ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

,,სასწავლო გაჩერებები“ ქიმიის გაკვეთილზე

,,სასწავლო გაჩერებები“ – აქტივობების ერთობლიობაა, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს: მიაღწიოს დასახულ მიზანს, შეუქმნას მოსწავლეებს  სახალისო და საინტერესო გარემო, აამაღლოს მოტივაცია, გაზარდოს ჩართულობა მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             გაჩერებებისა და თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობას განსაზღვრავს მასწავლებელი, გაკვეთილის მიზნიდან, შესასწავლი თემის სირთულიდან  და კლასის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებელმა სწორად განსაზღვროს თითოეულ ,,სასწავლო გაჩერებაზე“ მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული დრო. აქტივობების სწორად წარმართვა იოლდება, როცა ყველა გაჩერებას თანაბარი დრო ეთმობა, მასწავლებელი აკონტროლებს მოსწავლეთა გადაადგილებას გაჩერებებზე და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დროის ლიმიტის დაცვას.  მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ფორმაა 1-4-ზე გათვლა (მოსწავლეები ითვლიან იმდენამდე, რამდენი გაჩერებაცაა), პირველები დგებიან პირველ გაჩერებაზე, მეორეები – მეორეზე, მესამეები – მესამეზე და მეოთხეები – მეოთხე გაჩერებაზე. მასწავლებელს შეუძლია, პატარა ფურცლებზე დაწეროს გაჩერებების ნომრები, მოსწავლე იღებს ფურცელს და დგება იმ ,,გაჩერებაზე“, რომელი ნომერიც ამოუვიდა.

შესაძლებელია მასწავლებელმა გამოიყენოს დაწყვილებული გაკვეთილი. ასეთი ტიპის გაკვეთილი გამოიყენება, როგორც სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ფორმა – ინოვაციური გაკვეთილი. ამ გზით ის კოლეგებს გააცნობს სწავლების ახალ სტრატეგიას.

გაკვეთილის თემა:  წყლის სიხისტე და მისი თავიდან აცილების გზები.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს: ფორმულის მიხედვით  წყლის საერთო სიხისტის გამოთვლა და წყლის ტიპის დადგენა (რბილი, საშუალო სიხისტის, ხისტი);  ხისტი წყლის დარბილების ხერხებზე მსჯელობა; ვიდეოს ანალიზი; შეკითხვებზე პასუხის გაცემა მმმ სტრატეგიის გამოყენებით.

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მდგრადი განვითარების მეექვსე მიზნის გააზრება და წყლის რესურსის ეფექტურად გამოყენება;  მმმ სტრატეგიის გამოყენებით არგუმენტირებული მსჯელობა.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლე შეძლებს: ფორმულის მიხედვით  წყლის საერთო სიხისტის გამოთვლას და წყლის ტიპის დადგენას (რბილი, საშუალო სიხისტის, ხისტი); ხისტი წყლის დარბილების ხერხებზე მსჯელობას; შეკითხვებზე პასუხის გაცემას მმმ სტრატეგიის გამოყენებით.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

კვლ. X.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.     

  • მოიძიებს და აანალიზებს შესაბამის ინფორმაციას;
  • იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს,  იღებს სარწმუნო მონაცემებს;
  • იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კვლ. X.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების  გამოყენებით.

  • იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;

 

კვლ. X.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

  • აანალიზებს მონაცემებს (მაგ., საშუალო არითმეტიკული სიდიდის და საშუალოდან გადახრების დადგენა), საჭიროების შემთხვევაში, საკონტროლო ცდის შედეგების გათვალისწინებით,  გამოიტანს დასკვნებს;
  • ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს, განსხვავების შემთხვევაში ხსნის მიზეზებს;

 

ქიმ. X.12. მოსწავლეს შეუძლია ქიმიური ელემენტების  და მათი  ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.

  • გეგმავს და ატარებს ცდებს ხისტ და რბილ წყალში საპნის აქაფების პროცესის შესასწავლად. გამოაქვს სათანადო დასკვნა.

 

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა 1.  მასწავლებელი ქმნის პოზიტიურ სასწავლო გარემოს (აცნობს გაკვეთილის მიზანს, შეფასების ფორმებს. ახსენებს ქცევის წესებს).

აქტივობა 2. მოსწავლეთა ახალი საკითხით დაინტერესება – მასწავლებელი აჩვენებს ქოლესტერინით დაზიანებული სისხლძარღვის  და ხისტი წყლით დაზიანებული სარეცხის მანქანის სურათს.  სვამს შეკითხვას: რა განაპირობებს მასალის დაზიანებას?

გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით  მასწავლებელი აფიქსირებს მოსწავლეების მოსაზრებებს, შემდეგ იდეებს ახარისხებენ და იკვეთება სწორი პასუხი.

ამ აქტივობის ბოლოს მასწავლებელი წარადგენს მდგრადი განვითარების მეექვსე მიზანს, წყლის რესურსების დაცვასთან დაკავშირებით. მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს შეკითხვაზე: რას ნიშნავს მდგრადი განვითარება?

 

შემდეგ მოსწავლეები გადიან  ოთხ ,,სასწავლო გაჩერებას“:

გაჩერება 1: მოსწავლეები გამოთვლიან წყლის სამი განსხვავებული ნიმუშის სიხისტეს და დაადგენენ წყლის ტიპს.  – ამოცანის ამოხსნა

გაჩერება 2: მოსწავლეები ატარებენ ექსპერიმენტს. ადგენენ სხვადასხვა ტიპის წყალში საპნის აქაფების ხარისხს.  ექსპერიმენტის ჩატარება

გაჩერება 3:  მოსწავლეები მმმ სტრატეგიის გამოყენებით პასუხობენ წყლის სიხისტესთან დაკავშირებულ შეკითხვებს. კითხვებზე პასუხი მმმ სტრატეგიის გამოყენებით

გაჩერება 4: მოსწავლეების ჯგუფი  წარმოადგენს საშინაო დავალებას: როგორ დავიცვათ თავი ხისტი წყლისგან და როგორ დავზოგოთ წყალი? სამუშაო ფურცლების შევსების შემდეგ ნამუშევარს კედელზე უკუღმა აკრავენ.

მოსწავლეების ადგილი მოცემულია სქემაზე:

 

 

 

მოსწავლეების ჯგუფები რჩებიან ბოლო გაჩერებაზე. ყველა ჯგუფი აკეთებს იმ გაჩერების პრეზენტაციას, სადაც გაჩერდა.

მიზანი: ახალი მასალის გაგების შემოწმება

ჯგუფები აფასებენ სხვა ჯგუფის ნამუშევარს გაჩერებებზე გაკრული რუბრიკებით. მასწავლებელი აფასებს ჯგუფის მუშაობაზე დაკვირვების რუბრიკით.

ჯგუფი აკეთებს სხვა რომელიმე ჯგუფის ნამუშევრის პრეზენტაციას და აფასებს კომენტარით.

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, კლასის მუშაობას აფასებს კომენტარით (რუბრიკიდან გამომდინარე)  და აძლევს საშინაო დავალებას.

მიზანი: გაკვეთილის შეჯამება, დავალების მიცემა.

 

სურათზე მოცემულია მესამე გაჩერების დავალების პასუხი.

 

სასწავლო გაჩერება –  ,,საშინაო დავალება“

  • სარეცხი მანქანის დასაცავად: ჩაყარე ფხვნილის უჯრაში 100 გრამი ლიმონმჟავა, ჩართე სარეცხის მანქანა ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე 1-2 საათიან რეცხვაზე;
  • რეცხვის დროს ფხვნილთან ერთად შიგადაშიგ ჩაყარე 15 გრამი ლიმონმჟავა;
  • ხორცის მოხარშვის დროს წყალში ჩაასხი 2-3 სადილის კოვზი სუფრის ძმარი;
  • მცენარეების მოსარწყავად გამოიყენე ღოლოს მჟავა (10 ლ. წყალი – 1/5 ჩაის კოვზი ღოლოს მჟავა).

შეფასება:   განმავითარებელი შეფასება –

  1. ჯგუფის მუშაობაზე მასწავლებლის დაკვირვების ფორმა:
ჯგუფის მუშაობაზე დაკვირვება
  დიახ არა ნაწილობრივ კომენტარი
მოსწავლეები ჯგუფში მუშაობის დროს თანამშრომლობენ ერთმანეთთან.        
იცავენ დროის ლიმის.        
დომინირებს ერთი მოსწავლე.        
ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი შეესაბამება ინსტრუქციას.        
მოსწავლეთა მუშაობაში ჩართულობა  მაღალია.        

 

  1. ჯგუფის მუშაობის შეფასება ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ – ჯგუფის მუშაობის თვითშეფასება
შეკითხვა
გქონდათ თუ არა ფუნქციები (როლები) გადანაწილებული?
თანამშრომლობდნენ თუ არა ჯგუფის წევრები ერთმანეთთან?
რამ განაპირობა ჯგუფის მუშაობის წარმატება? დაასახელეთ ერთი მიზეზი.
რამ განაპირობა ჯგუფის მუშაობის წარუმატებლობა? დაასახელეთ ერთი მიზეზი.
შეაფასეთ ჯგუფის მუშაობა ხუთქულიანი სკალით                          1,        2,           3,          4,     5

 

  1. ამოცანის ამოხსნის შეფასება
 

 

1 2 3
წყლის საერთო სიხისტის გამოთვლის უნარი მოსწავლეები ვერ თვლიან წყლის საერთო სიხისტეს. მოსწავლეები შეცდომით თვლიან წყლის საერთო სიხისტეს. მოსწავლეები სწორად თვლიან წყლის საერთო სიხისტეს.
წყლის ტიპის დადგენის უნარი მოსწავლეები წყლის სიხისტის მიხედვით ვერ ადგენენ წყლის ტიპს. მოსწავლეები შეცდომით ადგენენ წყლის ტიპს. მოსწავლეები სწორად საზღვრავენ წყლის ტიპს, მისი სიხისტის მიხედვით.

 

  1. მმმ სტრატეგიის გამოყენების უნარის შეფასება
 

 

1 2 3
მტკიცების ჩამოყალიბების უნარი ჯგუფი არასწორად აყალიბებს მტკიცებას. ჯგუფი  ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მტკიცებას. ჯგუფი სწორად აყალიბებს მტკიცებას.
მტკიცებულების ჩამოყალიბების  უნარი ჯგუფი არასწორად აყალიბებს მტკიცებულებას (რეაქციის ტოლობას წერს შეცდომით). ჯგუფი  ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მტკიცებულებას (რეაქციის ტოლობას წერს  კოეფიციენტების გარეშე). ჯგუფი სწორად აყალიბებს მტკიცებულებას (რეაქციის ტოლობას წერს უშეცდომოდ).
მსჯელობის უნარი ჯგუფს ვერ მოჰყავს მტკიცების შესაბამისი არგუმენტები. ჯგუფს  მოჰყავს მტკიცების შესაბამისი  1-2  არგუმენტი. ჯგუფს  მოჰყავს მტკიცების შესაბამისი ყველა შესაძლო  არგუმენტი.

 

სამუშაო ფურცელი N1

ამოცანა

ცხრილში მოცემული მონაცემების მიხედვით დაადგინე წყლის ნიმუშების საერთო სიხისტე

წყლის ნიმუშის N კათიონების კონცენტრაცია მგ/ლ წყლის სიხისტე წყლის ტიპი
Ca 2+ Mg 2+ Na +    
1 120 24 230    
2 24 120 230    
3 60 24 460    

 

ამოცანის ამოსახსნელად გამოიყენეთ ფორმულა:

საერთო სიხისტე = [Ca 2+ ] / 20,04  +  [Mg2+ ] / 12,16

მიღებული მონაცემები შეადარეთ ცხრილში მოცემულს და დაადგინეთ წყლის ტიპი.

წყალი სიხისტე მმოლი/ლ
ძალიან რბილი < 1,5
რბილი 1,5-4
საშუალო სიხისტის 4-8
ხისტი 8-12
ძალიან ხისტი >12

 

სამუშაო ფურცელი N 2

ექსპერიმენტი – წყლის სიხისტის დადგენა

მასალა და ნივთიერებები:

 

 

  • პერმანენტული მარკერი;
  • ერთნაირი ზომის და ფორმის 500 მლ-იანი პლასტმასის ბოთლები;
  • გამოხდილი წყალი (1 ლიტრი);
  • მინერალური წყალი (1 ლიტრი);
  • ონკანის წყალი (1 ლიტრი);
  • საზომი ცილინდრი;
  • თხევადი საპონი;
  • წამზომი;
  • პასტერის პიპეტი;
  • სახაზავი.

 

ექსპერიმენტის მსვლელობა:

  1. დანომრეთ ბოთლები პერმანენტული მარკერით. დააწერეთ წყლის სახელი (გამოხდილი წყალი, მინერალური წყალი, ონკანის წყალი).
  2. თითოეულ 500 მლ-იან ბოთლში ჩაასხით მზომი ცილინდრის საშუალებით 100 მლ. წყალი.
  3. თითოეულ ბოთლში პერმანენტული მარკერით მონიშნეთ წყლის დონე;
  4. თითოეულ ბოთლს პასტერის პიპეტით დაამატეთ 4 წვეთი თხევადი საპონი;
  5. მოამზადეთ წამზომი;
  6. შეანჯღრიეთ სამივე ბოთლი 20 წამის განმავლობაში;
  7. დადგით ბოთლები სწორ ზედაპირზე და მარკერით მონიშნეთ ქაფის ზედა დონე;
  8. სახაზავით გაზომეთ წარმოქმნილი ქაფის სიმაღლე;
  9. გაიმეორეთ იგივე (ახლიდან შეანჯღრიეთ) სამჯერ და მონაცემები ჩაინიშნეთ ცხრილში;
 

 

საპნის ქაფის სიმაღლე (სმ)
გამოხდილი წყალი მინერალური წყალი ონკანის წყალი
ცდა N 1      
ცდა N2      
ცდა N3      
საშუალო სიმაღლე      
  1. გამოთვალეთ ქაფის საშუალო სიმაღლე სამივე ბოთლში ცალ-ცალკე.

 

  1. უპასუხეთ შეკითხვებს:

ა) რომელ წყალში წარმოიქმნა ყველაზე მეტი ქაფი? რატომ?

ბ) რომელ წყალში წარმოიქმნა ყველაზე ნაკლები ქაფი? რატომ?

სამუშაო ფურცელი N 3

 უპასუხეთ შეკითხვებს მმმ სტრატეგიის გამოყენებით:

 

წყლის სიხისტე განპირობებულია კალციუმის და მაგნიუმის სულფატებით. რომელ ნივთიერებას გამოიყენებ წყლის დასარბილებლად? რატომ?

 

მტკიცება:  

 

 

მტკიცებულება:  

 

 

მსჯელობა:  

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ტრენინგ მოდულის: „აქტიური სწავლება ქიმიაში“ მასწავლებელთა სამუშაო ფურცლები  –  ნათია არაბული, თინათინ ბუთხუზი – 2017 წელი;
  2. 2014 წლის მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდის ტესტები –  გამოცდების ეროვნული ცენტრი;
  3. წყლის სიხისტის განსაზღვრა და მისი გასუფთავება – თინათინ ბუთხუზი. https://chemclub.edu.ge/view_ideas.php?id=10

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი