შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

კარიკატურების გამოყენება შემოქმედებითი და სააზროვნო უნარებისთვის

სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაა. შემოქმედებითობა ძალზე ფართო ცნება გახლავთ. ბუნებრივია, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები სხვადასხვა საქმიანობაში რთავენ თავიანთ მოსწავლეებს, შესაბამისად, დასახული მიზნის მისაღწევად მათი აქტივობებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. შემოქმედებითობა თავისთავად კარგად განვითარებულ წარმოსახვასა და ფანტაზიასაც გულისხმობს, ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა სასწავლო წლის განმავლობაში ხშირად მიმართოს ორიგინალურ, სახალისო და სააზროვნო აქტივობებს. ისტორიის სწავლებისას შემოქმედებითობა ყველაზე მეტად ორიგინალურ, თამამ აზროვნებასთან არის ასოცირებული. ამ მიზანს რომ მივაღწიოთ, სასურველია, ჩვენ თვითონ ვიყოთ ორიგინალურები და მუდმივი ექსპერიმენტატორები. ამ სტატიაში ერთ-ერთ ასეთ ორიგინალურ აქტივობაზე ვისაუბრებთ, კერძოდ, იმაზე, როგორ შეიძლება პოლიტიკური და ისტორიული კარიკატურები გამოყენებულ იქნეს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განსავითარებლად.

ქვემოთ წარმოდგენილი აქტივობა სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეგვიძლია გამოვიყენოთ. სანამ უშუალოდ აქტივობის აღწერაზე გადავალთ, მოკლედ მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებას, საზოგადოდ, პოლიტიკურ კარიკატურებებზე და, კონკრეტულად, ისტორიის გაკვეთილზე მათი როგორც ისტორიული წყაროების ანალიზის ასპექტებზე. თავისთავად, პოლიტიკური კარიკატურები საკმაოდ ორიგინალური და სპეციფიკური პირველადი წყაროებია, რომლებიც მოიცავს ინტრიგის ელემენტებს, აქვს ადამიანების გართობისა და გახალისების ფუნქცია, სხარტად გამოხატავს მიმდინარე ისტორიული მოვლენების მიმართ თუ ქვეყნის მთელი მოსახლეობის არა, უკიდურეს შემთხვევაში, მათი მოზრდილი ჯგუფის დამოკიდებულებას მაინც. პოლიტიკური კარიკატურები არ ასახავს მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულებებს, ხშირად მათში გამოკრთის კულტურის, განათლების, ხელოვნების ელემენტები. 

პოლიტიკური კარიკატურები მასობრივად ჩნდება XVIII საუკუნეში და, ამ დროიდან მოყოლებული, წარსულის შესახებ ძალზე სასარგებლო ხედვას გვაწვდის. წესისამებრ, ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანილია პოლიტიკური კარიკატურებიც. ჩატარებულმა კვლევებმა წარმოაჩინა ყველაზე რთული პრობლემა – მოზარდების დიდი ნაწილი ვერ ხვდება ამ კარიკატურების მნიშვნელობას, და მით უფრო მეტი, რაც უფრო შორეულ ეპოქას ასახავს ესა თუ ის კარიკატურა.

სანამ კარიკატურებს საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებთ, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ის სირთულეები, რომლებსაც მათი განხილვისას შევხვდებით. ამ სირთულეთა გათვალისწინება აუცილებელია, რათა ისინი გადაულახავ დაბრკოლებად კი არ გვექცეს, არამედ მათი მეშვეობით უფრო მეტად გავაფართოოთ მოსწავლეთა თვალსაწიერი, გავამძაფროთ ინტერესი, გავაძლიეროთ სააზროვნო პროცესები.
მოსალოდნელი სირთულეები

ა) კარიკატურა შესაძლოა იყოს იყოს „მატყუარა”; 

ბ) საუკეთესო კარიკატურები ერთი პატარა სურათითა და რამდენიმე სიტყვით გადმოსცემენ საკმაოდ რთულ, გრძელ ამბავს; 

გ) ზოგჯერ ჭირს, ჩასწვდე პერსონაჟების დიალოგს; 

დ) ხანდახან გაურკვეველია კარიკატურაზე გამოხატული საგნები; 

ე) აუცილებელია ისტორიული კონტექსტის ცოდნა.

როგორც ხედავთ, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გამოგვივიდა, ბუნებრივია, საკითხი შესაძლოა ასეც დაისვას: შესაძლებელია თუ არა ამ სირთულეების დაძლევა? ჩვენი პასუხი ასეთია: თუ მასწავლებელი მოხერხებულად გამოიყენებს კარიკატურებს, ჩამოთვლილი სირთულეები არათუ დაიძლევა, არამედ სასარგებლოც კი აღმოჩნდება, რადგან მოსწავლეს ბუნებრივად გაუძლიერებს საკითხში გარკვევის ინტერესს, „აიძულებს”, აითვისოს ახალი ცოდნა და დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად კრიტიკულად გააანალიზოს იგი. საბოლოო ჯამში, მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეებს კარიკატურები დაეხმარება წარსულის უკეთ შესწავლაში. 

თავიანთი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კარიკატურები შეიძლება რამდენიმე კუთხით განვიხილოთ. ანალიზის ეს ძირითადი მიმართულებებია (ჩამოყალიბებულია ჯონათან ბურაკის (Jonathan Burack) მიერ): 
1. სიმბოლიკა და მეტაფორა;
2. ვიზუალური დამახინჯება;
3. ირონია სიტყვებსა და კარიკატურებში;
4. სტერეოტიპი და კარიკატურა;
5. პოლიტიკური კარიკატურების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

განსახილველად კარიკატურის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, სახელდობრ რომელ ასპექტზე (ან ასპექტებზე) სურს მოსწავლეთა ყურადღების გამახვილება, აუხსნას მათ თითოეული მათგანის მნიშვნელობა, თუ საჭიროდ მიიჩნევს, შეუძლია, მოსწავლეებს სამუშაო ფურცელთან ერთად ანალიზის სახელმძღვანელო ფურცლებიც დაურიგოს (ანალიზის სახელმძღვანელო ფურცელს ქვემოთ შემოგთავაზებთ დავალების ნიმუშთან ერთად). 

მასწავლებლის მზადება

უპირველესად, მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ის კარიკატურები, რომელთა განხილვაც გაკვეთილზე სურს, დაამზადოს მათი ქსეროასლები. კარიკატურები შესაძლოა იყოს სახელმძღვანელოდანაც, მაგრამ უმჯობესია, ახალგამოცემული გაზეთიდან ან ჟურნალიდან ამოიღოს. თუმცა შეიძლება ორივე წყაროთი ერთდროულად სარგებლობა და მათი ერთმანეთთან შედარებაც. თავდაპირველად ეცადეთ, მარტივი, იოლად გასაგები კარიკატურები აარჩიოთ, რომლებიც ნაცნობი იქნება თქვენი მოსწავლეებისთვის. განსაზღვრეთ, სახელდობრ რომელი მიმართულებით აპირებთ მათ განიხილვას. უშუალოდ განხილვის წინ კი აუცილებელია მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება. საჭიროების შემთხვევაში განმარტეთ ზოგიერთი ბუნდოვანი საკითხი (ცნება, ტერმინი, პერსონაჟი და ა. შ).
მსვლელობა

კლასის ორგანიზება მასწავლებელს სურვილისამებრ შეუძლია (დაყოფა ორ ან რამდენიმე ჯგუფად, ტრიადებად, წყვილებად). სასურველია, პირველ რამდენიმე კითხვაზე მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშაონ, ხოლო დანარჩენებზე – წყვილებში. კლასის ორგანიზების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს შერჩეულ კარიკატურებს და ანალიზის სახელმძღვანელო ფურცლებს. პირველი დავალება კარიკატურის მთავარი იდეის ამოცნობა და შესაფერისი ერთწინადადებიანი განმარტების მოძებნაა. დავალების მიცემამდე მასწავლებელი მოსწავლეებს აუხსნის, რომ პოლიტიკური კარიკატურა არ არის კომიქსი, ის ასახავს ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენას და გამოხატავს მის შესახებ მკაფიოდ განსაზღვრულ წარმოდგენას. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ შეუძლებელია პოლიტიკური კარიკატურების სწორად გაგება, თუ არ გვექნება ინფორმაცია იმ მოვლენებზე, რომლებსაც ისინი ასახავენ. ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეები ჩაერთონ სასწავლო პროცესში და თამამად გამოთქვან ინტერპრეტაციები, ამიტომ მოსწავლეთა მოსაზრებები მკაცრად არ უნდა შევაფასოთ.

ყველა ჯგუფმა მოახდინოს თავისი სურათებისა და განმარტებების პრეზენტაცია. სთხოვეთ მოსწავლეებს, ჩამოთვალონ, რა ვერ გაიგეს კარიკატურებზე. მათთან ერთად განიხილეთ, რატომ ვერ გაიგეს ეს მომენტები, გაარკვიეთ, ამის მიზეზი წინა ცოდნის ნაკლებობაა თუ კარიკატურა აღმოჩნდა გაუგებარი მათთვის. თუ ორივე ტიპის კარიკატურები გამოიყენეთ, დასასრულს განიხილეთ, რით ჰგავს და რით განსხვავდება ისტორიული კარიკატურების გაგება პოლიტიკური კარიკატურების გაგებისაგან.

მეორე ეტაპზე მოსწავლეებს დაურიგეთ კარიკატურების ანალიზის სახელმძღვანელო ფურცლები და წინასწარ შერჩეული კითხვარი. აუხსენით, რომ ანალიზის ფურცლის გამოყენება შესაძლოა კითხვებზე პასუხის გასაცემად დასჭირდეთ. ამჯერად სასურველია, მოსწავლეებმა იმუშაონ ინდივინდუალურად ან წყვილებში. სთხოვეთ ამთ, კითხვებს პასუხები სამუშაო ფურცელზე წერილობით გასცენ. გაკვეთილის ბოლოს შეიძლება ზოგიერთი იდეა მთელ კლასს გაუზიაროთ სადისკუსიოდ.
რის გათვალისწინება მოუწევთ მოსწავლეებს

● მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პოლიტიკური კარიკატურები აზრებისა და შეხედულებების გამოხატვაა. ხშირად მათში გამოყენებულია მძაფრი ემოციური ფონი, რომლითაც ავტორები ცდილობენ სხვების დარწმუნებას თავიანთ შეხედულებათა მართებულობაში. კარიკატურები არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ისტორიული სინამდვილის უტყუარი ასახვა. არც იმის მანიშნებელია, როგორ აღიქვამდა საზოგადოების ყველა წევრი მომხდარ მოვლენებს. სინამდვილეში კარიკატურები ცხადად წარმოაჩენს ერთ კონკრეტულ შეხედულებას და ზოგჯერ ეს შეხედულება საკმაოდ მიკერძოებულია.

● მოსწავლეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მათი მთავარი ამოცანა არ არის იმის გარკვევა, „მართალია” თუ არა კარიკატურა, მართებულია თუ არა მისი ავტორის თვალსაზრისი, თუმცა ამავე დროს კარიკატურით გამოხატული მიკერძოებული თვალსაზრისიც შეიძლება განხილვის საგნად იქცეს. 

● იმის გამო, რომ კარიკატურები უმეტესად მიკერძოებულია და ტენდენციურ ემოციებს გამოხატავს, მოსწავლეები არ უნდა განეწყონ ისე, რომ საერთოდ შეუძლებელია ისტორიულ წყაროებად მათი გამოყენება. ხშირად კარიკატურები ასახავს კიდეც ისტორიულ სინამდვილეს, თანაც ძალიან სხარტი და სახალისო ფორმით. ამ დროს მასწავლებელმა თავისი კითხვებით უნდა შეაძლებინოს მოსწავლეს ისტორიული სინამდვილის ამსახველი მომენტების დაფიქსირება.
კარიკატურის ანალიზის სახელმძღვანელო ფურცელი

1. ვიზუალური სიმბოლოები და მეტაფორები. ვიზუალური სიმბოლოები კარიკატურაში არის ნებისმიერი გამოსახულება, რომელიც გამოხატავს რაიმე მოვლენას, პერსონას, აბსტრაქტულ იდეას და ა.შ. მაგ., დოლარის სიმბოლო „$” შესაძლოა მთელ ეკონომიკას გულისხმობდეს, ხოლო რვაფეხა მძლავრ კორპორაციას ან მთავრობას გამოხატავდეს, რომელიც თავისი საცეცებით მრავალ ინსტიტუტს აკონტროლებს. მეტაფორა სიმბოლოს მსგავსია, იგი კონკრეტულს განაზოგადებს და ერთ მთლიანობად წარმოსახავს. მაგ., შექსპირმა მეტაფორა გამოიყენა, როცა თქვა: „მთელი სამყარო სცენაა” (კარიკატურაც შესაძლოა სამყაროს  ერთ დიდ სცენად განიხილავდეს).

◊ კარიკატურის ანალიზი იმის გარკვევით უნდა დავიწყოთ, არის თუ არა მასში მოცემული სიმბოლოები და მეტაფორები.

2. ვიზუალური დამახინჯება. კარიკატურებისთვის დამახასიათებელია თვალში საცემი ცვლილებები ზომისა (აშკარა დამცრობა ან გადიდება), მოცულობისა, ემოციებისა, ჟესტიკულაციისა და სხვ., რაც დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს ამა თუ იმ სიმბოლოს ან გამოსახულებას. მაგ., დამკვიდრებული ტრადიციით, ცხოველები ქვეყნების სიმბოლოებად არიან გამოყენებული (დრაკონი – ჩინეთი, დათვი – რუსეთი). მაგრამ ის, თუ როგორს ხატავენ ამ ცხოველს – უზარმაზარსა და მძვინვარეს თუ დაღლილსა და მშვიდს, მიგვანიშნებს იმაზე, რა მდგომარეობაში წარმოუდგენია იმ მომენტში ეს ქვეყანა ავტორს. ნებისმიერი დეტალი კარიკატურაზე, განსაკუთრებით – თუ ის დამახინჯებულია, განხილულ უნდა იქნეს როგორც კარიკატურის მნიშვნელოვანი დეტალი.

◊ განსაზღვრე კარიკატურის სიმბოლოები და დააკვირდი, როგორ არის ისინი დახატული.

3. ირონია. ირონია იუმორის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც ნათქვამს ფარულად უცვლის აზრს და შეფარულად დასცინის მიმართვის ობიექტს. ირონია პოლიტიკური კარიკატურების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, რამდენადაც მათი მიზანი ხშირად რაღაცის ან ვიღაცის დაცინვა და იმის ჩვენებაა, რამდენად ყალბი, უსამართლო და სახიფათოა ის სინამდვილეში. ირონიას ყოველთვის ახლავს თან წინააღმდეგობა, რადგან მას ყველა არ იზიარებს და ზოგს აღიზიანებს კიდეც. უმეტესად ირონია კარიკატურის სათაურშივეა მოცემული და მას ორმაგ მნიშვნელობას ანიჭებს. 

◊ დაადგინე, არის თუ არა გამოყენებული ირონია და თუ არის, როგორ.

4. სტერეოტიპები და კარიკატურა. სტერეოტიპი არის რომელიმე ჯგუფის ძალზე გამარტივებული, გაუბრალოებული წარმოდგენა რაიმეს ან ვინმეს შესახებ. სტერეოტიპები ხშირად შეურაცხმყოფელიც კია. მათ კარიკატურებში ძირითადი აზრის სწრაფად ამოსაცნობად იყენებენ. კარიკატურის ავტორები ხშირად, ახდენენ რა თავიანთი წარმოდგენების დრამატიზებას, ებრძვიან დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. 

◊ განსაზღვრე, არის თუ არა სურათზე რაიმე სტერეოტიპი, დაფიქრდი, რა აზრს გადმოსცემენ ისინი.

5. პოლიტიკური კარიკატურების დადებითი და უარყოფითი მხარეები. პოლიტიკური კარიკატურები შესაძლოა იყოს სასაცილო, ამაღელვებელი და შეურაცხმყოფელიც კი. ხშირად მათი მთავარი მიზანი მიმდინარე მოვლენების პროვოცირება გახლავთ. ისინი არ შეიძლება განხილულ იქნენ ისტორიის უტყუარ მოწმეებად. სამაგიეროდ, პოლიტიკური კარიკატურები კარგად გამოხატავენ კულტურულ მიმართულებებს, ოსტატურად მოაქვთ ჩვენამდე განწყობილებები, ზოგჯერ საოცარი სიზუსტით და სხარტად გადმოგვცემენ ამა თუ იმ მოვლენის არსს.

◊ პოლიტიკური კარიკატურებით გადმოცემული შეხედულებები ყოველთვის იძლევა ნიადაგს კამათისა და დისკუსიისთვის.
დავალების ნიმუში
 
კარიკატურის მიმართულება: ვიზუალური დამახინჯება 

მოკლე ისტორია: ეს კარიკატურა, როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით 1912 წელს შექმნა ამერიკელმა მხატვარმა ჰერბერტ ჯონსონმა. მისი დახატვა ჯონსონს ცნობილი ფოტოგრაფის, ლევის ჰაინის, ბავშვების ექსპლოატაციის თემაზე გადაღებულმა ფოტოსურათებმა შთააგონა.

წინა ცოდნა: ბავშვთა ექსპლუატაცია ამერიკის ისტორიის თანმხლები სამწუხარო მოვლენაა. თავდაპირველად ბავშვებს უმეტესად ფერმებში ამუშავებდნენ. ამერიკის ინდუსტრიალიზაციის პარალელურად ბავშვთა შრომამ ფაბრიკა-ქარხნებში გადაინაცვლა. ბავშვების დაქირავება კაპიტალისტებს დიდ მოგებას აძლევდა: მათ ნაკლებს უხდიდნენ, უფრო ადვილი დასამორჩილებლები იყვნენ, ხოლო ზოგიერთ სამუშაოს (ვიწრო მაღაროდან მადნის გამოტანა, ძაფის დართვა) დიდებზე უკეთ ასრულებდნენ. ბავშვთა შრომის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება 1900-იანი წლებიდან დაიწყო. პირველი მოთხოვნები მათი შრომის შემსუბუქება და ხელფასის გაზრდა იყო. მალე მთავარ მოთხოვნად იქცა ბავშვთა შრომის აკრძალვა და სანაცვლოდ მათთვის უფასო და სავალდებულო განათლების მიცემა.
კითხვარი

1. რომელი დიდი პრობლემა აწუხებს კარიკატურის ავტორს? (თქვენი პასუხი შეაჯამეთ ერთი მთავარი წინადადებით)
2. რა არის კარიკატურის მთავარი სიმბოლო და როგორ არის იგი დამახინჯებული?
3. რამდენად ეხმარება ეს დამახინჯება ავტორს აზრის უკეთ გადმოცემაში?
4. ეს ხელი, გარდა უზარმაზარი ზომისა, კიდევ რაიმე დეტალით ხომ არ გადმოსცემს ავტორის განწყობილებას?
5. როგორ არიან ბავშვები გამოსახული კარიკატურაზე? რა ეფექტს ქმნიან ისინი ვეებერთელა ხელთან ერთად?
6. ავტორის ადგილას, ხელის ნაცვლად რას დახატავდით იმავე აზრის გადმოსაცემად?
7. წარმოიდგინეთ, რომ არ ეთანხმებით ავტორის თვალსაზრისს. რას შეცვლიდით კარიკატურაში, რა სიმბოლოებს გამოიყენებდით და როგორ ვიზუალურ დამახინჯებას მიმართავდით?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი