პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ გავეცნოთ ახალ სადამრიგებლო კლასს?

,,ჟურნალისტთა პირისპირ“ და ,, გამოიწვიე ინტუიცია“  ანუ როგორ გავეცნოთ ახალ სადამრიგებლო კლასს?!

ახალი სასწავლო წელი  იწყება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ისევე ღელავს ახალი სასწავლო წლის დადგომისას, როგორც მე და მჯერა, რომ  განსაკუთრებული ემოცია მაინც იმ პირველ დღესთან არის დაკავშირებული, როცა, რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ, ისევ ჩვენს პატარებს უნდა შევეგებოთ. გვჯერა, რომ ბავშვები განსაკუთრებით  ზაფხულის არდადეგებზე იზრდებიან  და სექტემბერში  სულ სხვა იერსახით, ტანაყრილები  წარმოგვიდგებიან.  თითქოს საჭიროდ მივიჩნევთ, რომ თავიდან გავეცნოთ. დიახ, მერე ვეცნობით და ბოლოს  გვახსენდება, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან.

რვაწლიანი სასკოლო მოღვაწეობის მანძილზე არაერთი ღონისძიების ორგანიზატორი ვყოფილვარ და დავრწმუნდი, რომ როგორი დასაწყისიც აქვს,  ისევე ვითარდება. ამიტომაც ვცდილობ, რომ ნებისმიერ აქტივობას საინტერესო დასაწყისი მოვუფიქრო, რათა საინტერესოდ განვითარდეს.

სკოლაში მობრუნება, პირველი დღე რამდენიმე თვიანი არდადეგების მერე –  რელსები ჩვეულია, თუმცა მიმართულებას ახალს და, ხშირ შემთხვევაში, უჩვეულოს ვირჩევთ. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა მოვიქცევთ…ვის როგორ გამოგვივა, პირველ რიგში, ჩვენს  მონდომებაზე, შემოქმედებითობაზე და მარიფათზეა დამოკიდებული.

,,სალამი! როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები?  კითხულობდით წიგნებს?  უცხო სიტყვებს იმეორებდით?“ სანამ იმ ჟანგის სუნს არ ვიგრძნობთ, რომელიც ამ კითხვებს ასდით, სიახლეებისკენ ზურგშექცევით ვიდგებით.  გარეთ 21-ე საუკუნის სამყაროა…

წელს ახალი კლასი მეყოლება. მართალია, არ ვიცი რომელი, მაგრამ რომ მეყოლება ამაში დარწმუნებული ვარ. ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვცდილობ, რომ  ჩემს კლასთან პირველი შეხვედრა საინტერესო და ორიგინალური იყოს.  წელს გაცილებით საპასუხისმგებლო სექტემბერი მექნება, რადგან ამ ბავშვებთან ფაქტიურად არანაირი შეხება არ მქონია.  შესაბამისად, რამდენიმე საათი მაინც დამჭირდება საიმისოდ, რომ  მათ შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოპოვება შევძლო. მათ ყოფილ დამრიგებელთან ინტერვიუს ნამდვილად არ ვგეგმავ. მზამზარეულად მორთმეული რამ არასდროს მიყვარდა, მით უმეტეს ინფორმაცია. საჭირო ინფორმაციის მიღებას დამოუკიდებლად  შევეცდები. თუ რამეა,  ინტერვიუ მერეც მოესწრება.

ბევრს არაფერს ვგეგმავ. იდეაში სულ რამდენიმე აქტივობა მაქვს  და პირველ რიგში, მათ განხორციელებაზე ვიზრუნებ. ამ ეტაპზე  ორ  მათგანს გთავაზობთ და იმედს ვიტოვებ, რომ მათი განხორციელებით ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს საკმაოდ საინტერესოს და ორიგინალურს გახდით.

მაშ ასე. დღე 1.

ნაბიჯი პირველი.

  • ,,ჟურნალისტთა პირისპირ“

მიეცით მოსწავლეებს გულახდილობის მაგალითი.  ეს, ამ აქტივობის მთავარი პრინციპია. პირველ რიგში, მიესალმეთ ბავშვებს. ღიმილი არ დაგავიწყდეთ. სათითაოდ ჩახედეთ ყველას თვალებში. ნუ დასვამთ ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: რამდენი ხართ კლასში? რამდენი გოგოა და რამდენი ბიჭი? რამდენი წელია, სკოლაში დადიხართ? და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხებს ისედაც ფლობთ და არაფერში გჭირდებათ  სიყალბე. დამიჯერეთ, არც ბავშვები მოიხიბლებიან ამ კითხვებით. აიღეთ მასწავლებლის სკამი. დადგით ოთახის შუაგულში. დაიჭირეთ მიკროფონი და წუთით გაჩუმდით. საოცარ ინტერესს გამოიწვევს თქვენი  ქმედება. გადაავლეთ ბავშვებს თვალი და დასვით კითხვა –  რატომ მიჭირავს მიკროფონი? უცნაური კითხვა და უჩვეულო ამპლუა კიდევ უფრო მეტ ინტერესს აღძრავს მათში. როცა შეამჩნევთ, რომ რამდენიმე მოსწავლეს  პასუხი უკვე აქვს, ადექით, მიაწოდეთ მიკროფონი და სთხოვეთ, რომ პასუხი ამ ფორმით დააფიქსიროს. ასე განაგრძეთ მანამ, სანამ არ ჩათვლით, რომ დროა, მთავარ საქმეზე გადახვიდეთ. მოსწავლეებს უხსნით აქტივობის პრინციპს, ეუბნებით,  რომ  რესპონდენტი ხართ. ისინი კი კორესპონდენტები არიან, რომლებმაც საინტერესო კითხვები უნდა დაგისვან. შემდეგ დაურიგეთ მათ წინასწარ მომზადებული კითხვების ფერადი ფურცლები(შეგიძლიათ გამოყოთ სივრცე, სადაც მოსწავლეები კითხვებს თავიანთი სურვილების მიხედვით დაამატებენ), რომლებშიც მოცემული იქნება დაახლოებით ათი პერსონალური კითხვა. მაგ:

  1. რატომ გადაწყვიტეთ გახდეთ ჩვენი დამრიგებელი?
  2. რომელი წიგნი გიყვართ და რატომ?
  3. სად სწავლობდით და რა გახსოვთ ყველაზე კარგად უნივერსიტეტში გატარებული წლებიდან?
  4. რომელ საგნებს სწავლობდით სკოლაში ყველაზე კარგად და რატომ?
  5. რის მიხედვით უნდა ავირჩიოთ მეგობრები?
  6. როგორი ბავშვი იყავით?
  7. რა გიყვართ?
  8. როგორი დამრიგებელი იქნებით? რას აპირებთ ჩვენთან?
  9. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
  10. როგორი ხართ, როცა ბრაზდებით?

შეკითხვათა შინაარსი საერთო უნდა იყოს თითოეული მოსწავლისთვის. მიეცით მათ ხუთი წუთი, აირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო სამ-სამი შეკითხვა და დაგისვან მიკროფონის გამოყენებით, რომელსაც რიგ-რიგობით გამოიყენებენ.  გარდა ამისა, სთხოვეთ მათ, შეეცადონ დაიმახსოვრონ თქვენი ყველაზე საინტერესო პასუხი. ეცადეთ, რომ თითოეულ შეკითხვას გულწრფელი პასუხი გასცეთ და ,,კორესპონდენტს“ თვალებში უყუროთ. თვალებით კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. არ იქნება ურიგო, თუ შეარჩევთ რომელიმე  საინფორმაციო გამოშვების მუსიკას და ჩართავთ დაბალ ხმაზე მთელი ინტერვიუს განმავლობაში. ამით ინტერვიუსთვის შესაბამის გარემოსა და განწყობას შექმნით.  მას შემდეგ, რაც შეკითხვები ამოიწურება, სთხოვეთ მოსწავლეებს, დაგისვან მათ მიერ მოფიქრებული რამდენიმე შეკითხვაც. ინტერვიუს ბოლოს შეახსენეთ, გაახმოვანონ თქვენი ყველაზე საინტერესო პასუხი და შეაჯამონ აქტივობა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.  ბოლოს კი შეაჯამეთ თქვენი შეხვედრა და თავადაც აღნიშნეთ, თუ რომელი კითხვა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რომელზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა. აქტივობა შეგიძიათ სიმბოლური ფოტო სესიით დაასრულოთ.

,,გამოიწვიე ინტუიცია“

ნაბიჯი მეორე.

მორიგი აქტივობა, მოსწავლეთა საინტერესო კუთხით გაცნობაში დაგეხმარებათ. მისი დაგეგმვა ძალიან მარტივად, მოკლე დროში და მრავალფეროვანი რესურსების გამოყენების გარეშე  შეგიძლიათ. აქტივობის განსახორციელებლად დაგჭირდებათ:

  1. ,,იდუმალი ყუთის“ გაკეთება ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. უბრალოდ ლამაზად შეფუთეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ მეტი იდუმალებისთვის კითხვის ნიშნებით მოხატეთ.
  2. სხვადასხვა ფორმებად დაჭრილი ფერადი თაბახის ფურცლები.

 

აქტივობის დაწყებამდე, მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებაზე იზრუნეთ. სანამ ინსტრუქციას გასცემთ, მარჯვენა ხელში დაიჭირეთ იდუმალი ყუთი და ასწიეთ მაღლა. უხმოდ გეჭიროთ ნახევარი წუთის განმავლობაში და შეეცადეთ,  მოსწავლეებს მხოლოდ თვალებით ეკონტაქტოთ.  შესაძლოა ამ ჟესტმა  მოსწავლეები დააბნიოს კიდეც, თუმცა მერწმუნეთ, რომ  აუცილებლად  მიმართავს მათ ყურადღებას თქვენკენ.   ნუ იჩქარებთ ინსტრუქციების გაცემას.  გამოიწვიეთ მოსწავლე, დააბნიეთ, დააინტერესეთ,  გააკვირვეთ და რაც მთავარია, ყოველივე ეს,  მათი გააქტიურებისთვის და მოტივაციისთვის გამოიყენეთ.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეთა ყურადღებას მიიპყრობთ, სთხოვეთ მათ,  გამოთქვან ვარაუდები  ყუთზე გამოსახულ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით.  ჰკითხეთ მათ, თუ როგორ შეუძლიათ ახსნან ,,იდუმალი ყუთის“ მნიშვნელობა და რა მიზანს ისახავს მისი შემოტანა გაკვეთილზე. პასუხების მოსმენის შემდეგ, ყუთი მაგიდაზე დადეთ და მოსწავლეებს სხვადასხვა ფორმის პატარა, ფერადი ფურცლები დაურიგეთ, რომლებზეც დატანილი იქნება შემდეგი ტიპის ბლიც კითხვები:

  • მე ვარ…….
  • მე მიცნობენ, როგორც……
  • ვერასდროს ვერ……
  • არასდროს ვინტერესდები….
  • სკოლა ჩემთვის…..
  • ის, რაც ჩემ შესახებ არ იციან…..
  • მეგობრებს ვირჩევ…..
  • ძალიან მიჭირს…..
  • მასწავლებელი უნდა იყოს…..
  • რომ შემეძლოს……
  • საკუთარ თავს ვადარებ……

კითხვების რაოდენობა და შინაარსი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის ინფორმაციის მიღება გსურთ. კითხვარების ქვემოთ გამოყავით სივრცე და უთხარით მოსწავლეებს, რომ მოცემულ ადგილას  შეუძლიათ  მათი სურვილების მიხედვით  რამდენიმე შეკითხვა  ჩაამატონ. მას შემდეგ, რაც კითხვარებს დაარიგებთ, მიეცით ბავშვებს რამდენიმე წუთი კითხვების გასააზრებლად.  სთხოვეთ, წერილობით უპასუხონ მათ, თუმცა ღიად დატოვონ  ის სამი  შეკითხვა, რომლებზე პასუხებიც სურთ თქვენგან მოისმინონ. მუშაობის დასრულების შემდეგ,  ჩამოატარეთ  ყუთი და სთხოვთ მათ, ფურცლები ყუთში მოათავსონ. დადექით ოთახის შუაგულში, გახსენით ყუთი და  ამოიღეთ თითო ფურცელი.   შემდეგ კითხულობთ კითხვა-პასუხს ხმამაღლა, თუმცა არავინ იცით, თუ  ვის კითხვას ახმოვანებთ. დაინტერესდით,  მიხვდა თუ არა რომელიმე მოსწავლე, თუ ვისი  კითხვარი იქნა წაკითხული.   სტრატეგია ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას და გაძლევთ საშუალებას, დაადგინოთ,  რამდენად იცნობენ ისინი ერთმანეთს. ვარაუდების გამოთქმის შემდეგ  გულწრფელად ითხოვეთ, რომ  წამოდგეს ის მოსწავლე, რომლის კითხვარიც წაიკითხეთ.  დამიჯერეთ, ეს მეთოდი კლასში ერთგვარ გაკვირვებასაც კი გამოიწვევს, რადგან  ის, თანაკლასელებს უკეთ აცნობს ერთმანეთს და თქვენთვისაც   ახალი აღმოჩენების  შესაძლებლობას იძლევა.  შემდეგ კიდევ ერთხელ ეცნობით უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს, აკვირდებით მოსწავლეს და ცდილობთ, მოცემულ კითხვებზე რაც შეიძლება მიახლოებული პასუხი გასცეთ. თუკი აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ კითხვაზე  პასუხი სწორად გამოიცანით,  მოსწავლე ტაშით გაჯილდოვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითონ პასუხობს მას, რაც  შესაძლებლობას გაძლევთ,  მის შესახებ საინტერესო ინფორმაცია სწორედ მისგან მოისმინოთ. ამ სტრატეგიის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ, რომ მოსწავლემ  გამოგიწვიოთ, დაგაფიქროთ, აამუშაოთ ინტუიცია და გააკეთოთ წინასწარი დასკვნები.

 

არ ვიცი, რამდენად საინტერესო აქტივობები გამომივიდა,  თუმცა ვთვლი, მოსწავლეებისთვისაც   მისაღები და საინტერესო  იქნება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი