პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

“მეგობრობის სახელმძღვანელო” ანუ როგორ მივიმხროთ ადამიანები

ალბათ ყველას გინახავთ ფილმი ,,მკვდარი პოეტების საზოგადოება” (Dead Poets Society). ამ სურათმა, პოეზიის არაორდინალური გაკვეთილების გამო, ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ სიტყვებს ისე აყურადებენ, როგორც ნიკო სამადაშვილი მასში ჩაბუდებული საყდრის ჩიტის სტვენას. სტრიქონებისა და სტროფების მიღმა ხომ ადამიანი სუნთქავს. ჰოდა, მეც ხშირად მიფიქრია, როგორ შეიძლება სუნთქვა ისწავლო ან ასწავლო-მეთქი. აი, ამიტომ მგონია, რომ ლიტერატურის გაკვეთილები ყველასგან განსხვავებული უნდა იყოს, თუნდაც ქაოსური, იმპულსური და დროში ვერაფრით ჩატეული. მართალია, სიტყვის სიღრმეში ჩასვლისას სიფრთხილეც გვმართებს, მაგრამ თუ კარგი მკითხველები აღმოვჩნდებით, გარეშე ბგერებისგან მთავარ სუნთქვას აუცილებლად გამოვარჩევთ.
ჩემი აზრით, წიგნთან მეგობრობა ზეპირი და წერითი აზროვნების გაუმჯობესებას ძალიან უწყობს ხელს. სხვების მსგავსად, მეც დამიწერია ყველასთვის კარგად ნაცნობი სასკოლო თემები მიჯნურობასა თუ მეგობრობაზე. ისიც მახსოვს, როგორ იქმნებოდა ე.წ. შაბლონები და გადადიოდა კლასიდან კლასში. მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, როგორ ვისწავლე წერა. სულ სხვა საკითხია გრამატიკა, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ გრამატიკულად გამართულ ტექსტს კიდევ სჭირდება რაღაც… მარილივით. ეს “რაღაც” საკუთარი თავის შეძლებისდაგვარად კარგად გაცნობას მოითხოვს, ამ მხრივ კი, ჩემი აზრით, საუკეთესო მასწავლებელი მხატვრული ლიტერატურაა.

***
საჭირო წიგნის საპოვნელად ბავშვს ხშირად მასწავლებლის რჩევა სჭირდება. ჩემი საუკეთესო მრჩეველები მოსწავლე ახალგაზდობის სასახლეში არსებული შემოქმედებითი სტუდიის პედაგოგები (ფ. პაიჭაძე, მ. გოგუაძე) იყვნენ. რა დამავიწყებს, როგორი მონდომებით არჩევდნენ პატარა შეგირდებისთვის ყოველ ახალ თავგადასავალს და ჩვენც, ხან უთავო მხედრის დევნაში ვათენებდით ღამეს, ხან ველური მგლის ერთგულებით აღფრთოვანებულები მივრბოდით შემდეგი გვერდისაკენ, ხან კი ოკეანის უკიდეგანო ზედაპირზე ბედის ანაბარა მიტოვებულ ტივს ზურგის ქარს ვუგზავნიდით.

შვილის დაბადების შემდეგ, გადმოვალაგე ყდაშემოგლეჯილი, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მოგონებები და ხელახლა დავიწყე მოგზაურობა, ოღონდ ახლა სულ სხვა თვალით ვზომავდი იმ ერთხელ უკვე გავლილ ნაბიჯებს, რაზეც ჩემი მომავალი უნდა გამეტარებინა.

ხანდახან ვფიქრობ, ეს ფერადამბებიანი წიგნები ბავშვებზე მეტად ყოველდღიური საზრუნავისაგან გადაღლილ დიდებს ხომ არ გვჭირდება-მეთქი. ეტყობა ანტუან დე სენტ-ეკზიუპერიც ასე ფიქრობდა, როცა ,,პატარა უფლისწულის” შესავალში წერდა: ,,პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: … იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება. და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს)”.

არა, ამ წიგნს ასე ადვილად გვერდს ვერ ავუვლი… წლების წინ, სულ შემთხვევით ვიპოვნე, სქელი ტომეულების უკან მორცხვად შეყუჟული. მას მერე დროის უდიდეს ნაწილს ჩემს ჩანთაში ატარებს და აღარ მახსოვს, რამდენჯერ წავიკითხე. ამ წიგნმა მაპოვნინა პირველად საკუთარ თავში ერთგული მეგობარი (იმედია, ჩემი მეგობრებიც ასე ფიქრობენ).

მეგობრობა ამოუწურავი თემაა. ვერ ნახავთ წიგნს, რომ მასში სამი თუ არა ორი მეგობარი მაინც არ ცხოვრობდეს. ამ შეუფასებელი ნიჭის მნიშვნელობის შესახებ საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მისი სწავლა შესაძლებელია და აუცილებელიც. ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფსიქოლოგისა და მასწავლებლის, დეილ კარნეგის წიგნი _ ,,როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მივიმხროთ ადამიანები” ალბათ ამ მიზნით დაიწერა და მისი ავტორი დიდხანს კითხულობდა ლექციებს ამ შესანიშნავი ნაშრომის მიხედვით: ,,წიგნზე მუშაობის ჟამს წავიკითხე ყველაფერი რაც კი ამ საკითხზე დაწერილა. ყველა ამ მასალისგან შევადგინე ლექციები და მრავალი წლის განმავლობაში ვუკითხავდი ჩემი კურსის მსმენელებს ნიუ-იორკში და ვაიძულებდი, ყოველივე რაც იქ მოისმინეს პრაქტიკულად გამოეყენებინათ საქმიანი თუ საზოგადოებრივი შეხვედრების დროს, ხოლო შემდგომ მეცადინეობაზე მოეთხროთ თავიანთი ექსპერიმენტების შესახებ. იცით რა საინტერესო საშინაო დავალება იყო? საკუთარი თავის სრულყოფას მოწყურებული ქალბატონები და ბატონები მოხიბლულნი იყვნენ ასეთი, სრულიად ახალი ყაიდის ლაბორატორიული სამუშაოთი.”

თქვენი არ ვიცი და მე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს მსგავს ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. ჩვენს სკოლებშიც, მოსწავლეებს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, მსგავსი გაკვეთილები ნამდვილად კარგ ნაყოფს გამოიღებდა. მაგრამ სანამ მეგობრობის სწავლების აუცილებლობას ვაღიარებდეთ, სჯობს ისევ წიგნ-მასწავლებლებს დავუბრუნდეთ. აქვე, მეგობრობასთან დაკავშირებულ, პირველი იმედგაცრუების ამბავსაც გიამბობთ:
მოდით, გონების სწრაფმავალ მატარებელში ჩავსხდეთ და სტოკჰოლმში, ერთი ჩვეულებრივი სახლის ასეთივე ჩვეულებრივი სახურავის არაჩვეულებრივ ბინადარს ვეწვიოთ.

კანფეტები ხომ არ დაგვავიწყდა? მურაბით სავსე ქილაც თან გვაქვს? მაშინ შვებით ამოვისუნთქოთ, რადგან ტკბილეული მოშინაურების ის ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც ამ მფრინავი კაცუნას მეგობრობის დამსახურება შეგვიძლია. არადა, ღირსია, ხელცარიელი მივსულიყავით და გვეთქვა, რომ სულაც არ იმსახურებს ისეთ მეგობარს, როგორიც ბიჭუნაა.

გავიდა დრო და თომას მანის მოთხრობაში _ “ტონიო კროგერი” მეგობრობის სრულიად განსხვავებულ განმარტებას გავაწყდი, მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ იმ აზრს, რომ მეგობრებიდან ერთი მონა, მეორე კი _ მეფე უნდა იყოს და ძალთა ასეთი არათანაბარი გადანაწილების გარეშე მეგობრობა არ არსებობს.

ნამდვილ მეგობრობის მაგალითს ისევ ეკზიუპერთან, პატარა უფლისწულისა და მელიის დიალოგში მივაგენი: ,,ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს… მაგრამ შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში”…

აი, ამ წიგნებისგან შედგება ჩემი ბავშვობისდროინდელი “მეგობრობის სახელმძღვანელო”.

მხატვრულ ლიტერატურას დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებლად მივიჩნევ, მაგრამ არც ის მავიწყდება, რომ წიგნს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია. ხშირად ავტორებიც შეგვახსენებენ ამას: ,,წიგნებში განა ყველაფერია, რასაც თქვენ ეძებთ? იგი ყველგან უნდა ეძებოთ – ძველი გრამაფონის ფირფიტებში, ძველ კინოფილმებში, ძველ მეგობრებში, ბუნებაში, საკუთარ თავში! წიგნები მხოლოდ ერთ-ერთი ვრცელი საცავი იყო, სადაც იმას ვინახავდით, რისი დავიწყებისაც გვეშინოდა” (რეი ბრედბერი).
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი