შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სტერეოტიპები მხატვრული ტექსტებისა და ავტორების შესახებ

ჩვენ, ადამიანები, ვცხოვრობთ ცხოვრებაზე ჩვენ მიერ შექმნილი წარმოდგენებით, რომლებიც, შესაძლოა, უფრო ნაკლებად პირობითი იყოს, ვიდრე სამყაროსეული ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ჭეშმარიტებანი.

საზოგადოდ, ეს ვრცელი თემაა, მაგრამ მე მინდა, იგი ლიტერატურულ ტექსტებსა და მათ ავტორებზე რწმენა-წარმოდგენების კუთხით განვიხილო.

ამის შესახებ სტატიის დაწერის იდეა მაშინ დამებადა, როდესაც რამდენიმე პედაგოგს ვესაუბრე სხვადასხვა საკითხზე და დავრწმუნდი, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ზოგიერთი მასწავლებელი არასწორად აღიქვამს კონკრეტულ საკითხთა მოცემულობას (ცხადია, ესეც – ჩემი წარმოდგენით).
სტერეოტიპი პირველი: იმ მოსწავლეთა და მასწავლებელთა უმეტესობას, ვისთანაც მისაუბრია, მიაჩნია, რომ ქართული პოეზია არის და უნდა იყოს რითმიანი – კონვენციური ლექსი.

პრობლემა: ყველა არაკონვენციური ლექსი ზემოთქმული წარმოდგენის მქონე მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ არასწორად, არასათანადოდ იქნება შესწავლილი, გაგებული და გამოყენებული ცხოვრებაში. 

ახლა იმ საკითხს მივხედოთ, რატომაა ეს აზრი მცდარი. ცნობილია, რომ იდეაციურ და ადრეულ იდეალისტურ კულტურათა ხანაში პოეტური ტექსტის სახე ჰიმნოგრაფია იყო. ჩვენამდე მოღწეულია შიო მღვიმელის ჰიმნოგრაფიული ტექსტი, რომელიც მეექვსე საუკუნის შემდეგ ვერ დაიწერებოდა, რაც მიანიშნებს ქართული სალექსო ვერსიფიკაციული ფორმებისა და მხატვრულ-შინაარსობრივი (რამდენადაც ეს რელიგიური დოგმატიკის ფარგლებში დაიშვებოდა) ვარიაციების ადრეულ არსებობასა და განვითარებაზე. 

“…ხელნაწერების სახით ჩვენს დრომდე შემორჩენილი აურაცხელი ტექსტი, მანამდე პროზად ან რიტმულ პროზად მიჩნეული, სინამდვილეში ყოფილა მკაცრად განსაზღვრული მეტრულ-რიტმული სტრუქტურის მქონე პოეზია – ქართული პოეტური ჰიმნები. ამ ჰიმნების შესაქმნელად ქართული ლექსთწყობის ოთხი სახეობა გამოიყენებოდა” (რ. თვარაძე, “ქართული ლიტერატურის ისტორია”, ტ. 1-ლი, გვ. 125).

იამბიკო (თორმეტმარცვლიანი სტრიქონი (სტროფი შედგება ხუთი სტრიქონისგან)), რომელიც ბერძნული ჰიმნოგრაფიის გავლენით შემოვიდა ქართულ პოეზიაში და სილაბური ლექსის ფორმა (თექვსმეტმარცვლიანი სტრიქონი) გვიანდელ საუკუნეებამდე არსებობდა ჩვენში, მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს რითმიანი (ჰიმნოგრაფიული) ლექსის არსებობას და, მეტადრე, უპირატესობას იმ პერიოდში, როცა ჰაგიოგრაფია ქრებოდა და უფრო მეტად იკიდებდა ფეხს ჰიმნოგრაფია.

გრიგოლ ხანძთელი, ბასილი საბაწმინდელი, იოანე ბოლნელი, ექვთიმე და გიორგი ათონელები, დავით აღმაშენებელი, მეფე დემეტრე, იოანე შავთელი, იოანე პეტრიწი, იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, კურდანაჲ, ეზრა, სტეფანე სანანოჲსძე, იოანე ქონქოზისძე – ეს ქართველ ჰიმნოგრაფთა არასრული ჩამონათვალია, მაგრამ მე მინდა, ყურადღება შევაჩერო მეფე ბაგრატ IV-ის მეორე თანამეცხედრეზე – ბორენა დედოფალზე. სვანეთში, სოფელ ნესგუნში ნაპოვნ პატარა ხატზე, რომელიც ამ დედოფალს ეკუთვნოდა, ამოტვიფრული წარწერა ამოიკითხეს. ეს დედოფალ ბორენას მიერ დაწერილი ლექსი აღმოჩნდა:

“რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი,
ჰრქუი რაი გაბრიელს: “ვარ უფლისა მხევალი”,
მაშინ ისტუმრე ქვეყნად მოუვალი.
დაემხო ძალი, პირველვე სისხლ-დამთვრალი,
ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირ-მრავალი…” (ზ. ყარანგოზიშვილი, “ბაგრატოვანთა ქალები”, გვ. 17).

ეს ლექსი, რომელიც შინაარსობრივ-ტაეპობრივი რიტმიკით ალბათ თავისუფალ უმარცვლედო ლექსად უნდა მივიჩნიოთ, მეთერთმეტე საუკუნეზე გვიანდელი ნამდვილად არ იქნება. დედოფლის სხვა ტექსტები უცნობია, მაგრამ ეს ერთიც მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რისი წარმოჩენაც მინდა ამ სტატიით.

ცოტა რამ რითმაზე: ქართულ ჰიმნოგრაფიაში რითმა მხოლოდ მეცხრე საუკუნეში გაჩნდა. ვარაუდობენ, რომ ხალხურმა ლექსმა მოახდინა გავლენა ჰიმნოგრაფიაზე, ისევე როგორც “ვეფხისტყაოსანზე” (ორად გაყოფილი თექვსმეტი მარცვალი, რვამარცვლიანი ხალხური ლექსი), თუმცა ჯერ კიდევ სადავოა, ხალხურმა ლექსმა განაპირობა ამ პოემის ვერსიფიკაციული ფორმა თუ პირიქით, ასევე ისიც, იყო თუ არა უძველესი ხალხური ლექსი რითმიანი, რადგან ამ პოეზიის ცხრამარცვლიანი არქაული ფორმა რითმიანი არ არის.

დასკვნა: თუ ჰიმნოგრაფიას მივიჩნევთ მხატვრული ლიტერატურის, კერძოდ, პოეზიის წინმსწრებად (ისევ იდეაციურ-იდეალისტურ-გრძნობად კულტურათა ცვლის მიხედვით), შეიძლება ითქვას, რომ პირველი ქართული ლექსი ურითმო იყო. ამ აზრს გაამყარებს მეორე არუმენტიც: ის, რომ ხალხური ლექსის არქეტიპული ვარიანტები თეთრი ლექსებია.
სტერეოტიპი მეორე: მეოცე საკუნის თითქმის ყველა ავტორის ბიოგრაფიის დეტალები ფსევდოტრაგიკული საბურველით არის შემოსილი. ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული წარმოდგენების მიხედვით, პოეტი იყო – და უნდა ყოფილიყო – უმუშევარი, უფულო, ნახევრად ან სრულად შეშლილი, მოცემული სოციუმიდან ამოვარდნილი სუბიექტი, რომელიც, ღმერთმა უწყის, რა გზით ახერხებდა თავის გატანას.

პრობლემა: ყველა მწერლის ბიოგრაფიული ფაქტებისა და, საზოგადოდ, მთელი ცხოვრების ასე შეფასება მოსწავლეს უკარგავს შესაძლებლობას, სათანადოდ შეაფასოს ამა თუ იმ ტექსტის დაწერის დროს მწერლის სულიერი, ფიზიკური თუ ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, რაც ხშირად ხდება წერის როგორც საკუთარი “მე”-ს გამოვლენის მთავარი მოტივატორი. თუ არასწორადაა გააზრებული ეპოქა, როდესაც მხატვრული ტექსტი შეიქმნა, არასწორადაა დანახულ-გააზრებული მწერლის იმჟამინდელი ცხოვრების დეტალები, ნაწარმოების გაგება გაჭირდება, ან იგი არასწორად იქნება შეფასებული.  

მაგალითად, ტერენტი გრანელის შესახებ ვისაუბროთ. ზოგიერთი მოსწავლისა და მასწავლებლის აზრით (რაც მცირე გამოკითხვამ წარმოაჩინა), გრანელი იყო ნახევრად შეშლილი, მათხოვარი, რომელიც სამგლოვიარო პროცესიებს დაჰყვებოდა და სასაფლაოზე ათევდა ღამეებს. დავუშვათ, ამ შეფასებაში არის სიმართლის წილიც (ლერი ალიმონაკი, “კვირის წირვები”), მაგრამ უკეთესი არ იქნება, ზუსტად, ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე იქნეს შეფასებული მისი ბიოგრაფია?!.

ჩემი აზრით, სასწავლო პროცესისთვის, მოსწავლისთვის ძალიან კარგია, არსებობდეს მკაფიო კონტრასტი ავტორსა და მის საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მის შემოქმედებას შორის. გრანელი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა (თუ იშვიათ გამონაკლისებს არ ჩავთვლით), მან სიცოცხლეში გამოსცა ლექსების რამდენიმე კრებული (1920 – “პანაშვიდები”, 1921 –  “სამგლოვიარო ხაზები”, 1922 – “სულიდან საფლავები”, 1924 – “memento mori”), შესანიშნავად იცნობდა ფრანგულ და ინგლისურ პოეზიას, თავის თანამედროვე ფილოსოფოსთა ნაშრომებსა და შეხედულებებს. უკანასკნელი კრებულის გამოცემის შემდეგ საგანგებოდ გრანელისადმი მიძღვნილ გაზეთში მასზე წერდნენ გიორგი ნადირაძე, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა. 

უსაფუძვლოდ როდი ვახსენე კონტრასტის საჭიროება სწავლებისას – მასწავლებელს შეუძლია, უკეთესად აჩვენოს ავტორის (ამ შემთხვევაში – გრანელის) მოღვაწეობა – პირად-საზოგადომოღვაწეობრივი ბიოგრაფია. მაგალითად, საინტერესო დეტალია ის, რომ მიუხედავად სულიერ-მატერიალური გაჭირვებისა, გრანელმა მაინც მოახერხა 1919 წელს სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთ “იისა” და ჟურნალ “კრონოსის სარკის” გამოცემა. ეს ფაქტები თითქმის ყოველთვის უყურადღებოდ რჩება ამ ავტორზე საუბრისას, როდესაც მას ჩამოძონძილ ნახევრად შეშლილ სუბიექტად ხატავენ, მაშინ როცა არსებობს საუკეთესო შანსი, მოსწავლემ მოიძიოს ინფორმაცია, დაალაგოს, დაახარისხოს იგი და საკუთარი დასკვნები გამოიტანოს ამ ავტორის ცხოვრებისეულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობის პოლარული უნისონის შესახებ, რაც მას მხატვრული ტექსტების შინაარსობრივ-ესთეტიკურ გააზრებაში დაეხმარება. 

დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ სტერეოტიპები და სამყაროს სხვადასხვა მოვლენასა თუ ფაქტზე ჩვენი წარმოდგენები თვითმყოფადი და ჭეშმარიტია იმდენად, რამდენადაც ნამდვილი სამყარო უფრო პირობითია, ვიდრე თითოეული ჩვენგანისა, მაგრამ არსებობს ფაქტებისა და მოვლენების ობიექტური, ჩვენგან დამოუკიდებელი აღქმის შესაძლებლობა, რომელიც შესაძლოა ყოველთვის არ იყოს საჭირო მხატვრული ტექსტის გააზრებისას, მაგრამ ავტორის ბიოგრაფიული სურათის აღსადგენად აუცილებელია. 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მინდა, ეს წერილი ერთი ცნობილი შეგონებით დავამთავრო, რომელსაც, იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ ამ წერილის მკითხველი მასწავლებლები და მოსწავლეები: 
“მეგობარია პლატონი, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი