ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

განათლება უკეთესი მშობლობისთვის

ყველა ვთანხმდებით, რომ საჭირო უნარებით და ცოდნით აღჭურვილი მშობელი უკეთესი მშობელია და უფრო მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია შვილის განვითარებასა და მომავალზე. შვილებთან ყოველდღიურ ურთიერთობაში მრავალი სირთულე იჩენს თავს, რომელთა გადასაჭრელად მშობლებს ზოგჯერ არც მოთმინება გვყოფნის და არც ცოდნა. უნებლიე, არასწორმა და გაუაზრებელმა საქციელმა კი შეიძლება შეაფერხოს ჩვენი შვილების პოზიტიური განვითარება.

მშობლობისთვის საჭირო თანდაყოლილი ცოდნით არავინ იბადება – გზადაგზა ვსწავლობთ, ვიღებთ ინფორმაციას, გამოვიმუშავებთ აღზრდისთვის საჭირო უნარებს, ზოგჯერ – პირადი გამოცდილების საფუძველზე, ზოგჯერ კი ჩვენს ხელთ არსებული ლიტერატურის დახმარებით ვიღრმავებთ ცოდნას.

წიგნი, რომელზეც ახლა მოგიყვებით, უკეთეს მშობლად გახდომისთვის ფასდაუდებელ ლიტერატურულ წყაროს წარმოადგენს.

განათლება უკეთესი მშობლობისთვის– ასე ჰქვია კრებულს, რომელიც მშობლებს და ბავშვებზე მზრუნველ ადამიანებს დაეხმარება, გამოიყენონ მიღებული ცოდნა ბავშვის სწორი აღზრდისთვის, დასახონ მისი ქცევის მართვის პოზიტიური სტრატეგიები, ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში და წარმატებით გაუმკლავდნენ ასაკობრივ გამოწვევებს.

უკეთესი მშობლობის სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება: მიჯაჭვულობისა და თვითრეგულაციის უნარების განვითარება, კვება, ჰიგიენა და ჯანსაღი ზრუნვა, თამაში და სასკოლო მზაობა, 6-11 წლის ბავშვის განვითარება და აღზრდა, გარდატეხის ასაკის ბავშვის განვითარება და აღზრდა, მშობლების ჩართულობა საგანმანათლებლო სივრცეში… კრებული ასევე ეხება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს: ბავშვის ქცევის მართვას, მშობლების მიერ საკუთარი სტრესისა და ბრაზის მართვას, უსაფრთხო და მზრუნველ ფიზიკურ და სოციალურ გარემოს, ბავშვის უსაფრთხოების დაცვას ვირტუალურ სივრცეში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ასაკისა და განვითარების შესაბამისად, ბავშვთა მიმართ ძალადობას და მის შედეგებს, მრავალფეროვნებას და ინკლუზიას. კრებული ამომწურავად პასუხობს ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.

სტატიაში შევეხებით რამდენიმე თავს, რომლებიც, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მშობლებისთვის და დაეხმარება მათ, უფრო მეტი ცოდნით აღჭურვილებმა, უკეთ დაგეგმონ შვილების აღზრდის სტრატეგიები და ნაკლები შეცდომა დაუშვან ბავშვის აღზრდის პროცესში.

 

თამაში ადრეულ ასაკში

რვა წლამდე ბავშვის სწავლისა და განვითარების წამყვანი სტრატეგიაა თამაში. ბავშვი თამაშით შეიმეცნებს სამყაროს და იძენს უნიკალურ გამოცდილებას. მშობლები, რომლებსაც გააზრებული აქვთ თამაშის მნიშვნელობა, აკმაყოფილებენ ბავშვების ცნობისმოყვარეობას, რადგან იციან, რომ ეს ყველაზე სახალისო პროცესია ბავშვისთვის და მას დაუსრულებელ აღმოჩენებს სთავაზობს. თამაში ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას და, მეორე მხრივ, ამავე კეთილდღეობის მაჩვენებელია.

თამაში საშუალებას აძლევს ბავშვს, შეიძინოს თავდაჯერება, გამოიმუშაოს ადაპტაციის უნარი, გაერთოს, გაიხაროს და განვითარდეს არასახარბიელო გარემოშიც, დაძლიოს სტრესი და გაუმკლავდეს ემოციურ გამოწვევებს თავისი მოფიქრებული შემოქმედებითი სტრატეგიებით ან პრობლემის გადაჭრის უნარების გამოყენებით. ოჯახურ გარემოში დროის ხარისხიანად გატარება მნიშვნელოვანია როგორც ბავშვის, ისე მასზე მზრუნველი პირების და ოჯახის როგორც მთლიანობის ჩამოყალიბებისთვის.

 

სასკოლო მზაობა

 

სკოლაში მისვლა არა მარტო ბავშვის, არამედ მთელი ოჯახის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, რადგან იცვლება მასთან დაკავშირებული წარმოდგენები, იზრდება მისდამი მოთხოვნები, მისი პასუხისმგებლობები. ბავშვი ხვდება ახალ, მეტად სტრუქტურირებულ გარემოში, სადაც მოქმედებს განსხვავებული წესები, სადაც მისგან მოითხოვენ აკადემიურ ქცევას და სკოლის წესებთან შეგუებას. იცვლება ბავშვის დღის რუტინა, მის ცხოვრებაში შემოდიან ახალი ადამიანები, მასწავლებლები და თანატოლები. მასწავლებელი ხდება პრიორიტეტი ბავშვისთვის, აქტივობები კი უფრო მეტად იტვირთება საშინაო დავალებებით, ხოლო თამაშისთვის ნაკლები დრო რჩება.

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ ცვლილებათა უარყოფითი შედეგები და ხელი შევუწყოთ დადებითს, ბავშვის განვითარების სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვთან ერთად მშობელიც მოემზადოს სკოლისთვის. ასევე აუცილებელია მასწავლებლებისა და სკოლის მხრივ როგორც ბავშვის, ისე მშობლის ემოციური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში – აქტივობათა ინდივიდუალურად შერჩევა, სწავლის პროცესის სახალისოდ და საინტერესოდ წარმართვა.

 

მშობლების ჩართულობა საგანმანათლებლო სივრცეში

მშობლებისა და ოჯახების ჩართულობა საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობაში უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და ამაზე საუბარიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება. თითოეული ოჯახი საკუთარი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით თუ ხედვებით შეიძლება შენაძენად იქცეს სკოლისთვის სასწავლო გარემოს გასამრავალფეროვნებლად. საგანმანათლებლო პროცესში მშობლების ჩართულობა გულისხმობს მათი მხრივ აქტიური, მნიშვნელოვანი ინიციატივების წამოწევას, რომლებიც წაახალისებს ბავშვების სხვადასხვა აქტივობას სკოლასა თუ ოჯახში. მშობელთა ჩართულობა ეხმარება სკოლას უფრო სანდო და მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. საგანმანათლებლო პროცესში მშობლების ჩართულობა აუმჯობესებს აკადემიური მიზნების მიღწევას, უფრო ძლიერი თვითრეგულაციის უნარების გამომუშავებას, დისციპლინური პრობლემების გადაჭრას, სკოლისა და, საზოგადოდ, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 

სტრესის და ბრაზის მართვა

სტრესი მშობლობის თანამდევი მოვლენაა და შეუძლია როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, ოჯახის კლიმატზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ სტრესის მართვა, მისი პრევენცია ან შემცირება. სტრესის ერთ-ერთი მიზეზი დროის უკმარისობაა, რაც რამდენიმე გზით შეიძლება შევამციროთ ან აღმოვფხვრათ:

 

  • დავგეგმოთ დღე, კვირა, თვე;
  • გამოვყოთ პრიორიტეტები;
  • გავანაწილოთ მოვალეობები;
  • მოვაწესრიგოთ ქაოსი;
  • უარი ვთქვათ ისეთი რამის კეთებაზე, რისი სურვილიც არ გვაქვს.

 

მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტაოდენი დრო მაინც გამონახონ ურთიერთობისთვის ბავშვების გარეშე, რაც არა მარტო მათ, არამედ ბავშვების ემოციებზეც პოზიტიურად აისახება.

ძნელი წარმოსადგენია მშობელი, რომელიც შვილზე არ გაბრაზებულა. ასეთი მშობელი უბრალოდ არ არსებობს. მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა და ბევრი საზრუნავი აწევთ ტვირთად, მუდმივად ჩქარობენ, ახალ დღეს გეგმავენ, ცხოვრებისეულ პრობლემებს და გამოწვევებს უმკლავდებიან, მაგრამ მოულოდნელად ისეთ რამეზე იწყებენ ყვირილს, რაც შეიძლება სულ ადვილად მოგვარებულიყო. ხშირად მათი ბრაზის ობიექტები ბავშვები ხდებიან. ასეთი ქცევა ხელს უშლის ჰარმონიულ ურთიერთობებს ოჯახში და უარყოფითად აისახება ბავშვსა და მის უსაფრთხო განვითარებაზე.

ვინაიდან ბავშვს თავად მშობლები ვთავაზობთ ქცევის მოდელებს და ისინიც უნებლიეთ ჩვენს ქცევას ბაძავენ, მშობლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ვისწავლოთ და ბავშვსაც ვასწავლოთ უარყოფითი ემოციების მართვა ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ ჯამრთელობას და ზიანი არ მიაყენოს გარშემო მყოფებს.

 

კრებული “განათლება უკეთესი მშობლობისთვის” შედგება სხვადასხვა ავტორის 13 სტატიისგან, რომლებიც შეიქმნა „World Vision საქართველოსა“ და „ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციის“ თანამშრომლობის შედეგად. ვფიქრობ, ასე კომპაქტურად თავმოყრილი ინფორმაცია ბავშვის სწორად აღზრდის შესახებ მშობლებს და აღზრდის საკითხებით დაინტერესებულ პირებს დაეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. განათლება უკეთესი მშობლობისთვის, 2019 წ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი