პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რჩევები, სწავლის უნარდაქვეითებული ბავშვებისთვის

 აშშ-ისა და ინგლისის მონაცემებით, მოსახლეობის 15-20%-ს სწავლის უნარის დაქვეითების ესა თუ ის ფორმა  აქვს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ მოზარდი თაობის 7-15% ამ უნარის დაქვეითებას უჩივის. ქალებსა და მამაკაცებთან ასეთი რამ თითქმის თანაბრად გვხვდება.

ტერმინი „სწავლის უნარის დაქვეითება” (Learning Disability) 1963 წელს შემოიღეს, ხოლო ოფიციალური განმარტება 1975 წელს მიიღო აშშ-ის ფედერალურმა კანონმდებლობამ. სწავლის უნარის დაქვეითება ზოგადი სახელწოდებაა იმ დარღვევათა ჰეტეროგენული ჯგუფისა, რომლებიც ვლინდება მოსმენის, გაგების, მეტყველების, კითხვის, წერის, თვლის უნარების განვითარების დეფიციტით და, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემების დისფუნქციასთან. ბავშვს აქვს დარღვევა ერთი ან რამდენიმე ბაზისური ფსიქიკური პროცესისა, რომლებიც საფუძვლად უდევს ზეპირი და წერითი მეტყველების გაგებას და გამოყენებას. იგი წარმოჩნდება მოსმენის, აზრის გამოთქმის, წერის, კითხვის, არტიკულაციის, თვლის სირთულეებით.
რა ახასიათებს სწავლის უნარის დაქვეითებას?
საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის განმარტებით, ბავშვების განსაზღვრული კატეგორია, რომელსაც სკოლაში შესვლამდე განვითარების პრობლემები თითქოს არ ჰქონია, სწავლისას სირთულეებს აწყდება. მასწავლებლებზე ისინი ხშირად ახდენენ უყურადღებო, ზარმაცი, უინტერესო მოსწავლეების შთაბეჭდილებას, რაც სინამდვილეს არ  შეესაბამება.

სწავლის უნარის დაქვეითება, უპირველესად, აკადემიური მოსწრებით გამოიხატება. ბავშვს შესაძლოა უჭირდეს წერა, კითხვა, ანგარიში.

სწავლის უნარის დაქვეითების დახასიათება საკმაოდ რთულია, რადგან იგი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვა ხასიათისაა. საზოგადოდ, სწავლის სირთულეებს მრავალი მიზეზი შეიძლება ედოს საფუძვლად. ბავშვის ფსიქიკური განვითარება ამ დროს მოზაიკურ ხასიათს ატარებს, რაც ფსიქიკური ფუნქციების არათანაბარ განვითარებას ნიშნავს. გონებრივი ჩამორჩენილობისგან განსხვავებით, სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვებს ზოგიერთი ფუნქცია კარგად აქვთ განვითარებული, ზოგიერთისა განვითარება კი შეფერხებული ან დარღვეულია. ზოგ შემთხვევაში ძირითადი პრობლემა მხედველობით-სივრცითი ფუნქციის დარღვევაა. ბავშვს უჭირს მარჯვენა-მარცხენას გარჩევა, საგნების სივრცითი განლაგების წარმოდგენა, ხატვა, ხანდახან – სქემატური საგნების ცნობაც კი; ეძნელება ასოების კონფიგურაციის გარჩევა (მაგ., ხ – ძ, შ – წ, გ – ვ – კ), არითმეტიკული ოპერაციების ათვისება, მრავალნიშნა რიცხვების წაკითხვა, საათის ცნობა, რაც სივრცით ანალიზს მოითხოვს. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემა მეტყველების ფუნქციის განვითარებაში იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით აზრის წინადადებად ჩამოყალიბება-გამოთქმას და სხვისი სიტყვიერი ინსტრუქციის ან სხვისი მონაყოლის ინტერპრეტაციას ეხება. ასეთ ბავშვს უჭირს მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალის გაგება, მასწავლებლის ინსტრუქციების შესრულება, ტოლებთან ურთიერთობა და გაკვეთილის მოყოლა. ზოგეჯრ პრობლემა დახვეწილ მოტორულ კონტროლსა და ნატიფ მოძრაობებთან არის დაკავშირებული. ამ დროს ბავშვს უჭირს იმის დამახსოვრება, როგორ შემოხაზოს, რა მოძრაობა შეასრულოს ასოს წერისას. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს თანმიმდევრულ მოქმედებათა რეგულაცია და კონტროლი. სასკოლო მოსწრების წარმატება ბევრად არის დამოკიდებული ბავშვის უნარზე, გაიგოს და შეასრულოს დავალებათა სერიები სწორი თანმიმდევრობით, დამოუკიდებლად შეძლოს დავალების შესრულება. ამ შემთხვევაში მას უჭირს თანმიმდევრული მოქმედებების შესრულება ზედამხედველობის გარეშე, მასწავლებლის ინსტრუქციის შესრულება და საკუთარი შეცდომების კონტროლი. ასეთი ბავშვები იმპულსურები არიან და დამოუკიდებლად მოქმედება და დავალების შესრულება უძნელდებათ. ზოგჯერ კი ბავშვს ხანმოკლე მეხსიერებისა და ყურადღების პრობლემები აქვს, რაც აქვეითებს მისი სწავლის ეფექტურობას. სწავლის უნარის დაქვეითებას შესაძლოა თან ახლდეს უყურადღებობისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომიც, მაგრამ არა ყოველთვის.

სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვს დიდი კომპენსატორული შესაძლებლობები აქვს. ერთი ფსიქიკური ფუნქციის დეფიციტის შემთხვევაში კომპენსაციას იგი სხვა განვითარებული ფუნქციების ხარჯზე ახდენს, ამიტომ პირველ კლასებში სწავლის უნარის დაქვეითების სინდრომი ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მოგვიანებით, როდესაც დატვირთვა იზრდება, მასალა უფრო დიდია და რთული, ბავშვი ვეღარ ახერხებს კომპენსირებას და სირთულეებიც იჩენს თავს.

სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვი ძლიერ განიცდის სკოლაში საკუთარ წარუმატებლობას. იგი ძალიან ცდილობს, მაგრამ გარშემო მყოფები ამას ვერ ამჩნევენ, ის ზარმაცად, უინტერესოდ, დაბალი მოტივაციის მქონედ მიაჩნიათ. მასწავლებლები და მშობლები ხშირად ვერ ხვდებიან, რა ხდება ბავშვის თავს, რადგან იგი არ ჰგავს გონებრივად ჩამორჩენილს. მას ხშირად აძლევენ შენიშვნებს და აკრიტიკებენ. სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვები დაბალი თვითშეფასებით და შფოთვის მაღალი დონით გამოირჩევიან. სწავლის უნარის დაქვეითების სინდრომს ხშირად ახლავს თან ემოციური პრობლემები, ემოციური სფეროს დარღვევაც კი. ასეთი ბავშვების უმრავლესობა, განსაკუთრებით – გარდამავალ ასაკში, გულს იცრუებს სწავლაზე და ძნელად აღსაზრდელ მოზარდად ყალიბდება.
რისი ბრალია სწავლის უნარის დაქვეითება?
სწავლის უნარის დაქვეითების მიზეზი ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობის დეფიციტია. დეფიციტი შეიძლება სხვადასხვა ხარისხისა იყოს. შესაძლოა, ნევროლოგიური და აპარატურული გამოკვლევებით ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების აშკარა ნიშნები არც კი გამოვლინდეს. ამიტომ უწოდებდნენ წინათ თავის ტვინის მინიმალურ დისფუნქციას. თავის ტვინის ფუნქციობის დიფიციტმა შესაძლოა თავი იჩინოს სენსომოტორული ინტეგრაციის დარღვევით. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის ტვინში კარგად ვერ ხერხდება მიღებული სენსორული და მოტორული ინფორმაციის მოწესრიგება და ორგანიზაცია. სამედიცინო თვალსაზრისით ბავშვს თითქოს ყველაფერი რიგზე აქვს, მაგრამ სწავლისა და ქცევის პრობლემებს ეჯახება, ვინაიდან მისი თავის ტვინი სხვადასხვა არხებით გარედან და შიგნიდან მიღებულ სენსორულ ინფორმაციას ვერ აჯგუფებს და შეცდომით იყენებს. ამ შემთხვევაში თავის ტვინის ფუნქციობას დაზიანებულს ვერ დავარქმევთ, ამიტომ ტერმინ „დისფუნქციას” ვიყენებთ.

სწავლის უნარის დაქვეითების განსაზღვრულ შემთხვევებში შეინიშნება თავის ტვინის დისფუნქციის მარტივი სიმპტომები ან დასტურდება თავის ტვინის რაიმე ანატომიური თავისებურება, რომელსაც ავლენს ბავშვის თავის ტვინის ნეიროვიზუალური, აპარატურული გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ მაგნიტური რეზონანსი, პოზიტრონემისიური ტომოგრაფია).

სწავლის უნარის დაქვეითების მიზეზი ბიოლოგიური ბუნებისაა. კერძოდ, გარემოს მავნე ფაქტორებმა (ჰაერისა და წყლის ეკოლოგიური დაბინძურება, ტყვიით მოწამვლა, დედასა და ნაყოფზე მავნე ნივთიერებების ზემოქმედება, ინფექციები) შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებაზე. მისი აღმოცენება არ არის დამოკიდებული სოციალურ მდგომარეობაზე, აღზრდაზე, სწავლების ხარისხზე.
უმთავრესად რა პრობლემებს ვაწყდებით სწავლის უნარის დაქვეითების დროს?

. ცხადია, მთავარი პრობლემაა სასკოლო პროგრამის დაძლევის სირთულეები. ბავშვს უჭირს წერა-კითხვის, ანგარიშის ათვისება და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გავრცელებული სწავლების მეთოდები მას ცოდნის შეძენაში ვერ ეხმარება.

. ამასთან არის დაკავშირებული ბავშვის პიროვნების განვითარების პრობლემებიც. ბავშვი საკუთარ თავს ადარებს თანაკლასელებს და ძლიერ განიცდის საკუთარ წარუმატებლობას. იგი მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ ისე არ გამოსდის, როგორც საჭიროა და როგორც სთხოვენ, ამიტომ კარგავს საკუთარი თავის რწმენას. მისი ჩვეული ფრაზაა: „მე ამის გაკეთება არ შემიძლია”. რაც უფრო მტკიცდება ბავშვის წარუმატებლობა სკოლაში, მით უფრო მეტად იცრუებს იგი გულს სწავლაზე. მისთვის სკოლა წვალებასა და დამცირებასთან ასოცირდება, ამიტომ იგი ცდილობს, იპოვოს ისეთი სიტუაცია, სადაც თავად უკნასკნელი არ იქნება და წარმატების სასიამოვნო განცდას იგრძნობს. ასეთ ბავშვს გარდამავალ ასაკში ანტისოციალური ქცევის დიდი რისკი აქვს.

. სწავლის უნარის დაქვეითების დროს ხშირად იჩენს თავს ემოციური სფეროს პრობლემები: შფოთვა, ემოციური არამდგრადობა, შიშები, აგრესია. ეს ართულებს გარემოსთან, უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთობას.

როგორ დავეხმაროთ სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვს?
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის რჩევით, უპირველესად აუცილებელია ბავშვის სწორი და რაც შეიძლება დროული ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა. სწავლის უნარის დაქვეითების პრობლემას ოჯახი ხშირად ბავშვის სკოლაში შესვლის შემდეგ ეჯახება. სკოლაში შესვლამდე რაც უფრო ადრე გამოვავლენთ ბავშვის ფსიქიკური განვითარების პრობლემებს და მოვახერხებთ სპეციალური დახმარების ორგანიზებას, მით უფრო სრულფასოვანი იქნება ბავშვის სასკოლო მზაობა.

ხშირად სამედიცინო შემოწმება აჩვენებს, რომ ასეთი ბავშვები ნორმის ფარგლებში არიან, ამიტომ აუცილებელი ხდება ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა. თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვს სენსომოტორული ინტეგრაციის პრობლემები აქვს, უჭირს თითებით ზუსტი, ნატიფი მოძრაობების შესრულება, მარჯვენა-მარცხენა ორიენტაცია, ობიქტების სივრცითი მიმართებებისა და განლაგების ცნობა, თვალისა და ხელის კოორდინაცია, ამბის მოყოლა, მას ძალიან გაუჭირდება სასწავლო პროგრამის ათვისება.

ვინაიდან სწავლის უნარის დაქვეითება ყოველ ბავშვში ინდივიდუალურად ვლინდება, აუცილებელია მისი უნარ-შესაძლებლობების ძლიერი და სუსტი მხარეების დაწვრილებით აღწერა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ინფორმაციაც იმის შესახებ, რა შეუძლია ბავშვს, რა უჭირს, რა მოსწონს. ყოველივე ეს აუცილებელია ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში სენსომოტორული ინტეგრაციის პრობლემების, მეტყველების, ყურადღებისა თუ მხედველობით-სივრცითი ფუნქციების განვითარებისთვის, სპეციალური საკორექციო ღონისძიებების დაგეგმვისთვის. რაც უფრო დროული და მიზნობრივი იქნება დახმარება, მით უფრო ნაკლებ სირთულეს წააწყდება ბავშვი სკოლაში. სწავლის უნარის დაქვეითებას მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფსქოლოგიური დიაგნოსტიკა, რათა არ მოხდეს მისი აღრევა გონებრივ ჩამორჩენილობასთან, აუტიზმთან, ქცევის დარღვევებთან, სენსორული დეფიციტით გამოწვეულ სწავლის პრობლემებთან. ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა ხდება ბავშვეზე დაკვირვებით, მშობლების ინტერვიუირებით, ფსიქოლოგიური ტესტირებით.
როგორ შეიძლება სწავლის უნარის დაქვეითების მკურნალობა?
არსებობს მკურნალობის სხვადასხვა ფორმა: წამლებით, ფიზიკური ვარჯიშებით, სპეციალური პედაგოგიური და ფსიქოლოგიური დახმარებით. სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვებს ყველაზე მეტად ეს უკანასკნელი სჭირდებათ. ფსიქოლოგიური შეფასების შემდეგ აუცილებელია, მშობლებსა და მასწავლებლებს მიეწოდოთ ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე გაეწიოთ ფსიქოლოგიური კონსულტაცია ბავშვისთვის ადეკვატური სწავლების სტრატეგიის შესამუშავებლად.

სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვების მკურნალობა, უწინარესად, გულისხმობს ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე სპეციალური პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური პროგრამის შექმნას და მის თანმიმდევრულ განხორციელებას. მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ჩვევების თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი ერთობლივად მუშაობენ. სამკურნალო პროგრამა ეყრდნობა შემოვლით სტრატეგიებს; ეს იმას ნიშნვს, რომ სწავლის პრობლემების დაძლევა, სუსტი მხარეების განვითარება ხდება შემოვლითი გზით – იმ უნარების გამოყენებითა და სტიმულირებით, რომლებიც ბავშვს კარგად აქვს განვითარებული.

თუ ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა მოითხოვს, პედიატრისა და ნევროლოგის კონსულტაციით მას შეიძლება მედიკამენტებიც დაენიშნოს.

ერიდეთ ბავშვის არამიზნობრივ მკურნალობას. სწავლის უნარის დაქვეითების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია; იგი მთლიანად მოიცავს ბავშვის სწავლას, თამაშს, ცხოვრებას. ნუ დახარბდებით დაპირებებს სწრაფი განკურნების შესახებ სპეციალური მასაჟებით, დიეტით, სუნთქვითი თუ ფიზიკური ვარჯიშებით, ვიტამინებით და ა.შ. მკურნალობის თითოეული ხერხი მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის კონკრეტული ბავშვის მდგომარეობისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით ინიშნება, თანაც აუცილებლად მკურნალობის სხვა მეთოდებთან (ჩვევების თერაპია, მეტყველების თერაპია, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კორექცია) ერთად, კომპლექსურად. ნუ ეცდებით თვითნებურად, ექიმისა და ფსიქოლოგის კონსულტაციის გარეშე “სწრაფი” მკურნალობის მეთოდების გამოყენებას.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სირთულეთა დაძლევაში?
. უპირველესად, ყურადღებით დააკვირდით. ნუ იჩქარებთ მისთვის ზარმაცისა და უმაქნისის იარლიყის მიკერებას. თქვენ ხედავთ, რას ვერ აკეთებს ბავშვი და გული გტკივათ. ახლა ეცადეთ დააკვირდეთ, რისი კეთება შეუძლია, რა მოსწონს ან რა გზებით ცდილობს დავალების შესრულებას. საშუალებები და ხერხები, რომლებსაც ბავშვი ირჩევს წერისა და კითხვის სწავლისას, თქვენ შესაძლოა უჩვეულო მოგეჩვენოთ. დააკვირდით, რა შემთხვევაში უადვილდება ბავშვს მასალის ათვისება, ნუ ეცდებით, ძალდატანებით გამოიყენოთ სწავლების სტანდარტული მეთოდი.

. ბავშვის მდგომარეობის დასადგენად მიმართეთ ფსიქოლოგს და ნეიროფსიქოლოგს. ისინი შეაფასებენ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას, ცალკეული ფსიქიკური ფუნქციების მდგომარეობას, ემოციურ სფეროს. თქვენთან გასაუბრების, ბავშვზე დაკვირვებისა და მისი ტესტირების საფუძველზე ისინი დაადგენენ, რა მიზეზები უდევს საფუძვლად სკოლაში ბავშვის წარუმატებლობას. თქვენ და სკოლას აუცილებლად გჭირდებათ ბავშვის ზუსტი შეფასება, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი სწავლებისა და აღზრდის სტრატეგიები.

. სწავლის უნარის დაქვეითება ბავშვს ყველაზე ხშირად სკოლაში შესვლის შემდეგ აღმოაჩნდება ხოლმე. მოგვიანებით მშობლები იხსენებენ, რომ სკოლამდელ ასაკში ბავშვი ნელა უღებდა ალღოს სიტუაციას, უხერხული მოძრაობები ჰქონდა, იმპულსური იყო, ამბავს დალაგებულად ვერ ჰყვებოდა და ა.შ. ამას ისინი ბავშვურობას, სიცელქეს, უყურადღებობას მიაწერდნენ. უკვე სამი წლის ასაკიდან, თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს წინადადებით აზრის გამოხატვას, ხელების კოორდინაცია ცუდი აქვს, უჭირს ფანქრის ხელში დაჭერა და წრის შემოხაზვა, ვერ ასახელებს ძირითად ფერებს და საკუთარი სხეულის ნაწილებს, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს მისი ფსიქიკური განვითარების შესაფასებლად.

. რაც უფრო ადრე დაიწყება ბავშვის პრობლემების იდენტიფიკაცია და შეიქმნება მისთვის სპეციალური ადრეული ინტერვენციის პროგრამა, მით უფრო ნაკლებ პრობლემას შეეჯახებიან სკოლაში. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საბავშვო ბაღიდანვე ბავშვის სპეციალურ განმავითარებელ პროგრამაში ჩართვა.

. დიაგნოსტიკის შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სპეციალურ პროგრამაში ან საკორექციო ჯგუფშია, ნუ იქნებით პასიური. თქვენზე, მშობელზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბავშვი უმეტეს დროს თქვენთან ატარებს და მას თქვენი მხრივ აქტიური სტიმულირება სჭირდება.

. ის, რასაც სხვები საგანგებო დასწავლის გარეშე ითვისებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში მაგალითით ან მიბაძვით, სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვები აღწევენ მხოლოდ სპეციალური გარემოს შექმნით. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ ინიციატორი ბავშვთან შემეცნებითი ხასიათის თამაშებისა (ლოტო, კუბიკები, სურათები, მოზაიკა), ერთობლივი მოქმედების დროს, თამაში იქნება ეს, სეირნობა თუ სახლში საქმის კეთება (მაგ., სუფრის გაშლა), ეცადეთ, ბავშვი აქტიურად იყოს ჩართული და მშვიდად ესაუბრეთ იმის შესახებ, რას და როგორ აკეთებთ, ანუ თქვენს საქმიანობას თან უნდა ახლდეს ვრცელი კომენტარი, მოქმედებათა თანმიმდევრობის აღნიშვნა.

. ხშირად ეთამაშეთ ბავშვს მოძრავი თამაშები, განსაკუთრებით – სხვადასხვა ზომის ბურთებით. ეს განუვითარებს მას თვალისა და ხელის შეთანხმებულ კოორდიანაციას. ხატეთ ერთად, ძერწეთ, ეს აუცილებელია თითების ფაქიზი მოძრაობების გასანვითარებლად.

. შეუქმენით ბავშვს პირობები რაიმეს მოსაყოლად, მულტფილმის შინაარსი იქნება ეს თუ დღის განმავლობაში თავს გადამხდარი ამბები. თუ ბავშვი ვერ ჰყვება ან ჰყვება არეულად, ეცადეთ, ამბის მოყოლას კითხვა-პასუხის ფორმა მისცეთ. ამავე დროს, დააცადეთ ბავშვს, ნუ გასცემთ პასუხს მის მაგივრად, ეცადეთ, პასუხი დასრულებული წინადადებებით გაგცეთ, შორისდებულების გარეშე. გამოიყენეთ კომიქსები ან საბავშვო სიუჟეტური სურათები: ჯერ თქვენ მოუყევით, მერე სთხოვეთ, თვითონ მოჰყვეს. თუ გაუჭირდა, დაუსვით კითხვები ყოველ სურათზე; მიაქციეთ ბავშვის ყურადღება არა მხოლოდ იმას, ვინ რას აკეთებს, არამედ ემოციურ გამომეტყველებას, მოქმედი პირების ურთიერთდამოკიდებულებას.   
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი