პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

იაპონიის განათლების სისტემის პრობლემები

“იაპონიაში განათლების მიზანი არ არის ისეთი ადამიანების შექმნა, რომლებიც ხელოვნებასა და მეცნიერებაში მიაღწევენ სრულყოფილებას; მისი მიზანია, აღზარდოს პიროვნებები, რომლებიც სახელმწიფოს სჭირდება.”



არინორი მორი, იაპონიის განათლების პირველი მინისტრი



იაპონიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მოსახლეობა ჰყავს – სკოლებში იაპონელი ბავშვების თითქმის 100% დაიარება და სავალდებულო პროგრამის მიხედვით სწავლობს. წერა-კითხვის არცოდნის მაჩვენებელი იაპონიაში უკვე დიდი ხანია 0%-ია. მიუხედავად არასავალდებულოობისა, მაღალი საფეხურის სკოლებში (კოუ-კოუ) დასწრება 96%-ს უტოლდება ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ქალაქებში მისი მაჩვენებელი 100%-ია. სკოლის მიტოვების მაჩვენებელიც უმნიშვნელოა – მხოლოდ 2% (შედარებისთვის: აშშ-შში ის 8.1%-ს უდრის, ბრიტანეთში – 9.6%-ს, ლუქსემბურგში – 1%-ს, სლოვენიაში – 1.8%-ს, – ლ.ა.), თუმცა ბოლო ხანს შეინიშნება მისი ზრდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა 46% სწავლას უნივერსიტეტში ან კოლეჯში აგრძელებს.

იაპონიის განათლების სისტემა 9-წლიან სავალდებულო განათლებას (გიმუ-კიოიკუ) ითვალისწინებს: 6 წელიწადს – შოუ-გაკკოუ-ში (ელმენტარულ სკოლაში) და 3 წელიწადს – ჩუუ-გაკოუ-ში (პირველად მაღალი საფეხურის სკოლაში, ე.წ ჰაი-სქულში). ამას მოსდევს არასავალდებულო 3-წლიანი მეორადი მაღალი საფეხურის ჰაი-სქული, მერე კი, სურვილისამებრ, 4-წლიანი საუნივერსიტეტო ბაკალავრიატი.

მიუხედავად ზემოთქმულისა, იაპონიის სკოლებს და, საზოგადოდ, ქვეყნის განათლების სისტემას უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი მრავალი ხარვეზი აქვს, რომლებიც მხოლოდ ამ ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. გაგაცნობთ ორ მოსაზრებას იაპონიის განათლების სისტემის შესახებ. ავტორების განსხვავებული ხედვა საინტერესოდ წარმოაჩენს მსოფლიოს რიგით მესამე ეკონომიკისა და ძლიერი ტრადიციების მქონე ქვეყნის განათლების სისტემის თავისებურებებს და მის წინაშე მდგარ სირთულეებს.

იაპონიის განათლების სისტემა. ცუდი განათლება?

ალექსანდრა ჰარნი (Alexandra Harney), საერთაშორისო ურთიერთობათა სტიპენდიანტი, საგარეო ურთიერთობათა საბჭო, ტოკიო, იაპონია (იანვარი, 2013)


„იაპონიის განათლების სისტემა გამუდმებით ხვდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD – Organization for Economic Cooperation and Development) რეიტინგების ოცეულში, ჟურნალ „ეკონომისტის” კვლევითი ერთეულის (Economist Intelligence Unit) კვლევების მიხედვით კი იგი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ფინეთის, სამხრეთ კორეისა და ჰონკონგის განათლების სისტემების შემდეგ, მაგრამ ამას ვერასოდეს წარმოიდგენდით იაპონელებთან საუბრისას ან იაპონური გაზეთების გაცნობისას. ბევრ იაპონელს აღელვებს, რომ მათი ნაქები სისტემა, რომელიც მძლავრ აქცენტს სვამს დაზეპირებასა და „სწორ” უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე, თავს ვერ ართმევს მთავარ ამოცანას – მოამზადოს იაპონელი სტუდენტები დღევანდელი გლობალური ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად.

იაპონიაში განათლებისთვის დახარჯული კერძო ფული ორჯერ აღემატება მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში OECD-ის მიერ დათვლილ საშუალო ხარჯს. იაპონელი მოსწავლეების თითქმის 30% კერძო სკოლებში დადის. ამავე დროს ბევრი იაპონელი მშობელი შვილებს 8 წლიდან, ჩვეულებრივი სკოლის პარალელურად, ე.წ. „საზეპირო” სკოლებშიც (ინგლ. Cramming schools, იაპონ. ჯუკუ) ატარებს, რათა უკეთ მოამზადოს ისინი მკაცრი სასკოლო (თუ ასევე მკაცრი საუნივერსიტეტო) გამოცდებისთვის, რომლებიც ტარდება კერძო თუ საჯარო სკოლის მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად.

„საზეპირო” სკოლები მოსწავლეებს სკოლის შემდეგ და ხანდახან მთელი დღის განმავლობაში მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, ინგლისურსა და იაპონურ ენაში, სოციალურ მეცნიერებებში დამატებით სწავლებას სთავაზობს. სასწავლო მეთოდები სხვადასხვაგვარია, თუმცა ყველა მათგანი გულისხმობს უამრავ საზეპირო მასალას და ტესტების ჩაბარების სტრატეგიებს.

ჯუკუში სწავლა იაფი არ არის, – წელიწადში დაახლოებით 3 000 დოლარი ღირს, – განსაკუთრებით ახლა, იაპონიის ხანგრძლივი ეკონომიკური სტაგნაციის პერიოდში, მაგრამ, მიუხედავად მკაცრი ეკონომიკური პირობებისა, 2010 წელს იაპონიაში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ქვეყანაში მშობლების მხოლოდ 15%-ს სჯერა, რომ მათი შვილები ჩვეულებრივ სკოლებშიც ნორმალურ განათლებას იღებენ, ამიტომაც ჯუკუების ქსელი იაპონიაში კვლავ აქტუალურია. მოსწავლეთა 25% დაწყებითი სკოლების პარალელურად ჯუკუშიც დაიარება, საშუალო საფეხურის სკოლების მოსწავლეთა შორის კი ეს მაჩვენებელი 50%-საც აჭარბებს!

იბადება კითხვა: მაშ, რა აზრი აქვს ასეთი სასკოლო სისტემის შენარჩუნებას? იაპონიის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ათწლეულების განმავლობაში, როდესაც იაპონელთა უმეტესობას სამსახური სიცოცხლის ბოლომდე გარანტირებული ჰქონდა, ბავშვის ჯუკუში გაგზავნა იძლეოდა მისი კარგ უნივერსიტეტში მოწყობის შანსს, ხოლო კარგ უნივერსიტეტში სწავლა, თავის მხრივ, ძალიან კარგ ინვეტიციას წარმოადგენდა ასევე ძალიან კარგი სამუშაოს საშოვნელად. დღეს იაპონიის უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობა საგრძნობლად აჭარბებს აბიტურიენტებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ, თეორიულად, ყველას შეუძლია, იქ მიიღოს უმაღლესი განათლება, სადაც სურს. ამასთანავე, ეს მდგომარეობა იმაზეც მეტყველებს, რომ კარგი უნივერსიტეტის დამთავრება აღარ არის კარგი სამუშაო ადგილის მიღების გარანტია.

ვითარებას კიდევ უფრო ტრაგიკულად სახავს მიკიო ტაკაგი, ნიჩინოკენის (იაპონიისერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯუკუს) პრეზიდენტი: „განათლების დღევანდელმა სისტემამ იაპონელ სტუდენტებს შესანიშნავად ასწავლა იმ პრობლემებზე პასუხის გაცემა, რომლებზეც პასუხი არსებობს, მაგრამ შეაჩვია დუმილს იმ საკითხებზე, რომლებიც მათ არ შეუსწავლიათ. იაპონიის დუნე ეკონომიკას კი ძალიან სჭირდება ახალი იდეების მონე ადამიანები”.

ქალბატონი ლინ კობაიაში, დამაარსებელი ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთის ახალი სკოლა-ინტერნატისა, რომელიც 2014 წელს უნდა გაიხსნას, ამბობს, რომ იაპონიის სკოლებში ბავშვებს არ ასწავლიან პრობლემების ფორმულირებას, მათი მოგვარების გზებს, რისკის გაწევას და „იმ ხალხთან ერთად მუშაობას, რომლებსაც სხვა ფასეულობები აქვთ” – ყველა მნიშვნელოვან უნარს, რომლებიც დღეს კრიტიკულია, მეტადრე მაშინ, როდესაც იაპონიის მოსახლეობა იკლებს, ხოლო იაპონურ კომპანიებს საზღვარგარეთ უწევთ ოპერაციების გაფართოება.

1980 წლიდან მოყოლებული, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, რომელმაც საუნივერსიტეტო გამოცდების სირთულის გამო იჩინა თავი, მთავრობამ ხელი მიჰყო განათლების სისტემის რეფორმას, რომელიც ცნობილია იუტორის რეფორმის ან, სხვაგვარად, „წნეხისგან თავისუფალი განათლების სისტემის” სახელით. ამ რეფორმის მიზანი იყო, შეემცირებინა სასწავლო მასალის მოცულობა, ხოლო მოსწავლეებისთვის მიეცა საშუალება, მეტი დაესვენათ, მეტად გამოეხატათ თავი. იუტორის რეფორმის იმ რაუნდის შედეგად, რომელიც 1992 წელს დაიწყო, იაპონიის სასკოლო სისტემა 6-დღიანი სწავლებიდან 5-დღიანზე გადავიდა.

თუმცა 2003 წლის OECD-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში იაპონიის განათლების სისტემის აშკარა უკუსვლამ მწვავე კრიტიკის ტალღა გამოიწვია. კრიტიკოსები მთავრობას განათლების ხარისხის გაუარესებაში ადანაშაულებდნენ. პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ, რომელიც ყოველთვის იუტორის რეფორმის წინააღმდეგი იყო, განაცხადა, რომ განათლების სისტემის რევიტალიზაცია მთავრობის პრიორიტეტული საქმეა. იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო კვლავ ფიქრობს სკოლებში 6-დღიანი სწავლებისა და მეტი საშინაო დავალების დაბრუნებაზე.

გამოდის, რომ იაპონელ ბავშვებს უფრო მძიმე სწავლა ელით, თუმცა არავინ იცის, რამდენად წაადგება ეს მათ ქვეყანას.

რითია ავად იაპონიის განათლების სისტემა?

შესაძლოა, ერთ-ერთი მთავრი პრობლემა დისციპლინა იყოს. მედიაში ერთი ამბავია ატეხილი მოსწავლეებისა და თუ მასწავლებლების მიმართ საკლასო ოთახებში გამეფებული ძალადობის გამო, მაღალი კლასების მოსწავლე გოგონათა პროსტიტუციისა და, საზოგადოდ იმ უსაქციელობის გამო, რომელიც მიუღებელია ტრადიციული იაპონური საზოგადოებისთვის.

ხალხს უჭირს იმის დანახვა, რომ ამ ტიპის პრობლემები თავიანთი შინაარსით განათლების სიტემასთან არ არის დაკავშირებული. თუ პაციენტი ექიმს ფიზიკურად შეეხო, ეს სამედიცინო პრობლემა ხომ არ იქნება? ალბათ, არა. ეს უსაფრთხოების პრობლემაა და ვიღაცამ, ვინც ამ საქმის ექსპერტია, უნდა მოაგვაროს იგი. სკოლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ბიუროკრატების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტა ითვალისწინებს სასკოლო პროგრამის „შემსუბუქებას”, რათა მოსწავლეებს სტრესი შეუმცირდეთ, ან მათთვის მეტი ყურადღების მიქცევას და მუდმივ კონტროლს. გამოდის, რომ შემოთავაზებულმა ზომებმა უნდა დასწიოს სასწავლო სტანდარტები და პერსონალური ძიძები დაუნიშნოს „ამრევებს”.

ისედაც ვიცოდი, რომ ყველაფერი დაახლოებით ასე მოხდებოდა. მე, იაპონიის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ეს ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ დისციპლინის პრობლემები საერთოდ არ არის მთავარი. უამრავი ბავშვის ერთ სივრცეში გამოკეტვა (იაპონიაში თითოეულ კლასში საშუალოდ 35-40 ბავშვია) და მათთვის უინტერესო იდეების ყლაპვის დაძალება კატასტროფის წინა პირობაა. ვგონებ, დისციპლინა ბავშვებისა და მათი მშობლების საქმეა მხოლოდ. როდესაც სხვა ხალხი წყვეტს, როგორ „ასწავლოს წესრიგი” სხვის შვილს, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება.

კიდევ ერთი სატკივარი მოწაფე გოგონებს შორის გავრცელებული პროსტიტუციაა. არც ეს გახლავთ განათლების პრობლემა. ეს ინდივიდუალური ან ოჯახის პრობლემაა. მომდევნო რა იქნება – ბავშვთა სიმსუქნე?

იაპონიის განათლების კიდევ ერთ დიდ პრობლემად მეჩვენება ინგლისური ენისა და მისი გამოყენების ცუდი ცოდნა მოსწავლეებსა და, საზოგადოდ, იაპონელებს შორის. ზოგიერთი იაპონელი მასწავლებელი, რომლის მთავარი საქმიანობა ინგლისურის სწავლებაა, ძლივს ლაპარაკობს ამ ენაზე. პრობლემის მოსაგვარებლად შემოიღეს ეი-ელ-ტი (Assistant Language Teachers,ALTs),ანუ ენის უცხოეთიდან მოწვეული ასისტენტი მასწავლებლების ინსტიტუტი, რომლებსაც უნდა ესწავლებინათ და დახმარებოდნენ სისტემას ინგლისურის გამოცდებისთვის ინგლისურის სტანდარტიზირებული ტესტების შექმნაში, მაგრამ კვლავ ისე მოხდა, რომ ამ „გადაწყვეტილებამ”, ნაცვლად ძირეული პრობლემის მოგვარებისა, ახალი პრობლემების მთელი ჯაჭვი გამოიწვია – მოწვეული ასისტენტების დისკრიმინაცია, მათდამი ცუდი დამოკიდებულება და მცირე ხელფასები… და, რაც მთავარია, გამოცდების ცუდი შედეგები განათლებისათვის გამოყოფილი გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე.

სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ „პრობლემის” მოსაგვარებლად დარაზმულმა სისტემამ ვერ გააცნობიერა, რომ პრობლემა არასწორად იყო დასმული. და საერთოდ, იყო კი ეს პრობლემა? ასე ხდება, როდესაც ვიღაც მოგონილი პრობლემის „მოგვარებას” იწყებს. ეს „მოგვარება” მხოლოდ მოიცავს ძირეულ პრობლემას, მაგრამ ვერანაირად ვერ აგვარებს მას. ჩემი აზრით, მოსწავლეებს არ უნდა დავაძალოთ ინგლისურის სწავლა. იაპონელი მოსწავლეები და, საზოგადოდ, იაპონელები არ ლაპარაკობენ ინგლისურად, რადგან ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. დიახ, კარგი ინგლისურის ცოდნა ნამდვილად უპირატესობა იქნება, მაგრამ ეს მას აუცილებლობად ვერ გადააქცევს.

იაპონია თანამედროვე, მდიდარი და განვითარებული ქვეყანაა. აქ წარმატების მისაღწევად აუცილებელია იაპონური ენის კარგი ცოდნა, მაგრამ არა ინგლისურისა. როდესაც პოლიტიკოსები და განათლების სისტემის ბიუროკრატები იწყებენ იმის გარკვევას, რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა, ისინი თვითონვე წარმოშობენ პრობლემებს. თუ სტუდენტებისთვის უპირატესობის მინიჭებაზეა საუბარი, ჯობს, მათ კომპიუტერების მოხმარება ასწავლონ. ამ საკითხზე კი, როგორც პრიორიტეტზე, არავინ ლაპარაკობს. საჯარო დაწყებით და საშუალო საფეხურის სკოლებში მოძველებული კომპიუტერები დგას და ხშირად ისინიც არ არის საკმარისი. საჯარო სკოლაში, რომელშიც მე ვმუშაობდი, მოსწავლეებს კომპიუტერის გაკვეთილი 6 თვეში ერთხელ უტარდებოდათ და ისიც – ერთი საათით.

მაშ, როგორ გადავლახოთ იაპონიის სასკოლო სისტემის ეს ფიასკო? ადვილად: უნდა გაუქმდეს საჯარო სკოლები, მივცეთ კერძო სკოლებს ერთმანეთთან გაჯიბრების საშუალება, მივცეთ საშუალება მშობლებსა და მოსწავლეებს, თვითონ აირჩიონ, როგორი განათლება სურთ. ეს არის გზა, რომელიც ყველას სიკეთეს მოუტანს.

ეს სათქმელად ადვილია, საქმნელად – ძნელი. მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ საჯარო სკოლების დასასრული იაპონიის განათლების დასასრულად გადაიქცევა. ბევრს კერძო სკოლების სიძვირეც აწუხებს, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ისინი ძვირია საჯარო სკოლების არსებობის გამო. საჯარო სკოლების გარეშე კერძო სკოლები გაცილებით იაფი და ხელმისაწვდომი გახდება.

იაპონიის განათლების დღევანდელი პოლიტიკა მცდარია და არასწორადაა ინფორმირებული. სამწუხაროდ, ამ შეცდომების საფასურს მოსწავლეები იხდიან, რომლებიც ცუდი განათლების ამარა არიან დატოვებულნი გაურკვეველი მომავლის პერსპექტივით. თუ მართლა რამედ გვიღირს ჩვენი შვილების მომავალი, საჭიროა გადავდგათ გაბედული და მტკიცე ნაბიჯები და შევცვალოთ არსებული სისტემა. ჩვენ, ადამიანებს, წინსვლის შანსი მხოლოდ მაშინ გვაქვს, თუ ჩვენი შვილები უკეთეს განათლებას მიიღებენ და ცხოვრებაში უკეთესი შესაძლებლობები ექნებათ”.

ინგლისურიდან თარგმნა ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი