პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თომას გორდონი-როგორ გავხდე კარგი მშობელი – მეთორმეტე თავი

მშობლების შიში და შფოთვა „უდანაკარგო” მეთოდთან დაკავშირებით 

კონფლიქტის გადაჭრის უდანაკარგო მეთოდს, როგორც იმედისმომცემ ახალ ალტერნატივას მშობლები, როგორც წესი, ადვილად წვდებიან და მალევე ითვისებენ. მიუხედავად ამისა, როგორც კი საქმე თეორიული დისკუსიიდან ოჯახში გამოყენებაზე მიდგება, ბევრი მათგანი სავსებით საფუძვლიან შიშს და ნერვიულობას გამოხატავს.  

„თეორიულად არაჩვეულებრივია, მაგრამ პრაქტიკულად გამოგვადგება თუ არა?” კითხულობს ბევრი მშობელი. ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია სიახლისადმი შიში და სურს ბოლომდე დარწმუნდეს სიახლის სიკეთეში, სანამ ჩვეულზე უარს იტყოდეს. ამასთან, მშობლებს ეშინიათ საკუთარ შვილებთან „ექსპერიმენტების”.
ქვემოთ გთავაზობთ მშობლების გავრცელებულ შიშებსა და წუხილს და ჩვენს რჩევებს მათ დასაძლევად, რაც, იმედი გვაქვს, დაეხმარებათ „საქმეში გამოსცადონ” უდანაკარგო მეთოდი.   
ისევ ის ძველებური ოჯახური საბჭოა, მხოლოდ ახალი სახელით?
თავიდან ზოგიერთი მშობელი იმ მიზეზით ეწინააღმდეგება III მეთოდს, რომ მას ძველებურ „ოჯახურ საბჭოდ” მიიჩნევს, რომელსაც თავის დროზე თვით მათი მშობლები იყენებდნენ. როდესაც მშობლებს ვთხოვთ ბავშვობის გამოცდილებიდან ოჯახური საბჭოს აღწერას, თითქმის ყველა მათგანი ერთს და იმავე სურათს ხატავს:

„ყოველ კვირა დღეს დედა და მამა სასადილო ოთახში შეკრებას გვთხოვდნენ სხვადასხვა პრობლემებზე სასაუბროდ. როგორც წესი, პრობლემებს ისინი წამოსწევდნენ, ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ ჩვენც გვქონდა ამის შესაძლებლობა. ძირითადად მამა და დედა საუბრობდნენ, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვის უფლება მამას ჰქონდა. ხშირად ისინი გაკვეთილის მსგავს შეხვედრას გვიწყობდნენ და გვმოძღვრავდნენ. ზოგჯერ ჩვენი აზრის გამოთქმის უფლება გვქონდა, თუმცა საბოლოოდ ისინი წყვეტდნენ. თავიდან ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ თანდათან საშინელი მოსაბეზრებელი ხდებოდა. ასეთი საბჭოები, როგორც მახსოვს, დიდხანს არ გრძელდებოდა. რაზე ვსაუბრობდით? ძირითადად საოჯახო პასუხისმგებლობების, დაძინების დროისა და დღის განმავლობაში დედაზე ზრუნვის შესახებ”.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწყვეტი არ ასახავს საოჯახო საბჭოების მთელ მრავალფეროვნებას, მასში საერთო მახასიათებლებია მოცემული: მშობლებზე ორიენტაცია, მამის დომინანტური როლი, მშობლების მიერ გადაწყვეტილების მიღება, შვილების „დამოძღვრა”, პრობლემები უმეტესწილად აბსტრაქტულია და არ შეიცავს პოლემიკის მუხტს, ატმოსფერო როგორც წესი, სასიამოვნო და მეგობრულია.      

III მეთოდი ოჯახური საბჭო არ არის, ის კონფლიქტების მოგვარების მეთოდია, თანაც დაუყოვნებლივ. კონფლიტში ყოველთვის მთელი ოჯახი არ არის ჩართული, უმეტესწილად მასში ერთ–ერთი მშობელი და შვილი მონაწილეობს. ოჯახის სხვა წევრების დასწრება არათუ აუცილებელი, არასასურველიცაა. ეს მეთოდი მშობლებისთვის სწავლების და დამოძღვრის ხელსაყრელი მიზეზი არ არის, რაც, ჩვეულებრივ, გულისხმობს ხოლმე, რომ მასწავლებელმა ან მოძღვარმა უკვე იცის პასუხი. მშობლები და შვილები თავიანთ ერთადერთ პასუხს ეძებენ და არ არსებობს მიკერძოებული პასუხი, რომელიც უდანაკარგო გადაწყვეტილებას მოგვიტანს. ასევე არ არსებობს „ხელმძღვანელი” ან „ლიდერი”; მშობელი და შვილი თანასწორი მონაწილეები არიან, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ საერთო პრობლემის გადაჭრას.

ზოგადად, III მეთოდი პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით მაღალი ოპერატიულობით გამოირჩევა. ასეთ პრობლემებს „მწვავეს” ვუწოდებთ, რადგან მონაწილეები განყენებულ საოჯახო საბჭოს კი არ ელოდებიან, რომ მათზე იმსჯელონ, არამედ დაუყოვნებლივ ცდილობენ მოგვარებას. 

III მეთოდის დროს ატმოსფერო ყოველთვის სასიამოვნო და მეგობრული როდია. მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტები ხშირად ძალზე ემოციურია და ვნებათაღელვა ხშირად პიკს აღწევს.

გასულ თვეში ვაჟიშვილს ავტომანქანა უყიდეთ და შეთანხმდით, რომ ბენზინისა და დაზღვევის ფულს ის გადაიხდიდა. და აი, ერთ მშვენიერ დღეს გაცნობებს, რომ ამ თვეში დაზღვევის ფული არ აქვს.

ერთი კვირაა მოზარდ შვილებს გვიანობამდე სძინავთ, რადგან გვიანობამდე თამაშობენ ვიდეოთამაშებს ან ტელევიზორს უყურებენ. ხმაურის გამო თქვენც გვიანობამდე ფხიზლობთ და სამსახურში გამოუძინებელი მიდიხართ.  

ათი წლის ქალიშვილს ბოლოსდაბოლოს ლეკვი უყიდეთ იმ პირობით, რომ მის ჭმევასა და სეირნობაზე იზრუნებდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძაღლი არც კი გახსენებია.  

ასეთი კონფლიქტების დროს მძაფრი გრძნობები მონაწილეობს. როდესაც მშობელი აცნობიერებს განსხვავებას ტრადიციულ ოჯახურ საბჭოსა და კონფლიქტების გადაჭრის მეთოდს შორის, მისთვის ცხადი ხდება, რომ სრულიადაც არ ვცდილობთ ახალი სახელწოდებით ძველი ტრადიციის აღორძინებას.

არის თუ არა III მეთოდი მშობლის სისუსტის გამოვლენა?

დასაწყისში, ზოგიერთი მშობელი, განსაკუთრებით მამა, III მეთოდს აფასებს, როგორც ბავშვისთვის დათმობას, „სისუსტეს” „საკუთარი შეხედულებების კომპრომისს”. ერთ–ერთმა მამამ საბავშვო ბაღში წასვლასთან დაკავშირებით ბონისა და დედამისის დიალოგის ჩანაწერის მოსმენის საკმაოდ გაბრაზებულმა განაცხადა: „ამ დედამ შვილის დაკრულზე იცეკვა და სხვა არაფერი! ახლა მოუწევს ყოველ საღამოს ერთი საათი გაატაროს თავის „გაფუჭებულ” შვილთან. ბავშვმა გაიმარჯვა, ასე არ არის?” რა თქმა უნდა ბავშვმა „გაიმარჯვა”, მაგრამ დედაზეც ხომ იგივეს თქმა შეგვიძლია. მას აღარ მოუწევს კვირაში ხუთჯერ ემოციური წნეხის გადატანა. 

მამის რეაქცია გასაგებია, რადგან ადამიანებს სჩვევიათ კონფლიქტის შესახებ გამარჯვება–დამარცხების ტერმინებით მსჯელობა. მათი აზრით, რაკი ერთი მხარე შძლებს საკუთარი პოზიციის დაცვას, მეორეს პოზიცია მსხვერპლად ეწირება. რომელიმე მხარე უნდა დამარცხდეს. 

თავიდან მშობლებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ შესაძლებელია ორივე მხარემ დაიცვას საკუთარი პოზიცია. III მეთოდი არ ჰგავს II მეთოდს, რომლის დროსაც ბავშვს თავისი გააქვს მშობლის ხარჯზე. ბუნებრივია, დასაწყისში ზოგიერთი მშობელი ასე ფიქრობს: „თუკი I მეთოდზე უარს ვიტყვი, II მეთოდიღა მრჩება”, „თუ ჩემსას არ გავიტან, ჩემი შვილი გაიტანს თავისას”. ეს კარგად ნაცნობი „ან–ან” მიდგომაა კონფლიქტის გადაჭრისას.  

 

მშობლებს უნდა დავეხმაროთ, რომ დაინახონ II და III მეთოდს შორის არსებითი განსხვავება. მათ იმის შეხსენება სჭირდებათ, რომ III მეთოდის დახმარებით მათაც უნდა დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნილებები; საბოლოო გადაწყვეტილება მათთვისაც მისაღები უნდა იყოს. თუკი ისინი ფიქრობენ, რომ შვილებს დაუთმეს, ჩანს II და არა III მეთოდი გამოიყენეს. მაგალითად ბონისა და დედამისს შორის კონფლიქტის დროს (როცა ბონის არ სურდა საბავშვო ბაღში სიარული), დედამ გულწრფელად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ერთი საათი მხოლოდ ბონის დაუთმოს ყურადღება (ფაქტობრივად, სწორედ ასე მოიქცა დედა). წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ის ბონის „დანებდა” (II მეთოდი). 

დასაწყისში ზოგიერთი მშობელი ვერ ხვდება, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბონის დედისთვისაც ხელსაყრელია – არა მხოლოდ დილაობით ხვეწნასა და უკმაყოფილებას მოეღო ბოლო, არამედ დამნაშავედაც აღარ გრძნობს თავს იმის გამო, რომ ბონის საბავშვო ბაღში აგზავნის. ის კმაყოფილია, რომ ბონის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება აღმოაჩინა და მისი დაკმაყოფილების გზაც იპოვნა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ III მეთოდი გარდაუვალი „კომპრომისია” და ეს უკანასკნელი მათთვის უკან დახევას, სასურველზე ნაკლების მიღებას, „სისუსტეს” ნიშნავს. როდესაც მათ ხმაში ამგვარ განცდას ვიჭერ, ხშირად ინაუგურაციის დროს წარმოთქმული პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის სიტყვები მახსენდება: „ნუ შეგეშინდებათ მოლაპარაკებების, მაგრამ არასოდეს გამართოთ მოლაპარაკებები შიშის გამო”. III მეთოდი მოლაპარაკებას ნიშნავს, რომლის დროსაც ყოველი მხარე ჯიუტად ცდილობს საკუთარი პოზიციის დაცვას მანამ, სანამ ორივესთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება მოიძებნება. 

ჩვენთვის III მეთოდი „კომპრომისის” ტოლფასი არ არის იმ აზრით, რომ ვიღებთ სასურველზე ნაკლებს, რადგან ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ამ მეთოდის საშუალებით მიღებულ გადაწყვეტილებას სასურველზე მეტი მოაქვს მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც. ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელსაც ფსიქოლოგები ხშირად „ელეგანტურ გამოსავალს” უწოდებენ – კარგი, ხშირად საუკეთესო, ორივესათვის. ამრიგად, III მეთოდი უკან დახევას არ ნიშნავს. სრულიად საპირისპიროდ! განვიხილოთ ქვემოთ მოცემული კონფლიქტი, რომელიც მთელ ოჯახს ეხება და ვნახოთ, რამდენად ხელსაყრელი იყო ის მშობლებისთვის და შვილებისთვის. აი რა გვიამბო ერთ–ერთმა დედამ:

„მადლიერების დღე (დღესასწაული, რომელიც ნოემბრის თვეში აღინიშნება ამერიკის კონტინენტზე პირველი კოლონისტების ხსოვნის აღსანიშნავად. მთარგმნ. შენ.) ახლოვდებოდა. ჩვეულებისამებრ ინდაურით სადღესასწაულო სადილის მომზადებას და ოჯახურ შეკრებას ვგეგმავდი. ჩვენს სამ ვაჟსა და ქმარს სხვა რამ სურდად, ამიტომ პრობლემის გადაჭრას შევუდექით. მეუღლეს სახლის გადაღებვა უნდოდა და არ სურდა  დროის დაკარგვა სადღესასწაულო მაგიდასთან ხანგრძლივად ჯდომაში. სტუდენტ შვილს მეგობრის მოწვევა უნდოდა სახლში, რომლის ოჯახს არ ჰქონდა მადლიერების დღის აღნიშვნის ტრადიცია. უფროსკლასელ შვილს მთელი ოთხი დღით აგარაკზე წასვლა სურდა. ნაბოლარას რაც შეეხება, მას წინასწარ აშინებდა სადღესასწაულო ჩაცმულობის აუცილებლობა და ხანგრძლივი და, მისი აზრით, მოსაწყენი „ოფიციალური” სადილი. მე, ჩემის მხრივ მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ოჯახური ერთობის გრძნობა, რომელიც მაშინ მტკიცდება, როდესაც ოჯახი ერთად იკრიბება და ამას გარდა მინდოდა თავი გამომეჩინა კარგი დიასახლისობითაც, რომელსაც სადღესასწაულოდ ინდაურის გემრიელად მომზადება შეუძლია. პრობლემის გადაჭრის საფუძველზე ასეთი გეგმა შევიმუშავეთ: ინდაურის სადილს მოვამზადებდი, რომელსაც აგარაკზე წავიღებდით მას შემდეგ, რაც მეუღლე სახლს შეღებავდა. სტუდენტი ვაჟიშვილი მეგობარს დაპატიჟებდა სახლში და ყველანი მამას მიეხმარებოდნენ, რომ რაც შეიძლება მალე წავსულიყავით აგარაკზე. ასეთი ცვლილების შედეგად  თავიდან ავიცილეთ კარებების მიჯახუნება და მრისხანება. ყველამ არაჩვეულებრივად გაატარა დრო – საუკეთესო მადლიერების დღე გვქონდა. ჩემი შვილის მეგობარიც კი მოგვეხმარა სახლის შეღებვაში. პირველი შემთხვევა იყო, როცა შვილები თავისი ნებით, ძალდატანებისა და ნერვიულობის გარეშე დაეხმარნენ მამას. მამა აღფრთოვანებული იყო, ბიჭები გაბრწყინებულები, მე თავს ნამდვილ დიასახლისად ვგრძნობდი. ამასთან, ჩვეულებრივზე ნაკლები ძალისხმევა დამჭირდა სადღესასწაულო სადილის მოსამსადებლად. მეთოდის შედეგებმა ბევრად გადააჭარბა მოლოდინს. აღარასოდეს ვუკარნახებ ოჯახურ გადაწყვეტილებებს!”

რამდენიმე წლის წინ ჩემს ოჯახშიც გვქონდა კონფლიქტი სააღდგომო არდადეგებთან დაკავშირებით და III მეთოდმა ყველასათვის მისაღები მოულოდნელი შედეგები მოგვიტანა. საბოლოოდ მე და ჩემს მეუღლეს თავი დამარცხებულად არ გვიგრძვნია; ბედნიერები ვიყავით, რომ თავიდან ავიცილეთ უსიამოვნება:

ჩვენი თხუთმეტი წლის ქალიშვილი მეგობრებთან ერთად აპირებდა სააღდგომო არდადეგების გატარებას ნიუპორტ–ბიჩზე (სადაც „ბევრი ბიჭის გარდა” ლუდი, ნარკოტიკები და პოლიციაც ბევრია ხოლმე). მე და ჩემს ცოლს ნამდვილად გვეშინოდა იმის, რაც, როგორც ამბობდნენ, ხდებოდა ხოლმე ათასობით მოზარდის ამ ყოველწლიურ შეკრებებზე. ჩვენ გამოვთქვით შიში, შვილმა მოგვისმინა, თუმცა არ გაითვალისწინა, რადგან ძალიან უნდოდა მეგობრებთან ერთად სანაპიროზე დასვენება. ვიცოდით, რომ ვერ დავიძინებდით და გვეშინოდა, რომ შუაღამისას დაგვირეკავდნენ და ქალიშვილის შესახებ რაიმე საშინელებას გვეტყოდნენ. აქტიური მოსმენის საშუალებით მოულოდნელი რამ აღმოვაჩინეთ – შვილის მთავარი სურვილი იყო ერთ კონკრეტულ მეგობართან ერთად ყოფნა, იქ სადაც ბიჭებიც იქნებოდნენ და თან აუცილებლად სანაპიროზე, რომ სკოლაში დაბრუნებულებს თავი რუჯით მოეწონებინათ. კონფლიქტის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ არ გვქონდა ნაპოვნი გადაწყვეტილება, ქალიშვილმა ახალი წინადადება შემოგვთავაზა: „ხომ არ აიღებდით შვებულებას, რომელიც დიდი ხანია არ გქონიათ?” ის თავის მეგობარს დაპატიჟებდა და იმ მოტელში გავჩერდებოდით, სადაც ჩემი საყვარელი გოლფის კორტია და რომელიც ახლოსაა სანაპიროსთან, მართალია, არა ნიუპორტის, თუმცა, არ ამ სანაპიროზე იქნებიან ბიჭები საძებნელი. ჩვენ მისი წინადადება ავიტაცეთ, შვებით ამოვისუნთქეთ იმის გამო, რომ თავიდან ავიცილეთ ნიუპორტში მეთვალყურეობის გარეშე მის გაშვებასთან დაკავშირებული ნერვიულობა. ისიც კმაყოფილი იყო, რადგან ყველა მისი მოთხოვნილება დაკმაყოფილდა. ჩვენ მიღებული გეგმა განვახორციელეთ. დრო არაჩვეულებრივად გავატარეთ – მე ცოლთან ერთად გოლფის თამაშში, გოგონებმა კი სანაპიროზე. მართალია, სანაპიროზე მხოლოდ რამდენიმე ბიჭი იყო, რის გამოც ჩვენს ქალიშვილსა და მის მეგობარს იმედი გაუცრუვდათ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ჩიოდა და არ გვსაყვედურობდა იმის გამო, რომ ჩვენი გავლენით ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც სრულად არ შეესაბამებოდა მათ თავდაპირველ გეგმას.

მოცემული სიტუაცია ცხადყოფს, რომ III მეთოდის დახმარებით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის იდეალური არ არის. ზოგჯერ, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ერთი შეხედვით კონფლიქტის ყველა მონაწილისათვის ხელსაყრელმა გადაწყვეტილებამ, რომელიმე მათგანს იმედი გაუცრუა. მიუხედავად ამისა, იმ ოჯახებში, სადაც რეგულარულად იყენებენ III მეთოდს, ოჯახის რომელიმე წევრის იმედგაცრუება ურთიერთწყენისა და გაბოროტების მიზეზი არ ხდება, რამეთუ ყველა ხვდება, რომ შვილების იმედგაცრუების მიზეზი მშობლები კი არ არიან (განსხვავებით I მეთოდისაგან), არამედ შემთხვევა, იღბალი ან უამინდობა. შვილებს შეუძლიათ დაადანაშაულონ გარეგანი ანუ მოულოდნელი ძალები, მაგრამ არა მშობლები. რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი – III მეთოდის წყალობით ნაპოვნ გადაწყვეტილებას საკუთარ და არა მხოლოდ მშობლების გადაწყვეტილებად აღიქვამენ. 
„ჯგუფს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება”
გავრცელებულია შეხედულება, რომ გადაწყვეტილების მიღება ინდივიდებს შეუძლიათ და არა ჯგუფს. „აქლემი ჯგუფური გადაწყვეტილების შედეგია იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს ცხენი”, ეს იუმორნარევი ციტატა ხშირად მოჰყავთ მშობლებს საკუთარი შეხედულების დასტურად, რომ ჯგუფი საერთოდ ვერ იღებს გადაწყვეტილებას ან თუ იღებს, არასწორს. „საბოლოოდ, მაინც ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას კოლექტივის სახელით”, ასეთია კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც მშობლები ხშირად გვიზიარებენ.  

ზემოხსენებული მითის არსებობას ის განაპირობებს, რომ მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ ხოლმე ეფექტური გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფის წევრობის შანსი.  სიცოცხლის განმავლობაში ზრდასრულთა უმრავლესობას უარს ეუბნებიან ამგვარი გამოცდილების მიღებაზე ძალაუფლების მქონენი – მშობლები, მასწავლებლები, დეიდები და ბიძები, მწვრთნელები, ძიძები, სამხედრო ლიდერები, ხელმძღვანელები და ა.შ. – და პრობლემების გადაჭრისას და კონფლიქტების  მოგვარებისას მუდამ I მეთოდს იყენებენ. ზრდასრულთა უმრავლესობას ჩვენს „დემოკრატიულ” საზოგადოებაში იშვიათად ეძლევა იმის ხილვის შესაძლებლობა, რომ ჯგუფი პრობლემებსა და კონფლიქტებს დემოკრატიულად ართმევს თავს. გასაკვირი არ არის, რომ მშობლები სკეპტიკურად უყურებენ ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების უნარს: ისინი ამას არც კი მოსწრებიან! შედეგები შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ლიდერები პასუხისმგებელი მოქალაქეების აღზრდას.  
შესაძლოა, სწორედ ამის გამო სჭირდება ზოგიერთ მშობელს მყარი დასაბუთება, რომ ოჯახს, როგორც ჯგუფს, შეუძლია მაღალხარისხიანი გადაწყვეტილების მიღება და პრობლემების გადაჭრა, მათ შორის ისეთი ფაქიზი და რთულის, როგორიცაა კონფლიქტები:

ჯიბის ფულის ან ზოგადად ფულის, 
ოჯახზე ზრუნვის,
საოჯახო საქმეების,
ოჯახისთვის საყიდლების,
ტელევიზორის გამოყენების,
ვიდეო თამაშების,
არდადეგების,
წვეულებაზე ბავშვების ქცევის,
ტელეფონის გამოყენების,
ძილის დროის,
სადილობის დროის,
მანქანაში ადგილის,
კომპიუტერის გამოყენების,
საკვების არჩევის, 
ოთახებისა და საკუჭნაოების დანიშნულების,
ოთახების მოვლის შესახებ.

ეს სია უსასრულოა – ოჯახს, როგორც ჯგუფს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და ამაში ყოველდღიურად დავრწმუნდებით, თუკი კონფლიქტის გადაჭრის უდანაკარგო მეთოდს გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ III მეთოდი და საკუთარ თავსაც და შვილებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა გამოვცადოთ და დავრწმუნდეთ, რომ ჯგუფს შეუძლია შემოქმედებითი და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღება.   
„III მეთოდი ძალიან ბევრ დროს გვართმევს”

ბევრ მშობელს აშინებს ის ფაქტი, რომ პრობლემების გადაჭრას ძალიან ბევრი დრო სჭირდება. ბატონი უ. ძალზე დაკავებული ჩინოვნიკი, რომელიც ისედაც ძლივს ართმევს თავს თავის სამსახურებრივ პასუხისმგებლობებს, აცხადებს: „უბრალოდ ვერ შევძლებ დროის გამონახვას, რომ ყოველ ჯერზე სათითაოდ დავუჯდე ხოლმე ჩემს შვილებს და მოვაგვაროთ კონფლიქტი. ჩემი მხრიდან ეს უპატიებელი დროის ფლანგვა იქნებოდა!” „სახლის საქმეებს ვეღარ დავასრულებ, თუკი III მეთოდის გამოყენებას დავიწყებ”, ამატებს ხუთი შვილის დედა.

არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ III მეთოდს ბევრი დრო სჭირდება და ის დამოკიდებულია პრობლემის რაობასა და მშობლისა და შვილის მზაობაზე იპოვნონ უდანაკარგო გადაწყვეტილება. გთავაზობთ დასკვნებს იმ მშობლების გამოცდილებიდან, რომლებიც კეთილსინდისიერად ცდილობდნენ III მეთოდის გამოყენებას:

1.ბევრი პრობლემა თითიდან გამოწოვილია ან იმდენად მარტივია, რომ მის გადაჭრას ათიოდე წუთი თ სჭირდება.

2.ზოგიერთ პრობლემას მეტი დრო სჭირდება, მაგალითად, ჯიბის ფული, საოჯახო საქმეები, ტელევიზორის გამოყენება, დროული დაძინება. მიუხედავად ამისა, III მეთოდით გადაჭრის შემდეგ ისინი, როგორც წესი, აღარ ჩნდება ხოლმე. I მეთოდისაგან განსხვავებით III მეთოდით მიღებული გადაწყვეტილება გრძელვადიანია.

3.III მეთოდის გამოყენებით მშობელი, საბოლოო ჯამში, ზოგავს დროს, რადგან აღარ უწევს დროის კარგვა შეხსენებებზე, იძულებაზე, კონტროლსა და საყვედურებზე. 

4.პირველ ჯერზე III მეთოდის გამოყენება ოჯახს მეტ დროს ართმევს, ვიდრე მისი შემდგომი გამოყენება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბავშვებს (და მშობლებს) ჯერ კიდევ არ აქვთ ახალი მეთოდით სარგებლობის გამოცდილება, ბავშვები შესაძლოა უნდობლად მოეკიდონ მშობლების კეთილ განზრახვებს („ჩვენი კონტროლის ეს რა ახალი მეთოდი მოიგონეთ?”) ან, ბოლოსდაბოლოს იმის გამო, რომ მათში ჯერ კიდევ ბატონობს კონფლიქტის განხილვა „გამარჯვება–დამარცხების” ჭრილში („ჩემი უნდა გავიტანო”).

შესაძლოა, უდანაკარგო მეთოდის გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც არც კი ველოდებოდი და რომელიც მაქსიმალურად ზოგავს დროს ის გახლავთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ კონფლიქტები სულ უფრო და უფრო იშვიათად იჩენს ხოლმე თავს.   

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ამოვწურეთ გადასაჭრელი კონფლიქტები”, გვაცნობა ერთ–ერთმა დედამ კურსების დამთავრებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. 

მეორემ თხოვნაზე, გაეზიარებინა III მეთოდის გამოყენების გამოცდილება, მომწერა: „სიამოვნებით დაგეხმარებოდით ფაქტობრივი მასალის მოწოდებაში, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენად ცოტა კონფლიქტი ჩნდება ჩვენს ოჯახში, რომ III მეთოდის სათანადოდ გამოცდის შესაძლებლობაც კი არ გვეძლევა”. ჩემს საკუთარ ოჯახში მშობლებსა და შვილებს შორის იმდენად უმნიშვნელო კონფლიქტებს წავაწყდით, რომ გულწრფელად ვერ შევძლებ რომელიმეს გახსენებას, მითუმეტეს, რომ მათი გადაჭრა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოვახერხეთ და არ მივეცით ნამდვილ „კონფლიქტად” გადაქცევის შესაძლებლობა. 

მე ველოდებოდი, რომ კონფლიქტები მუდამ გაჩნდებოდა წლიდან წლამდე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი კურსებს მსმენელთა უმრავლესობაც ასევე ფიქრობდა. რატომ მცირდება კონფლიქტები? ამ საკითხზე ფიქრმა შემდეგ დასკვნამდე მიმიყვანა: III მეთოდის დახმარებით მშობელსა და შვილს სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება უყალიბდება ერთმანეთის მიმართ. შვილმა იცის რა, რომ მშობლებმა უარი თქვეს ძალაუფლების გამოყენებაზე საკუთარი გადაწყვეტილების გასატანად – შვილის ინტერესების უგულებელყოფით საკუთარ გამარჯვებაზე – შვილს აღარ რჩება მიზეზი საიმისოდ, რომ დაჟინებით დაიცვას საკუთარი ინტერესები ან წინ აღუდგეს მშობლის ძალაუფლებას. შედეგად, ინტერესთა მძაფრი კონფლიქტი თითქმის მთლიანად ქრება. შვილი უფრო დამთმობი ხდება – მშობლის ინტერესები მას საკუთარ ინტერესებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეჩვენება. მოთხოვნილებას გაჩენისთანავე ღიად გამოხატავს და მშობლებიც „ფეხის აწყობას” ცდილობენ. თუკი რომელიმე მხარეს უძნელდება მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, იმის ნაცვლად, რომ საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლონ, ცდილობენ მეტი დრო მოანდომონ პრობლემის მოგვარებას.

და ბოლოს, აი კიდევ ერთი შედეგი: მშობლები და შვილები კონფლიქტის თავიდან აცილების მეთოდების გამოყენებას იწყებენ. მოზარდი ქალიშვილი მშობლებს კარებში ბარათს უტოვებს და ახსენებს, რომ საღამოს ავტომობილი დასჭირდება. ან წინასწარ ეკითხება, ხომ არ შეეშლებათ ხელი მომდევნო პარასკევს მეგობარს თუ დაპატიჟებს სადილზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ქალიშვილი ნებართვას არ ითხოვს; მშობლის ნებართვის თხოვნა I მეთოდისთვის არის დამახასიათებელი და გულისხმობს, რომ მშობელს ნებართვაზე უარის თქმა შეუძლია. III მეთოდის შემთხვევაში შვილი ამბობს: „ჩემი საქმის კეთება მსურს, თუკი ეს თქვენი საქმის კეთებაში არ შეგიშლით ხელს”.   
„ამართლებს თუ არა I მეთოდის გამოყენებას ის, რომ მშობლები უფრო ჭკვიანები არიან?”

შეხედულებას, რომ მშობელს აქვს შვილის მიმართ ძალაუფლების გამოვლენის უფლება, რადგან უფრო ჭკვიანი და გამოცდილია, მკვიდრად აქვს ფესვები გამდგარი. ამის დამადასტურებელი რამდენიმე გამონათქვამი უკვე შემოგთავაზეთ კიდეც: „გამოცდილებით ჩვენ უკეთ ვიცით”, „უარს შენივე საკეთილდღეოდ გეუბნებით”, „როცა გაიზრდები, მადლობას გვეტყვი ამისათვის”, „ვცდილობთ იმ შეცდომებისაგან დაგიცვათ, რომელიც ჩვენ დავუშვით”, „უბრალოდ ვერ დავუშვებთ ისეთი რამ გააკეთო, რასაც შემდეგ ინანებ”, და ა.შ.

მრავალ მშობელს ამ და სხვა მსგავსი შეტყობინებების გადაცემისას გულწრფელად სჯერა საკუთარი ნათქვამის. გამოცდილება გვარწმუნებს, რომ არც ერთი სხვა შეხედულების შეცვლა ისე რთული არ არის, როგორც იმისა, რომ მშობელს აქვს ძალაუფლების გამოყენების უფლება, მეტიც, ევალება კიდეც მისი გამოყენება, რადგან მეტი იცის, უფრო გონიერია, შეუძლია წინასწარგანჭვრეტა და გამოცდილია.

ეს მხოლოდ მშობლების შეხედულება არ გახლავთ. ყველა დროის ტირანი ამ არგუმენტით ამართლებდა ძალაუფლების გამოყენებას მათზე, ვისაც თრგუნავდა და იმორჩილებდა. მათ უმრავლესობას ძალზე მცდარი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ქვეშევრდომებზე – ისინი მათთვის მონები, გლეხები, ველურები, პროვინციელები, შავკანიანები, „ოფლიანები”, ქრისტიანები, ერეტიკოსები, ბრბო, მუშები, ებრაელები, ლათინოამერიკელები, არაბები ან ქალები იყვნენ. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ზოგადი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ძალაუფლების მქონემ, როგორღაც უნდა დაასაბუთოს და გაამართლოს ტირანია და არაადამიანობა დაქვემდებარებულების მიმართ.

ვინ გაბედავს უარყოს მოსაზრება, რომ მშობელი შვილზე ჭკვიანი და გამოცდილია? ამას ხომ დამტკიცებაც არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, როცა მშობლებს ვეკითხებით, თვლიან თუ არა, რომ მათი მშობლები არაკეთილგონივრულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ I მეთოდის დახმარებით, ყველა, როგორც ერთი, დადებითად გვპასუხობს. თურმე რა იოლად ავიწყდებათ მშობლებს საკუთარი ბავშვობის შთაბეჭდილებები! როგორ ადვილად ავიწყდებათ, რომ ხშირად შვილებმა მშობლებზე უკეთ იციან: როდის ეძინებათ და როდის შიათ; საკუთარი მეგობრების თვისებები; საკუთარი მისწრაფებები და მიზნები; მასწავლებლების დამოკიდებულება მათდამი; საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები; ვინ უყვართ და ვინ არა; ვის აფასებენ და ვის არა.

მშობელი უფრო ჭკვიანია? არა! ყოველ შემთხვევაში, უმეტესწილად არა, როცა საქმე შვილებს ეხებათ. რა თქმა უნდა, მშობლებს აქვთ სიბრძნე და გამოცდილება, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება.

P.E.T.-ის მრავალ მშობელს თავდაპირველად შეუმჩნეველი რჩება ფაქტი, რომ უდანაკარგო მეთოდისას მობილიზებულია როგორც მშობლის, ისე ბავშვის სიბრძნე. პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობს როგორც ერთი, ისე მეორე (განსხვავებით I მეთოდისაგან, რომელიც არად აგდებს ბავშვის სიბრძნეს ან II მეთოდისაგან, რომელიც არად აგდებს მშობლების სიბრძნეს).

ორი ტყუპი არაჩვეულებრივი და გონიერი ქალიშვილის დედამ გვაცნობა, სკოლასთან დაკავშირებული პრობლემის წარმატებული გადაჭრის შესახებ. ოჯახს ვერ გადაეწყვიტა, ტყუპები წინსწრებით მომდევნო კლასში გადაეყვანა, სადაც უფრო საინტერესო და რთული სამუშაო ექნებოდათ, თუ იმავე კლასში, ნაცნობ გარემოში დაეტოვებინათ. ასეთი პრობლემები, როგორც წესი, ექსპერტების – მშობლებისა და მასწავლებლების – მიერ გვარდება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დედას თავისი მოსაზრება ჰქონდა, მაგრამ ის შვილების გონიერებასაც ენდობოდა, იცოდა, რომ ობიექტურად შეაფასებდნენ საკუთარ ინტელექტუალურ პოტენციალს და განსაზღვრავდნენ, რა იქნებოდა მათთვის უკეთესი. რამდენიმე დღის განმავლობაში არგუმენტებისა და კონტრატგუმენტების აწონ–დაწოვნის, დედის მოსაზრებების მოსმენის, მასწავლებელთან ინფორმაციის გაზიარების შემდეგ, ტყუპებმა მომდევნო კლასში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ოჯახური გადაწყვეტილების შედეგები ხელსაყრელი აღმოჩნდა – ტყუპები კმაყოფილებიც იყვნენ და კარგადაც სწავლობდნენ. 

„შესაძლებელია თუ არა III მეთოდის გამოყენება მცირეწლოვანებთან?”

„ვხედავ, რომ III მეთოდი წარმატებით შემიძლია გამოვიყენო მოზრდილ ბავშვებთან, რომლებსაც უკვე საუბარი და ფიქრი შეუძლიათ, მაგრამ არა 2–დან 6 წლამდე. ისინი იმდენად პატარები არიან, რომ არც კი იციან რა არის მათთვის უკეთესი. მათთან I მეთოდის გამოყენება ხომ არ აჯობებს?” ეს ის კითხვაა, რომელსაც თითქმის ყველა მშობელი სვამს. მცირეწლოვანი შვილების მშობელთა გამოცდილება მეთოდის წარმატებულობას ადასტურებს. გთავაზობთ სამი წლის გოგონასა და დედის დიალოგს:

ლაურა: მეტი აღარასოდეს დავრჩები ძიძასთან.
დედა: არ მოგწონს ქალბატონ კროკეტთან დარჩენა, როცა მე სამსახურში მივდივარ?
ლაურა: არა, არ მინდა იქ წასვლა.
დედა: მე სამსახურში უნდა წავიდე სახლში მარტო ვერ დარჩები, მაგრამ ვატყობ, არ მოგწონს იქ წასვლა. იქნებ რაიმე მოვიფიქროთ, რომ გაგიადვილდეს დარჩენა?
ლაურა (დუმს): ტროტუარზე დავრჩები, სანამ შენ მანქანას დაძრავ.
დედა: ჰო, მაგრამ ქალბატონ კროკეტს სხვა ბავშვებიც მისახედი ჰყავს და შენ თუ გარეთ იქნები, ვერ მოგაქცევს ყურადღებას.
ლაურა: შემიძლია ფანჯრიდან გიყურო, სანამ შენი მანქანა ჩანს.
დედა: ასე თავს უკეთ იგრძნობ?
ლაურა: კი.
დედა: კარგი, ვცადოთ!

აი როგორ აღწერს ორი წლის გოგონას დედა არაძაუფლებრივი მეთოდის გამოყენების შედეგს:

„ერთ საღამოს ვახშამს ვამზადებდი, ჩემი გოგონა იქვე ხის ცხენზე იჯდა და მხიარულად ჭყიოდა. შემდეგ ცხენიდან ჩამოვიდა, მანქანაში ბავშვის სკამის მისამაგრებელი ქამრები აიღო და აღვირის გაკეთება დაიწყო. უშედეგო მცდელობების გამო სულ მთლად გაწითლდა და აზუზუნდა. ვიგრძენი, რომ ვბრაზდებოდი. საქმეს თავი დავანებე და გევრდზე მივუჯექი, როგორც ასეთ დროს ვიქცევი ხოლმე. მან ხელი მკრა და აზლუქუნდა. ახლა კი მზად ვიყავი თავის ცხენთან და აღვირთან ერთად თავის ოთახში გამეყვანა და კარი მომეხურა, რომ მისი ზლუქუნი აღარ გამეგო. უცებ ვიგრძენი, რომ შიგნით რაღაც გადამიტრიალდა. ისევ დავუჯექი გვერდზე, მხრებზე ხელი მოვხვიე და ვკითხე: „ძალიან ბრაზობ, მარტო რომ ვერ შეძელი აღვირის გაკეთება?” მან თავი დამიქნია, ზლუქუნი შეწყვიტა და რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მხიარულად ჭყიოდა თავის ცხენზე. „აი, სინამდვილეში რა ადვილი ყოფილა!” გავიფიქრე გულში”.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე მარტივად არ არის საქმე, მაგრამ III მეთოდი მართლაც გასაოცრად ამართლებს არათუ სკოლამდელებთან, ჩვილებთანაც კი. მახსენდება ჩვენს ოჯახში მომხდარი ამბავი: 

„ჩვენი გოგონა ხუთი თვის იყო, როდესაც ტბის პირას კოტეჯში დასვენება გადავწყვიტეთ. ამ მოგზაურობამდე პატარას საღამოს 11:00–დან დილის 7:00–მდე მშვიდად ეძინა ხოლმე. გარემოს შეცვლამ ბოლო მოუღო ჩვენს ბედნიერებას. პატარამ დილის 4 საათზე დაიწყო გაღვიძება და საჭმლის გამო ტირილი. რა თქმა უნდა ამ დროს გაღვიძება ჩვენთვის ძალზე რთული იყო. სექტემბერი იდგა და თანაც ვისკონსინის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ვიყავით. გასათბობად შეშის ღუმელი გვქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნაჩქარევად უნდა დაგვენთო ცეცხლი და როგორმე გაგვეყვანა ის ერთი საათი, რაც ბავშვის რძის მომზადებას დასჭირდებოდა. ვგრძნობდით, რომ „ინტერესთა კონფლიქტი” გვქონდა და პრობლემა ერთობლივი ძალებით უნდა გადაგვეჭრა. მოლაპარაკების შემდეგ პატარას ასეთი ალტერნატივა შევთავაზეთ იმ იმედით, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა. იმის ნაცვლად, რომ საღამოს 11 საათზე გაგვეღვიძებინა და გვეჭმია, 12–მდე დავაცადეთ ძილი და მერე ვაჭამეთ. მეორე დილას პატარამ 5 საათზე გაიღვიძა. დასაწყისისათვის არც ისე ცუდი იყო. იმ საღამოს ნორმაზე ცოტა მეტი ვაჭამეთ და 12:30–ზე დავაძინეთ. ხერხმა გაჭრა და მომდევნო  დღეებში 7 საათზე იღვიძებდა ხოლმე, როცა ისედაც უნდა ავმდგარიყავით და სათევზაოდ წავსულიყავით, რადგან ამ დროს ყველაზე მეტი თევზის დაჭერა შეიძლებოდა. შედეგად, არავინ დამარცხებულა, ყველამ გავიმარჯვეთ”.

III მეთოდის გამოყენება ჩვილებთან არათუ შესაძლებელი, აუცილებელიც კი არის. რაც უფრო ადრე დავიწყებთ მის გამოყენებას, მით უფრო ადრე ისწავლის ჩვენი შვილი დემოკრატიულ ურთიერთობებს, სხვების მოთხოვნილებების პატივისცემას და იმის გაცნობიერებას, რომ თვით მის მოთხოვნილებებსაც პატივს სცემენ.

როდესაც ჩვენს კურსებზე მოზრდილი შვილების მშობლები მოდიან და I და II (კონფრონტაციული) მეთოდის შემდეგ III მეთოდის გამოყენებას იწყებენ, გაცილებით მეტ სიძნელეებს აწყდებიან, ვიდრე ის მშობლები, რომლებიც თავიდანვე III მეთოდს იყენებენ.

„ეს რა ახალი ფსიქოლოგიური ხრიკია, რომ ის გაგვაკეთებინოთ, რაც თქვენ გსურთ?” ასეთი კითხვა დასვა ერთ–ერთმა მოზარდმა ვაჟმა, როდესაც მისმა მშობლებმა პირველად სცადეს III მეთოდის გამოყენება. ეს გონიერი ბიჭი მიჩვეული იყო პრობლემების გადაჭრას გამარჯვება–დამარცხების მეთოდით (როცა დამარცხებული მუდამ თავად იყო) და აღარ ენდობოდა მშობლების კეთილ განზრახვას და მათ გულწრფელ სურვილს მოესინჯათ უდანაკარგო მეთოდი. მომდევნო თავში შემოგთავაზებთ რჩევებს მოზარდთა ამგვარი წინააღმდეგობის დასაძლევად. 

„არის თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა აუცილებელია I მეთოდის გამოყენება?”

თითქმის ყველა ჯგუფში გვხვდება მშობელი, რომელიც ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს III მეთოდი ან დაამტკიცოს მისი შეზღუდულობა:

„თუ ბავშვი ქუჩაზე გადარბის და ლამისაა მანქანას შეუვარდეს. განა იძულებული არა ხარ I მეთოდი გამოიყენო?”
„თუ ბავშვს აპენდიციტის შეტევა აქვს, განა იძულებული არ ხარ I მეთოდი გამოიყენო და საავადმყოფოში წასვლა აიძულო?”

ჩვენი პასუხი ორივე კითხვაზე დადებითია. ეს კრიზისული სიტუაციებია, რომელიც დაუყოვნებლივ და მტკიცე ქმედებას მოითხოვს. თუმცა, როცა საქმე მანქანის წინ გადარბენას ან საავადმყოფოში სასწრაფოდ წაყვანას არ ეხება, შეგვიძლია არაძალაუფლებრივი მეთოდები გამოვიყენოთ. 

თუ ბავშვს ჩვევად აქვს ქუჩაზე გადარბენა, თავდაპირველად მშობელს შეუძლია გააფრთხილოს მოსალოდნელ შედეგებზე, ისეირნოს მასთან ერთად ტროტუარზე, აჩვენოს იმ ბავშვის ფოტო, რომელიც ავტოკატასტროფაში მოხვდა, შემოღობოს ეზო, რამდენიმე დღის განმავლობაში თვალყური ადევნოს და ყოველ ჯერზე, გარეთ გასვლის მცდელობისას გააფრთხილოს. დასჯის მომხრეც რომ ვყოფილიყავი, მაშინაც კი არ ვიქნებოდი მხოლოდ მის იმედზე, თუკი საქმე შვილის სიცოცხლეს ეხება. ვეცდებოდი, უფრო კონკრეტული და ქმედითი გზები მომენახა. 

არაძალაუფლებრივი მეთოდები ასევე წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ, თუკი ბავშვი ავად არის, ნემსის გაკეთება ან ქირურგიული ოპერაცია სჭირდება. ქვემოთ მოცემულ სიტუაციაში მოთხრობილია როგორ იყენებს დედა აქტიურ მოსმენას თავის ცხრა წლის ქალიშვილთან, რომელსაც თივის ციებ–ცხელების საწინააღმდეგოდ ინექციების კურსი აქვს გასაკეთებელი. 

ლინდსი (გრძელი მონოლოგი აქვს): არ მინდა ამ ნემსების გაკეთება. ვის მოსწონს ნემსები? მტკივნეულია… მგონია, რომ მთელი სიცოცხლე უნდა მიკეთონ… კვირასი ორჯერ… მირჩევნია მახველებდეს ან მაცემინებდეს… რატომ მიგყავარ?

დედა: ჰმმმ.
ლინდსი: გახსოვს მუხლი რომ გადავიყვლიფე და ნემსი გამიკეთეს?
დედა: ჰო, რა თქმა უნდა მახსოვს. ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა გაგიკეთეს.
ლინდსი: შენ და ექთანი მელაპარაკებოდით და მთხოვეთ კედელზე დაკიდებული სურათისათვის შემეხედა. ვერც კი გავიგე ნემსი როგორ გამიკეთეს.
დედა: ბევრ ექთანს ისე შეუძლია ნემსის გაკეთება, რომ ვერც კი იგებ.
ლინდსი (საავადმყოფოსთან მიახლოებისას): არ შემოვალ.
დედა (ყურში ეჩურჩულება): რა თქმა უნდა, გერჩივნა სულ არ მოვსულიყავით.
ლინდსი (მეტისმეტად ნელი ნაბიჯით მიჰყვება).
დედის სიტყვებით, ამბავი იმით დამთავრდა, რომ ლინდსიმ ვაჟკაცურად აიტანა ინექციები და ექთანისგან ქებაც კი დაიმსახურა. დედა ასე ასრულებს ნაამბობს: „P.E.T.–ის კურსების მოსმენამდე, ალბათ, ლექციას წავუკითხავდი ექიმის მიერ დანიშნული ინექციების აუცილებლობაზე, ვუამბობდი, მე როგორ მიშველა ნემსებმა, როცა ალერგია მქონდა, დავარწმუნებდი ნემსების უმტკივნეულობაში, ვესაუბრებოდი იმის შესახებ, როგორ გაუმართლა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არა აქვს და ბოლოს გავუბრაზდებოდი და ვუბრძანებდი, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ზლუქუნი. რა თქმა უნდა, იმის შანსსაც კი არ მივცემდი, გაეხსენებინა ექთანი, რომელიც ისე აკეთებს ნემსს, რომ „ვერც კი იგებ”. 
„შვილები ჩემს პატივისცემას ხომ არ დაკარგავენ?” 

ზოგიერთი მშობელი, განსაკუთრებით მამები, შიშობენ, რომ თუ III მეთოდს გამოიყენებენ შვილების პატივისცემას დაკარგავენ. აი მათი ყველაზე გავრცელებული შეხედულებები:

„მეშინია, რომ შვილები თავზე გადამახტებიან”.
„განა შვილებმა თვალებში არ უნდა უყურონ თავიანთ მშობლებს?”
„ვფიქრობ, შვილებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი მშობლების ავტორიტეტს”.
„თქვენი აზრით, შვილებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც თანასწორებს?”

ბევრ მშობელს არასწორად ესმის სიტყვა „პატივისცემის” მნიშვნელობა. ზოგჯერ, როდესაც ამ სიტყვას იყენებენ, მაგალითად, ფრაზაში „ჩემი ავტორიტეტის პატივისცემა”, სინამდვილეში „შიშს” გულისხმობენ. მათ ადარდებთ, რომ შვილებს აღარ ექნებათ მშობლების შიში და შედეგად, ვეღარ დაიმორჩილებენ, ვეღარ გააკონტროლებენ. ამის საპასუხოდ ზოგიერთი მათგანი ამბობს: „არა, ამას არ ვგულისხმობდი – მინდა პატივს მცემდნენ ჩემი შესაძლებლობების, ცოდნის და ა.შ. ნამდვილად არ მინდა, ჩემი ეშინოდეთ”. 

 „თქვენ როგორ გიჩნდებათ სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემა?” ვეკითხებით ხოლმე ამ შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ასეთ პასუხს ვისმენთ: „მან უნდა გვიჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები – როგორღაც უნდა დაიმსახუროს ჩემი პატივისცემა”. როგორც წესი, მშობლებისათვის ცხადი ხდება ხოლმე, რომ მათაც უნდა დაიმსახურონ შვილების პატივისცემა საკუთარი უნარებისა და ცოდნის დემონსტრირებით.

მშობელთა უმრავლესობა საღი განსჯის საფუძველზე ხვდება, რომ უსაფუძვლოა პატივისცემის მოთხოვნა – მას დამსახურება სჭირდება. თუ მათი უნარები და ცოდნა პატივსაცემია, შვილების პატივისცემა ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – არა.

ის მშობლები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, გამარჯვება–დამარცხების მიდგომის III მეთოდით ჩასანაცვლებლად, აღმოაჩენენ ხოლმე, რომ შვილებს მათდამი ახლებური პატივისცემა უჩნდებათ, რომელსაც შიში კი არ განაპირობებს, არამედ მათ ცნობიერებაში მშობლის, როგორც პიროვნების ახლებური აღქმა. ქვემოთ მოცემული წერილი ერთ–ერთი სკოლის დიტექტორმა გამომიგზავნა:

„ადვილად რომ წარმოიდგინოთ, რა როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში P.E.T.–მა, გიამბობთ ჩემს გერთან ურთიერთობებს, რომელსაც დანახვისთანავე არ მოვეწონე. მაშინ ორწლინახევრის იყო. მისი აგდებული დამოკიდებულება საგონებელში მადგებდა. ზოგადად, ბავშვებს ვუყვარვარ, მხოლოდ სალის გული ვერ მოვიგე. ვამჩნევდი, რომ თანდათან მის მიმართ ზიზღი მიჩნდებოდა. ერთხელ სიზმარი ვნახე, სადაც მის მიმართ ჩემი გრძნობები იმდენად მტრული და უსიამოვნო იყო, რომ ცივ ოფლში გავიღვიძე. მივხვდი, რომ დახმარება მჭირდებოდა. მკურნალობის კურსი ჩავიტარე და ცოტა დავმშვიდდი, თუმცა სალის კვლავ არ ვუყვარდი. მკურნალობიდან წლინახევრის შემდეგ, ამასობაში კი სალი ათი წლის გახდა, თქვენი კურსები გავიარე და თვითონ გავხდი მასწავლებელი. ერთი წლის განმავლობაში მე და სალის ისეთი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, რომელზეც მხოლოდ ოცნებას თუ გავბედავდი. ახლა 13 წლისაა. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს, გვიყვარს ერთმანეთი, ვიცინით, ვკამათობთ, ვთამაშობთ, ვმუშაობთ და დრო და დრო ვბრაზობთ ერთმანეთზე. ერთი თვის წინ სალიმ სიმწიფის ატესტატი მიიღო. მთელი ოჯახი ჩინურ რესტორანში წავედით. სანამ ბედის ნამცხვარში ჩადებულ ბარათს წავიკითხავდით, სალიმ ჩუმად წაიკითხა თავისი ბარათი, გადმომაწოდა და მითხრა: „მამ, ეს შენ უნდა შეგხვედროდა”. „ბედნიერებას თქვენს შვილებში იპოვით, ისინი კი თქვენში”, ეწერა ბარათზე. როგორც ხედავთ, მიზეზი მაქვს P.E.T.–ის მადლობელი ვიყო”.

მშობელთა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ სალის პატივისცემა მამინაცვლისადმი სწორედ ის არის, რასაც მრავალი მშობელი ნატრობს საკუთარი შვილისაგან. რასაკვირველია, III მეთოდი შვილებს აკარგვინებს მშობლებისადმი შიშზე აგებულ „პატივისცემას”, მაგრამ რას კარგავს მშობელი, თუკი სანაცვლოდ გაცილებით ღირებულ პატივისცემას დაიმსახურებს? 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი