პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების  ასპექტები. II ნაწილი

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია შეფასების კომპონენტის დახვეწა. ამ მიმართულებით, თანამედროვე მიდგომით, ინტენსიურად გამოიყენება შეფასების რუბრიკები, როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასების დროს. თუმცა, თუ ვსაუბრობთ მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომაზე, განმავითარებელი შეფასების რუბრიკები უთუოდ უნდა განვიხილოთ, როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და მოსწავლის შედეგების გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

სუზან ბრუკჰარტი თავის წიგნში „როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები“ გვთავაზობს რუბრიკის შემდეგ განმარტებას: „რუბრიკა არის მოსწავლის მუშაობის შესაფასებელი კრიტერიუმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოსწავლის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხის დონის აღწერას თითოეული კრიტერიუმის მიხედვით“ (Brookheart, 2013, p.4).

მასწავლებელთა დამხმარე ლიტერატურაში (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008) აღწერილია, რომ რუბრიკის შექმნისას მასწავლებელი კარგად უნდა დაფიქრდეს, ერთი მხრივ, კრიტერიუმებზე, რომლითაც სურს მოსწავლის ნაშრომის ან ქმედების შეფასება და მეორე მხრივ, უნდა განსაზღვროს და ჩამოაყალიბოს მახასიათებლები, თუ რა ჩაითვლება სამუშაოს შესრულების ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ მაჩვენებლად.

მოსწავლის ნამუშევარი შესაძლოა ერთიანად შეფასდეს, რისთვისაც მასწავლებელი გამოიყენებს რამდენიმე საკვანძო კრიტერიუმს. ასევე, შესაძლებელია მოსწავლის ნაშრომის უფრო დეტალურად გაანალიზება და მისი შეფასება ცალ-ცალკე ჩაშლილი კრიტერიუმების მიხედვით. შეფასების რუბრიკა არის შეფასების ერთგვარი მატრიცა, რომელიც სასარგებლოა  მოსწავლისათვის. ის ზუსტად ხვდება, რას მოელის მასწავლებელი მისგან, როგორ უნდა შეისწავლოს საკითხი და როგორ უნდა შეაფასოს საკუთარი ცოდნა დამოუკიდებლად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხი, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს მეტაკოგნიტური და თვითრეგულირებადი სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ამასთანავე, შეფასების რუბრიკის გამოყენება მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას სრული წარმოდგენა შეიქმნას, თუ „სად იმყოფებიან“ მისი მოსწავლეები – რამდენი მათგანია ახლო მიზანთან, ვის რა დრო და ძალისხმევა ესაჭიროება უკეთესი შედეგების მისაღწევად. ეს ინფორმაცია ეხმარება მას მოსწავლეებისათვის დეტალური უკუკავშირის მიწოდებასა და სწავლების შესაბამისად დაგეგმვაში. რუბრიკის მეშვეობით მასწავლებელს უადვილდება მშობელთან კომუნიკაცია და მასთან თანამშრომლობა. რუბრიკის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ცალკეული დავალებების შესაფასებლად, ასევე, თემის შესწავლის პროცესში. იგი მოსწავლის უნარების  განვითარებასა და გამოცდილების ზრდაზეა ორიენტირებული. რუბრიკის შექმნის პროცესი იწყება სასწავლო მიზნის განსაზღვრითა და შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებით. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს ვასწავლით, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება სწავლის დროს, ისინი მომავალში შეძლებენ, რომ თავად განსაზღვრონ კრიტერიუმები, რომლითაც შეაფასებენ საკუთარ და/ან სხვის ნაშრომს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ რუბრიკის შინაარსი გავაცნოთ მოსწავლეებს, უკეთეს შემთხვევაში კი, მათთან ერთად შევიმუშაოთ ის (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. სწავლება და შეფასება. გვ. 72-110. 2008. “საქართველოს მაცნე“).

როგორც ხუნძაყიშვილი (2018) აღნიშნავს, „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევასა და სწორად გამოყენებას, მოსწავლეებისათვის მათი მიზნისა და დანიშნულების გაცნობას“ (გვ. 29). ავტორი გვთავაზობს შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მოსწავლეთა ინტერესების, დამოკიდებულებების, წინარე ცოდნისა და გაგება-გააზრების სწრაფად და სიღრმისეულად შეფასებისთვის. ასევე, გვთავაზობს აღწერილობასა და რეკომენდაციას, თუ რა მიზნით, როდის და როგორ უნდა იქნეს გამოყენებული შეფასების ესა თუ ის ინსტრუმენტი. მაგალითად, შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები; სწრაფი წერითი სამუშაო (სწრაფი ჩანაწერი, ერთწუთიანი ესე, ერთწინადადებიანი შეჯამება, დაუსრულებელი წინადადება); დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე; კითხვების დასმა; გაგება-გააზრების სწრაფი შეფასება; „ქვიზი“; ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე; გრაფიკული ორგანიზატორები (მთავარი კითხვა; დისკუსიის რუკა; პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების რუკა; სიტყვის რუკა; საკვანძო საკითხების რუკა; დადებითი, უარყოფითი საინტერესო და სხვა); ორმაგი ჩანაწერების დღიური; მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა; მოსწავლეთა ინტერესების შეფასების ფორმა; შეფასების რუბრიკა (ხუნძაყიშვილი, 2018; თავი 6. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები. გვ. 47-104).

მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას, სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობასა და სკოლის ზოგად წარმატებას. კვლევები ცხადყოფს, რომ წარმატებულ ქვეყნებში, სადაც განათლების დონე მაღალია და მოსწავლეთა შედეგების მიხედვით მოწინავე ადგილებს იკავებენ, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. მასწავლებლებს შორის კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი ურთიერთობა პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა და საერთო მიზნისაკენ სწრაფვას ემსახურება. მასწავლებელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული სკოლის პროფესიული გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში. „ახალბედა მასწავლებლებს ხშირად სჭირდებათ დახმარება საგაკვეთილო პროცესის მართვასა და სწავლების უნარების გაუმჯობესებაში. გამოცდილ პედაგოგს შეუძლია მიაწოდოს მათ რჩევა და დაეხმაროს პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში“ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. სასწავლო და პროფესიული გარემო. გვ. 155. 2008.“საქართველოს მაცნე“). თუმცა, ქართულ რეალობას თუ შევხედავთ, მიმდინარე რეფორმების პერიოდში შესაძლოა პირიქით ხდებოდეს, რადგან გამოცდილი მასწავლებლების ერთი ნაწილისთვის რთულია თანამედროვე მიდგომების ფეხის აწყობა. ისინი მიჩვეულნი არიან ტრადიციულ სწავლებას და უჭირთ სიახლეების მიღება და გაზიარება.

მნიშვნელოვანია საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა რეგულარული შეხვედრები გაკვეთილის გეგმების შესადგენად და შეფასების რუბრიკების მიხედვით მოსწავლეთა შესაძლებლობების სწორად შესაფასებლად.

მასწავლებელთა ერთად მუშაობა, ერთი მხრივ, აადვილებს შრომას, ზოგავს დროს, დაზოგილი დრო კი ხმარდება მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული დავალებების, აქტივობებისა და რესურსების შემუშავებას; მეორე მხრივ კი, ხდება იდეების გენერირება და საკუთარი გამოცდილების გაზიარება; წარმატებული მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა.

მარიამ გოდუაძის (2018) სტატიის, „ეფექტური სასწავლო პროცესის შექმნის ძირითადი ასპექტები – თანამშრომლობა“ მიხედვით, თანამედროვე საგანმანათლებლო ფოკუსი მიმართულია აქტიური სწავლა-სწავლების მიდგომების დანერგვისკენ. პრობლემაზე, კვლევასა და პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ცოდნის ტრანსფერს რეალურ ცხოვრებასთან და მოითხოვს მასწავლებელთა შორის მჭიდრო კავშირს. კვლევებმა აჩვენა, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა ამ მიდგომების დანერგვას თავს არიდებს, ხოლო მათ, ვინც მიიღო ეს გამოწვევები, ექმნებოდათ მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც მეთოდოლოგიური ცოდნის არქონით იყო გამოწვეული. კოლაბორაციის მეშვეობით კი მასწავლებლებმა არამხოლოდ გაიაზრეს აქტიური სწავლებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების მნიშვნელობა, არამედ წახალისდნენ ჩაეტარებინათ ახალი მიდგომის გაკვეთილები.

მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობაში მოიაზრება განათლების სფეროში განხორციელებული სიახლეების ცოდნა და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტრენინგის მოსმენა, მეთოდოლოგიური ლიტერატურის დამუშავება და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების განხორციელება მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ შედგება თანამშრომლობა სხვა მასწავლებლებთან, დაიგეგმება სამუშაო შეხვედრები, სადაც ერთმანეთს გაუზიარებენ მიღებულ გამოცდილებას, დააკვირდებიან ერთმანეთის პედაგოგიურ საქმიანობას და  „კრიტიკული მეგობრის“ სახელით მისცემენ პროფესიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ უკუკავშირს.

ამგვარად, სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობა დამოკიდებულია მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ სასწავლო მიდგომებზე, ეფექტურ შეფასებასა და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. (2008) „სწავლება და შეფასება“. საქართველოს მაცნე. ISBN 978-9941-0-0674-6.
  2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. (2008) „სასწავლო და პროფესიული გარემო“ . საქართველოს მაცნე. ISBN 978-9941-0-0674-6
  3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. (2008) „განვითარებისა და სწავლის თეორიები“. საქართველოს მაცნე. ISBN 978-9941-0-0674-6
  4. ხუნძაყიშვილი მ., ბივერი ს., (2018) „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ISBN 978-9941-27-941-6
  5. Brookheart S., (2013) How to Create and Use Rubrics for Formative Assessment and Greading. Virginia: ASCD Members books.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი