ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

თომას ედისონის სასკოლო თავგადსავალი და წარმატების ამბავი

თომას ედისონმა, რომელმაც თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში უდიდესი როლი ითამაშა, პირველი გამოგონება 21 წლის ასაკში, 1868 წელს დააპატენტა. სიცოცხლის დასასრულს მას აშშ-ში უკვე 1093 პატენტი ჰქონდა. ასევე უამრავ პატენტს ფლობდა დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელია ედისონის გონებრივ შესაძლებლობებში დაეჭვება, თუმცა მისი სკოლის მასწავლებელი დარწმუნებული იყო, რომ ამ უუნარო ბიჭუნას სკოლაში არაფერი ესაქმებოდა.

თომას ალვა ედისონი 1847 წლის 11 თებერვალს ოჰაიოში, ქალაქ მაილანში დაიბადა. 1954 წელს ოჯახი მიჩიგანში, პორტ-ჰურონში გადავიდა საცხოვრებლად. ედისონმა სკოლაში მხოლოდ სამი თვე იარა, რის შემდეგაც მასწავლებელმა დედამისს ურჩია, ბავშვისთვის თავად მიეხედა.

თომასი სემუელ ედისონისა და ნენსი ელიოტის მეშვიდე შვილი იყო. როცა დაიბადა, რამდენიმე და-ძმა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა. თომასს უჩვეულოდ დიდი თავი ჰქონდა და ექიმმა „ტვინის ანთება“ იეჭვა, მაგრამ შეცდა. თომას მხოლოდ მარცხენა ყურში არ ჰქონდა სმენა, ისიც – რთულად გადატანილი ინფექციური დაავადების გამო. შვილების დაკარგვით დათრგუნული მშობლები თომასს დიდი მზრუნველობით ზრდიდნენ და სიყვარულით ალვას ეძახდნენ.

ვინაიდან ალვას გაცილებით უფროსი დედმამიშვილები ჰყავდა, ხშირად უწევდა მარტო თამაში, მაგრამ არასოდეს იწყენდა. საქმე ის არის, რომ 1847 წელს მაილანი აყვავების პიკზე იყო – ახალმა არხმა ქალაქი საპორტო სამოთხედ აქცია. ფერმერების პროდუქტი და ხეტყე, ოჰაიოს ყველაზე დიდი სიმდიდრე, ამ არხის მეშვეობით მარტივად ხვდებოდა ბაზარზე – ერის ტბის გავლით პირდაპირ ნიუ-იორკში. ნავსადგურში უზარმაზარი რიგები იდგა და ეს ყველაფერი კარგად მოჩანდა ედისონის სახლიდან, ამიტომ პატარა ალვა მუდამ მოვლენების ეპიცენტრში ტრიალებდა. მეგობრებთან ერთად ცურავდა, აშენებდა სათამაშო გზებს და რკინიგზას, თან მეზღვაურთა სიმღერებს ღიღინებდა. ალვა ცნობისმოყვარე ბავშვი იყო და ხშირად ეხვეოდა საშიშ თავგადასავლებში. ერთხელ არხში ჩავარდა და კინაღამ დაიხრჩო, მეორედ – ხორბლის ორმოში და ძლივს გადაარჩინეს გაგუდვას. მამისეულ სახელოსნოში თამაშის დროს შემთხვევით ცეცხლი წაუკიდა იქაურობას და გადაწვა. ცეცხლი მეზობელ შენობასაც მოედო, რის გამოც მამამ ალვა სამაგალითოდ და საჯაროდ გაწკეპლა. არადა, ძალიან უყვარდა შვილი, თუმცა კი ჩიოდა ხოლმე, რომ ბავშვი ბევრ „სისულელეს“ ეკითხებოდა, რაზეც პასუხები არ ჰქონდა.

ახალგაზრდა ედისონის პრობლემები მისი დაბნეულობის ბრალი იყო. ის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირდებოდა ხოლმე და ვეღარ ამჩნევდა, რა ხდებოდა გარშემო. ერთხელ ალვა მეგობართან ერთად საბანაოდ წავიდა და ვიდრე ქვაზე ჩაფიქრებული იჯდა, მეგობარი ისე დაიხრჩო, ვერც კი შეამჩნია. როდესაც რეალობას დაუბრუნდა, შინისკენ გასწია – ეგონა, მეგობარმა სახლში მისვლა დაასწრო და არც მოიკითხა. საღამოს წყალმა დამხრჩვალი ბიჭუნა გამორიყა და ამ ტრაგედიაში, ცხადია, ალვა დაადანაშაულეს. ბავშვმა მართლაც დაიჯერა, რომ არაფრად ვარგოდა…

ალვასთვის პირველი „ჯადოქარი“ მაილანელი ორთქლის წისქვილის მეპატრონე სემ ვინჩესტერი იყო. ამ კაცს გიჟს ეძახდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გრანდიოზული პროექტი ჰქონდა – სამგზავრო დირიჟაბლის შექმნაზე ოცნებობდა. შვიდი წლის ალვა სულ მეწისქვილესთან ტრიალებდა, რაც ძალიან აბრაზებდა მამამისს. ალვა კი დირიჟაბლის იდეით მოწამლულიყო და ჯიუტად დაიარებოდა მეოცნებე ვინჩესტერთან. სხვათა შორის, თავისი ექსპერიმენტი მეწისქვილემ ბოლომდე მიიყვანა, საჰაერო გემი ააშენა, ააფრინა კიდეც, მაგრამ გემიანად უგზო-უკვლოდ დაიკარგა…

პორტ-ჰურონში გადასვლის შემდეგ ედისონების ოჯახმა ხორბლის, ხეტყისა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას მიჰყო ხელი. გარდა ამისა, სემუელ ედისონმა ეზოში 30-მეტრიანი ხის კიბე ააშენა. ნებისმიერ მსურველს შეეძლო 25 ცენტად კიბეზე ასვლა და იქიდან ხედებით დატკბობა. მეზობლები დასცინოდნენ უფროს ედისონს, მაგრამ საქმე შემოსავლიანი აღმოჩნდა. ალვა მამას კიბის აშენებასა და თანხის აკრეფაში ეხმარებოდა, ყანაშიც მუშაობდა და იცოდა, რომ ფული ძნელი საშოვნელი იყო. საოჯახო ფერმაში ის მშობლებთან ერთად უვლიდა სიმინდს, ხახვს, ბოლოკს, ჭარხალს. მოსავალი ფორნით კარდაკარ დაჰქონდა და ყიდიდა.

სწორედ იმ ხანებში გამოიცა კანონი, რომლის თანახმადაც სკოლაში სწავლა სავალდებულო გახდა, მაგრამ 60 წელი დასჭირდა იმას, რომ ეს კანონი ყველა შტატს აღესრულებინა. ბავშვების უმრავლესობა მაინც არ დადიოდა სკოლაში – მეურნეობებში, მაღაროებში ან ქარხნებში მუშაობდნენ და გაკვეთილებს მხოლოდ ზამთრობით, რამდენიმე თვის განმავლობაში ესწრებოდნენ. გაუნათლებლობა ცხოვრებაში ხელს არ უშლიდათ – წერა-კითხვისა და ელემენტარული ანგარიშის ცოდნაც ჰყოფნიდათ.

ალვას დედა მღვდლის ქალიშვილი იყო და კარგი განათლება მიიღო, ახალგაზრდობაში მასწავლებლადაც მუშაობდა. სწორედ მან ასწავლა ალვას წერა-კითხვა, ხატვა და გადაწყვიტა, სკოლაშიც მიებარებინა. მომავალი გამომგონებელი ფიზიკურად სუსტი ბავშვი იყო და ხშირად ავადმყოფობდა. სკოლაშიც გვიან შევიდა. ქალაქის სკოლას ჯორჯ ინგლი ხელმძღვანელობდა. ის ძალიან მკაცრი მასწავლებელი იყო. მისი მეუღლეც იქვე მუშაობდა. ცოლ-ქმარი სწავლის საუკეთესო მეთოდად დაზეპირებას მიიჩნევდა და თუ მოსწავლეს რამე შეეეშლებოდა, ტყავის ქამრით ან წკეპლით სცემდნენ. ალვა ხშირად ისჯებოდა, უჭირდა ერთ ადგილას ჯდომა და ზუთხვა. ის მიჩვეული იყო საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული ახალი ცოდნის მიღებას. სკოლის გაკვეთილები ინტერესს ვერ აღუძრავდა, ან უამრავ კითხვას სვამდა. მასწავლებელი ამის გამო საჯაროდ დასცინოდა და „უნიჭოს, უუნაროს“ უწოდებდა. მრავალი წლის შემდეგ ედისონი იხსენებდა: „სკოლაში კარგად სწავლას ვერ ვახერხებდი. ყოველთვის ჩამოვრჩებოდი თანაკლასელებს. მეჩვენებოდა, რომ მასწავლებელს ჩემი საერთოდ არ ესმოდა, მამაჩემს კი სულელად მივაჩნდი“.

ბიჭუნა სკოლიდან ატირებული გამორბოდა და დედას ევედრებოდა, საძულველი სასწავლო დაწესებულებიდან გამოეყვანა. ერთხელაც გაბრაზებულმა ნენსი ედისონმა ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და საქმის გასარჩევად სკოლისაკენ გასწია. ინგლის მკაცრი მეთოდები მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ფორმალურად თომას ედისონმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა გამომგონებელმა, მხოლოდ სამი თვე იარა სკოლაში. ახალი სკოლის პოვნის ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ დედამ გადაწყვიტა, მისთვის სახლში მიეცა განათლება. სინამდვილეში ედისონი დამოუკიდებლად სწავლობდა. ნენსი მისთვის მხოლოდ იმ წიგნებს შოულობდა, რომელთა მიმართაც ბავშვი ცხოველ ინტერესს იჩენდა, არ აძალებდა მისთვის უინტერესო დისციპლინებს, მაგალითად, მართლწერას და არითმეტიკას.

ცხრა წლის ალვა დამოუკიდებლად კითხულობდა მსოფლიო ისტორიას, შექსპირს და დიკენსს. პირველი სამეცნიერო წიგნი, რომელიც წაიკითხა, რიჩარდ გრინ პარკერის „ნატურალური და ექსპერიმენტული ფილოსოფია“ იყო. სწორედ ამ წიგნმა უბიძგა გამოგონებებისა და ექსპერიმენტებისკენ.

დედას სჯეროდა, რომ მისი შვილი არ იყო უუნარო, უბრალოდ, სხვაგვარი მიდგომა სჭირდებოდა. ედისონს ეს ყოველთვის ახსოვდა და უსაზღვროდ მადლიერი იყო: „ჩემი შემოქმედი დედაა. მან გამიგო და მომცა ჩემი მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა“, – ამბობდა ის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი