შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ნინა კოლტაშოვა-აღზრდა ბრიტანულად

გარდატეხის ასაკი პრობლემური პერიოდია მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და თავად მოსწავლეებისთვის. მაგრამ, აი, რა არის საინტერესო: თუ თქვენი 13-14 წლის შვილი ბრიტანულ სკოლაში აღმოჩნდა, გარკვეული ხნის შემდეგ შეიძლება გაკვირვებულმა იკითხოთ: „როგორ აღწევენ ასეთ შედეგს?” მართლაც, როგორ? ამ კითხვით მივმართეთ ნინა კოლტაშოვას – ერთ-ერთი უდიდესი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო კომპანიის ITEC-ის დირექტორს.
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შესამჩნევად იზრდება საზღვარგარეთ სასკოლო განათლების მიღების მსურველი იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც უპირატესობას სწორედ ბრიტანულ სკოლებს ანიჭებენ. იმ ბავშვთა ასაკი კი, რომლებიც ბრიტანეთის სკოლებში იგზავნებიან, სულ უფრო მცირდება. დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელ სკოლათა საბჭოს (Independent Schools Council) მდივნის მეთიუ ბერჯესის შეფასებით, საშუალო განათლების სეგმენტში უცხოელი (არაბრიტანელი) ბავშვების სიმრავლით შემდეგი სამი ქვეყანა ლიდერობს: რუსეთი, ჩინეთი და გერმანია. მაგ., 2010 წელს რუსეთიდან მხოლოდ ITEC კომპანიის შუამდგომლობით 150 ბავშვი იქნა გაგზავნილი ბრიტანულ სკოლებში.

რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, უნდა ვაღიაროთ: ყოფილი საბჭოთა ქვეყნის სკოლებში მოსწავლეთა აღზრდის მეთოდები ნაკლებეფექტური იყო. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: მასწავლებელთა დატვირთულობა, მცირე ხელფასი, მასწავლებლის დაბალი სტატუსი და, დასასრულ, ზოგადი სოციალური ფონი, რაც არცთუ კეთილ გავლენას ახდენს მათზე. ეს ყოველივე კი ყველაზე მტკივნეულად სწორედ ბავშვებზე აისახება ხოლმე, რომელთაც მაქსიმალური ყურადღება და მზრუნველობა, მკაფიო ორიენტირები და, რაც მთავარია, პოზიტიური განწყობა, საკუთარი ძალების რწმენა სჭირდებათ.

შეუძლებელია, მშობლის გული არ გაახაროს იმ „სასწაულმა”, რომელსაც ბრიტანული სკოლა ახდენს. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, უპირველესად, გარდატეხის ასაკში მყოფ, 13-14 წლის მოსწავლეებზე. ასეთ სკოლაში ყველაფრისადმი გულგრილი მოზარდიც კი, რომელსაც შესაძლოა კომპიუტერულ თამაშებზე მეტად არც არაფერი აინტერესებდეს, სერიოზული საგნებით ინტერესდება. აქ „დედიკოს ბიჭებიც” კი, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ საკუთარი ფეხსაცმლის გაწმენდაც არ შეეძლოთ, ეჩვევიან დამოუკიდებლობას და შესაშური პასუხისმგებლობის გრძნობას იძენენ. თითქმის უმართავი და უხეში ბავშვები აქ „ჭეშმარიტ ჯენტლმენებად” იქცევიან ხოლმე, გულჩათხრობილი ბავშვები კი საოცრად იხსნებიან და ადამიანებთან თავისუფლად ურთიერთობენ.

რასაკვირველია, ყველა ამ „ზღაპრულ გარდასახვას” სავსებით რეალური საფუძველი აქვს. მათი მთავარი ღერძია ნმრაღზრდის სისტემა, რომელიც ტრადიციული ჰუმანიტარული ღირებულებებისა და პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებებში უახლესი მიღწევების გათვალისწინებით არის შემუშავებული. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ეს პრინციპები მხოლოდ ქაღალდზე კი არ არსებობს, არამედ გამოიყენება კიდეც ყოველდღიურ პრაქტიკაში.

„ინგლისური სკოლა იოლი გზების გარეშე მუშაობას ასწავლის”, – ჰყვება Bedford High School-ის კურსდამთავრებული გოგონა, – „მხოლოდ შენი ცოდნა ფასობს. მაგალითად, გადაწერა ძალიან მკაცრად ისჯება”. განა იმავეს არ მოველით ჩვენი შვილებისგან? – საკუთარი თავის იმედი ჰქონდეთ და აცნობიერებდნენ, რომ თუ რაიმეს მიღწევა სურთ, საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაონ.

განებივრებული ბავშვი (ბავშვის ასეთად ჩამოყალიბებაში კი თითოეული მშობელი სცოდავს) თავიდან მტრულად ხვდება ამგვარი სკოლის რეჟიმს, მაგრამ, როგორც Wycliffe College-ის მოსწავლის მშობელი, ეკატერინე ვრუბლევსკაია ადასტურებს, მისი „თავისუფლებისმოყვარე შვილი მალე მიხვდა, რომ ეს უკეთესია, ვიდრე უპასუხისმგებლობა და ყველაფრის ნებართვა, როგორც ჩვენი მშობლიური ქვეყნის სკოლებშია. მან ძვირფასი გამოცდილება მიიღო გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების თვალსაზრისით, ისწავლა უფროსების პატივისცემა და ქცევის გარკვეული ნორმების დაცვა. ახლა მან იცის, რომ არ შეიძლება გამოცდების ჩაბარება უპატიოსნო გზით”.

რეჟიმი რეჟიმად, მაგრამ ბრიტანული აღზრდის მთავარ საიდუმლოს მაინც მოსწავლისადმი პედაგოგის პატივისცემა წარმოადგენს. არა უხეში დიქტატი (ეს გააკეთე, ეს არ გააკეთო), არამედ მზადყოფნა მოსწავლის მოსასმენად და მის დასახმარებლად, თავჩენილი გაუგებრობის მოსაგვარებლად თუ პრობლემის გადასაჭრელად. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლის შექება თუნდაც მცირე წარმატების შემთხვევაში, მით უმეტეს, თუ მას საკუთარ სისუსტეთა დაძლევის სურვილი შეატყო. აი, რა ქმნის მასწავლებლის არა ხელოვნურად გაბერილ, არამედ ნამდვილ ავტორიტეტს, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთგაგების საფუძველს წარმოადგენს.

ბრიტანელი პედაგოგები, უპირველეს ყოვლისა, ცდილობენ, მოსწავლეებში ზრდასრული ადამიანები დაინახონ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასაკით ჯერ პატარები არიან. ნაცვლად ამბიციების ჭიდილისა – ვინ ვის, აქ პარტნიორულ ურთიერთობებს ენიჭება უპირატესობა. მასწავლებელი არის არა „ბოროტი ჯალათი”, არამედ მეგობრულად განწყობილი უფროსი კოლეგა, რომელიც, რასაკვირველია, მოსწავლეზე მეტ ცოდნას ფლობს, მაგრამ კი არ მედიდურობს თავისი ჭკუითა და გამოცდილებით, რომ მოსწავლე დაამციროს, არამედ ყველაფერს აკეთებს მის დასახმარებლად. როგორც კი ბავშვები დარწმუნდებიან, რომ მათდამი ასეთი მოპყრობა არის არა თამაში და სიყალბე, არამედ სკოლის ცხოვრების მთავარი კანონი, მათ ფრთები ესხმებათ, სადღაც ქრება მოზარდისთვის დამახასიათებელი გარემოსადმი შეურიგებლობა, რომელსაც ენაცვლება შინაგანი მზაობა პედაგოგთან თანამშრომლობისა და წინსვლა-განვითარებისთვის. ფსიქოლოგები ამას მოტივაციას უწოდებენ, მშობლები კი… მშობლები გაკვირვებული კითხულობენ: „როგორ აღწევენ ამას?”

რასაკვირველია, ნიჭიერი პედაგოგები პოსტსაბჭოთა ქვეყნების სკოლებშიც არიან, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ბრიტანულ სკოლებში ეფექტურ აღზრდას უზრუნველყოფენ არა ცალკეული მასწავლებლები, არამედ თავად სისტემა. ბრიტანული სკოლების ასოციაცია კომპლექსური სქემით ახერხებს სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევასა და შენარჩუნებას. აღმზრდელ-მასწავლებელნი და თავად სკოლების მფლობელებიც სპეციალიზებულ წვრთნებს გადიან და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ხშირად ასეთ ტრენინგებზე პედაგოგები დაწვრილებით განიხილავენ განსაკუთრებით რთულ შემთხვევებს საკუთარი პრაქტიკიდან. ეს ერთგვარად პრეცედენტებზე აგებულ სწავლებას ჰგავს, ბიზნესსკოლებში ტოპმენეჯერების მოსამზადებელი კურსების მსგავსად. თითოეული სკოლა რეგულარულად იღებს მეთოდურ რეკომენდაციებს, რომლებიც პედაგოგებს მუშაობაში ეხმარება. ყოველ სკოლაში მოქმედებს წესების კოდექსი მასწავლებლებისთვის, რომელიც ეფუძნება თანამედროვე პედაგოგიკის უახლოეს მიღწევებს.

სასწავლო წლის დასაწყისში მოზარდთა მშობლებს აუცილებლად იწვევენ სკოლაში, რათა აუხსნან, რაოდენ რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს განიცდის მოზარდ ასაკში თითოეული მოსწავლე (განა ყველა ჩვენგანს ახსოვს საკუთარი თავი 13 წლის ასაკში?). ეს არის არა სავალდებულო მშობელთა კრება, რომლის დროსაც უმთავრესად ერთმანეთისადმი საყვედურები ისმის, არამედ საუბარი ორი მხარისა, რომლებიც თანაბრად არიან დაინტერესებულნი, დაეხმარონ მოზარდს ცხოვრების რთული ეტაპის გადალახვაში, საიდანაც ბავშვი გამარჯვებული უნდა გამოვიდეს.

ამ პრობლემას მავანი ადვილად აგვარებს, სხვა – შედარებით რთულად. სწავლის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების (ახლისა თუ ძველის) გადასაჭრელად დანერგილია სპეციალისტთან პერსონალური შეხვედრების პრაქტიკა. არსებობს ასევე თვითგანვითარებისა და სოციალური აღზრდის სპეციალური გაკვეთილები, რომლებიც უშუალოდ სკოლის პროგრამების ნაწილია. ყველაფერი ეს, ერთად აღებული, განაპირობებს იმ შედეგს, რომელსაც გარეშე თვალი სასწაულად აღიქვამს. გარდატეხის ასაკიდან ბავშვი გამოდის არა დათრგუნული და დაკომპლექსებული, არამედ დაჭკვიანებული და გაძლიერებული. ის ემშვიდობება ბავშვობას და მოწიფულ ასაკს ჰარმონიულად განვითარებული ეგებება – ანუ ისეთ პიროვნებად, როგორადაც ჩვენ გვსურს მისი ხილვა.

ბრიტანეთში განათლება საკმაოდ ძვირია, მაგრამ მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ სწავლის გადასახადი არის არა ხარჯი, არამედ ინვესტიცია საკუთარი შვილების წარმატებულ მომავალში.

თარგმნა დავით თინიკაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი