პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ვიმუშაოთ გონებრივი რუკით

მეთოდის აღწერა
„გონებრივი რუკა” (Mind-Mapping) მეთოდია, რომელიც მოქნილი და შემოქმედებითი მუშაობის საშუალებას იძლევა. ეს მეთოდი მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებში განავითარა ინგლისელმა მეცნიერმა ტონი ბუზანმა ნეიროფიზიოლოგიური ჰიპოთეზის საფუძველზე (Buzan,T./ Buzan,B.: Das Mind-Map-Buch, Die beste Methode zur Steigerung Ihres geistigen Potenzials. 5. aktualisierte Aufl.- Landsberg, München (mvg) 2002).

„გონებრივი რუკა” თვალსაჩინო ჩანიშვნების გაკეთების ხერხებს მოიცავს. კლასიკური, სწორხაზოვანი ჩანაწერებისგან განსხვავებით, მისი სტრუქტურა შეხედვისთანავე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ცენტრალურ თემასა და მის შემადგენელ ნაწილებზე – ცენტრში დგას თემა/მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც შემადგენელ ნაწილებად არის დატოტვილი. ასეთი ვიზუალიზაცია გვეხმარება საკითხის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, თემის მთლიანობაში აღქმაში, რეფერატებისა და პრეზენტაციების სტრუქტურირებაში.


მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება

მეთოდის შემუშავებისას ტონი ბუზანი ეყრდნობოდა ტვინის ფუნქციის შესახებ შემდეგ ჰიპოთეზას: ადამიანის ტვინი ორი – მარჯვენა და მარცხენა – ნახევარსფეროსგან შედგება; კვლევები მოწმობს, რომ, თუმცაღა ამ ჰემისფეროებს განსხვავებული ფუნქციები აქვთ, ისინი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. მარცხენა განაგებს ისეთ უნარებს, როგორიცაა ლაპარაკი, წერა, კითხვა, მათემატიკური ცნობიერება, რაციონალური აზროვნება, ლოგიკა, სწორხაზოვნება, ანალიზი, მაშინ როცა მარჯვენა უმთავრესად სივრცის აღქმას, ფანტაზიას, ფერს, ფორმას აკონტროლებს.

 
ამ ცოდნაზე დაყრდნობით ტონი ბუზანი ავითარებს „გონებრივი რუკის” ტექნიკას, რომლის გამოყენებისას ამოქმედდება ორივე ჰემისფერო და მიიღწევა სინერგიული ეფექტი, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს.

ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ აზროვნება არ არის წრფივი. ეს კომპლექსური პროცესია, რომლის დროსაც გონებაში გამუდმებით წარმოიქმნება ახალი, საკვანძო სიტყვებით გამოწვეული ასოციაციები და სტრუქტურები. მას ყოველთვის შეუძლია, ერთი საკითხიდან მეორეზე გადახტეს და პირიქით. დეტალები ჩვენს აზროვნებაში შეიძლება დაემატოს, ვარირდეს ან დაიმალოს, დამყარდეს კავშირები ცოდნის სხვა სფეროებთან. ასე წარმოიქმნება გონებაში ურთიერთდაკავშირებული ინფორმაციის ქსელი.

„გონებრივი რუკის” მეთოდს მრავალ სფეროში იყენებენ. განსაკუთრებული გამოყენება პოვა მან საგანმანათლებლო სფეროში – როგორც აკადემიური განათლების პროცესში, ასევე საწვრთნელ/სატრენინგო პროგრამებში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მეთოდი გვეხმარება დაგეგმვაში, პრეზენტაციაში, ორგანიზებაში, საკითხზე ერთიანი წარმოდგენის შექმნაში, შინაარსის დამუშავებასა და გადამუშავებაში, იდეების შეგროვებაში.

იდეების შეგროვების ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილი მეთოდია „გონებრივი იერიში”, რომლის პირველი ეტაპის მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი კრეატიული იდეის გენერირება. სწორედ იდეების სიუხვე და ფანტაზიის ხელშეწყობაა „გონებრივი იერიშის” ძლიერი მხარე. გონებრივი იერიში შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ „გონებრივ რუკასთან” ერთად: „გონებრივი იერიშით” ნაპოვნი იდეები „გონებრივი რუკის” საშუალებით დავასათაუროთ, დავალაგოთ და მივიღოთ პირველი სტრუქტურა. ეს სათაურები წარმოადგენს „გონებრივი რუკის” პირველ ტოტებს. ეს არის საუკეთესო გზა, შედეგები დავიწყებას არ მიეცეს და ვიზუალიზაციით ხელი შევუწყოთ, დავუბრუნდეთ თემას, გავიხსენოთ და ჩავუღრმავდეთ მას.
მეთოდის გამოყენება

. გონებრივ რუკაზე მუშაობისას ფლიფჩარტი უნდა მოვათავსოთ ჰორიზონტალურად.

. გონებრივი რუკის ძირითადი თემა უნდა მოვათავსოთ ფლიფჩარტის ცენტრში. უმჯობესია, იგი წარმოვადგინოთ სიმბოლოთი, სურათით ან პატარა ესკიზით, რომელიც ნათლად აღწერს ძირითად თემას. 

უნდა გვახსოვდეს, რომ სურათი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე 1000 სიტყვა!

. ცენტრალურ თემაზე/ნახატზე დაკვირვებისას ვუღრმავდებით ჩვენს აზრებს, გამოვყოფთ პუნქტებს. თითოეულ პუნქტს ვუსადაგებთ საკვანძო სიტყვას და ე.წ. მთავარი ტოტებით ვაკავშირებთ ცენტრალურ თემასთან/ნახატთან.

ეს საკვანძო სიტყვები ფლიფჩარტზე დატანილი უნდა იქნეს გარკვევით და ისეთი ზომის ასოებით, რომ ყველა მოსწავლემ/მონაწილემ დაინახოს. თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით ჩვენს აზროვნებას, თითოეული პუნქტი კვლავ დაიშლება ქვეპუნქტებად, რომლებიც დამატებითი ტოტებით დაუკავშირდება ძირითადს და ა.შ.

. სასურველია, გამოვიყენოთ სხვადასხვა ფერის მარკერები – ეს გაზრდის გამოსახულების აღქმადობას. იმის ხაზგასასმელად, რომ ესა თუ ის აზრი თუ იდეა უკავშირდება რომელიმე სხვას, შეგვიძლია გამოვსახოთ ისინი ერთი და იმავე ფერით. ისრები, გეომეტრიული ფიგურები, პატარა სურათები, ძახილისა თუ კითხვის ნიშნები, ჩვენ მიერ შექმნილი სიმბოლოები რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ეს აადვილებს შინაარსის ჩაწერას და სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნასა თუ დაკავშირებაში გვეხმარება.

გთავაზობთ ამ მეთოდით მუშაობის ძირითად წესებს, წარმოდგენილს გონებრივ რუკაზე.

 
„გონებრივი რუკის” მეთოდის გამოყენება მაშინ ჩაითვლება წარმატებულად, თუ დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. თემისა და მიზნის განმარტება;
2. ყოველი მოსწავლის/მონაწილის მიერ ბლიც გონებრივი რუკის ინდივიდუალურად შექმნა;
3. დისკუსია მცირე ჯგუფებში და ინდივიდუალურად შექმნილი რუკების განვითარება;
4. ინდივიდუალური გონებრივი რუკების შეჯერებით საერთო რუკის შემუშავება და ფლიფჩარტზე გადატანა;
5. ანალიზი და გადაწყვეტილების პოვნა – ამ ფაზაში მიგნებულია ძირითადი გადაწყვეტილებები, დასახულია მიზანი და მოხაზულია გეგმა.

მეთოდის უპირატესობა

* ტექნიკურად ადვილად განსახორციელებელია;

* ადვილი გასაგებია, საშუალებას იძლევა, ერთმანეთთან კომუნიკაციის გზით მრავალფეროვანი იდეები ზუსტად და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ და მოვიყვანოთ სტრუქტურაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს შემოქმედებითი, კომუნიკაციური და სოციალური უნარების განვითარებას;

* „გონებრივი რუკა” არ არის სტატიკური, ყოველ წუთს შეიძლება მისი ახალ-ახალი იდეებით შევსება;
* აადვილებს სწავლას და ზრდის მოტივაციას;

* კონსტრუქტივისტული მეთოდია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის/მონაწილის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

საკმაოდ კრეატიულად შეიძლება „გონებრივი რუკის” ინტეგრირება მრავალ სხვა სისტემურ-კონსტრუქტივისტულ მეთოდთან, რაც მის ეფექტურობას ამაღლებს. მაგალითად, შედეგიანია უკუკავშირის მეთოდის ვიზუალურად წარმოდგენა „გონებრივი რუკის” მეშვეობით. მისი ეფექტური გამოყენება ასევე შესაძლებელია მოდერაციის/დისკუსიის დროს და ა.შ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი