პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

იგი სინათლის გადამცემია

 

(ფიქრები ჯემალ ქარჩხაძის პრეისტორიული მოთხრობის გმირზე)

 

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ უნდა ამეხსნა მეთორმეტეკლასელებთან. ალექსანდრე გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაესწრო გაკვეთილს და დამპირდა, რომ ტექსტს დამოუკიდებლად წაიკითხავდა, რათა მომდევნო გაკვეთილის აქტივობებში ჩართვა არ გასჭირვებოდა. დაახლოებით ღამის 11 საათზე მესენჯერში სანდროს შეტყობინება შემოვიდა. ჯერ გამომიგზავნა ბმული, სადაც მოთხრობის ტექსტი იყო განთავსებული და ამ მისამართს მოსდევდა ალექსანდრეს სიტყვები: „აუუუ, მაააას, ეს რა ყოფილააააა… ფინალმა ჩვეულებრივად დამადნო… ახლა ვფიქრობ, გრაფიკულად როგორ გადმოვცე ის სიმბოლოები, რომელთაც ეს გმირები განასახიერებენ“… და მეორე დღეს დაფაზე ცარცით, მარტივად და გენიალურად, ჩემმა უნიჭიერესმა ალექსანდრემ, რომელიც ახლა უკვე გამოცდილი მსახიობია, თეატრშიც თამაშობს და უნიკალური გამხმოვანებელიც გახლავთ თავისი უიშვიათესი ხმით, გამოსახა ეს გრაფიკული სიმბოლოები, რომლის ფოტოც ჩემს წერილს ახლავს. ალექსანდრესეული გრაფიკა შთამბეჭდავი და მრავლისმეტყველი მეჩვენა. ის მინიმალისტურად, მაგრამ ზუსტად გადმოსცემდა ბიჭის ემოციებს და ვინაიდან ცარცით დაწერილს მალე გაქრობა ემუქრება,  სასწრაფოდ ფოტო გადავუღე და ფეისბუქზეც პერიოდულად, ე.წ. „ქავერზე“ ვათავსებ ხოლმე მას. ალექსანდრემ ერთად დაწერა „იგინი“, თან ისე, რომ ასო ნარის მუცელი გულს გამოხატავდა, იმ გულს, რომელიც იგისა და ნის აკავშირებდა შეუცნობელი, მაგრამ ჟრჟოლისმომგვრელი გრძნობებით, რომლებიც გასაოცარი ექსპრესიულობით გადმოსცა სიტყვის ჯადოქარმა ქარჩხაძემ. ასო ნარის მუცელი ალექსანდრემ დაამსგავსა ნის მრგვალ მუცელს, რომელიც ნელა ადიოდა და ჩადიოდა ვნებებისგან, როცა ნაკადულის პირას, ის მოხდა, რაც მოხდა… იგისა და ნის სახელების გაერთიანებით ალექსანდრემ გადმოსცა მოთხრობის მთავარი იდეებიდან ერთ-ერთი, რომ სიყვარული ადამიანურ სასიცოცხლო გრძნობებს შორის უპირველესია. ხოლო როცა მეორედ გამოსახა ნარი ზღვის ტალღასავით, აქაც ალექსანდრე გულწრფელი აღმქმელი იყო ქალური საწყისის „ზღვაური“ ბუნებისა, ქალური ინიციაციისა, რომელსაც ნი განასახიერებს მოთხრობაში, ხოლო ზუს სახელის გამოსახვისას ასო ზენს სპირალი მიაბა ალექსანდრემ, რითაც სიმბოლურად გამოსახა, რომ ზუ რაღაცის განგრძობადობის, მომავლის, სპირალისებური ზეაღსვლის სიმბოლოა, რომ ყმაწვილი ზუ არის ახალგაზრდა, მაგრამ ძალმომრეობას და პროგრესისთვის ბრძოლას შეწირული იგის იდეების გამგრძელებელი.

სიტყვა „მესია“ ცოტაზე მეტად ამბიციური, პრეტენზიული და საფრთხილოა. მე კი ხშირად და თამამად ვიყენებ ხოლმე ამ სიტყვას ქართული მწერლობის რჩეულ გმირთა პორტრეტების დეკოდირებისას. რას ნიშნავს მესია? – მხსნელს ხომ? და მხსნელი მხოლოდ ერთი ქრისტე ხომ არ იქნება? ან ერთი მუჰამედი? ან ერთი ბუდა? ჩემთვის მესიაა ყველა გმირი, რომელიც გარემოს ცვლის, ხალხს აკეთილშობილებს, სხვებზე გავლენას ახდენს, რაღაცას ასწავლის და ზოგადად გადამცემი, გამტარი სახეა. უამრავ მესია-გმირს ვიცნობ ჩვენი მწერლობიდან: შუშანიკს, ჰაბოს, გრიგოლ ხანძთელს, ტარიელს, ავთანდილს და ფრიდონს, ლეონს, ოთარაანთ ქვრივს და გიორგის, თორნიკე ერისთავს და გაბრიელ სალოსს, ბაში-აჩუკს, ხევისბერ გოჩას, ალუდას, ჯოყოლას, ზვიადაურს, კვირიას, ლელას, ლუხუმს… მოკლედ, შორს წაგვიყვანს მათი გალერეის დათვალიერება, ამიტომ აქ შევწყვეტ…

ერთხელ მეთერთმეტე კლასში „ოთარაანთ ქვრივის“ ტექსტზე მუშაობის დროს ვთქვი, რომ ქვრივი და გიორგი მესია-გმირებად მესახებიან, რომელთაც ყველა და ყველაფერი შეცვალეს წაბლიანში, ხოლო იმ ეპოქის წაბლიანი მთელი ქვეყნის მეტაფორული ქრონოტოპია. ამან ზოგიერთი მოსწავლის აგრესია და ირონიული დამოკიდებულება გამოიწვია. ზოგმა გაიზიარა ჩემი თვალსაზრისი, ხოლო ერთი მოსწავლე ცდილობდა, რომ ამის გამო პროვოკაციები მოეწყო. ერთხელ გაკვეთილიდან გავიდა და როცა მობრუნდა, ყვირილით ამბობდა: „რა დროს მესიაა, როცა მეფსია“… მის ეპატაჟს მდუმარედ ავუარე გვერდი, ხოლო მისი ოჯახის წევრი ჩემი სკოლიდან მოკვეთას და კოლექტიური წერილის მომზადებას ცდილობდა მასწავლებლის „მწვალებლური აზრების“ აღსაკვეთად…

არ მაქვს ილუზია, რომ ყველა გაიზიარებს ლიტერატურულ გმირებში ასე მხსნელის აღმოჩენას, მაგრამ სულ რომ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდეთ ამგვარ წაკითხვას, ბოლო-ბოლო ურყევი ჭეშმარიტება ის მაინც არის, რომ ლიტერატურული ტექსტებისა და გმირების დეკოდირებისას უამრავი განსხვავებული ხედვა და თვალსაზრისი ჩნდება და ყველას აქვს არსებობის უფლება, მით უმეტეს, თუ მყარი არგუმენტები უმაგრებენ საფუძველს ამგვარ აღმქმელობას.

  • რატომ მიმაჩნია, რომ იგი მესია-გმირია?

ჩემთვის უდავოდ და უაპელაციოდ არის იგი ამ ბუნების მატარებელი, რადგან ის თავის ტომში პირველია, ვინც გაიაზრა, რომ წელში უნდა გაიმართოს. ის პირველი მიხვდა, რომ მოხრილი ადამიანი განუვითარებლობის, რეგრესის, მიწასთან მიჯაჭვულობის და სამყაროს ვერშემეცნების განსახიერებაა. აქ უსათუოდ გაგვახსენდება გურამ პეტრიაშვილის არაჩვეულებრივი ლიტერატურული ზღაპრის, „პატარა დინოზავრის“, მთავარი გმირი, რომელმაც ასევე არ ისურვა თვისტომებივით მიწაზე თავჩარგულად ბალახის ძოვა, ცაში აიხედა და იხილა წითელი ბურთი. მიხვდა, რომ გარშემო ბალახის ძოვაზე ბევრად უფრო მიმზიდველი რამეები ხდებოდა და მოისურვა ყველა კითხვაზე პასუხების ძიება. ასე იქცა პატარა დინოზავრი ჟირაფად, დედაც კი ეწინააღმდეგებოდა მის სურვილებს და გაქცევისას კუდი მოაწყვიტა, ხოლო მუდმივად ცაში ცქერამ კისერი გაუზარდა, მზემ შეიყვარა და კოცნიდა და მზის ნაკოცნები ლაქებად გამოესახა. დინოზავრის ჟირაფად ქცევა ალეგორიულად გამოხატავს ადამიანის თვითგანვითარებისკენ ლტოლვას, რაც მის ცნობიერებას მთლიანად ცვლის, აფაქიზებს მის სულსა და  გულს, აფართოებს გონებას, სააზროვნო დიაპაზონებს.

იგი ყველაფერში ნოვატორია. ის იყო კაცი, რომელმაც პირველმა გაიაზრა, რომ გარდა სქესობრივი ინსტინქტებისა, არსებობს საოცარი გრძნობა – სიყვარული, რომელიც ორ ადამიანს შორის მაცოხლებელი ფლუიდებით მიდი-მოდის და ამდიდრებს მათ სამყაროებს. მან პირველმა გაიაზრა, რომ თავისი ვნებები შეუძლია ხელოვნების ქმნილებაში გარდასახოს, დახატოს და ეს იქნება ის, რაც დარჩება დიდი დაძინების ქარაფზე გადავარდნილი ადამიანისგან. მან პირველმა შეიგრძნო, რომ „ერთ არსად იქცა ყველაფერი. არ არსებობდა ცალკე ზღვა, ცალკე ცა, ცალკე იგი. არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა იყო… ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში და ყველაფერი სათითაოდ ეს ერთი რაღაც იყო“…

გმირის ამ განცდის ქარჩხაძისეული გადაწყვეტა ჩემთვის იყო ადამიანური განღმრთობის ექსტაზის იმდენად შთამბეჭდავი გამოსახვა, როგორიც მანამდე არსად, არცერთი მწერლის ნაწარმოებში არ შემხვედრია.

იგი თვისტომთა შორის პირველია, ვინც „ისეთი რამ იცის, რაც სხვებმა არ იციან. იგიმ იცის, რომ იგი ყველაფერია და დანარჩენებიც ყველაფერი არიან. ყველაფერი იგის სხეულშია და იგის შეუძლია ყველაფერი თავისი სხეულიდან გამოიყვანოს“…

ცოდნა, რომელიც იგის საკუთარი ემპირიული ძიებებით მიეცა, მან არ დაიტოვა საკუთარ თავში და ამით კეკლუცობა კი არ დაიწყო, გადაწყვიტა, რომ ის გადასცეს თავის ხალხს, პირველ რიგში ქალს, რომელიც უყვარს, მერე – ყმაწვილ ზუს, რომელიც მასავით მაძიებელი სულია და არა მხოლოდ მათ, არამედ ყველას, ყველას, ყველას…

და ეს სინათლის, ცოდნის გადაცემის იდეა იმდენად ამაღლებულია, რომ მასთან არაფერია სიკვდილი, მტრობა, აგრესია, იგიმ განიცადა განღმრთობა, რამაც მისი სული მთლიანად გაათავისუფლა შურისგან, აგრესიისგან, ამიტომაც უარი თქვა ბელადთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

იგი მოგვაგონებს ჰაბო ტფილელს, რომელმაც ასევე გოლგოთის გზა აირჩია ნათელი იდეის სამსხვერპლოზე. როცა ჭაბუკი სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ ქალაქის ქუჩებში, მისი სული გაშორდა სხეულს და ზეციდან დაჰყურებდა საკუთარ თავს.

როცა ბელადმა იგი გარიყა და მასზე ძალადობა დაიწყო, იგიმ უარი თქვა ძალადობითვე პასუხის გაცემაზე. „იგი ცდილობდა გაერკვია, რას აპირებდა მისი სხეული, მაგრამ სხეული გაექცა იგის და იგი აღარ იყო სხეულის პატრონი. და მხოლოდ მაშინ, როცა ხელებში ატაცებული ქვა შუაზე გადატყდა, იგი დაეწია თავის სხეულს“…

ნაცვლად მოძალადისა, მასში ხელოვანი იბადება. „სისხლი სისხლის წილ“ უცხოა იგისთვის, სამაგიეროდ იბადება ხელოვნება, რომელიც „თავად უკვდავებაა“ (კ. გამსახურდია)…

სინათლის გადამცემ ადამიანს, მესია-გმირს, თავისი ტომი უსიტყვოდ „უკვეთავს“ იდეას, ან უფრო სწორად, ვინაიდან ამ ტიპის ადამიანს აქვს ხედვა, რომელიც სხვებს არა აქვთ, ის ამოიცნობს, იოლად „კითხულობს“ მაცოცხლებელ იდეას და მის ხორცშესხმას სთავაზობს ხალხს. მოთხრობის ფინალში, იგის დიდი დაძინების ქარაფზე მორჩილად ასვლის დროს, ნათლად გამოჩნდა იგის სულიერი მისია. როცა გმირმა უკან მოიხედა, დაინახა, რომ  ამაყად იდგა გამართული, მხრებში გაშლილი ზუ, ხოლო ქარაფში გადავარდნის წინ იგიმ იხილა თავისი ხალხის მომავალი: „იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა – მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივოსანი თვალები ჰქონდათ… და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი გაანათა“.

ამ თემაზე უამრავი სხვა შედევრი დაწერილა და ყველა მათგანში გმირი ეწირება ამაღლებულ იდეას, სამაგიეროდ ცვლის ყველაფერს, მას ყოველთვის გამოუჩნდებიან მიმდევრები. გავიხსენოთ რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონის“ ფლეტჩერ ლინდი, ვაჟას „ალუდა ქეთელაურის“ მინდია, გოდერძი ჩოხელის „ცასწავალას“ მოლაღური…

მე რომ ფერმწერი ან სკულპტორი ვიყო, იგის სხეულს, რომელიც სამყაროს იტევდა, გამოვსახავდი „ჭურჭლად“, საიდანაც სინათლის მოელვარე სხივები გამოდის და გარეშემომყოფთა სხეულებში გადადის…

იგი სინათლის გადამცემია… ეს კი ყველაზე მაღალი ადამიანური მისიაა წუთისოფელში, მისია, რომელიც უკვდავებას გვპირდება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი