პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

,,ადამიანი ადამიანისთვის დღეა“

უცნაურია, სანამ ვორდის ფაილს გავხსნიდი, სულ სხვა ამბის დაწერა მინდოდა. მოკლე გეგმაც შევადგინე და საჭირო მასალებიც მოვიძიე, მაგრამ როგორც კი ცარიელი ფურცელი დავინახე,  გასული თვე გამახსენდა (ოქტომბრის მიწურულს აღებული ,,მოსავლის” დათვლა–დახარისხებას ხომ ახლახანს მოვრჩი). სიმართლე გითხრათ,  არც ისე სასიამოვნო და მეტისმეტად დამღლელი პროცესი აღმოჩნდა ჩემი თუ სხვისი შრომის ნაყოფის, გასული დღეების ნეშომპალის, (ვერ)დამთავრებული ურთიერთობების, თვალის ფსკერზე დალექილი უძილო ღამეების, მომატებული ჭაღარის, დახარჯული ენერგიის და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი რამის შეფასება–გადაფასება…უცებ, გამახსენდა ლუკა, რომელსაც შევპირდი, რომ საღამოს მასთან ერთად გავატარებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან დასახარისხებელ–დასაბინავებელი ,,მოსავალი” და ყურსასმენებში აჟღრიალებული მუსიკა მაღალ დონეზე უზრუნველყოფდა სახლში ჩემს  არყოფნას. გამახსენდა, როგორი თვალებით შემომხედა ჩემმა თერთმეტი წლის შვილმა დაწოლის წინ და  შემრცხვა…

***
ხშირად არ ვწერ ლუკაზე, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ვწერ, მაგრამ დღეს, როცა საკუთარ თავს ხელი ჩავჭიდე და ცარიელი ფურცლის ზღურბლს გადმოვაბიჯე, მივხვდი, რომ მხოლოდ შვილზე შემიძლია წერა, მასზე და სხვა ოცდამეერთე საუკუნის ბავშვებზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ მუდამ საქმიანი დედებისა და მამების მხარდაჭერის გარეშე ცხოვრება. ეს ფაქტორი, პირველ რიგში, მათ საზოგადოებრივ აქტივობებზე აისახება. პატარებს უჭირთ მოჭარბებული ემოციის დაბალანსება და მართვა, განსაკუთრებით –ფსიქოლოგიურად არასტაბილურ, არაპროგნოზირებად მოზარდებს. მცირედი გამღიზიანებელიც საკმარისია და ისე ეხეთქებიან საზოგადოებას, როგორც ლიფტის კედლებს – კლაუსტროფობიით დაავადებული ადამიანი. 

დღეს სკოლებში მოსწავლეთა საკმაოდ დიდ ნაწილს უჭირს ურთიერთობების მშვიდობიანი გზით მართვა, მათ შორის – ჩემს შვილსაც. ჩემი აზრით, მოსწავლეს ზედმეტად დაძაბულ, სტრესულ გარემოში უწევს სწავლა. სასწავლო მასალისა და მოთხოვნების მუდმივი ზრდა განაპირობებს მოსწავლის ინდივიდუალური ტემპის დაჩქარებას და რა გასაკვირია, რომ მუდმივად სწრაფ აზროვნებაზე მომართული ტვინი უფრო მეტად აღეგზნება, შედეგად კი ჰიპერაქტიურ მოსწავლეს ვიღებთ. 

მე სკოლა, ასე ვთქვათ, წინა საუკუნეში დავამთავრე; მაშინ სხვა დრო იყო.  მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, დამატებით – შემოქმედებით სტუდიაში, ლიტერატურულ სახელოსნოში, ხატვის შემსწავლელ წრეზე და ტანვარჯიშზეც კი დავდიოდი. მოკლედ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა და ძალიანაც ვიღლებოდი, მაგრამ სტრესი ნამდვილად არ მიმიღია. თანატოლებთან, მით უფრო, იმ მოზარდებთან კეთილმეგობრული ურთიერთობის დამყარება, ვინც თანატოლებში ამა თუ იმ ,,ღირსების” გამო პოპულარობით სარგებლობდა,  წინა საუკუნეშიც ,,შეუსრულებელი მისია” გახლდათ. ხშირად თანაკლასელებს შორის კონფლიქტი  ძლიერი მხარის მიერ სუსტის ,,ათვალწუნებით”, მასთან ურთიერთობის გაწყვეტით შემოიფარგლებოდა. ბიჭები უფრო მამლაყინწობდნენ, მუშტებს ავარჯიშებდნენ, მაგრამ საქმე სერიოზულ დაზიანებამდე იშვიათად თუ მივიდოდა…
რამდენიმე წლის წინ, ლუკა სკოლაში მივიყვანე და  მიზეზთა გამო, ცოტა ხნით გაკვეთილებზე დასწრება მეც მომიხდა. მგონი ბავშვებზე მეტად ვიღლებოდი, მარტო წიგნების ძებნა–ამოღება–გადაფურცვლა რად ღირს; ერთ საგანში რამდენიმე სახელმძღვანელო, რომელიც მოკლე დროში, სწრაფად და თან, ხარისხიანად უნდა აითვისო, არც ისე ადვილ ამოცანად მესახებოდა ჩემი პირველკლასელი შვილისთვის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ პერიოდში ყველაზე ცხადად ვიგრძენი დროის უკმარისობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნელ–ნელა მოვცილდი სკოლას. მალე ჩემი ტვინი უფრო მნიშვნელოვანმა, ,,ზრდასრულმა” პრობლემებმა დატბორა და ოცდამეერთე საუკუნის სასწავლო მოდელს ვერაფრითმორგებული ჩემი მეორედპირვერკლასელობაც გადამავიწყა.

ამას წინათ, ლუკას სერიოზული პრობლემები შეექმნა რამდენიმე  მოსწავლესთან და ძალიან იდარდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მეგობრობა არ შეუძლია, რომ ცუდი ადამიანია  და ამის გამო არავის გამოსდის მასთან ურთიერთობა.  თან ტიროდა, სლუკუნებდა, – რა ვქნა, ასეთი დავიბადე და აწი რაღა მეშველებაო… სერიოზულად შევშფოთდი. შევეცადე გადამერწმუნებინა, მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა. 

ახლობლებმა სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება მირჩიეს. ასეც მოვიქეცი. მერე დიდხანს ვისაუბრეთ მთავარი გმირისა და მისი სასკოლო პრობლემების შესახებ. თითქოს იგრძნო რომ მარტო არ არის, მაგრამ იმის გააზრება, რომ მარტო შენ არ დგახარ მსგავსი პრობლემის წინაშე, ჩემი აზრით, უფრო ამძაფრებს გამოსავლის არარსებობის შიშს ( ,,ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის!” )

***
მიუხედავად იმ დიდი თავისუფლებისა, რომელიც თანამედროვე მოსწავლეებს აქვთ მინიჭებული, მათი ყველა წამი დაგეგმილია. ისინიც, შესვენებისთვის განკუთვნილი ხუთი–ათი წუთის განმავლობაში, ვულკანებივით იფრქვევიან და თუ რაიმეზე საუბრობენ, მათი გული, გრძნობა და გონება მხოლოდ ტექნიკის უახლესი მიღწევებს – iphone5–სა და სხვა სანუკვარ ნივთებს უკავშირდება. რაც მთავარია, ძალიან ხშირია მოზარდებს შორის ,,ოცნების ნივთის” ფლობით მოპოვებული ერთგვარი უპირატესობის ,,ბოროტად გამოყენება”. დღეს ხომ ერთმანეთს საკუთარ ცოდნას კი არა, მშობლების სქელ ჯიბეებს ატოლებენ, თან უხარიათ რომ ,,ერთმანეთზე თითო–თითო სანტიმეტრით მაღლები არიან” და თუ ვინმე გაბედავს და ,,დაეტოლება”, აი, აქ იწყება ხელების დაკაპიწება… 

https://www.myvideo.ge/?CI=1&ci_c=video&ci_m=embed&id=ZyyoZBA7VCk

მედიის საშუალებით, ხშირად  საუბრობენ მოზარდთა შორის ძალადობაზე. აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ნარკოტიკებისა და პროსტიტუციისადმი მიდრეკილების სტატისტიკა მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს. რაც დრო გადის, ბავშვები მეტი სისასტიკით ჩადიან დანაშაულს და ასე ვთქვათ, დიდი შემართებით მიექანებიან სუიციდისაკენ,  მაგრამ მანამდე ბევრი ,,არასასურველი” თანატოლისთვის ასწრებენ სიცოცხლის გამწარებას. 
რატომ ხდება ასე? სოციოლოგების თვალით თუ შევხედავთ, დეზადაპტაცის პროცესი ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების შემადგენელი ნაწილია, ამ პროცესში მცირე აგრესიის წარმოქმნა გასაკვირი არცაა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ  ბავშვობიდან მოზარდობაში – ე.წ. თინეიჯერულ ასაკში გადასვლის პროცესი, უმეტესწილად,  დრამატულად მიმდინარეობს. ბავშვთა ფსიქოლოგებიც გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ არასრულფასოვნების გამძაფრებულ შეგრძნებასა და საზოგადოებაში თვითდამკვიდრების ნეგატიური კუთხით მცდელობაზე მიგვითითებენ.
მას შემდეგ, რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა და ყველა ასაკის მოსწავლეზე დაკვირვების საშუალება მომეცა, მივხვდი რომ აუცილებელია ბავშვებში მეგობრობის უნარის, როგორც იმუნიტეტის, განმტკიცება, რათა თავიდან ავირიდოთ ,,ძალადობით დასნეულება”. 

***
ჩემს შვილს ხშირად ვეუბნები, რომ ,,ადამიანი ადამიანისთვის დღეა”, ვუყვები ჩემს მეგობრებზე, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს.  ვიხსენებ თანაკლასელებთან დაკავშირებულ ძველ გულისტკივილსაც და ვუხსნი, რომ შეუძლებელია ყველა ნაცნობი დაიმეგობრო, ყველას მოსწონდე ან მოგწონდეს. ასე მგონია, ურთიერთობების სწორად მართვისთვის საჭირო ჩვევებს თავად საზოგადოებასთან ურთიერთობა თუ შეგვძენს, მის მთავარ საგაკვეთილო თემას კი განსხვავებული ადამიანების მიღება  და მათთან ერთად საერთო სივრცეში თანაარსებობა წარმოადგენს. იმედს ვიტოვებ, ჩემი შვილი მალე აითვისებს ამ  გაკვეთილს და მის ეჭვებით სავსე ღამეშიც გათენდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი