შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სწავლებისათვის სასარგებლო ინტერნეტ-ინსტრუმენტები

საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერნეტის საყოველთაო გავრცელების შემდეგ. თავდაპირველად ასეთი მასალები და ინსტრუმენტები უშუალოდ სასწავლო პროცესზე მორგებული არ იყო. განათლების სპეციალისტების მიერ ტექნოლოგიების ათვისებასთან ერთად, შეიქმნა უამრავი სასარგებლო რესურსი თუ საშუალება, რომელთა გამოყენება ყველა დაინტერესებულ მასწავლებელს შეუძლია. ზოგიერთი ასეთი რესურსის ავტორები თავად მასწავლებლები არიან. გავეცნოთ პოპულარულ ინტერნეტ-ინსტრუმენტებს.

ინტერნეტში ხელმისაწვდომი ისეთი სასწავლო მასალების გარდა, როგორიცაა, მაგალითად, ვიდეოგაკვეთილები ან სხვა მულტიმედია რესურსები, სულ უფრო მეტ პოპულარულობას იძენს ვებ 2.0 სოციალური მედია. საგანმანათლებლო მიზნებით ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებისათვის უნდა დარეგისტრირდეთ შესაბამის ვებგვერდებზე – ისე, როგორც რეგისტრირდებით ახალი ელფოსტის ან ფეისბუქის გვერდის შექმნისას.
ვებ 2.0 სასწავლო გარემო

ბლოგები

თანამშრომლობითი სასწავლო პროცესის განსახორციელებლად სულ უფრო ხშირად იყენებენ ბლოგებს, ანუ ინტერნეტ ელექტრონულ ჟურნალებს. ზოგიერთი ასეთი საიტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგალითად, ვებ-ტექნოლოგიების გლობალური ლიდერის, კომპანია Google-ის ბლოგების გენერატორი Blogger.com. აქ ბლოგის შესაქმნელად საკმარისია გქონდეთ ან შექმნათ Gmail ელექტრონული ფოსტის მისამართი და გაიაროთ ბლოგის შექმნის პროცედურა.

სასწავლო პროცესში ბლოგები გამოიყენება მოსწავლეების მოსაზრებების შესაგროვებლად, ნასწავლის გასააზრებლად ან სასწავლო თემის ირგვლივ დებატების ჩასატარებლად.

ბლოგების საინტერესო გამოყენების მაგალითი ლიტერატურის სწავლებაში არის ე.წ. პერსონაჟთა ჟურნალები. სასწავლო პროექტში მოსწავლეებს უნაწილდებათ რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟების როლები და შემდეგ ევალებათ ბლოგის წარმოება ამ პერსონაჟების თვალთახედვიდან. ასეთი ბლოგების წარმოება ხელს უწყობს როგორც ნაწარმოების სიღმისეულად შესწავლას, მნიშვნელოვანი თემების გათავისებას, ასევე ისტ უნარების განვითარებას და შეფასებას.

  
ამჟამად შექმნილია სპეციალიზებული სასწავლო სოციალური პლატფორმები, სადაც შეგიძლიათ წარმართოთ სასწავლო პროცესი თქვენს კლასთან, მისცეთ დავალებები მოსწავლეებს, გაუზიაროთ რესურსები და დაგეგმოთ გაკვეთილები. ასეთი ვებსაიტებიდან ყველაზე პოპულარულია edmodo.com.

არსებობს ასევე სპეციალურად საგანმანათლებლო მიზნებით შექმნილი ბლოგების პლატფორმები, როგორიცაა edublog.org, სადაც ინტეგრირებულია ბლოგები და კლასის მართვის სისტემები. 

ვიკი

სასწავლო პრაქტიკაში კიდევ ერთი გავრცელებული ინსტრუმენტია სასწავლო ვიკი, ანუ ვიკიპედიის სტრუქტურის მქონე თანამშრომლობითი ვებგვერდი. ვიკის რედაქტირება შეუძლია კლასის ან ჯგუფის ყველა მოსწავლეს. ვიკის გამოყენების მაგალითებია: ჯგუფური წერა, ვებგვერდის ერთობლივი განვითარება, ინფორმაციის მოგროვება რომელიმე სასწავლო საკითხზე, ელექტრონული ცნობარის შექმნა, მოსწავლის პორტფოლიოს განთავსება, გაკვეთილების გეგმების ატვირთვა, სასწავლო პროექტის დაგეგმვა და მიმდინარეობის მართვა. ვიკიზე შესაძლებელია მულტიმედია ფაილების განთავსება და გაზიარებაც. ვიკის შესაქმნელად შესაძლებელია სპეციალური პროგრამის გადმოწერა, მაგრამ უფრო მოსახერხებელია ვიკი მომსახურების ვებგვერდების გამოყენება. ყველაზე პოპულარულია wikispaces.com, რომელსაც საგანმანათლებლო საჭიროებებისთვის განკუთვნილი დიზაინიც აქვს. ვებგვერდზე რეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიკის საბაზო ინტერფეისი, ან მოარგოთ ის თქვენს საჭიროებებს და შექმნათ საკუთარი ვებგვერდი. ვიკიზე შეგიძლიათ გქონდეთ განყოფილებები და ცალკეული საკითხებისადმი მიძღვნილი გვერდები. სასწავლო შინაარსით ვიკის დატვირთვისას საიტის გამართული სტრუქტურის შექმნა და ინფორმაციის სწორად განთავსება არსებითია. რომელიმე სასწავლო თემისადმი მიძღვნილი ვიკი წარმატებულია თუ: მასში გადმოცემულია მრავალფეროვანი ინფორმაცია სასწავლო თემაზე; მასალა დეტალურად არის მოცემული ვიკის სხვადასხვა შიდა გვერდზე; ვიკის ენა გამართული და ადვილად აღსაქმელია, მითითებულია წყაროები; ჩასმულია შესაბამისი ვიზუალური მასალა, ინფორმაციაზე დამატებულია ბმულები და ა.შ.  

საუკეთესო საგანმანათლებლო ვიკი საიტად რამდენჯერმე აღიარეს “მისალმებები მსოფლიოდან”, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეების მიერ შექმნილ ელექტრონულ პოსტერებს საკუთარი გარემოსა თუ ქვეყნის შესახებ. ამჟამად ვიკი საიტზე თავმოყრილია 300-მდე ინტერაქტიული პოსტერი მსოფლიოს ყველა კონტინენტის სკოლებიდან.

 
ასეთ ელექტრონულ პოსტერებს გლოგებს ეძახიან და ეს კიდევ ერთი სასარგებლო რესურსია.

გლოგი

გლოგების – მედია ელემენტებით გამდიდრებული ელექტრონული პოსტერების შესაქმნელად საუკეთესო გვერდია edu.glogster.com. აშშ-ში ის უმთავრეს ონლაინ სასწავლო ინსტრუმენტად არის აღიარებული. მისი ინტერაქტიული პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ პოსტერი ან ვებგვერდი, რომელიც მოიცავს მულტიმედია ელემენტებს, ტექსტს, აუდიოს, ნახატებს, გრაფიკას და მონაცემებს. ასეთი მულტიმედია ელექტრონული პოსტერები შეგიძლიათ გამოიყენოთ სასწავლო დავალებებისთვის, საკლასო პროექტისთვის, ინფორმაციის თავმოსაყრელად, ელექტრონული ცნობარის შესაქმნელად. გლოგების დაგეგმვისას მასწავლებელი ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული სტანდარტების შედეგებს, რომელთა მიღწევაც სურს. ასევე მნიშვნელოვანია ტექსტური ინფორმაციის და მულტიმედია ჩანართების ბალანსი, რათა ელექტრონული პოსტერი იოლად აღქმადი იყოს. მაგალითად, საკუთარ ქვეყნებზე შექმნილ გლოგებში მოსწავლეები რთავენ ღირშესანიშნავ თარიღებს, პეიზაჟებს, ხალხური სიმღერისა და ცეკვის ამსახველ ვიდეოებს, რაც შეჯერებულია ტექსტურ ინფორმაციასთან.

 
გლოგების შექმნა შესაძლებელია ასევე გაკვეთილების დასაგეგმად, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარებისთვის.

ონლაინ გამოკითხვები და ტესტები

კიდევ ერთი გავრცელებული ონლაინ ინსტრუმენტია ტესტების, გამოკითხვების და კვლევების შესაქმნელი ვებგვერდები. ასეთი ინსტრუმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ გაკვეთილის მიმდინარეობისას, ან შეფასების ორგანიზებისათვის. გამოკითხვის ან ტესტის ნაბეჭდი/წერილობითი ფორმის ნაცვლად გამოიყენებთ ელექტრონულ ვებ ინსტრუმენტს. თქვენ სვამთ შეკითხვას და უთითებთ პასუხის რამდენიმე ვარიანტს. თქვენი აუდიტორია პასუხობს ინტერნეტ-ბრაუზერის მეშვეობით ან მობილური ტელეფონით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. პასუხებს იღებთ ძალიან სწრაფად, შესაბამისად, უმალვე ამოწმებთ ამა თუ იმ მოსწავლის ცოდნას, ან იღებთ კლასისგან უკუკავშირს. ასეთი გამოკითხვები შეგიძლიათ გამოიყენოთ კონკრეტული კითხვებისთვის, ფაქტობრივი ცოდნის დასადგენად – მაგალითად, ისტორიული თარიღის ცოდნის შემოწმებისას, ან არჩევანის გაკეთების დროს ხმის მისაცემად.

 
სასწავლო მიზნებით ხშირად გამოიყენება www.polleverywhere.com. ის უფასოა ისეთი გამოკითხვების ჩატარების დროს, რომელშიც 40 მოსწავლემდე მონაწილეობს. ტესტის ან გამოკითხვის შედგენა ამ ვებგვერდის მეშვეობით საკმაოდ ადვილია.

სხვადასხვა რესურსი

სასარგებლო ინსტრუმენტების კოლექციაა თავმოყრილი ვებგვერდზე www.classtools.net. აქ შეგხვდებათ ე.წ. თევზის ჩონჩხის დიაგრამის გენერატორი, რომლის შევსება და შენახვაც შეგიძლიათ.  
 

ასევე, ნახავთ წამზომს უკუთვლით, რომელიც შეგიძლიათ მთელ კლასს აჩვენოთ პროექტორით, დავალების შესასრულებლად მიცემული დროის კონტროლის მიზნით.

 
ამ ვებგვერდზე საინტერესოა ასევე გარკვეული ისტორიული ეპოქის ან სხვა მოვლენების დროში გაწერილი რუკის (თაიმლაინი) შესაქმნელი გენერატორი. თქვენ მიუთითებთ საწყის და საბოლოო თარიღებს და შესაბამის თარიღთან მოათავსებთ ამა თუ იმ მოვლენის სახელწოდებას. დროით რუკას შეგიძლიათ დაურთოთ კომენტარები და შეინახოთ.
 
სხვა მოსახერხებელი ვებგვერდებიდან აღსანიშნავია პოპულარული slideshare.net, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ და ყველას გაუზიაროთ თქვენი პრეზენტაციები.

ტექნოლოგიები და ინტერნეტი სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, იქმნება ახალი შესაძლებლობები, რომ მოიპოვოთ რესურსები სწავლებისათვის, გაამდიდროთ გაკვეთილები ინტერაქტიული პროგრამებით და მულტიმედია მასალებით, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება სხვებს, ისწავლოთ და ასწავლოთ ხალისიანად. თუ ასეთი ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს, შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ კოლეგების რჩევებით, ვინც უფრო აქტიურად იყენებს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში. ზოგიერთი ასეთი ინსტრუმენტი სულ უფრო ფართოდ ინერგება და შესულია მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ისტ ტრენინგების პროგრამაშიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი