პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ მოვიქცეთ ნიჭიერ ბავშვებთან

ალბათ, ყველა მასწავლებელი დაუფიქრებლად გეტყვით, რომ ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. მშობლებიც ასეთ შვილებზე ოცნებობენ. განათლების ექსპერტები კი გვირჩევენ, ნიჭიერი ბავშვების შესახებ არსებულ წარმოდგენებს თვალი გადავავლოთ, რადგან თურმე მათაც ჰქონიათ პრობლემები, რომლებსაც უკეთ დავინახავთ, თუ მოვახერხებთ და საკითხს ნიჭიერი ბავშვების თვალით შევხედავთ.

განვიხილოთ ნიჭიერი ბავშვის მდგომარეობა, როცა მან ადვილად ისწავლა კითხვა და აქვს თანატოლებთან შედარებით მდიდარი ლექსიკური მარაგი. საუბრისას იგი იყენებს სიტყვებს, რომლებიც უცხოა მისი თანატოლებისთვის და ამით იპყრობს გარეშეთა ყურადღებას. მასწავლებლების ან სხვა მოზრდილების მხრივ ეს სავსებით მისაღებია, მაგრამ თანატოლების ყურადღება შესაძლოა სულაც არ იყოს სასიამოვნო ნიჭიერი ბავშვისთვის. უფრო მეტიც – არაკომფორტულიც კი აღმოჩნდეს.

ასეთ ვითარებაში ზედმეტი, არასასურველი ყურადღების თავიდან ასაცილებლად ნიჭიერი ბავშვები ზოგჯერ შეგნებულად „მუნჯდებიან”, იცვლიან ლექსიკას და ცდილობენ, ისე ილაპარაკონ, როგორც ლაპარაკობს მათი ასაკის ბავშვების უმეტესობა.

განათლების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნიჭიერი ბავშვები ძლიერ სტრესს განიცდიან. მასწავლებლები და მშობლები, როცა ხედავენ, რომ ნიჭიერებს ნამდვილად აქვთ სწავლის უფრო განვითარებული უნარები, რაღაც განსაკუთრებულს მოელიან მათგან. კიდევ ერთი შეცდომაა შეხედულება, რომ ნიჭიერ ბავშვს ყველა საგნის ერთნაირად კარგად სწავლა შეუძლია. ამის მომლოდინე მასწავლებლებსა და მშობლებს ზოგჯერ გული უტყდებათ და ბრაზობენ კიდეც, როცა ნიჭიერი ბავშვი ვერ იღებს უმაღლეს ქულებს. სინამდვილეში ასეთი ბავშვებისთვის სულაც არ არის უჩვეულო ასინქრონული განვითარება (ერთ საგანში ძლიერი, სხვაში – შედარებით სუსტი). თუ მოსწავლე ძლიერია, ვთქვათ, მათემატიკაში, მოლოდინი, რომ სხვა საგნებშიც ძლიერი უნდა იყოს, მას ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აქცევს. მასწავლებლებმა და მშობლებმა ისიც უნდა დაუშვან, რომ ნიჭიერ ბავშვს ზოგიერთ საგანში შესაძლოა დახმარებაც დასჭირდეს.

ზოგჯერ პრობლემას საკუთარი თავის მიმართ გაზვიადებული მოლოდინიც ქმნის. შესაძლოა, ნიჭიერმა ბავშვმა მიიჩნიოს, რომ აღარ სჭირდება ბევრი მუშაობა – წარმატებას მაინც მიაღწევს. ამ დროს მას ერთმა წარუმატებლობამაც კი შესაძლოა ძლიერი დარტყმა მიაყენოს – აფიქრებინოს, რომ სწორედ ამ ტესტმა წარმოაჩინა მისი ნამდვილი შესაძლებლობები და არა მარტო თავის ნიჭიერებაში დააეჭვოს, არამედ საყვარელი საგანიც კი შეაძულოს. მასწავლებელსა და მშობელს დიდი ძალისხმევა მოუწევთ, რათა ბავშვს მარცხის ნამდვილი მიზეზი დაანახვონ და დაარწმუნონ, რომ ნიჭიერება შრომის გარეშე სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. ამრიგად, მოლოდინების კორექტირება უნდა მოახდინონ არა მარტო მასწავლებლებმა და მშობლებმა, არამედ თავად ბავშვმაც.

მართალია, ნიჭიერება არ იძლევა გარანტიას, რომ მოსწავლე ინფორმაციას პირველივე მოსმენისას დაიმახსოვრებს, მაგრამ იმ საგნებში, რაშიც იგი ძლიერია, იმ ინფორმაციის რამდენჯერმე გამეორებამ, რომელიც ბავშვმა პირველი მოსმენისთანავე აითვისა, შესაძლოა ავნოს მას.

ერთი ნიჭიერი პირველკლასელის მშობელი ასეთ ამბავს ჰყვება: ერთ დღეს, როცა გოგონას გაკვეთილების შემდეგ სკოლაში მიაკითხეს, იგი მანქანაში აცრემლებული ჩაჯდა. კითხვაზე, რატომ ტიროდა, მან სლუკუნით უპასუხა, რომ მასწავლებელს ის „ამქვეყნად ყველაზე სულელ ბავშვად” მიაჩნდა. დედა გააოცა პასუხმა და ჰკითხა შვილს, რატომ ეგონა ასე. ბავშვმა მიუგო, რომ მთელი კვირა იყო, მასწავლებელი დღეში ხუთჯერ ამეორებინებდა ერთსა და იმავე სიტყვებს, რომლებიც მან უკვე დიდი ხანია დაიმახსოვრა. დედამ სცადა აეხსნა, რომ გამეორება ცოდნის დედაა, მაგრამ გოგონა ჯიუტად იმეორებდა, სისულელეაო – რატომ არ მისცა მასწავლებელმა ახალი სიტყვები მაშინვე, როცა მან დაისწავლა ძველი? რატომ დახარჯა მთელი კვირა ტყუილუბრალოდ იმ სიტყვებისთვის, რომლებიც მან უკვე იცოდა? ბავშვის აზრით, მასწავლებელი სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ის ამ ერთი კვირის განმავლობაში ბევრ ახალ სიტყვას დაისწავლიდა, ნასწავლის გამეორება კი მას დროის ფლანგვად მიაჩნდა.

უცნაურია ნიჭიერ მოსწავლეებთან დაკავშირებული კიდევ ერთი მიდგომა: ყველა აღიარებს, რომ ისინი სხვაგვარად სწავლობენ, მათი გონება სხვაგვარად მუშაობს, მშობლები ელიან, რომ მათი ნიჭიერი შვილი აჯობებს სხვებს, მასწავლებლებსაც მიაჩნიათ, რომ ნიჭიერები სხვა მოსწავლეებს უსწრებენ, და მაინც, მათ ისევე ასწავლიან, როგორც დანარჩენებს. სასკოლო სისტემა ჯერ კიდევ საშუალო მოსწავლის საჭიროებებს არის მორგებული, ხოლო როცა ნიჭიერი მოსწავლე ვერ ახერხებს თავის შესაძლებლობათა ზედმიწევნით წარმოჩენას, იგი თვითონ ცხადდება „დამნაშავედ”. მასწავლებელიც იხსნის პასუხისმგებლობას და არც სასკოლო სისტემას ადანაშაულებს ვინმე.

ჩვენს სასკოლო სინამდვილეში მოქმედებს მხოლოდ ერთი განსაკუთრებული საგანმანათლებლო პროგრამა – ინკლუზიური სწავლება, რომელიც უმთავრესად ფიზიკური, ემოციური და გონებრივი შეზღუდვების მქონე ბავშვებისთვისაა გამიზნული. ნიჭიერი ბავშვებისთვის ცალკე პროგრამის შექმნა რომც მოხერხდეს, ბოლომდე გამართლებული ალბათ არც ეს იქნება, რადგან ხაზს გაუსვამს მათ განსხვავებულობას. ეს განსხვავებულობა, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, მეორე მხრივ კი მას ნეგატიური მომენტებიც ახლავს.

ზოგჯერ ნიჭიერ ბავშვს სთხოვენ უფრო მეტი წიგნის წაკითხვას, უფრო მეტი ესეს დაწერას, რომელიმე საგანში უფრო მეტი სამუშაოს შესრულებას. ამ დროს ჭირს მისი დარწმუნება, რომ რაკი ნიჭიერია, უფრო მეტი მუშაობა მოეთხოვება. მან შესაძლოა იფიქროს, რომ საკუთარი ნიჭიერების გამო ისჯება. ნიჭიერ ბავშვებს არ სურთ, სხვებზე მეტი იმუშაონ – მათ ახალი, უფრო საინტერესო სამუშაო უნდათ.

ერთმა ნიჭიერმა ბავშვმა მამას უთხრა, რომ სულაც არ სურდა, ნიჭიერის სახელი ჰქონოდა. მას არავითარ სიამოვნებას არ ანიჭებდა სხვებზე ადრე დასრულებული საერთო სამუშაოს შემდეგ მისთვის პერსონალურად დამატებული სამუშაო. მიაჩნდა, რომ სხვებზე ადრე შესრულებული დავალების, ანუ თავისივე ნიჭიერების გამო ისჯებოდა. განსაკუთრებით არ მოსწონდა, რომ იმავე მოსაწყენ საქმეს აკეთებინებდნენ, რომელიც უკვე გაკეთებული ჰქონდა. მისი თქმით, „ნორმალური” ბავშვი რომ ყოფილიყო, სავადებულო სამუშაოს დასრულების შემდეგ იმას გააკეთებდა, რაც უნდოდა, მაგალითად, წაიკითხავდა სასურველ წიგნს. 

მასწავლებლებმა და მშობლებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ნიჭიერი ბავშვები, მართალია, აკადემიური უნარებით უსწრებენ თანატოლებს, მაგრამ მათზე მოწიფულები სულაც არ არიან. აკადემიური უნარების განვითარება სოციალური უნარების განვითარებას არ ნიშნავს, ამიტომ თუ განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვის კლასის გამოტოვებით დაწინაურების საკითხი დაისვა, ყურადღება უნდა მიექცეს გარემოებას, არის თუ არა ეს ბავშვი მზად თავისზე უფროსებთან სოციალური ინტერაქციისთვის.

ნიჭიერ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემატიკა რომ შევაჯამოთ, მოკლედ გავიმეორებთ მთავარ პოსტულატებს: ნიჭიერ ბავშვებს სჭირდებათ მათი შესაძლებლობების მიხედვით სწავლის საშუალება. ამისთვის არ არის აუცილებელი არსებული კურიკულუმის ძირეულად შეცვლა და დამატებითი გაკვეთილის გეგმის მომზადებით მასწავლებლის გადატვირთვა. ნიჭიერ ბავშვს საშუალება უნდა მივცეთ, წარმატებას მიაღწიოს განსაზღვრულ საგნებში, მასწავლებლებმა და მშობლებმა კი უნდა გაითვალისწინონ, რომ შესაძლოა, მან ყველა საგანი ერთნაირად ვერ ისწავლოს, მაშასადამე, მოახდინონ თავიანთი მოლოდინის კორექტირება და დაუახლოონ იგი რეალობას. მოსწავლემ ნიჭიერება ზედმეტ ტვირთად კი არა, არამედ ბუნების საჩუქრად  უნდა აღიქვას. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ისიც, რომ ყველა ნიჭიერი მოსწავლე ინდივინდია, განსაკუთრებულია, და მათი ნიჭი სწორი მიმართულებით განვითარებას მოითხოვს. აუცილებელია მასწავლებლის, მშობლისა და სკოლის ადმინისტრაციის ერთობლივი პასუხისმგებლობა, რათა ბუნების ეს ძღვენი მოსწავლის უკეთესი განათლების საწინდრად იქცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი