პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ვასწავლოთ თვითშეფასება ( წერილი N1)

მგონი, აღარავინ კამათობს იმაზე, რომ თვითშეფასების უნარი და ზომიერი თვითკრიტიკა აუცილებელი პირობაა პიროვნების სწორად ჩამოყალიბებისთვის და რომ ამ უნარების გამომუშავება თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.
ჩემს მეექვსეკლასელებს, შარშან რომ სანიმუშოები იყვნენ ქცევით, წელს ვეღარ ვცნობ. გაკვეთილზე კონცენტრაციაც უჭირთ და არც ერთმანეთთან დამოკიდებულება აქვთ სახარბიელო.
შენიშვნის მიცემის შემთხვევაში აუცილებლად სხვისკენ იშვერენ ხელს ან თვლიან, რომ მათი ბრალი არაფერია. უყვართ ფრაზა: ,,მარტო მე შემამჩნიეთ, მასწავლებელო?!“ ხშირად მიწევს ახსნა, თუ რატომ მივეცი შენიშვნა და დამტკიცება, რომ ის ნამდვილად სამართლიანი იყო.
არასოდეს მენანება დრო ასეთ პრობლემებზე სასაუბროდ, მაგრამ მხოლოდ საუბარი არაფრისმომცემია, არც მათი საქციელის მხოლოდ შეფასებაა ეფექტური. მივხვდი, რომ საკუთარ თავზე, ქცევაზე დაკვირვების სხვადასხვაგვარი მეთოდი უფრო შედეგისმომცემი იქნებოდა და დავიწყე კიდეც ამაზე ფიქრი.
როცა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარებზე მუშაობას შევუდექი, 2 მიზანი მქონდა: 1) ბავშვებს დავხმარებოდი საკუთარი თავზე დაკვირვებასა და გაკვეთილის განმავლობაში ქცევის მართვაში;
2) უფრო მეტად დაკვირვებოდნენ თავიანთ კლასელებს, მათ დადებით მხარეებს.
ჩავთვალე, რომ ეტაპობრივად უნდა მიმეჩვია ისინი საკუთარ თავსა და სხვაზე დაკვირვებას. ამიტომაც ვეცადე, რომ პირველი თვითშეფასება მარტივი და სახალისო ყოფილიყო. ეს იყო ღიმილაკების წყება, რომლებსაც მოკლე აღწერა ახლდა. მაგალითად: ,,ბრავო, ყველაფერი კარგად გამომივიდა გაკვეთილზე“ ან ,,ბევრი რამ გაუგებარი იყო ჩემთვის ამ გაკვეთილზე“. ბავშვებს, უბრალოდ, დღეების მიხედვით უნდა აღენიშნათ, თითოეულ გაკვეთილზე ის ღიმილაკი, რომელიც უფრო შეეფერებოდა კონკრეტულ გაკვეთილზე. არ იყვნენ შეზღუდული რაოდენობაში, შეეძლოთ რამდენიმე მოენიშნათ, თუ, რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ გამორიცხავდა.
მერე ისეც მოხდა, რომ ერთი საჭირო ღიმილაკი, რომლის აუცილებლობაც დაინახეს, თვითონვე მიახატეს.

მეორე ეტაპი იყო თვითშეფასების პირამიდები, რომლებიც ოთხ ძირითად დონედაა დაყოფილი. თითოეული დონე აღნიშნულია და მოცემულია აღნიშვნის შესაბამისი ტექსტი (საჭიროებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ტექსტი შეცვალოთ):
A – ვიყავი ყურადღებით და მთლიანად ვერთვებოდი გაკვეთილში, შეკითხვებსაც ვუპასუხე;
B – ყურადღებით ვიყავი, ვისმენდი, მაგრამ ნაკლებად ვაქტიურობდი, მხოლოდ 1-2- ჯერ ავწიე ხელი;
C – არ ვლაპარაკობდი, მაგრამ არ ვიყავი გაკვეთილში ჩართული;
D – ვიყავი უყურადღებოდ, ძირითადად არ ვუსმენდი გაკვეთილს და შენიშვნებიც დავიმსახურე.
ბავშვებს მხოლოდ უნდა გაეფერადებინათ ის დონე, რომლის შესაბამისადაც იქცეოდნენ გაკვეთილზე. თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 4 დონე საკმარისი არ ყოფილა სრულყოფილი თვითშეფასებისთვის და ცოტა უკმაყოფილო დარჩნენ ამის გამო. ამიტომ სხვა კლასში გამოყენებისას აუცილებლად დავამატებ 2 დონეს მაინც.

მოსწავლეებისთვის სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა ამ თვითშეფასებებზე მუშაობა. გამოიკვეთა, რომ ბავშვები, რომლებიც გაკვეთილზე დაუდევრად იქცევიან, არც ისე აგდებულად მიუდგნენ თვითშეფასების კითხვარებს. უფრო მეტიც, რამდენიმემ ქცევა საგრძნობლად გამოასწორა და მათი თვითშეფასებები სანიმუშოც კი გახდა, როგორც ობიექტური და გულმოდგინე ნამუშევარი. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ არ არიან მოსწავლეები, რომლებისთვისაც თვითშეფასებაც ისეთივე უინტერესო აღმოჩნდა, როგორც გაკვეთილები.
ყველაზე მეტად კვირის შემაჯამებელი ანალიზი უჭირთ, რადგან აქ უნდა დაწერონ გაბმული ტექსტი, რომელშიც შეაფასებენ საკუთარ ქცევას კვირის განმავლობაში. თავიდან ძალიან მოკლედ წერენ ხოლმე, მაგრამ გარკვეული მითითებების მერე ეჩვევიან ( ნამუშევრების გადახედვის შემდეგ, მთელ კლასს მივეცი მითითება, რომ ყურადღება მიექციათ თავიანთი ნაწერებისთვის, არ ეჩქარათ, რადგან სიჩქარის გამო წინადადებები ხშირად გაუმართავია). თითოეულ თვითშეფასებას ვუთმობთ 2 ან მაქსიმუმ 5 წუთს – ეს შეფასების ტიპზეა დამოკიდებული.
ყოველი კვირის ბოლოს მიმაქვს ნაშრომები და ვამოწმებ, ვინ რამდენად სწორად გაიგო თვითშეფასების პრინციპი, რამდენად ობიექტურად შეაფასა საკუთარი თავი. ჩემეული ანალიზი მათთვის არანაკლებ საინტერესო და სახალისოა. ყოველთვის აღვნიშნავ, ვის ნამუშევარს ეტყობოდა განსაკუთრებული გულმოდგინება. რადგან უმნიშვნელოვანესია, ბავშვები აგდებით არ მოეკიდონ თვითშეფასებას.
ამის შემდეგ გადავედით არა საკუთარი ქცევის, არამედ გაკვეთილის შეფასებაზე, რომელიც ერთდროულად საკუთარი თავის, კლასელებისა და მასწავლებლის შეფასებასაც კი მოიცავს, რადგან მოსწავლე აკვირდება ზოგად სიტუაციას გაკვეთილზე, როგორია კლასის განწყობა, მასწავლებლის მზაობა. მასწავლებელმაც იცის, რომ ეს ფურცელი მის შეფასებასაც გულისხმობს.
ვიზუალი ამ შეფასების ფურცელს არაბავშვური, აკადემიური აქვს. ბავშვებს ვაძლევ ინსტრუქციას, რომ დაშტრიხონ ის მეოთხედი, რომელიც, მათი აზრით, კონკრეტულ გაკვეთილს შეესაბამება. ასევე აქვთ უფლება, გაამუქონ არა 1, არამედ 2 ნაწილი, თუ სურთ, სანახევროდაც.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ სამი კვირის შემდეგ, ჩავთვალე, რომ უკვე უნდა გადავსულიყავი ურთიერთშეფასებებზე.
მაგრამ როგორც დასაწყისში უკვე აღვნიშნე, ბავშვებს ერთმანეთის მიმართ ჩასაფრებული პოზიცია ჰქონდათ და მათი ობიექტურობა ძალიან მეეჭვებოდა. ამიტომ შემოვიღე ცნება ,,საიდუმლო მეგობარი“. ბავშვები გაკვეთილის განმავლობაში უნდა დაკვირვებოდნენ ერთ ამორჩეულ კლასელს, შეეფასებინათ და ამავდროულად დაეწერათ თავიანთი თვითშეფასებაც. ეს რომ მარტივად გამოსვლოდათ, მათთვის ნაცნობი ვენის დიაგრამა ავიღე, რომელიც გაუადვილებდა, ერთმანეთის ქცევებს შორის პარალელის გავლებას და მსგავსება- განსხვავებების დანახვას. ასევე მინდოდა, რომ ამჯერად თვითშეფასებისა და შეფასების თავიანთი სიტყვები შემოეტანათ და არ ყოფილიყო, მხოლოდ სიმბოლოებით აღნიშვნა. ჩემდა სასიხარულოდ, მშვენივრად გაართვეს თავი. პირნათლად იცავდნენ ,,საიდუმლოს“ მთელი კვირის განმავლობაში. კვირის ბოლოს, ვისაც სურდა, მხოლოდ იმან გაამჟღავნა საიდუმლო მეგობრის ვინაობა.

 

მათი ნამუშევრებისა და ჩემგან მიცემული მითითებების შემდეგ კიდევ ერთი, ახალი ეტაპი დაიწყო მათ შემფასებლურ ცხოვრებაში. ამჯერად გვერდით მჯდომი უნდა შეეფასებინათ. საკუთარი თავისაგან მოისვენეს და მთლიანად მეგობრის შეფასებაზე გადავიდნენ. ახლა დასამალი აღარაფერი იყო, წინა შეფასებებმა მაჩვენა, რომ მათი ობიექტურობის ნდობა შეიძლებოდა. ამ შეფასებებში აქცენტი მხოლოდ დადებით ქცევაზე კეთდებოდა, ხოლო გამოსასწორებელი რაც ჰქონდა, ამას მხოლოდ რეკომენდაციის სახით წერდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მათი რეკომენდაციები იყო ყოველთვის ლაკონური, მაგრამ საჭირო და აუცილებლად გასათვალისწინებელი. მაგალითად: ,, დავალება ცოტა მონდომებით და სახლში დაწერე! უფრო იაქტიურე გაკვეთილზე. და მინდა გითხრა, ცოტა ცელქობ!“
,, ბევრს ლაპარაკობ და პასიური ხარ, თუმცა დავალება ყოველთვის გაქვს. იმედია, მალე გამოსწორდები.“
,, აღარ იყვირო ხელის აწევის დროს და ბევრი არ ილაპარაკო…“


თუმცა სახალისო რეკომენდაციებიც უხვადაა: ,, არ იმაიმუნო და სწავლა გამოასწორე“, ,,იუმორი უნდა გამოასწორო იმიტომ, რომ უკბილო ხუმრობებზე ძაან ხმამაღლა და დიდი ხანი იცინი“, ,, მე ჩამიშვა და გავუბრაზდი და აღარ ჩამიშვას“, ,,გაკვეთილზე არ უნდა იცინო და ჩუმად არ უნდა ჭამო, გაკვეთილში ჩართული უნდა იყო…“ და სხვა მრავალი ,,მარგალიტის“ ამოკრება შეიძლება.
ახლა ტაიმაუტი აქვთ აღებული, ვიფიქრე ცოტა ხანს მოვასვენებ- მეთქი, მაგრამ თვითონ ვერ ისვენებენ, ისევ უნდათ განაგრძონ თვით – და სხვის შეფასებაზე მუშაობა. ყოველდღე მეკითხებიან, როდის მივუტან შეფასების ფურცლებს.


სწორედ სტატიის წერის დროს მომივიდა აზრად, რომ ერთ გაკვეთილს დავუთმობ ,, წაღმა – უკუღმა უბის წიგნაკების“ შექმნას. ფერადი ფურცლებითა და სტეპლერით შექმნიან თხელ უბის წიგნაკს, რომელსაც უკვე 2 კვირის განმავლობაში შეავსებენ. წაღმა- უკუღმა იმიტომ იქნება, რომ ერთი მხრიდან საკუთარ თავზე დაწერენ, მეორე მხრიდან მეგობარზე. უფრო მეტიც, მივცემ არჩევანის უფლებას, ვისაც ენდომება, მე შემაფასებს. ეს ,,უპირატესობა“ ერთგვარი სიურპრიზი იქნება და ერთგვარად მათი გაბედულების გამოცდაც. მივცემ მითითებას, რომ ამ უბის წიგნაკში შეუძლიათ დაწერონ დაკვირვებები არა მხოლოდ გაკვეთილზე, არამედ გაკვეთილის გარეთაც. ამ უბის წიგნაკს სახლშიც წაიღებენ ( თვითშეფასების ფურცლები სახლში არ მიჰქონდათ) 2 კვირის შემდეგ, ორშაბათის 1 გაკვეთილი დაეთმობა მათ თითო- თითო წუთიან მონოლოგს, რომელშიც შეაჯამებენ თავიანთ დაკვირვებებს საკუთარ თავზე, მეგობარზე თუ მასწავლებელზე. დროის კონტროლისთვის გამოვიყენებთ ქვიშის საათს ან ტაიმერს – ლეპტოპის ეკრანზე, რათა თვალსაჩინო იყოს.
საინტერესო გამოვიდა თუ არა, რა სირთულეები გაჩნდა და კიდევ იმას, შედარებით დიდებთან რა ფანდები გამოვიყენე, საკუთარ თავსა და საქციელზე დაკვირვება რომ მესწავლებინა, ამას შემდეგ წერილში მოგიყვებით.
მომავალ წერილამდე, მეგობრებო!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი