ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი ,,მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა“

შეფასება სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომაც ჩვენ მასწავლებლები, პროფესიული განვითარების ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა შეფასების სტრატეგიებს დავეუფლოთ. თუმცა ამ კუთხით მაინც არსებობს პრობლემა-ხშირად მოსწავლეებს ვუზიარებთ კონკრეტული შეფასების შედეგებს და მათთვის ნათელი არაა, როგორ გააუმჯობესონ ეს შედეგი. არადა შეფასების მიზნები, პრინციპები და ამოცანები არის ის,   რომ   მოსწავლემ შეძლოს   სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს.

თვითშეფასება  მნიშვნელოვანი მეტაგოგნიტური უნარია და მისი  განვითარების ხელშეწყობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მოსწავლის თვითრეალიზაციისთვის. მოსწავლეს ჰქონდეს უნარი, თავად დაგეგმოს საკუთარი სასწავლო პროცესი, გაუწიოს შუალედური მონიტორინგი და კრიტიკულად შეაფასოს მიღებული შედეგი, აყალიბებს მას დამოუკიდებელ, თვითმართვის უნარის მქონე შემსწავლელად, რაც საბოლოოდ მისი წარმატების წინაპირობაა არა მარტო სხვადასხვა საგანში, არამედ ცხოვრების ასპარეზზე.

ამ სტატიის მეშვეობით მინდა გაგიზიაროთ საკუთარი  გამოცდილება განმავითარებელი შფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტის-,,მოსწავლის სწავლის აღრიცხვის“ ფორმის შესახებ.

,,მოსწავლის სწავლის აღრიცხვის“ ფორმის გამოყენება ეყრდნობა იდეას, რომ შეფასება ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. თუ რომელიმე მოსწავლის აკადემიური მოსწრება გასაუმჯობესებელია, უპირველეს ყოვლისა, თავად მოსწავლემ უნდა დაინახოს ამის საჭიროება. მას უნდა შეეძლოს თვითშეფასება და განსჯა იმისა, როგორ განვითარდეს შემდგომში, როგორ განსაზღვროს გასავარჯიშებელი და გასაუმჯობესებელი უნარები და სფეროები, რომლებზეც უნდა მოახდინოს ფოკუსირება. ,,მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა“ უპირველესად სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, იმას, რომ მასწავლებელმა შეამოწმოს და შეაფასოს მოსწავლის პროგრესი.

აღნიშნულ ფორმას ვიყენებდი მეექვსე კლასში, როგორც ინტერვენციის ერთ-ერთ ფორმას  პრაქტიკის კვლევაში. ამ კლსში ირიცხება 30 მოსწავლე.

სასწავლო პროცესზე დაკვირვებისას, კერძოდ, დიაგნოსტიკური წერების, საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებების  ანალიზისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მეექვსე კლასში განსაკუთრებულად   უჭირდათ დავალებების დამოუკიდებლად შესრულება, ვერ ახერხებდნენ ცნებების/მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებას, ინფორმაციის დამუშავებას,დახარისხებასა და გააზრებას, რაც იწვევდა მოსწავლეთა  დემოტივაციასა და სწავლისადმი უარყოფით დამოკიდებულებას.

კვლევა ეხებოდა მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობას. ჩემი მიზანი იყო დამედგინა:

  • რა ფაქტორები მოქმედებს იმაზე, რომ მოსწავლეებს არ აქვთ განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები  ?
  • კონკრეტულად , რომელ მეტაკოგნიტურ უნარს ვერ ფლობენ მოსწავლეები?
  • იყენებენ თუ არა მასწავლებლები მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების გასავითარებელ ეფექტურ სტრატეგიებს და როგორ ?

კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ მოსწავლეებისათვის სწავლაში გამოვლენილი სირთულეების ერთ-ერთ  მიზეზს ნაკლებად განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები წარმოადგენდა. კერძოდ, მოსწავლეთა უმეტესობას უჭირდა დაგეგმვა, რაც მოსწავლეთაგან მოითხოვდა იმის გაცნობიერებასა და გადაწყვეტას, რამდენი ხანი სჭირდებოდათ თითოეული დავალების შესასრულებლად, რომელი დავალებით დაეწყოთ, სწავლის რა სტრატეგიები გამოეყენებინათ უკეთესი შედეგის მისაღწევად. უჭირდათ საკუთარი სწავლის პროცესის მონიტორინგი-იმის გაცნობიერება, როგორ ართმევდნენ თავს დავალებას; იყენებდნენ თუ არა შესაბამის ინფორმაციასა და რესურსებს; რა უნდა  შეეცვალათ უკეთესი შედეგის მისაღწევად. ასევე არ იცოდნენ, როგორ შეეფასებინათ საკუთარი სწავლის პროგრესი.

,,მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმას“   ვიყენებდი მთელი სასწავლო წლის მანძილზე, სხვადასხვა თემატური ერთეულის შესწავლის პროცესში.

მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა შედგება: ,,სასწავლო თემასთან დაკავშირებული ქვეთემების ჩამონათვალისგან, რომელიც განაწილებულია გარკვეული დროის პერიოდზე და რეფლექსიური  ნაწილისაგან [მ.ხუნძაყიშვილი; ს.ბივერი, 2018÷90]

აღნიშნული ინსტრუმენტი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ერთ გაკვეთილთან, ასევე სასწავლო თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხთან მიმართებით.  გთავაზობთ   აღნიშნული ინსტრუმენტის ფორმის  რამდენიმე  მაგალითს. რომელთა  ადაპტირება შესაძლებელია კონკრეტული მიზნის შესაბამისად (დანართი)

ჩემ მიერ სწავლის აღრიცხვის ფორმის გამოყენების მიზანი იყო :

  • თემის შესწავლის გაადვილება მოსწავლეებისთვის;
  • მოსწავლეთა პროგრესის შეფასება;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით;
  • მოსწავლეებისთვის დაგეგმვისა და დროის მართვის უნარების, თვითშეფასებისა და სწავლის მონიტორინგის და ა.შ. უნარების  განვითარება.

შედეგად კი მივიღე ის, რომ:

  • სასწავლო პროცესი გახდა მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული;
  • გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და გაუმჯობესდა დამოუკიდებლად სწავლის უნარი. რამაც გააუმჯობესა როგორც შემაჯამებელი დავალებების, ასევე დიაგნოსტიკური წერების შედეგები, რაც აისახა მათ აკადემიურ შეფასებაზეც, წარმატების მაჩვენებელმა მოიმატა 5 %-ით და კლასში აღარ ირიცხება წარუმატებელი მოსწავლე.

პირველ ეტაპზე  მოსწავლეებს გავაცანი აღნიშნული ინსტრუმენტის არსი და  მივეცი რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია, როგორ უნდა ემუშავათ აღნიშნულ ფორმაში. განვსაზღვრეთ სასწავლო მიზანი. გავაცანი მუშაობის ძირითადი საფეხურები,  ფუნქციები,   ავუხსენი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გულწრფელ და ჯანსაღ დამოკიდებულებას.

ჩემთვის  მნიშვნელოვანი იყო ის, რომ  ინსტრუმენტის  გამოყენებისას მოსწავლეები მხოლოდ საგნობრივ ცოდნას კი არ  ეუფლებოდნენ, არამედ იძენდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპეტენციებს, როგორებიცაა დამოუკიდებლად მუშაობის, თვითშფასებისა და განსჯის უნარი.

მოსწავლეების მხრიდან საკითხის  ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ დროს მათ ეძლევათ საშუალება, გამოკვეთონ პრობლემები,  სირთულეები და დასახონ მათი დაძლევის გზები, რაც მათ გამოუმუშავებს, როგორც თვითრეგულაციის, ასევე რეფლექსიის  უნარს. ამიტომ მოსწავლეებთან ერთად განვიხილე კითხვები, რომელთა  მიხედვითაც უნდა მოეხდინათ ნასწავლის რეფლექსია.    შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მათ ასე ობიექტურად შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება. ისინი  გამოყოფდნენ თავიანთ ძლიერ და  გასაუმჯობესებელ მხარეებს და თამამად საუბრობდნენ  სირთულეების გადაჭრის გზებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სწავლებისადმი ამგვარი მიდგომა გაკვეთილს ერთმნიშვნელოვნად შედეგიანს   ხდის.  ასეთ შემთხვევაში, საბოლოო შედეგი მიიღწევა მოსწავლის მიერ საკუთარ შემეცნებით პროცესზე სისტემატური  რეფლექსიით, შეცდომათა  ანალიზით.

მაშასადამე ,,მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა” წარმოადგენს განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთ პრიორიტეტულ  ინსტრუმენტს, რომლის პერიოდული გამოყენება მასწავლებელს აძლევს საშუალებას, დააკვირდეს  მოსწავლეთა პროგრესს და მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ განაგრძოს სასწავლო პროცესი. მოსწავლეს კი ეხმარება აღწეროს თავისი წარმატება და დასახოს სწავლის შედეგების გაუმჯობესების გზები.

ნიმუშის სახით გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარს სხვადასხვა შემთხვევისთვის:

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მარიანა ხუნძაყიშვილი. სარა ბივერი (2018)

,,განმავითარებელი  შეფასება,დიფერენცირებული სწავლება”

,,მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა”  [90]

2.ლობჟანიძე.ს. (11.03.2014)

,,როგორ განვუვითაროთ მოსწავლეს თვითმართვადი სწავლის უნარები -ნაწილი პირველი”   WWW. mastsavlebeli.ge

https://mastsavlebeli.ge/?p=2082

 

  1. მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარების ეროვნული  ცენტრი.

,,სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები” WWW.tpdc.gov.ge

https://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/saazrovn%20unarebi.pdf

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი