პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მრავალფეროვანი   რესურსების   გამოყენება  სწავლების დროს 

მე ვასწავლი ქიმიას …როდესაც ეს წინადადება ესმით, რეაქცია უმეტეს შემთხვევაში ერთნაირია: არ მომწონდა ეგ საგანი, მარტო წყლის ფორმულა ვიცი, რთული საგანია, ვერ ვიგებდი, ჩემი მასწავლებელი მაიძულებდა ფორმულების დაზეპირებას, რამ შეგაყვარა ქიმია, რომ ქიმიის მასწავლებელი გახდი?

   თავის დროზე მეც ვიზეპირებდი ,,ქიმიას“ და ჩემთვისაც არ იყო მიმზიდველი საგანი, მაგრამ დედაჩემის ძალისხმევის შედეგად ჩავაბარე  ქიმიის ფაკულტეტზე, სპეციალობა,, ქიმიური ექსპერტიზა“ და სწორედ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში აღმოვაჩინე, რომ ქიმია ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და აუცილებელი საგანია…მისი ცოდნით არავინ დაზარალდება და არ ცოდნით კი ბევრი დააკლდებათ…უბრალოდ უნდა შეძლოს მასწავლებელმა, სწორად და საინტერესოდ მიაწოდოს მოსწავლეს საკითხი. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ყოველთვის ვცდილობ მოსწავლეები თავიდანვე დავაინტერესო საგნით, მასალა იმდაგვარად მივაწოდო,  რომ გაუჩნდეთ კითხვები…თავად ეძიონ პასუხები  და ძებნის პროცესში აღმოაჩინონ, რაოდენ საინტერესოა ქიმია…

ვცდილობ ვიყო XXI საუკუნის მასწავლებელი… ჩემი მიდგომა საგნის სწავლისადმი ასეთია  : ,,არ ვიზეპირებთ არაფერს“, ,,ვსწავლობთ შეგნებულად“ , ,,ვხსნით მანამ, სანამ მოსწავლე არ დარწმუნდება, რომ გაიგო საკითხი“, ,,ნებისმიერი კითხვის დასმა არის შესაძლებელი, რაც არ უნდა აბსურდულად მოგვეჩვენოს“,,,თამამად გამოვთქვამთ საკუთარ აზრს და არ გვეშინია შეცდომის დაშვების“, ,,შედარებით ნაკლებ დროს ვუთმობთ  სახელმძღვანელოსთან მუშაობას და მეტს პრაქტიკულ სამუშაოებს საკლასო ოთახში“ … აუცილებლად უნდა შევეხო ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლის მთავარი ამოცანაა შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები.

სასწავლო პროცესში აუცილებელი და მნიშვნელოვანია მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული, გაკვეთილის მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლისათვის ისე მოსწავლისათვის.

როგორც ყველასათვის ცნობილია, არსებობს საგანმანათლებლო რესურსების შემდეგი ტიპები  :

  • გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები;
  • დამხმარე ლიტერატურა;
  • საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები;
  • სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.);
  • ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი, ისტორიული ძეგლები, ბუნებრივი გარემო და სხვ.

 

შევეხები რესურსის შემდეგ ტიპებს, რომლებსაც მარტივად და მიზნობრივად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, ესენია:

  • საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი;
  • სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები,პლაკატები,მოდელები და სხვა).

 

რატომ მაინცდამაინც ეს ორი მიმართულება? დღევანდელ პირობებში, როდესაც სკოლების უმეტესობა არ არის აღჭურვილი შესაბამისი ლაბორატორიებით, ქიმიის სწავლება, მოსწავლეების ამ საგნით დაინტერესება  საკმაოდ რთულია. საგაკვეთილო პროცესი უფრო მეტად მიმზიდველი რომ გავხადოთ, აუცილებელია შევიტანოთ თამაშის ელემენტები, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტულ გაკვეთილზე დასახული მიზნის მიღწევას.  მნიშნელოვანია,  ისტ-ის გამოყენება, ვინაიდან დღევანდელი ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს ორი მიმართულება , რადგან სახელმძღვანელოში მოცემული მასალა ნაკლებად აძლევს მოსწავლეს საგნით დაინტერესების საშუალებას.

ახლა კი განვიხილავ იმ სასწავლო რესურსებს, რომლებიც წარმატებით გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში და კარგი შედეგიც მივიღე:

I . ,,ქიმიური ლოტო“  – თემა ,,ნაერთთა კლასები“ (კლასი VIII) – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქიმიის სწავლების დროს. მოსწავლემ უნდა შეძლოს არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების დახასიათება, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა  რესურსი თამაშის ელემენტებით(უკვე არსებულის მსგავსი), რომელიც იქნებოდა მარტივად  აღსაქმელი და  საგაკვეთილო პროცესში მოტივაციის ამაღლებასა და შენარჩუნებაში დამეხმარებოდა. ყველა მოსწავლემ იცის ლოტოს თამაში და არც ქიმიური ლოტოს თამაში იქნება ურიგო. დამზადებული მაქვს ლოტოს დაფა (დანართი #2) , რომელზეც ლოტოს პრინციპით წერია ნაერთთა კლასები . რამდენი მოსწავლეც არის, შესაძლებელია იმდენი ლოტოს დაფის დამზადება.  დაფაზე დატანილია შემდეგი სახელები : ოქსიდი, მჟავა, მარილი, ტუტე ,მეტალი, არამეტალი, სულ თითო დაფაზე 9 სახელწოდება, ცალკე დაჭრილია და პატარა ტომსიკაში ჩაყრილია კონკრეტული წარმომადგენლები (დანართი#1).მოსწავლეებს დარიგებული აქვთ სხვადასხვა ფერის პლასტმასის ღილაკები  (მჟავას შეესაბამება ლურჯი ფერი,ტუტეს-წითელი,ოქსიდს -ყვითელი, მარილს -მწვანე , მეტალს-თეთრი ,არამეტალს-შავი ).მასწავლებელი სათითაოდ ამოიღებს ტომსიკიდან დაჭრილ ფურცელს და დაასახელებს მასზე დაწერილ ფორმულას , მოსწავლე სწორად უნდა მიხვდეს,  რომელ ჯგუფს მიეკუთვნება და დადოს შესაბამის უჯრაზე პლასტმასის ღილაკი. მოიგებს ის, ვინც ყველაზე ადრე და თან სწორად შეავსებს დაფას. გაკვეთილი იქნება საინტერესო, ინოვაციური და სახალისო, რადგან მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ ვიზუალიზაცია . ეს კი ერთიორად წარმატებულს ხდის სასწავლო პროცესს.

რესურსი  მორგებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებსა და შედეგებზე,  ხელს უწყობს დასახული სასწავლო მიზნის  მიღწევას, სრულად არის გათვალისწინებული და შეესაბამება მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის  თავისებურებები.  რესურსის გამოყენების მთავარი მიზანია:

  • მოსწავლემ შეისწავლოს არაორაგნულ ნაერთთა კლასები;
  • განასხვაოს ერთმანეთისაგან არაორგანულ ნაერთთა კლასები;

სწავლის პროცესი გახდეს უფრო მიმზიდველი, ხელი შეეწყოს კეთებით სწავლებას და მოსწავლეს აუმაღლდეს მოტივაცია;

სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი  (გამჭოლობა და ტრანსფერი):

რესურსი მრავალჯერადი და მრავალფუნქციურია, მისი გამოყენება მასწავლებლებს მისცემს საშუალებას მიაღწიონ კონკრეტულ სასწავლო მიზანს . გამოყენება შესაძლებელია ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე :

  • (კლასი VII ) ნაერთთა კლასების გაცნობისას ძალიან მარტივად გამოსაყენებელია, არ არის საჭირო მნიშნელოვანი ცვლილების შეტანა;
  • IX კლასში ქიმიის საკითხების გამეორებისას , როდესაც საფუძვლიანად  უნდა შევისწავლოთ ნაერთთა კლასები, მათი მიღება და თვისებები, ეს მასალა გამოსადეგია გამეორების თვალსაზრისით, გავლილი მასალის გახსენებისათვის;
  • შეუძლიათ გამოიყენონ სხვა საგნის მაგალითად, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლებმა. მეტყველების ნაწილების სწავლებისას  შექმნან რესურსი ანალოგიური ლოტოს სახით.
  • ისტორიის მასწავლებლემა სხვადასხვა ეპოქის ომების შესწავლის დროს გამოიყენონ;
  • გეოგრაფიის მასწავლებელმა ქვეყნები და მათი დედაქალაქების სწავლებისას გამოყენონ;
  • ხელოვნების მასწავლებელმა ხელოვნების ნიმუშები და ავტორები გააცნონ და ა.შ.

 

 

დანართი #1

,,ლ ო ტ ო “

 

Na2O               CaCO3           HNO2              H2O           HCl                 Na3PO4

BaSO4                    NaOH               LiOH                H2SO4                   SO3        N2O5

CaO               CO                  Al2O3                 HF                    H2SiO3               Cl2

Fe2O3                    NaCl                HNO3                  H2S               BaO             K2O

Cu                N2                    KCl                HClO4               KNO2         H2SO4

CO2                      KClO3                  BaCO3              LiCl            Mg(OH)2      NaBr

 

 

 

დანართი#2

დაფა I

 

მჟავა

 

  ტუტე   ოქსიდი  
 

 

მეტალი   არამეტალი   არამეტალი
მარილი

 

  ოქსიდი   მჟავა  

 

დაფა II

 

მეტალი

 

  ფუძე   მარილი  
 

 

არამეტალი   მარილი   მეტალი
მჟავა

 

  ოქსიდი   ტუტე  

 

II .ფაზლი ,, ქიმიური პირამიდა „ – რესურსი შევქმენი VIII-IX  კლასის მოსწავლეებისათვის , გავაკეთე პირამიდის ფორმის ფაზლი, თავდაპირველად გავაკეთე ნახაზი, რომელიც  შეიცავს  25 სამკუთხედს, შემდეგ ყველა გვერდზე დავაწერე შესაბამისი ფორმულა თუ სახელწოდება, შემდეგ დავჭერი, დავინიშნე დრო და თავად ავაწყვე .  ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ ფაზლის გარეთა მხარეებზე დაწერილი ფორმულები და     ნივთიერებების სახელები არის შეცდომით, მაგ : AlCl2  –  მოსწავლე უნდა მიხვდეს შეცდომას , ვინაიდან ალუმინი არის სამვალენტიანი და ფორმულა უნდა იყოს AlCl3 , მაგნიუმის მონოოქსიდი- მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ მაგნიუმი არის მუდმივალენტიანი და წარმოქმნის მხოლოდ ერთ ოქსიდს და სახელწოდებაც უნდა ეწეროს მაგნიუმის ოქსიდი,Fe3(NO3)-არ არის სწორად დაწერილი,  რადგან -NO3 მჟავური ნაშთი არის ერთვალენტიანი და არა სამვალენტიანი, Ni3 -მარტივი ნივთიერება  ნიკელის ფორმულა არ არის სწორად დაწერილი, მას არ სჭირდება ინდექსი 3, H2SO2 – არ არის სწორად დაწერილი,მოსწავლემ იცის მჟავეები და უნდა ამოიცნოს არასწორად დაწერილი  , BaSO4  მოსწავლემ ამ მარილს გვერდით უნდა დაუდოს  იმ სამკუთხედის ნაწილი, რომელზეც  წერია ბარიუმის სულფატი, ამავე სამკუთხედის მეორე გვერდზე წერია ფორმულა FeN  და Ca3N2 , შესაბამისად, მოსწავლემ ამ ორივე გვერდს უნდა მიუდოს გვერდით ის სამკუთხედი ,რომელზეც  წერია რკინა (III) ნიტრიდი და კალციუმის ნიტრიდი და ა.შ.ყველა სამკუთხედის სწორად დადების შემთხვევაში შეიქმნება ,,ქიმიური პირამიდა“. თუ ჩათვალეს, რომ რთულია ასაწყობად, მაშინ შესაძლებელია, მოსწავლეებს მიეთითოს  რომელი სამკუთხედით დაიწყონ შევსება ,მაგ.პირამიდის წვერის სამკუთხედი. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოსწავლეებს თავიდანვე კარგად აუხსნას ფაზლის სწორად აწყობის პრინციპი.

სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი  (გამჭოლობა და ტრანსფერი):

რესურსი მრავალჯერადი და მრავალფუნქციურია, მისი გამოყენება მასწავლებლებს მისცემს საშუალებას მიაღწიონ კონკრეტულ სასწავლო მიზანს.გამოყენება შესაძლებელია ქიმიის  გაკვეთილზე. მოდიფიცირების შემთხვევაში :

  • შეუძლია გამოიყენოს მათემატიკის, ფიზიკის მასწავლებლებმა. დაწერონ მაგალითები და სწორი პასუხები მიუსადაგონ. შეუძლიათ მასწავლებლებმა არა 25 სამკუთხედი, არამედ უფრო ნაკლები გააკეთონ, არ შექმნან პირამიდა, არამედ კვადრატის სახე მისცენ;
  • შეუძლია გამოიყენონ გეოგრაფიის მასწავლებლებმა. შექმნან ფაზლი რუკის გამოსახულებით და მოსწავლეებმა ააწყონ, აგრეთვე შეუძლიათ სამკუთხედის გვერდებზე დაწერონ სახელმწიფოები და ქვეყნები , მიუსადაგონ ერთმანეთს;
  • ხელოვნების მასწავლებელმა  ფაზლის შესაქმნელად შეიძლება გამოიყენოს მხატვრები და მათი ცნობილი ტილოები;

III. ინტერნეტ რესურსი – ,, თავსატეხი „ ( ნაჯერი,უჯერი,არომატული ნივთიერებები , სპირტები ,ალდეჰიდები,კეტონები – კერძო წარმომადგენლები) – ელექტრონული რესურსი შევქმენი XI კლასის მოსწავლეებისათვის, იგი სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს და შედეგებს. რესურსის გამოყენების ძირითადი მიზანი არის ის, რომ ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესი გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო, მოსწავლეს გამოუმუშავდეს დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები, საკითხი აითვისოს კეთებით, უკეთ დაამახსოვრდეს, გაიხსენოს ორგანული ნივთიერებების წარმომადგენლები , განასხვაოს ერთმანეთისაგან თითოეული მათგანი. ელექტრონული რესურსი მოცემულია ვებ გვერდზე – https://learningapps.org/display?v=ppantv0sn19 . რესურსის გამოყენება შეუძლია ნებისმიერს. როგორც კი გაიხსნება დანართი, ეკრანზე ჩანს მცირე ახსნა და დავალების პირობა. მარცხენა ზედა კუთხეში არის პიქტოგრამა ,,ნათურა“. მასზე დაწკაპებით გამოვა ფანჯარა, რომელშიც მითითებულია მინიშნება,, გაიხსენე დაბოლოებები, რომლითაც მთავრდება ესა თუ ის ორგანულ ნაერთთა კლასი“, რაც მოსწავლეს დავალების შესრულებას უადვილებს

 

სულ ზედა პანელზე მოცემულია -ორგანული ნაერთების  კლასები:

  • ნაჯერი ,უჯერი ,არომატული,სპირტი,ალდეჰიდი და კეტონი.

ხოლო თავსატეხის უჯრებში მოცემულია მათი კერძო წარმომადგენლები,

როგორიცაა მაგ: მეთანალი,ფენოლი,ოქტენი,პენტინი,მეთანი,პროპანი,3-

მეთილბუტანალი,ტოლუოლო,დეკანი,პენტანალი,2-მეთილპროპანალი და

ა.შ.

  • მოსწავლე, მისი შეხედულებიდან გამომდინარე, აირჩევს რომელიმე კლასს და იწყებს მისი შესაბამისი წარმომადგენლის ძებნას,როგორც კი მოძებნის, აკლიკებს მასზე და თუ სწორად შეუსაბამებს, გაქრება ეს უჯრა, შეცდომის შემთხვევაში  ფანჯარაში ჩნდება წარწერა, რომ არჩეული წარმომადგენელი არ ეკუთვნის ამ კლასს. შეცდომის  მიუხედავად  მოსწავლეს შეუძლია გააგრძელოს  და შემდგომში სწორად ამოხსნას თავსატეხი. საბოლოოდ ყველა უჯრის გახსნის შემდეგ გამოჩნდება სურათი, რაც   ნიშნავს, რომ მოსწავლემ კარგად შეასრულა დავალება.
  • ელექტრონული რესურსის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს, რა დონეზეც არ უნდა ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს;
  • ელექტრონული რესურსის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად, მოსწავლეს შეუძლია იმდენჯერ დაუბრუნდეს თავსატეხს, სანამ არ მივა სწორ პასუხამდე ;
  • შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეს დაავალოს სახლში დამოუკიდებლად დაამუშაოს საკითხი, კარგი იქნება მოსწავლემ  ფორმულებიც ჩამოწეროს ფურცელზე , აღნიშნოს რა  შეეშალა  და შემდეგ, მასწავლებლის დახმარებით, ხელახლა გაიმეოროს ეს საკითხი.

სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი  (გამჭოლობა და ტრანსფერი):

ელექტრონული რესურსის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს რა დონეზეც არ უნდა ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს; მასწავლებელი უნდა დარეგისტრირდეს აღნიშნულ ვებ გვერდზე. შესაძლებელია სასურველი ენის არჩევა, ეს აადვილებს მუშაობას,  მასწავლებელს შეუძლია უკვე შექმნილი დანართი გამოიყენოს და გაუკეთოს მოდიფიცირება ან შეუძლია შეუვსებელი დანართი (შაბლონის სახით) გამოიყენოს, საიტს აქვს ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა გამოქვეყნებამდე მასწავლებელმა თვალი გადაავლოს ნამუშევარს და ამის შემდეგ გამოაქვეყნოს. ამ რესურსის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება იმავე ან მოდიფიცირებული სახით შეუძლია   ქიმიის მასწავლებელს ქიმიის გაკვეთილზე ნასწავლი საკითხის გამეორებისას.  რესურსის გამოყენება მოდიფიცირების შემდეგ შეულია ქართულის, ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლებს.

მინდა აღვნიშნო,  რომ ნებისმიერი სახის რესურსი, რომელსაც ვიყენებთ სასწავლო პროცესში, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას:

  • მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი ხელს უნდა უწყობდეს დასახული მიზნის სრულად მიღწევას , უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის განვითარების დონეს და უნდა იყოს მორგებული მის შესაძლებლობაზე;
  • რესურსი შინაარსობრივად უნდა იყოს გამართული, კარგად ორგანიზებული, თანმიმდევრული და საგაკვეთილო პროცესში ლოგიკურად გამოყენებული;
  • უნდა ერთვოდეს მოსწავლისათვის გასაგებ ენაზე მკაფიო , ადვილად აღსაქმელი და გასაგები ინსტრუქცია.
  • უნდა აღძრავდეს ცნობისმოყვარეობას და უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა;
  • მნიშვნელოვანია აგრეთვე რესურსის გამოყენების არეალი , ის უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენების და ემსახურებოდეს მოსწავლის მრავალმხრივი უნარების განვითარებას;
  • მნიშვნელოვანია რესურსი იყოს უსაფრთხო და გათვალისწინებული იყოს სამიზნე ჯგუფის თავისებურებები.

 

 

გამოყენებული მასალა :

  1. https://ncp.ge/ge/curriculum/general-part/general-part/chapter-ii-educational-resources
  2. https://www.pinterest.com/pin/225883737538274675
  3. https://learningapps.org/

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი