პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა არის ასერტული ქცევა

ვიდრე ასერტულ ქცევაზე ვისაუბრებდეთ, უპასუხეთ ტესტის დებულებებს. დადებითი პასუხი აღნიშნეთ „+” ნიშნით, უარყოფითი – „-“-ით 
1. სხვისი შეცდომები მაღიზიანებს.
2. შემიძლია, მეგობარს ვალის დაბრუნება მოვთხოვო.
3. ზოგჯერ ვიტყუები.
4. შემიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა.
5. ყოფილა შემთხვევა, უბილეთოდ მიმგზავრია.
6. შეჯიბრება თანამშრომლობაზე უკეთესი მგონია.
7. ხშირად ვიტანჯები უმნიშვნელო მიზეზის გამო.
8. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ.
9. ყველა მიყვარს, ვისაც კი ვიცნობ.
10. საკუთარი თავის მჯერა. მეყოფა ძალა, სირთულეებს თავი გავართვა.
11. ვერაფერს გავაწყობ, მუდამ მზად უნდა ვიყო საკუთარი ინტერესების დასაცავად.
12. უხამს ხუმრობებზე არ მეცინება.
13. ვაღიარებ ავტორიტეტებს და პატივს ვცემ მათ 
14. არავის მივცემ უფლებას, ბოლო მომიღოს.
15. მხარს ვუჭერ ყოველგვარ სასიკეთო წამოწყებას.
16. არასოდეს ვიტყუები.
17. პრაქტიკული ადამიანი ვარ.
18. შესაძლო მარცხის წარმოდგენაც კი მთრგუნავს.
19. ვეთანხმები გამოთქმას: „ისე ვერავინ დაგეხმარება, როგორც საკუთარი თავი”.
20. მეგობრები დიდ გავლენას ახდენენ ჩემზე.
21. ყოველთვის მართალი ვარ, თუნდაც სხვები ასე არ ფიქრობდნენ.
22. ვეთანხმები იდეას, რომ მნიშვნელოვანია მონაწილეობა და არა გამარჯვება.
23. მოქმედების დაწყებამდე კარგად გავიაზრებ, როგორ მიიღებენ ამას სხვები.
24. არავისი მშურს.
შედეგების დამუშავება

ცალ-ცალკე დაითვალეთ, რამდენი „+” მოაგროვეთ სამ სხვადასხვა პოზიციაში:
პოზიცია „ა”: NN1, 6, 7, 11, 13, 18, 20, 23. 
პოზიცია „ბ”: NN2, 4, 8, 10, 14, 17, 19, 22. 
პოზიცია „გ”: NN3, 5, 9, 12, 15, 16, 21, 24.

თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „ა”პოზიციაში: წარმოდგენა გაქვთ ასერტულობაზე, მაგრამ არ იყენებთ მას პირად ცხოვრებაში. ხშირად ხართ უკმაყოფილო საკუთარი თავით და გარშემო მყოფებით.

თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „ბ”პოზიციაში: სწორ გზას ადგახართ და შეძლებთ, კარგად დაეუფლოთ ასერტულ ქცევას. პრინციპში, ასეც იქცევით, მაგრამ ზოგჯერ თქვენი ქცევა უფრო აგრესიულია, ვიდრე ასერტული. ნუ შეშინდებით, ყველას რაღაც გვეშლება.

თუ ყველაზე მეტი „+” მოაგროვეთ „გ” პოზიციაში: ნათელი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, შეგიძლიათ, რეალისტურად შეაფასოთ საკუთარი ქცევა. დიდი შანსი გაქვთ, სრულყოფილად დაეუფლოთ ასერტულ ქცევას. 
თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „ა” პოზიციაში: ისმ რომ ცხოვრებაში ვერ იყენებთ ყველა შანსს, სულაც არ არის ტრაგედია. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ საკუთარ თავთან თანხმობით ცხოვრება და ისიც, რა უნდა აკეთოთ.
თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „ბ” პოზიციაში: ასერტულობის სწავლს შესაძლებელია. როგორც იტყვიან, ვარჯიშით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

თუ ყველაზე ნაკლები „+” მოაგროვეთ „გ” პოზიციაში: ეს კი უკვე პრობლემაა. თქვენ ზედმეტად მაღალი თვითშეფასება გაქვთ და არც ისე გულწრფელი ხართ. საქმე იმდენად თავის მოტყუებას არ ეხება, რამდენადაც იმას, რომ თავი ამქვეყნად საუკეთესო გგონიათ. უნდა დაფიქრდეთ.
თქვენს ცხოვრებაში ალბათ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაიმე ვალდებულება მხოლოდ იმიტომ გიკისრიათ, რომ ვერ შეძელით „არას” თქმა, უარი ვერ უთხარით დირექტორს, კოლეგას, არ აწყენინეთ, მოერიდეთ ურთიერთობის გაფუჭებას. რა მიიღეთ სამაგიეროდ? ზოგმა ამით ბოროტად ისარგებლა. ზრდილობიანად, მაგრამ მკაფიოდ უარის თქმის უნარი მნიშვნელოვანი სოციალური ჩვევაა, რომელსაც ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანი უნდა დაეუფლოს. 

ასერტულობა – ეს არის უნარი, დაუფარავად გამოხატო შენი გრძნობები, აზრები, ემოციები, სურვილები. ასერტულ ადამიანს შეუძლია ისე თქვას „არა”, რომ დანაშაულის განცდა არ დაეუფლოს. ასეთ ადამიანს შესწევს უნარი, წარმართოს დიალოგი, მიიღოს კრიტიკა და დაიცვას საკუთარი პოზიცია. იგი პასუხისმგებელია საკუთარ ქცევაზე, პატივს სცემს საკუთარ თავსაც და სხვასაც, პოზიტიურია, აქვს მოსმენის, გაგების უნარი და ცდილობს, მიაღწიოს კომპრომისს. იგი დაუფარავად აცხადებს თავის მიზნებსა და განზრახვებს, ამავე დროს, პატივს სცემს სხვის უფლებებსა და ინტერესებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამგვარი ქცევა ძალზე გამოსადეგია: ხან კოლეგა ეცდება, თავისი მოვალეობა გადმოგილოცოთ, ხან მშობელი მოგაბეზრებთ თავს, ხან გამყიდველი ეცდება, რაიმე ნივთი შეგაძენინოთ და ა.შ. ახლობლებისთვის უარის თქმაც უნდა შეგეძლოთ, თუ დანაპირების დროზე შესრულებაში ეჭვი გეპარებათ. კორექტული უარი და მისი მიზეზის ახსნა თქვენი უფლებაა. კარგად დაიხსომეთ: ასერტულობა არ არის აგრესიულობის სინონიმი. იყავით ზრდილობიანი, მაგრამ პრინციპული.
ასერტული ქცევის ძირითადი წესები

● უფლება მაქვს, წრფელად და დაუფარავად გამოვხატო საკუთარი გრძნობები.
● უფლება მაქვს, შევაფასო საკუთარი ქცევა, აზრები, ემოციები და პასუხს ვაგებ შედეგებზე.
● უფლება მაქვს, არ აგიხსნათ საკუთარი ქცევის მოტივები და არ მოგიბოდიშოთ.
● უფლება მაქვს, შევიცვალო შეხედულება.
● უფლება მაქვს, დამოუკიდებლად გადავწყვიტო, ვარ თუ არა პასუხისმგებელი და რა დოზით სხვა ადამიანების პრობლემებზე.
● მაქვს შეცდომისა და მასზე პასუხისმგებლობის აღების უფლება.
● უფლება მაქვს, მივიღო არალოგიკური გადაწყვეტილება.
● უფლება მაქვს, არ ვიყო დამოკიდებული ჩემდამი სხვის კეთილგანწყობაზე.
● უფლება მაქვს ვთქვა: „ეს არ მაინტერესებს”.
● უფლება მაქვს ვთქვა: „თქვენი არ მესმის”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი