექსტის შესახებ, დაამყარებენ კავშირს ადრინდელ ცოდნას, პირად გამოცდილებასა და ახალ წაკითხულს შორის, გამოიყენებენ მიღებულ ინფორმაციას და იმ ლექსიკას, რომელზედაც იმუშავეს როგორც კითხვამდე, ისე კითხვის პროცესში. მათ ეძლევათ საშუალება, თვალი ადევნონ საკუთარი ცოდნის კონსტრუირებას: რა იცოდნენ, რა ისწავლეს და რის სწავლა სჭირდებათ კიდევ.

კითხვის შემდგომი ეტაპის მიზნებია:

ავტორისეულ იდეებზე, ჩანაფიქრზე, პრობლემებზე ფიქრისა და მსჯელობის წახალისება.
ავტორის მხატვრული ოსტატობის შეგრძნებისა და შეფასების უნარის ჩამოყალიბება.
ლიტერატურასა და ცხოვრებას შორის კავშირის დანახვის ხელშეწყობა.
შედარებითი ანალიზის სქემების შემუშავება, რაც მათ დაეხმარება სხვა ქვეყნების ლიტერატურის გაგებასა და შეფასებაში, სხვისი კულტურის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
მოსწავლეთა აქტიური ჩართვა ტექსტის ანალიზის, სინთეზის პროცესში (მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, უმყარდებათ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება).
ტექსტის ორგანიზაციის თავისებურებათა გააზრებისათვის ხელის შეწყობა.
გააზრების პროცესის განგრძობადობის უზრუნველყოფა (მოსწავლეებს უნდა დარჩეთ დაუკმაყოფილებლობის განცდა, სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ, გააგრძელონ მუშაობა ტექსტზე, კიდევ ერთხელ გადაიკითხონ);
კითხვისა და კითხვის შემდგომ პროცესში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) გამოყენება წერაში.
წინარე ცოდნის დაკავშირება და შედარება ახალ იდეებსა და ინფორმაციასთან (ეს მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, თვალი გაადევნონ საკუთარ პროგრესს, მიმართონ ძალისხმევა ხარვეზების გამოსწორებისაკენ, ეძებონ გზები და საშუალებები ახალი იდეებისა და ინფორმაციის მოსაპოვებლად, სრულყონ საკუთარი ლინგვისტური და თემასთან დაკავშირებული ცოდნა).
კითხვის შემდგომი საქმიანობებია:

საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა ტექსტის შესახებ და ტექსტში ასახული ამბის (თემის) დაკავშირება როგორც პირად, ისე ჯგუფის სხვა წევრთა გამოცდილებასთან.
ტექსტის საკუთარი ინტერპრეტაციის ახსნა და დასაბუთება.
ახალი ტექსტების შექმნა (მაგალითად, თხრობითი ტექსტის გადაკეთება დრამად, მწერალსა და პერსონაჟებთან წარმოსახვითი ინტერვიუსათვის შეკითხვებისა და პასუხების მომზადება, წაკითხულის ჟანრობრივად ან თემატურად მსგავსი ტექსტის შექმნა).
ტექსტის აღდგენა, მისი შინაარსის გადმოცემა საყრდენი სიტყვების მიხედვით.
ტექსტის გამოყენება გრამატიკასა და ლექსიკაში სავარჯიშოდ (მაგალითად, მოქმედების გადატანა სხვა გრამატიკულ დროში _ აწმყოდან წარსულში ან, პირიქით; ანტონიმებისა და სინონიმების მოძებნა და სხვა).
უფრო დეტალურად კითხვის თითოეული ეტაპის საქმიანობებს შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი