ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ დავწეროთ სასკოლო პროექტი

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინტერაქტიული მეთოდია, რომელიც მრავალმხრივ სამუშაოში მოსწავლეთა მაღალ თანამშრომლობით ჩართულობას მოითხოვს. პროექტული სწავლების გზით მოსწავლეებს შეუძლიათ კვლევითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება. ამას გარდა, მოზარდებს ეძლევათ საკომუნიკაციო უნარების დახვეწის შესაძლებლობაც.

როგორც წესი, პროექტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მოსწავლეებს მიზნის მისაღწევად სამუშაო პროცესის დეტალურად დაგეგმვა, საჭირო ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, მოკვლევა, პრაქტიკული სამუშაოს განხორციელება და ჩატარებული სამუშაოს შედეგად მიღწეული შედეგების პრეზენტირება უწევთ. სასკოლო პროექტი კეთებით სწავლების შესანიშნავი საშუალებაა და მას  პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მიზნის მისაღწევად ან რაიმე ინიციატივის დანერგვისთვის იყენებენ. პროექტული სწავლების მეთოდის მთავარ პლიუსად დაგეგმვის პროცესში პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მრავალმხრივი უნარების განვითარება მიიჩნევა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა გუნდური სამუშაო უფროა, მისი შესრულება ინდივიდუალურადაცაა შესაძლებელი, თუმცა ეს არ გამორიცხავს მიზნობრივი კომუნიკაციის (პროექტის ფასილიტატორთან თანამშრომლობა, მოკვლევის პროცესში ექპერტებთან გასაუბრება და სხვ.) საჭიროებას. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, ხშირად პროექტში რამდენიმე დისციპლინა ერთვება და ინტეგრირებულ სამუშაო პროცესს წარმართავს.

სასკოლო პროექტი რამდენიმე გზით შეიძლება განხორციელდეს. საწყის ეტაპზე, სანამ მოსწავლეები აღნიშნული მეთოდს შეეჩვევიან, სასურველია, პროექტი მასწავლებლის მიერ დაიგეგმოს, ანუ მან განსაზღვროს პრობლემა, დასახოს გადაჭრის გზები, დაგეგმოს პრობლემის აღმოფხვრისკენ მიმართული ნაბიჯები და ა.შ. შემდეგ ჯერზე მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებიც ჩართოს დაგეგმვის პროცესში და მისცეს მათ პრობლემის შერჩევის ან გადაჭრის გზების დასახვის საშუალება. პროექტული სწავლების მთავარ მიზანს კი მოსწავლის დამოუკიდებლად ქმედება წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდივიდმა ან ჯგუფმა თავად უნდა განსაზღვროს პრობლემა, აირჩიოს მიზნის მიღწევისთვის შესაფერისი მეთოდი და დასახოს პრობლემის გადაჭრის გზები. თუმცა, სანამ ამ ყველაფერს მოსწავლეებს გავაკეთებინებთ, სასურველია, ჯერ თავად გავერკვეთ პროექტის წერასთან დაკავშირებულ ნიუანსებში. ამას გარდა, პერიოდულად მასწავლებლებსაც ევალებათ საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობა, რაც მათი მხრიდან მიზნის შესაბამის პროფესიულ მზაობას მოითხოვს.

აქვე გაგაცნობთ პროექტის ზოგად სტრუქტურას და ნიმუშად ჩემ მიერ შედგენილ სასკოლო რეფორმასთან დაკავშირებულ პროექტს (ადაპტირებული ვერსია) წარმოგიდგენთ.

საგანმანათლებლო პროექტის სტრუქტურა ასე გამოიყურება:

  • ნაშრომის თავფურცელი
  • ინფორმაცია პროექტის ავტორ(ებ)ის და შემსრულებლ(ებ)ის შესახებ
  • აბსტრაქტი
  • შესავალი
  • პროექტის (დაგეგმილი აქტივობების) აღწერა
  • პროექტის შესრულების განრიგი
  • ბიუჯეტი და საჭირო რესურსების ჩამონათვალი
  • მოსალოდნელი შედეგები
  • მონიტორინგი და შეფასება

შენიშვნა: ზემოაღნიშნული თავები შეიძლება ჩაიშალოს ქვეთავებად ან გამოისახოს ამავე შინაარსთან დაკავშირებული სხვა ტერმინებით.

პროექტს თვალსაჩინოების სახით დაერთვის შემდეგი დოკუმენტები: კვლევის და/ან სასწავლო ინსტრუმენტები (კითხვარი, დაკვირვების ფორმა, რეფლექსია და ა.შ.), ცხრილები, თემატური ფოტო-ვიდეო მასალა და სხვ. დანართში განთავსებული მასალები პროექტს გაცილებით მიმზიდველს და დამაჯერებელს ხდის.

სანამ პროექტის დაგეგმვას დაიწყებთ, სასურველია, შეისწავლოთ იმ სკოლის ზოგადი მდგომარეობა, სადაც სასკოლო პროექტის განხორციელებას აპირებთ. ე.წ. პროფილის ანალიზისთვის კითხვარის შედგენა დაგჭირდებათ. მასში შეგიძლიათ შეიტანოთ პროექტთან დაკავშირებული საკითხები. პასუხების გაანალიზების შედეგად გამოკვეთთ სკოლის დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც თქვენ მიერ დასმული პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნას მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ.

სასკოლო პროექტი ,,განათლების  ხარისხის  გაუმჯობესება სსიპ ქალაქ თბილისის N საჯარო სკოლაში“

პროექტის კოორდინატორი: თამთა დოლიძე

შენიშვნა:  პროექტს ერთვის საკონტაქტო ინფორმაცია პროექტის ავტორისა და სკოლის შესახებ. აქვე მითითებულია პროექტის დაწყების და დასრულების თარიღი.

პროექტის მიზანი

მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა

პროექტის ამოცანები

  • მასწავლებლების სატრენინგო პროგრამებში ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ჩართვა;
  • საგნობრივი კათედრების გააქტიურება;
  • კათედრებისა და ადმინისტრაციის ურთიეთთანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • გამოცდილების გაზიარების სისტემატიზება;
  • ადმინისტრაციის მხრიდან პედაგოგთა წახალისების ფორმების შემოღება.

 

შესავალი

2019 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მასწავლებელთა შეფასებისა და განვითარების სქემაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანეს. აქამდე მასწავლებელთა კვალიფიკაცია საგნობრივი და პროფესიული გამოცდებით და კრედიტქულების სისტემით იზომებოდა. სქემის ტრანსფორმაციის პროცესში მასწავლებლებს დასჭირდებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, რათა მათ დროულად მიეწოდოთ ვალიდური ინფორმაცია სქემასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ. არსებობს იმის საშიშროება, რომ ძველ მოთხოვნებს მორგებული მასწავლებლები, რომლებიც გარკვეული სარგებლის მოლოდინში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ აქტივობებში, დაკარგავენ პროფესიული განვითარების სურვილს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სკოლამ პედაგოგების მხარდასაჭერად და გასააქტიურებლად გარკვეული ღონისძიებები თავადაც უნდა დაგეგმოს.

სსიპ ქალაქ თბილისის N საჯარო სკოლის პედაგოგთა 47% (9 პედაგოგი 19-დან) სერტიფიცირებულია. როგორც ჩანს, დარჩენილი 53% აქამდე არ დაინტერესებულა პროფესიული განვითარებით და კარიერული ზრდით. ამიტომ, ჩემ მიერ წარმოდგენილი პროექტი ზემოაღნიშნული სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარებისადმი დამოკიდებულების შეცვლაზე იქნება ორიენტირებული.

ჩემი აზრით, აუცილებელია მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარებასთან დაკავშირებული ვალიდური ინფორმაციის სისტემატურად მიწოდება, რასაც პერიოდული საინფორმაციო შეხვედრებით უზრუნველვყოფთ. ამას გარდა, საჭიროდ მიმაჩნია სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის განვითარება, რადგან სკოლა გუნდური მუშაობის პრინციპზე აგებული ორგანიზაციაა, თან მუდმივად იცვლება და ორიენტირებს დროში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურ შედეგს მხოლოდ კოორდინირებული მუშაობის შედეგად მივაღწევთ.

 

მიზნის მიღწევისთვის საჭირო აქტივობები

შენიშვნა: ნიმუშად წარმოგიდგენთ პროექტის ამოცანებს მორგებული აქტივობებიდან (მასწავლებლების სატრენინგო პროგრამებში ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ჩართვა, კათედრების მუშაობის გააქტიურება, სკოლის განვითარების გუნდის შექმნა, დამატებითი გაკვეთილების გრაფიკის შემოღება, სკოლის განვითარების ფონდის შექმნა)  ერთ-ერთის აღწერას.

  • სკოლის განვითარების გუნდის შექმნა

საგნობრივ კათედრებზე სამუშაო პროცესების გააქტიურების პარალელურად, მათი ხელმძღვანელებისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანიც კათედრათაშორისი კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება იქნება. ამას გარდა, სკოლის განვითარების გუნდს დაევალება სკოლის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო სიახლეების კათედრებზე დროულად გავრცელება. სკოლის განვითარების გუნდის წევრები შეიკრიბებიან ორ კვირაში ერთხელ (მინიმუმ 18 შეხვედრა წელიწადში) შეხვედრებს დაესწრებიან კათედრების წარმომადგენლები და ადმინისტრაციის წევრები. მათ საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ სკოლის დირექტორის მოწვევა. სკოლის განვითარების გუნდის მიზანია თანამშრომლობის გზით საგანმანათლებლო სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა (ინტეგრირებული გაკვეთილები, სასკოლო პროექტები, არაფორმალური აქტივობები და სხვ.), ადმინისტრაციისთვის კათედრებზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხების გაზიარება და აკადემიური/ფინანსური პრობლემების გადაჭრა. სკოლის განვითარების გუნდის საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება შეეძლებათ, როგორც კათედრის ხელმძღვანელებს, ასევე სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას.

 

პროექტის შედეგების შეფასება

ადმინისტრაციამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები შეიძლება სხვადასხვა გზით შეაფასოს. სკოლის განვითარების გუნდის შეხვედრებზე იგი დააკვირდება მასწავლებელთა თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების დინამიკას და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული დამოკიდებულების ცვლილებას. ამას გარდა, ადმინისტრაცია ჯგუფების მუშაობაზე დაკვირვების და ანონიმური კითხვარის დახმარებით გამოიკვლევს მასწავლებელთა დამოკიდებულებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების მიმართ. მიღწეული შედეგების პრეზენტირების მიზნით, სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრის დასასრულს სკოლის განვითარების გუნდი მოამზადებს პრეზენტაციას, სადაც დეტალურად მიმოიხილავს პროექტების განხორციელების ეტაპებსა და მიღწეულ შედეგებს. შეხვედრებზე სიტყვით გამოსვლის და საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირების საშუალება ექნება ყველა მსურველს. აღნიშნულ შეხვედრებზე მასწავლებლებს ადმინისტრაცია ე.წ. ფურშეტით გაუმასპინძლდება.

 

პროექტის კალენდარული გეგმა

 

ფინანსური რესურსი

ზემოაღნიშნული აქტივობებისთვის აუცილებელი იქნება შემდეგი ფინანსური ხარჯების გათვალისწინება:

  • კათედრების მუშაობის გააქტიურება

კათედრებზე აქტიურად მუშაობისთვის მასწავლებლებს დაერიცხებათ ყოველთვიური სახელფასო დანამატი, თვეში 100 ლარის ოდენობით (ჯამში 22 800 ლარი 19 მასწავლებელზე).

  • სკოლის განვითარების ფონდის შექმნა

ფონდის პირველი წლის ბიუჯეტი შეადგენს 10 000 ლარს, რომელიც თანაბრად გადანაწილდება საგნობრივ კათედრებზე.

  • შედეგების შეფასება

სასწავლო წლის განმავლობაში გაიმართება ორი შემაჯამებელი შეხვედრა. თითოეული შეხვედრისთვის გათვალისწინებული ხარჯი შეადგენს 300 ლარს (ჯამში 600 ლარი).

პროექტში გაწერილი აქტივობების ერთობლივი ხარჯები შეადგენს 33 400 ლარს.

 

მოსალოდნელი შედეგები

  • სასკოლო სივრცეში პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობითი გარემოს შექმნა;
  • საგანმანათლებლო ტრენინგებისადმი დამოკიდებულების შეცვლა;
  • სასწავლო პროცესის ინოვაციური მეთოდებითა და აქტივობებით გამდიდრება;
  • საგნობრივი კათედრების მუშაობის გააქტიურება;
  • განათლების ხარისხის გაუმჯობესება;
  • მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი