პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კითხვის სწავლება საკომუნიკაციო მეთოდის გამოყენებით ნაწილი I

გაზეთს, ჟურნალსა თუ წიგნს კონკრეტული მიზნით ვკითხულობთ: ცოდნის მისაღებად, მეგობრებსა თუ კოლეგებთან საუბრისას კომპეტენტური ავტორების აზრის მოსაშველიებლად, მოხსენებით გამოსვლისთვის, ამა თუ იმ საკითხის შესახებ სტატიის დასაწერად, გასართობად.

თუ კითხვისას კონკრეტული მიზანი არ გვაქვს, კითხვის პროცესი აზრს კარგავს. ამ შემთხვევაში წაკითხულის გაგება გვიჭირს.

უცხოური ენის სწავლისას კითხვა საკმაოდ რთული გონებრივი პროცესია. იგი არეგულირებს კომუნიკაციურ ამოცანებს, რომელთა გადაჭრა უწევს მკითხველს თავის ყოველდღიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში. მიზანი სხვადასხვაა: მიღებული ინფორმაციის სხვისთვის გაზიარება, საუბრისას, სიტყვით გამოსვლისას, მესიჯის წერისას გამოყენება…

საკომუნიკაციო ამოცანები არეგულირებს კითხვის პროცესს, აკონტროლებს აზრთა მდინარებას კითხვის დროს.
ბევრს მიაჩნია, რომ თუ მოსწავლე ცნობს ასოებს, ახერხებს მარცვლებისა და სიტყვების ამოკითხვას, სიტყვის ამოცნობას ტექსტში, ის კითხვას ისწავლის, სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ეს აზრი მცდარია. როგორც ფსიქოლინგვისტიკა გვიჩვენებს, კითხვა არ გულისხმობს სიტყვების ამოკითხვას; ეს არ არის პრიმიტიული, მექანიკური პროცესი. კითხვის უნარი დამოკიდებულია საკვანძო სიტყვებსა და ფრაზებზე დაყრდნობით ზოგადი შინაარსის ამოცნობაზე. ამ უნარ-ჩვევის განვითარება რთულია, თუ მოსწავლეს ტექსტის აზრობრივი აღქმის უნარი არ შესწევს. საკომუნიკაციო მეთოდი გვთავაზობს, კითხვაზე მუშაობის დროს დავეყრდნოთ როლურ თამაშებს, დისკუსიას. კერძოდ, წავიკითხოთ, რათა შემდეგ გავითამაშოთ (სიტუაციის სიმულაცია), ვიმსჯელოთ ტექსტში წამოჭრილ პრობლემებზე. ამისთვის მკითხველი წინასწარ ირჩევს ფრაზებს, სიტყვებს, საჭირო ინფორმაციას, არგუმენტებს შემდგომი ამოცანის შესასრულებლად.

როდესაც მოსწავლეს რამის წაკითხვას ვთხოვთ, მისი წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეესაბამება მოცემული ტექსტი მისი ცოდნის დონეს.

შესაძლოა, გვსურდეს, მოსწავლეებმა ავთენტური, ორიგინალური, არა საგანგებოდ ენის შემსწავლელთათვის დაწერილი ტექსტები იკითხონ, მაგრამ დაბალ საფეხურზე ამგვარი ტექსტების კითხვა რთულია, სირთულემ კი, შესაძლოა, მოსწავლისთვის მიუწვდომელი გახადოს უცხო ტექსტი. ავთენტური ტექსტები დამწყებთათვის ძალზე მარტივი უნდა იყოს: მენიუ, ცხრილი, აბრა, მარტივი ინსტრუქცია. მოსწავლეს მისი დონის შესაბამისი მასალა უნდა მივაწოდოთ. მნიშვნელოვანია, ტექსტი ზედმიწევნით ახლოს იყოს რეალობასთან. თუ გვსურს, მოსწავლეებმა სიამოვნებისთვის იკითხონ, ტექსტი მათთვის მეტისმეტად რთული არ უნდა იყოს. თუ კითხვა ძალიან გაუჭირდათ, შესაძლოა, თავიც კი დაანებონ. სწორედ ამიტომ უნდა იკითხონ დამწყებმა მოსწავლეებმა მარტივი და დონეების მიხედვით დაყოფილი ტექსტები. ამის შედეგად მოსწავლეები მაშინაც კი შეძლებენ კითხვისგან სიამოვნების მიღებას, როცა მასწავლებელი მათთან არ იმყოფება და მათი დახმარება არ შეუძლია.

მოსწავლეებს კითხვისას რამდენიმე დავალების შესრულება უწევთ. მათ უნდა შეძლონ ტექსტის ისე წაკითხვა, რომ იპოვონ სასურველი ინფორმაცია (მაგ., ვეძებთ ტელეფონის ნომერს). ამ ხერხის გამოყენებისას თითოეული სიტყვის ან სტრიქონის წაკითხვა არ არის საჭირო. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ტექსტის ზერელე გადაკითხვაც მისი ძირითადი იდეის, არსის გასაგებად (მაგალითად, როდესაც თვალს გადავავლებთ ფილმის მიმოხილვას, რათა გავიგოთ, რის შესახებაა ფილმი ან რას ფიქრობს მასზე მიმომხილველი). თუ მოსწავლემ ამ ხერხის გამოყენებისას ყოველ სიტყვას მიაქცია ყურადღება, სავარაუდოდ, ძირითადი აზრის გამოტანა გაუჭირდება, რადგან დეტალებზე მოახდენს კონცენტრაციას.
 კითხვის ტიპები და სახეობები

რას ვკითხულობთ?

რა მიზნით?

როგორ? (კითხვის ტიპები)

გაზეთები, ჟურნალები

ზოგადი ინფორმაციის
გასაცნობად

მიმოხილვითი კითხვა შინაარსის ზოგადი, ზედაპირული გაგება

წერილები

ურთიერთობა, კონტაქტის
დამყარება, პასუხი

მიმოხილვითი კითხვა
შინაარსის ზოგადი, ზედაპირული გაგება

რეცეპტი, მენიუ, ინსტრუქცია

განცხადება, აფიშა,
რეკლამა

სახელმძღვანელოები,
ლექსიკონები, სამეცნიერო ნაშრომები, მხატვრული ლიტერატურა

პირობის (მოქმედების)
სწორად შესრულება

აქტივობათა დაგეგმვა,
მოცემული ინფორმაციის გამოყენება, ესთეტიკური სიამოვნებისთვის კითხვა, ცოდნის გაღრმავება,
წყაროდ გამოყენება

გაცნობითი კითხვა- შინაარსის სრულად

გაგება

სელექციური (არჩევითი)
კითხვა – საჭირო ინფორმაციის პოვნა, ციტატები

დეტალური კითხვა – ზედმიწევნით სრული, დეტალური კითხვა


რა ხარვეზებს ვაწყდებით კითხვაზე მუშაობის დროს
1. ხშირად მასწავლებელი ახალ ტექსტს ჯერ თვითონ წაიკითხავს, მერე მოსწავლეებს წააკითხებს ხმამაღლა, მერე კი ეს უკანასკნელნი უპასუხებენ კითხვებს. ამ დროს მასწავლებელს გულწრფელად მიაჩნია, რომ კითხვას ასწავლის. სინამდვილეში, ასე არ არის! აქ შეიძლება ორი ხარვეზი გამოვყოთ. პირველი: ხმამაღლა კითხვის დროს მოსწავლის მთელი ყურადღება არტიკულაციისკენ არის მიმართული, ამიტომ შინაარსის გააზრება უჭირს, რაც კითხვებზე პასუხის გაცემაში ხელს უშლის. მეორე: კითხვა გულისხმობს ტექსტის გრაფიკული სახისა და შინაარსის შესაბამისობის აღქმის უნარს, ამიტომ მასწავლებელმა საკმარისი დრო უნდა მისცეს მოსწავლეს, რათა ამ უკანასკნელმა, კითხვებზე პასუხის გაცემამდე დამოუკიდებლად (უხმოდ) წაიკითხოს ტექსტი.

2. ბევრ მასწავლებელს ჰგონია, რომ კითხვაა კლასში ნებისმიერი ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა, ამიტომ ხშირად ეს პროცესი ფასდება კიდეც. სინამდვილეში ეს არ არის კითხვა, ეს კითხვის ტექნიკაზე მუშაობაა.

3. მასწავლებლები ნაკლებ დროს უთმობენ ამ ტიპის აქტივობებს საშინაო დავალების მიცემისად. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალა სავსებით საკმარისია. ამის შედეგად:

ა) მოსწავლეს ვერ ვუვითარებთ ვარაუდის გამოთქმის უნარს;
ბ) ნაკლები ყურადღება ექცევა ფრაზების გრამატიკულ და სემანტიკურ სტრუქტურას;
გ) მოსწავლეები ვერ სწავლობენ საჭირო ინფორმაციის ამოკრეფას, საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით შინაარსის ამოცნობას.

4. მასწავლებლები იშვიათად იყენებენ „საშინაო კითხვას”.

5. ბევრი ტექსტში ყოველ სიტყვას ათარგმნინებს – ეს არ არის რეკომენდებული და შედეგის მომცემი, ვინაიდან კონცენტრირება მათი შინაარსის დამახსოვრებაზე ხდება და მოსწავლე ვერ ახერხებს, უპასუხოს უცხოურ ენაზე დასმულ კითხვას. სასურველია, ვასწავლოთ შინაარსის ამოცნობა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.

6. კითხვა იშვიათად კონტროლდება მასწავლებლის მიერ, იშვიათად ხდება ამ კომპონენტის შეფასება. ცნობილია, რომ კითხვის უნარის განვითარება მოსწავლეს საშუალებას აძლევს, დიდხანს შეინარჩუნოს და დამოუკიდებლად განივითაროს ენობრივი ცოდნა.
 რეკომენდაციები კითხვის უნარის განვითარებისთვის
1. სამუშაო გეგმის შედგენისას მასწავლებელმა მნიშვნელოვანი დრო უნდა დაუთმოს კითხვის უნარზე მუშაობას.

2. მასწავლებელმა ტექსტის კითხვა საინტერესო საგაკვეთილო პროცესად უნდა აქციოს, გამოიყენოს თემა სადისკუსიოდ და ჩაატაროს აქტივობები ტექსტის რეალობაში გადმოსატანად.

3. შემაჯამებელი სამუშაოებისა და ტესტირებების დროს სწავლების დაწყებითი ეტაპიდან უნდა ფასდებოდეს კითხვის უნარი.

4. რეკომენდებულია, მოსწავლეებს დაწყებითი ეტაპიდან გავაცნოთ ავთენტური ტექსტები (გაზეთები, ჟურნალები, წიგნები). შევთავაზოთ, ვარაუდი გამოთქვან სათაურის, გაფორმების, ციტატის, სურათის მიხედვით.

5. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საშინაო კითხვას, რაც მოსწავლეს წიგნთან მუშაობას აჩვევს, უვითარებს კითხვის უნარს, უმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, ერუდიციას.

6. როცა გადაწყდება, რა უნდა წაიკითხონ მოსწავლეებმა (დონის, თემისა და ლინგვისტური პოტენციალის გათვალისწინებით), უნდა ავარჩიოთ კარგი დავალებები – სწორად ფორმირებული კითხვები და სხვ. ყველაზე სასარგებლო და საინტერესო ტექსტიც კი უღიმღამო გახდება, თუ დავალებები შეუსაბამო და მოსაბეზრებელი იქნება. საუკეთესო პასაჟი შეიძლება ჩამოყალიბდეს საინტერესო, კრეატიული აქტივობით, შეჯიბრებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეჯიბრების სირთულე შეესაბამება კლასის მომზადების დონეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი